აიკიდოს იარაღები

თავდაპირველად ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალის - Karate Bushido N°185-ში, 1991 წლის ნოემბერში.

მორიჰირო საიტო 28 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ივამაში, მორიჰეი უეშიბასთან, აიკიდოს ფუძემდებლის მიერ აგებულ დოჯოში. ფილიპ ვოარინომ, მე-4 დანმა, რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა საიტო სენსეის მეთვალყურეობით. იგი შედის მსოფლიოს იმ 8 ადამიანის სიაში, ვისაც საიტო სენსეიმ 5 ტრადიციული დიპლომი გადასცა. ეს დიპლომები აიკიდოს იარაღების ტექნიკის სრული ცოდნისთვის გაიცემოდა.

იმიტომ არ მიდის საქმე კარგად მსოფლიოში, რომ ადამიანები სხვა ადამიანების წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიან და უმნიშვნელო რაღაცეებს ამბობენ და აკეთებენ.

ამ სახით ჩამოგვიტანა ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას ეს სიტყვები ტამურა სენსეიმ. მე სრულად მაქვს გააზრებული ადამიანთა შორის დავისა და უთანხმოების უსარგებლობა და ვიცი, რომ ამ გზას არასროს დავადგები. აიკიდომ მასწავლა, რომ ყოველ მოქმედებას უკუმოქმედება მოჰყვება კვალად. ვირს თუ წიხლს ამოარტყამ, ვირი ტლინკებით გიპასუხებს. ვირი კარგი ფილოსოფოსია. აპულეიუს ჩრდილში მოხვედრის არ შეეშინდეს და მე დღეს აიკიდოს ვირი ვიქნები. მით უკეთესი, ვინმე თუ გაერთობა ამით. სიცილითაც შეიძლება სერიოზული რაღაცეების თქმა.

ვირო, ჩემო მეგობარო

აღვირი დავღრღენი, დუშაყები დავწყვიტე და ახლა თავისუფლად დავსეირნობ აიკიდოს მამულში, სადაც ვიღაც ადამიანები მხვდებიან. ყველას ხის ჯოხი და ხმალი აქვს გადადებული მხარზე. უცნაური ჩვეულებაა, ჯერ ერთს ვეკითხები, მერე მეორეს, რა არის-მეთქი. მეუბნებიან, აიკიდო იარაღიდან მოდის და ამიტომაც ბუნებრივია, იარაღი რომ გვაქვსო. რაკი ვირი ვარ, ცუდად მესმის ენიგმები და ვთხოვ, მაჩვენეთ, როგორ იყენებთ მაგ ხმალსა და ჯოხს-მეთქი. ვირი ხომ ყოველთვის უნდობლობით უყურებს ჯოხებს…

უყოყმანოდ აღიარებენ, ამაში არაფერი გაგვეგებაო. ორთი-ორჯერ გაიქნ-გამოიქნიეს რაღაცა, რასაც ბოკენს და ჯოს უწოდებენ, მაგრამ ვერაფერს ისეთს ვერ აკეთებენ, რომ მაჩვენონ, რა არის ეს. მერე ყურადღებას აღარ მაქცევენ და განაგრძობენ სეირნობას და თან იმ აზრის გამეორებას, რომ აიკიდო იარაღიდან მოდის. ამ ახსნით დაუკმაყოფილებელი, მოშორებით საქმეში გართულ პატარა ჯგუფს ვამჩნევ და მეც იქით მივდივარ. ერთნი ხმლებს იქნევენ, მეორენი ჯოხებით ჟონგლიორობენ. კარგი რამე ჩანს ჩემთვის ცნობების შესაგროვებლად. წუთშესვენებით ვსარგებლობ და ვეკითხები, მართალია თუ არა, რომ აიკიდო იარაღიდან მომდინარეობს-მეთქი. მიმდევართაგან გარემოცული ამ პატარა ჯგუფის თავკაცი ჩემკენ ტრიალდება და მეუბნება, იარაღი ძალიან სასარგებლოა აიკიდოს არსის გასაგებადო. მაშინ ვეკითხები, ახლა რასაც ვხედავ, ამას უწოდებენ აიკიდოს იარაღს-მეთქი?

