აქვს თუ არა ო-სენსეის სიტყვებს აზრი (მე-2 ნაწილი)

ჩვენ უკვე ვნახეთ (« აქვს თუ არა ო-სენსეის სიტყვებს აზრი - 1-ლი ნაწილი »), რომ ზედა მრგვალი ორნამენტი არის ის გეგმა, რომელსაც აიკიდოს ფუძემდებელი იყენებდა გადაადგილებისას, მიუხედავად იმისა, ერთი მოწინააღმდეგე ედგა წინ, თუ სხვადასხვა მხრიდან რამდენიმე მეტოქე ესხმოდა თავს.

ავიღოთ ერთი პრაქტიკული მაგალითი, რათა თითოეულმა მკითხველმა ნათლად წარმოიდგინოს, თუ რა მოძრაობაზეა ლაპარაკი.

დავუშვათ, ტორი ჰიდარი ჰანმიში (მარცხენა დგომში) დგას და გადაწყვეტს წრის წინა მარჯვენა კვადრატში შევიდეს, როგორც ეს ნახაზზეა ნაჩვენები. ამ შემთხვევაში მას ორი, შეიძლება ითქვას, ორადორი არჩევანი აქვს:

  1. ის მოძრაობას იწყებს წინა ფეხით, რომელიც ყვითელ სპირალს მიჰყვება, რათა ჯერ მარჯვნიდან მომავალ მოწინააღმდეგეს დაარტყას, შემდეგ კი – იმავე მოძრაობაში – მოწინააღმდეგეს, რომელიც წინიდან მოდის.
  2. ის მოძრაობას იწყებს უკანა ფეხით, რომელიც ცისფერ სპირალს მიჰყვება, რათა ჯერ წინიდან მომავალ მოწინააღმდეგეს დაარტყას, შემდეგ კი – იმავე მოძრაობაში – მოწინააღმდეგეს, რომელიც მარჯვნიდან მოდის.

თითოეული მოქმედება ორმაგია და ამ ორი ორმაგი მოძრაობიდან თითოეული მას იმ ადგილას ათავსებს, სადაც ოთხივე მოწინააღმდეგეთაგან ვერც ერთი ვერ მისწვდება.

მე ვწერდი (« აქვს თუ არა ო-სენსეის სიტყვებს აზრი - 1-ლი ნაწილი »), გადაადგილების ეს სპირალები და ნახაზი, რომელსაც ისინი ქმნიან ერთობლივად, მათემატიკის კანონთა გამოხატულებაა- მეთქი, თუმცა არავითარი სიზუსტე არ შემომიტანია ამ თვალსაზრისით. და ამას ახლა გავაკეთებ.

რასაკვირველია, დიდხანს ვეძებე ინტერნეტში მათემატიკური მოდელი, რომელიც ამ სპირალების და, ამასთან, იმ მოტივების შესაბამისი იქნებოდა, რომელთაც ისინი ხაზავენ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.

საბოლოოდ საქართველოში, ერთ-ერთი სემინარის დროს, სადაც წაღებული მქონდა ამ მრგვალი ორნამენტის ფოტოასლი, ერთმა ახალგაზრდა აიკიდოკამ მაპოვნინა ამ ამოცანის ამოხსნა.

ამიტომაც, მინდა აქ მადლობა გადავუხადო გიორგი ჭანტურიას, თბილისელ სტუდენტს თეორიულ ფიზიკაში, იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა აიკიდოს ფუძემდებლის მიერ გამოყენებული გადაადგილების სისტემის გეომეტრიულად ფორმულირებაში.

მისი წყალობით დღევანდელი და ხვალინდელი აიკიდოკები მიხვდებიან და გაიგებენ, რომ ო-სენსეის გადაადგილება უბრალო იმპროვიზაცია კი არაა, არამედ პირიქით, მას მეცნიერების ყველა ატრიბუტი აქვს. აქედან გამომდინარე, ისინი თავისუფალნი იქნებიან ამ კანონების გამოცდისა და მათი შემოწმება- გადამოწმებისაგან.

გიორგი თავიდან შეეცადა, გაეგო ნახაზის არსი და მან ეს ციკლოიდებისა და ჰიპოციკლოიდების გადაბმით გააკეთა, მაგრამ გამოყენებულ მოდელთაგან არც ერთმა არ მისცა საშუალება, ამაში წესი და კანონი დაენახა.

