აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #1

ლეონარდო და ვინჩის მიერ კალმით შესრულებული ვიტრუვიუსის მამაკაცის ილუსტრაცია ყველასთვის ცნობილია. ის იტალიაში მოჭრილ ერთევროიან მონეტაზეც კია გამოსახული.

1492 წლის მერე ბევრი მელანი დაიხარჯა ამ ნახატის კვლევაზე, რადგან ის ჩვეულებრივი არაა. მე, ცხადია, არ წამიკითხავს ის ურიცხვი რაოდენობა კვლევებისა, რომლებიც მას მიეძღვნა, თუმცა იმათ, რომელთაც მე გავეცანი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი ინტერესი სხვადასხვა თვალსაზრისით, მაინც გვერდზე რჩებათ ამ მამაკაცის ფარული სახე, რომელიც საუკუნეების მიღმიდან შუქნისანივით გვიქნევს ხელს და ცდილობს ყურაღდება მიგვაქცევინოს რაღაცაზე.

ამ ფიგურის კომენტატორები, რამდენადაც ვიცი, თავიანთ რეფლექსიებს ადამიანის სხეულის ჰარმონიული პროპორციებისკენ წარმართავენ, იქით, თუ როგორ თავსდება ერთდროულად ის კვადრატსა და წრეში და, აქედან გამომდინარე, იმ კავშირისკენ, რომელიც ადამიანს, ამ ორ გეომეტრიულ ფიგურას და მათ სიმბოლიზმს შორის არსებობს. ყველა ეს სპეკულაცია, რაგინდ საინტერესოც არ უნდა იყოს, მაინც თეორიულად რჩება და მკვლევარს ბოლოს პირშიჩალაგამოვლებულს ტოვებს. მე შევეცდები ცხადვყო, რომ პირიქით, ლეონარდო და ვინჩის ეს ნახატი ძალიან კონკრეტულ და მკაფიო ინფორმაციას, ოპერატიული სახის ცნობებს აწვდის მათ, ვინც იმ პრინციპის პრაქტიკულ ცოდნას ეყრდნობა. ეს ცოდნა კი ადამიანის სხეულის ბუნებრივ მოძრაობას ეფუძნება.

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით, სწორედ აიკიდომ მომცა საჭირო გასაღებები ლეონარდოს ამ ნახატის გაგებისათვის. აიკიდოს მართლაც მოაქვს მოძრაობის ის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც სამყაროს მარადიულ კანონებს ემორჩილება და რომელიც აგრერიგად აკლია ვიტრუვიუსის მამაკაცზე აქამდე ჩატარებულ წმინდად ინტელექტუალურ კვლევებს.

ათასაღაჯიანი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყებაო, ღაღადებს დაო და ჩვენც დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა ლეონარდოს ნახატით. ის იმაზე ბევრად უფრო შორს წაგვიყვანს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

აიკიდოში მოვარჯიშეს პირველ რიგში მართლაც ტერფების მდგომარეობა ეცემა თვალში:

ამ გამორჩეულად განსაკუთრებულ მდგომარეობას აიკიდოში გამოიყენებენ და ესაა სრულყოფილი ჰიტო ე მი:


მორიჰეი უეშიბა, აიკიდოს ფუძემდებელი, 1883-1969 წწ.


მორიჰირო საიტო, „ტრადიციული აიკიდო“, ტომი 5, გვ. 29.


გოძო შიოდა, „დინამიური აიკიდო“, გვ. 24.

ამ დგომში ტერფები მართკუთხა სამკუთხედს ქმნის, რომლის ჰიპოტენუზა სხეულის უკანა მხარეს მდებარეობს (ამიტომაც უწოდებენ იაპონელები ამას უშირო სანკაკუს). მორიჰირო საიტო განმარტავს:

The back triangle stance, in the posture of right hanmi, forms a triangle alongside the outside of the right foot with the inside of the left foot. The Founder called this stance hito-e-mi. — Traditional Aikido, ტომი 1, გვ. 19.

"უკანა სამკუთხედის პოზიცია (უშირო სანკაკუ) მარჯვენა ჰანმის დროს სამუთხედს ქმნის მარჯვენა ტერფის გარეთა მხარესა და მარცხენა ტერფის შიდა მხარეს შორის. ფუძემდებელი ამას ჰიტო-ე-მის უწოდებდა."

ტერფების ეს განლაგება აიკიდოს ყველაზე დიდი თავისებურებაა საბრძოლო ხელოვნებათა სამყაროში.

რა თქმა უნდა, სხვა დისციპლინებშიცაა ესა თუ ის ტექნიკა, სადაც პუნქტუალურად მსგავსი დგომი გამოიყენება. მაგრამ არსად სხვაგან არ არის ეს დგომი მიჩნეული ფუძემდებულ პრინციპად, რომლის მიხედვითაცაა აგებული მთელი ხელოვნება, არსად სხვაგან არ იწყება და მთავრდება ტექნიკა ამით, როგორც ეს აიკიდოს შემთხვევაშია, არსად სხვაგან არ მიიჩნევა ის სხეულის თითოეული მოძრაობის სათავედ და დასასრულად.

სხვათა შორის, არც ცხოვრებაში იყენებს არავინ ამ დგომს პერმანენტულად, მხოლოდ მოცეკვავეებში დამინახავს, რომლებიც ასე დროგამოშვებით და მხოლოდ ზოგიერთი ფიგურის გამოსახვისას დგებიან.

მაშინ რატომღა დაუხატა ლეონარდომ ამ კაცს ფეხები ასეთ უჩვეულო პოზიციაში?

სავარაუდოდ იმიტომ, რომ ტერფის სიგრძე წარმოეჩინა, რომელიც, ვიტრუვიუსის მამაკაცის მიხედვით, სხეულის სიმაღლის მეექვსედ ნაწილს უნდა იკავებდეს. შეიძლება მართლაც ის იყო ლეონარდო და ვინჩის ამოცანა, რომ ვიტრუვიუსის მიერ განსაზღვრული პროპორციები უნდა გამოეხატა და ამისათვის მარცხენა ტერფი პროფილში ჩასვა. თუმცა აქაც, ისევე, როგორც სხვაგან, სრულიად თვალნათლივი მიზეზები შეიძლება სხვა, ასევე რეალურ, მაგრამ რთულად შესამჩნევ მიზეზებს მალავდეს. ვეცდებით, სწორედ ეს ვაჩვენოთ.

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის სექტემბერი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-1
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)