– სულაც არა, – მპასუხობს ის, – ხმლის სავარჯიშოები, რომლებიც ამწუთას ნახე, იაიდოს ეკუთვნის, ჯოხისა კი ჯოდოს.

მიკვირს, აიკიდოს იარაღს რატომ არ იყენებს, იმიტომ რომ ამ ხელოვნებას ბრწყინვალედ ასწავლის.

– ვირო, ჩემო მეგობარო, – მეუბნება ის ცოტათი მოთმინებადაკარგული, – კაცი ვერ ასწავლის იმას, რაც არ იცის და მე რაც ვიცი, ის კი დაინახე შენ აქ. მარტო ვირს შეუძლია იფიქროს, რომ აიკიდო იარაღისგან მოდის, – დააყოლა ბოლოს და მომცინარი მიმდევრებით გარშემორტყმული თავის გზას გაუყვა. ვირობაში დიდი ხანია, ჩემი მხარე მიჭირავს ხოლმე ხუმრობებსა და აუგის თქმაში.

ჯიუტი ვარ – ეს ჩვენი ჯიშის უბედურებაა, მაგრამ ხანდახან სიდიადეც – მაგრამ არასდროს ვაღიარებ დამარცხებას. დიდხანს დავდივარ, ხშირად გზა მერევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვახერხებ შევხვდე ამ მხარის აიკიდოკათა მამამთავარს – ოსტატ რატამუს. მოწიწებით ვდგები მის წინაშე და ჩემს მარადიულ შეკითხვას ვუსვამ. ხანგრძლივად მიქნევს თავს, ეშმაკურად მიკრავს თვალს და ხმადაბლა მეუბნება, ყველაფერს გაიგებ, არაფერს თუ არ დაუწყებ ძებნასო. ჩემს გაკვირვებაზე ეცინება და, იარაღი მართლაც უმთავრესი მნიშვნელობისაა აიკიდოშიო, აყოლებს. ამაზე ვირისთვის შესაფერი ყოველგვარი თავშეკავება სადღაც მიქრება და ვეკითხები, რომლებია აიკიდოს იარაღები-მეთქი. დიდოსტატის პასუხზე გაკვირვებისგან მუხლები მეკეცება.

– სამწუხაროდ, მე ისინი არასდროს შემისწავლია, – მპასუხობს ის, – მაგრამ მერწმუნე ჩვენს ხელოვნებაში ჩასაწვდომად უმთავრესი ეგაა. ახლა მაპატიე, უნდა დაგტოვო.

და ჩამწკრივებული მოწაფეებისკენ მიეშურება. ზურგსუკან თანაშემწე მიჰყვება ფეხდაფეხ, რომელსაც ხელში ოსტატის იარაღების შალითა უჭირავს.

ივამა

ქედი მოვიხარე – რაც სულ არ არის ვირისთვის ადვილის საქმე – და გავიფიქრე, მაშ აქ არავინ ყოფილა ისეთი, ვინც აიკიდოს იარაღის შესახებ რამეს გამაგებინებს-მეთქი. მაგრამ ვიცი, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში არსებობს დიდი და მთავარი სახლი, სადაც ყველა მასწავლებელი განათლდა და რომელიც ყველა მათგანს მართავს მთელ მსოფლიოში. ვირი თავისი ძმასავით, ცხენივით სწრაფი ვერ არის, მაგრამ დიდხანს სიარული შეუძლია. თავდაუზოგავად მივაბიჯებ და, გრძელი მოგზაურობის ბოლოს მაინც პატივცემულ და დიდ სახლამდეც ვაღწევ, სადაც იარაღზე ვარჯიშზე დასწრების ნებართვას ვთხოულობ. იქურობის დიდი მასპინძელი, პატივსაცემი მოხუცი ბედად აქაა, შესასვლელში. ის ფუძემდებლის ვაჟია. ინტერესით ამათვალ-ჩამათვალიერა და ამ პასუხის ღირსად მაქცია:

– დიდ სახლში არავინ არ ასწავლის აიკიდოს იარაღს, მაგრამ აქ ორ-სამ ოსტატს იპოვი, ვისაც ხმლისა და ჯოხის სკოლებში უსწავლიათ და მარჯვედ ურევენ ამ ტექნიკებს აიკიდოსთან. თუ ეს გაინტერესებს, შემოდი.