ამიტომაც შემდეგ გადაწყვიტა, ნახაზი დაეშალა და სწორედ მაშინ წარმოუდგა თვალწინ ნაცნობი მრუდი: ფიბონაჩის სპირალი. მან შენიშნა, რომ თუკი ფიბონაჩის რვა სპირალს ერთ წრეწირში გაავლებდა და მათ ამავე წრის ოთხი თაღით შეაერთებდა, ზუსტად იმ ნახაზს მიიღებდა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს აქ.

აი ანიმაცია, რომელიც მან გამომიგზავნა და რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ როგორაა აგებული ეს ნახაზი:

ფიბონაჩის სპირალი ლოგარითმული სპირალია, რომელიც რაოდენობის ზრდის ფაქტორის გათვალისწინებითაა აგებული:

ეს მიმართება გასაოცარია იმდენად, რამდენადაც მას ბუნებრივ მოვლენათა უმრავლეს შემთხვევაში ვხვდებით: ზოგიერთი კრისტალის ფორმირებისას, ამა თუ იმ მცენარის ზრდისას და ასევე ადამიანის სხეულის პროპორციებშიც კი (სწორედ ამ მიზეზითაც იყენებდნენ მას ძველი მშენებლები, როდესაც ანტიკურ ნაგებობებსა და ევროპულ ტაძრებს აშენებდნენ).

ის ამბავი, რომ Ø მიმართება მათემატიკურ საფუძვლად ედება აიკიდოს გადაადგილებას, უკვე საკმარისად აჩვენებს ო-სენსეის ხელოვნების კავშირს სამყაროს სხვა ფენომენებთან.

თუმცა უფრო მეტიც შეიძლება ითქვას. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ტორი სფეროა, ან, უფრო სწორად, საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი უზარმაზარი ბზრიალა, რომელიც, ამავდროულად, ამ ორნამენტის წრეწირის გარშემოც ტრიალებს.

ცხადია, ამ ადამიან-ბზრიალას მხოლოდ საკუთარი ტერფებით თუ შეუძლია გადაადგილება. ჩვენ კი ვიცით, რომ ტერფები ფიბონაჩის სპირალებს ზედა ყვითელ წრეზე მიჰყვებიან, როგორც ეს უკვე ვაჩვენეთ ცოტა ზევით.

ამასთან ჩვენ ისიც ვიცით, რომ ტერფები არ არიან ავტონომიურნი. გავლებულ სპირალებზე გადაადგილების საშუალებას მათ ტორის ცენტრალური ღერძის საწყისი და მამოძრავებელი მოქმედება აძლევს (პატარა ყვითელი წრე ქვედა ნახაზზე). რაც შეეხება ამ ღერძს, ის უფრო მოკლე და უფრო ფუნდამენტურ მონახაზს აკეთებს: ტრიალს, რომელიც ერთდროულად თავის თავის და შიდა, უფრო პატარა წრიწირის (ქვედა ნახაზზე ის ცისფერია) მთელ სიგრძეზე ხორციელდება. სწორედ ეს ტრიალი აგზავნის ტერფებს ორნამენტის შუაგულის საწყისი წერტილიდან სპირალების ტრაექტორიაზე.

მათემატიკაში, მრუდს, რომელსაც ხაზავს წრე, რომელიც, თავის მხრივ, ორმაგი მოძრაობით - საკუთარი ღერძის გარშემო და, ამასთან, უფრო დიდი წრეწირის გაყოლებაზეც - გადაადგილდება და ამგვარად ხაზავს ტრაექტორიას, ჰიპოციკლოიდი ეწოდება.

ჰიპოციკლოიდთა შორის არის ერთ-ერთი, რომელსაც ოთხქიმიანი ვარსკვლავის თავისებური ფორმა აქვს და რომელსაც ამის გამო ასტროიდს უძახიან. სწორედ ეს წითელი ვარსკვლავი შეგვიძლია ამოვიცნოთ ორნამენტზე, რომელიც აქ ცისფერი წრეწირითაა ჩახაზული:

ამ ასტროიდს წრეწირის ოთხი თაღი ქმნის, რომლებიც ფიბონაჩის რვა სპირალს ერთმანეთთან აკავშირებს.

აქ უნდა დავინახოთ, რომ წრეწირის თაღების მიერ სპირალების დაკავშირება ერთმანეთთან არაა შემთხვევითი, ეს არ გახლავთ არც რაიმე ესთეტიკური და თვითნებური არჩევანი: ეს ტორის ვერტიკალური, მბრუნავი ღერძის ზუსტი ტრაექტორიაა, როდესაც ამ უკანასკნელის ტერფები ამავდროულად ფიბონაჩის სპირალების მიერ შემოხაზულ გზას გადის.