ზრდილობიანად ვიხდი ბოდიშს, სასტიკ დაღლილობას ვიმიზეზებ და მოცელილივით ვტოვებ იქაურობას და იმ ხალხს, რომელიც ჩემი ძიებისთვის ისეთივე უსარგებლონი გამოდგნენ, როგორ აქამდე შეხვედრილები. ალბათ დავანებებდი კიდეც თავს ამ ყველაფერს, რომ არ გამხსენებოდა დიდი ხნის წინ ყურმოკრული ერთი პატარა სოფლის სახელწოდება ამომავალი მზის ქვეყანაში. საკომპენსაციოდ ბედისწერამ ვირები კარგი მეხსიერებით დააჯილდოვა.

ივამა, ეს სამი მარცვალიღა დამრჩენოდა იმედად. არაფრად ვაგდებ ჩემს გადაყვლეფილ ჩლიქებს და გზას ვადგები. ვირი ქალაქში თავის გემოზე ვერა გრძნობს თავს და რა ბედნიერებაა, სოფლად რომ ამოვყავი თავი!

ივამას დოჯოში საიტო სენსეი ბატონობს, ვინც მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით თანხმდება ჩემს მიღებას, თუ სხვებივით ვივარჯიშებ. წამოიდგინეთ, რამხელა წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის ადამიანებთან ერთად ვარჯიში. რა თქმა უნდა, ვთანხმდები, რადგან ბოლოს და ბოლოს ვიპოვი იმას, რისთვისაც ამდენი ვიარე. დიდი ხნის წინ აიკიდოს შემქმნელმა თვითონ ააშენა დოჯო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. თავისი ცხოვრების ბოლო 28 წელი იცხოვრა აქ. მაშინ, როცა ტოკიოში, შორს ო-სენსეისგან მისი ვაჟის, კიშომარუს მოწაფეები და დღეისთვის უკვე დიდი მასწავლებლები იზრდებოდნენ, ერთადერთ ადამიანს ეყო გამბედოაბა და დარჩა ო-სენსეისთან მთელი ამ წლების განმავლობაში: მორიჰირო საიტო მუდამ თან ახლდა ივამაში ფუძემდებელს და ყველა მის ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებოდა. მან მოქმედებით გამოხატა თავისი სიყვარული. ეს არ გაუკეთებია ფულის საფასურად. უთუოდ ამიტომაც დაჯილდოვდა იგი და სწორედ ამიტომ დაიბადა მის თვალწინ და მის ყოველდღიურობაში აიკიდო.

და ეს აიკიდო არ ჰგავდა იმას, რაც ამავე სახელით, მაგრამ ავტონომიურად უკვე ვითარდებოდა ტოკიოში. არ ჰგავდა, იმიტომ რომ იარაღის ინტენსიური მუშაობით იყო შექმნილი, რაზეც წარმოდგენა არა ჰქონდათ დედაქალაქში, სადაც ო-სენსეის არასდროს უსწავლებია ჯოხი და ხმალი. და მე, საცოდავმა ვირმა, რომელსაც სიჯიუტის გარდა სხვა არაფერი კარგი თვისება არა მაქვს, აქ გავიგე ის, რაც ძალიან ცოტა ხალხმა იცის მსოფლიოში: აიკიდოს იარაღი არსებობს და დღეს ხალხს შეუძლია ისწავლოს ის. არა როგორც აიკიდოს დამატებული რაღაც საინტერესო რამ, არამედ როგორც ამ ღვთიური დისციპლინის მამოძრავებელი ელემენტი. ნეტა უნდა შევახსენო ჩემს ადამიან ძმებს, რომ აიკი-ჯინჯა, ანუ აიკიდოს ტაძარი ო-სენსეიმ ივამაში ააგო. ივამაში და არა ტოკიოში.

კი ამოდიოდნენ ტიკიოელი მოწაფეები წინათ აქ ერთდღიანი და ძალიან ხანმოკლე ვიზიტებით… მე კი ბედისწერამ ამ მოულოდნელ ადგილას ამომიყვანა. განა შემიძლია სხვა გზას დავადგე, თუ არა მისგან მითითებულს? და წარბშეუხრელად ვიწყებ შრომას, ნელა, მოთმინებით, მუხლჩაუხრელად, ისე, როგორც მხოლოდ ვირს შეუძლია.