მათ შორის ლოგარითმული სპირალების დაკავშირება ტორის ღერძის ტრაექტორიის პირდაპირი შედეგია.

ახლა კი აი, ანიმაცია, რომელიც ამ ტრაექტორიის ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს.

ყურადღება, ამ ანიმაციის ბრუნვის მიმართულება სწორია ჰიდარი ჰანმიდან წინა ფეხით დაწყებული მოძრაობის (ყვითელი სპირალი) შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა შევატრიალოთ ის, თუკი მოძრაობას უკანა ფეხით დავიწყებთ (ცისფერი სპირალი):

ჰიპოტროქოიდი (ასტროიდი) სემ დერბიშირისაგან

ტორის ღერძის მიერ მოხაზულ ტრაექტორიის პარამეტრებს ამ შემთხვევაში შემდეგი ტოლობა განსაზღვრავს:

ვფიქრობ, ამით დასტურდება, რომ აიკიდოში მოვარჯიშის გადაადგილება მეტად მკაცრ წესებსა და კანონებს ემორჩილება, მოხაზავს Ø-ისა და მოძრაობის წარმომქმნელი ჰიპოციკლოიდის შესაბამის ლოგარითმულ სპირალებს და ძალიან შორსაა ყოველგვარი იმპროვიზაციისაგან.

აიკიდოში მოვარჯიშის გადაადგილება, რომელსაც კლასიკური მექანიკის კანონები წარმართავს, უმწირესი მოქმედების პრინციპს ემორჩილება.

ტორის ტრაექტორიებმა ისევე უნდა დაიცვას ეს კანონები, როგორც პლანეტათა ორბიტები იცავენ ჩვენი მზის სისტემაში.

ტორის არ ძალუძს შეცვალოს ეს. და გულუბრყვილო რწმენა, რომ თავისუფლების სახელით თითოეულ მოვარჯიშეს შეუძლია « ინოვაცია » მოახდინოს და გადაადგილდეს, როგორც მოეპრიანება, ამ კანონების უგულებელყოფით, ეგოს სრული სიგიჟე და უმთავრესი დაბრკოლებაა აიკიდოს გაგების გზაზე.

აიკიდოს გადაადგილება მთელი მეცნიერებაა, როგორც ყველა მეცნიერება, ისიც ზუსტია, და როგორც ყველა მეცნიერება, ისიც სერიოზულ კვლევას საჭიროებს. აქ საქმის გაიოლებისთვის ადგილი არ რჩება. გაიოლება ო-სენსეის ხელოვნების უპატივცემულობაა.

თუკი ტორის ტრაექტორიები ციური სხეულების ბრუნვას შეგვიძლია შევადაროთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ერთსა და იმავე კანონებს ექვემდებარებიან და ერთი საერთო პრინციპიდან მომდინარეობენ. სწორედ ამიტომ განმარტავდა ოსტატი უეშიბა, აუცილებელია ცაში ვარსკვლავების მოძრაობის შესწავლა, თუ ადამიანს სურს გაიგოს, აიკიდო რა არისო.

საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი ადამიანის სხეულის მექანიკა იმავე კანონებს ემორჩილება, რომელთაც ციური მექანიკა ექვემდებარება. ადამიანის სხეული მუშაობს ისევე – თავისი მასშტაბით – როგორც ფუნქციონირებს სამყარო.

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ კვლევის ფარგლებში ერთი ასეთი განსაკუთრებული რელიეფი იჩენს თავს: სამყაროს აღსაქმელად დასავლეთი ძირითადად საგანთა შიგთვსსა და არსს ჩაებღაუჭა, აღმოსავლეთმა კი, პირიქით, საგანთა მოძრაობის განხილვა არჩია მათი ტრანსფორმაციისას. 'ი ძინი', აღმოსავლური აზროვნების ფუნდამენტური ნაშრომი, სწორედაც სამყაროს მოძრაობის მიერ საგანთა გარდაქმნებისა და ცვლილებების ინტერპრეტაციის წიგნია.

აიკიდოში მოვარჯიშე, თავისი უწყვეტი მცდელობით, ესა თუ ის საბრძოლო მგდომარეობა სამყაროს კანონების დაცვითა და გათვალისწინებით შეცვალოს, თავადაც ეწერება საგანთა მოძრაობასა და მათ ტრანსფორმაციაზე დაფუძნებულ სამყაროს გაგებაში: სწორედ ესაა ტაი ნო ჰენკას სიღრმისეული მნიშვნელობა.

ფილიპ ვოარინო, შობა 2015 წელი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/akvs-tu-ara-o-senseis-sitqvebs-azri-me-2-nacili
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)