ქვეყანაში დაბრუნება

წლები გადის ასე, იარაღის ტექნიკისა და სხეულის ტექნიკის შესწავლაში, რაც ერთად და მხოლოდ და მხოლოდ ერთობლიობაში ქმნის აიკიდოს. მერე დგება დღე, როდესაც საიტო სენსეი დიპლომს გადმომცემს. და ვგრძნობ, რომ დროა, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე. აი, მშობლიურ მიწას დავადგი ფეხი ენთუზიაზმით სავსემ, რადგან შემიძლია ჩემს ადამიან ძმებს დავეხმარო, რომლებიც აიკიდოს სწავლობენ, მაგრამ რომელთაც გარემოებათა გამო არ მიუღიათ მსგავსი გამოცდილება. დიდი ზეიმი ეწყობა, რასაც ადამიანები სემინარს უწოდებენ, და მე იქ იარაღის სწავლებას მთხოვენ. სიხარულით ვთანხმდები.

ის ჭეშმარიტება, რაც ვისწავლეთ, ჩვენ არ გვეკუთვნის და დაუყოვნებლივ უნდა გადავცეთ ეს ცოდნა სხვას. სიცოცხლე ჩვენ არ გვეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები ვართ, ის ჩვენამდეც იყო და ჩვენ მერეც იქნება, თუ გავაგრძელებთ. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვხვდები ოსტატ რატამუს და პატივისცემით მივეახლები. მაგრამ რაღაც უცნაური სხივი უთამაშებს თვალებში.

ეს ჩემი სემინარია, – მიწყრება ის, – არც იფიქრო იქ იმის სწავლება, რაც შენ გისწავლია, წყეულო ვირო. გინდა პირიდან ლუკმა გამომაცალო? თუ დაუყოვნებლივ არ გამეცლები აქედან, მე აღარ მივიღებ მონაწილეობას, –

მემუქრება და ტრიალდება ზეიმის ორგანიზატორისკენ, რომელიც ამის გაგონებაზე ფითრდება. და გვერდზე დგება, რადგანაც მე განვაგრძობ რაღაც ისეთი სიტყვების ლუღლუღს, რისი გაგონებაც არ უნდა. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებ. ნუთუ ღვთიური ხელოვნება ცივ და მშარლ კომერციად ქცეულა? ნუთუ შანტაჟი საბრძოლო ხელოვნებების საუკეთესო თვისებათა ჩამონათვალში შესულა?

ამგვარ ფიქრებში ვიყავი, როცა გავიგონე, როგორ დამიძახა ნაცნობმა ხმამ. მიმდევრებით გარშემორტყმული ძველი ჯგუფის თავკაცი მიახლოვდება. კბილებშუა გამოსცრის, ისე, რომ მხოლოდ მე გავიგონო:

– ამპარტავანო ვირო, გადაწყვიტე, პრესტიჟი შემილახო? შენ თუ ერთადერთი ხარ, ვინც აიკიდოს იარაღი იცი, ასეთადვე დარჩები, მერწმუნე! ომი გდომებია და მიიღებ კიდეც ომს.

გაცოფებული მშორდება, გარს მოწაფეები ახვევია, რომელთაც არაფერი არ გაუგონიათ, მაგრამ თავებს კი აქნევენ. ომი მდომებია მე! მე, ვინც საბრძოლო ხელოვნება იმისთვის შევისწავლე, რომ გამეგო, რამდენად ამაოებაა ომი. მე, ვისაც არასდროს მიცდია ძალაუფლების იარაღი შემექმნა. მე, ვისაც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მისწავლია რამე, რომ მომავალი თაობისთვის გადამეცა. მე, ვისაც ერთადერთი სურვილი მაქვს – დავინახო, როგორ იზრდება ადამიანი და ამ მიზნით ძალას არ ვიშურებ, რომ გადავარჩინო ტრადიციული ცოდნა, რომელიც სიკვდილის პირასაა.

ომიო...

ვირი მშვიდობისმოყვარე ცხოველია. დამშვიდდით, არანაირი განზრახვა არა მქონია, თქვენი პური შემეჭამა. მოწყენილი ვშორდები იქაურობას და ვფიქრობ, რა უცნაურები ყოფილან ადამიანები-მეთქი. თავიანთი ისტორიის წაკითხვა არ შეუძლიათ. ვერ ხედავენ, რომ უცოდინარობაზე დამყარებულ ძალაუფლებას მომავალი არა აქვს და თავის თავში ატარებს თვითგანადგურების თესლს.

ცოდნის გადაცემა

რასაკვირველია, მე ვირი ვარ და მეტი არაფერი და არა გამეგება რა ადამიანთა საქმეებში. საბედნიეროდ, თავისუფალი ვირი ვარ და უარს ვამბობ ყოველგვარ ძალაუფლებაზე, რომელიც ორგანიზაციულად მართავს უცოდინარობას. არავითარი პირადი ამბიცია არ მაწუხებს. მე ჩემთვის არ ვიბრძვი, რადგან ვერავინ წამართმევს იმას, რაც დღეს მაქვს. მე აღარა მაქვს ვალი. მე საგანძური მივიღე, მაგრამ ვერ შევინახავ მას კიდობანში, რადგან ეს განძი ცოცხალია და შეიძლება მოკვდეს. ჰოდა გადავწყვიტე მომეძებნა ყველა, საზღვრებს გარეთაც, ვისაც ჩემსავით ეს მარგალიტი მიუღია. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმ მისიაზე, რომელიც დაგვეკისრა ჩვენ, ყოველგვარი მრუდე აზრებისა და პირადი გამორჩენის გარეშე, წინამძღოლად კი გვეყოლება ერთადერთი, ვინც დღემდე ერთდროულად გამოიჩინა ჭეშმარიტი კომპეტენტურობა ტექნიკაში, ნამდვილი გულწრფელობა ცოდნის გადაცემის საქმეში და სრული ერთგულება ფუძემდებელი ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას თვითმყოფადი აიკიდოს მიმართ. ესაა მორიჰირო საიტო სენსეი, აიკიდოს წმინდა ადგილების მცველი ივამაში.

ეს ჯგუფი ღიაა ყველასთვის, ვისაც ეჭვი აღძვრია ოდესმე იმ აიკიდოს ნამდვილობაში, რომელსაც მას აქამდე ასწავლიდნენ. მე ზუსტად ვიცი ის დრო, რომელიც ცნობიერების გამოღვიძებას სჭირდება და დაე, წყალი მას დაალევინონ, ვისაც სწყურია. ვიცი, რამდენად არ შეესაბამება რაოდენობა ხარისხს. და წინასწარ ვიცი ვიღაცეები, ვისაც ეს მოწოდება შეეხება. მე მათთვის ვწერ. არ მოვეწონები იმ ბნელ ძალებს, რომელთაც თანამედროვე მსოფლიოსთვის ტრივიალური აიკიდო სურთ, არ მოვეწონები დისკრედიტირებულ ეროვნულ თუ საერთაშორისო უზენაეს ინსტანციებს, ამიერიდან არსებობს ერთადერთი ცენტრი, სადაც ტრადიციის ღუზა შეიძლება ჩაეშვას, ერთადერთი უძრავი ნიშნული უთავბოლოდ მოფუთფუთე სამყაროში.

იცით, მე, ვირი ფლატის პირას ვიდექი. შეიძლება დიდხანს არ გადავმხტარიყავი, ან საერთოდაც არ გადავმხტარიყავი. მაგრამ გადამაგდეს წყალში და ეხლა მომიწევს გაცურვა. არ იფიქროთ, რომ ამ ყველაფერში თუნდაც ერთი მისხალი რისხვა ერიოს. ძალიან აზვიადებენ, როდესაც ვირების ცუდ ხასიათზე ლაპარაკობენ. უბრალოდ, ჰარმონიის კანონებიდან გამომდინარე, ვერ მოიქცეოდა სხვანაირად.
„შერცხვენილ იყოს, ვინც ამაზე ცუდს ფიქრობს.“ ესაა დასავლური რაინდული კოდექსის ძველი ფორმულა, რომელიც ვისაც რა უნდა, თქვას, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ მომკვდარა, და რომელიც ბუშიდოს კოდექსს გარკვეულწილად შეესაბამება.

ფილიპ ვოარინო, 1991 წლის ნოემბერი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikidos-iaragebi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)