დაიტო-რიუს ჩრდილი

ღია წერილი გიიომ ერარის მიერ ოლივიე გორენისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს პასუხად.

http://www.guillaumeerard.fr/aikido/entretiens/entretien-avec-olivier-gaurin-un-aikidoka-sur-la-voie-de-la-disgrace

გამარჯობა, ოლივიე,

ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, თუმცა ორივე ჩვენგანის ცხოვრების გზაზე ბევრი დამთხვევა ყოფილა, რამაც, არაა გამორიცხული, ჩვენი შეხვედრა შესაძლო გახადოს. თავს უფლებას მივცემ, 'შენობით' მოგმართო იმ იმედით, რომ დათანხმდები ურთიერთობის ამგვარ გაიოლებას, რომლის მიზანიცაა, რაც შეიძლება ბუნებრივი და რაც შეიძლება მეგობრული სახე მიეცეს ჩვენს საუბარს.

მართლაც, პასუხს იმის გამო არა გცემ, რომ პოლემიკის მოყვარულთ ვასიამოვნო. ვწერ იმიტომ, რომ შენმა ინერვიუმ, ჩემი აზრით, აიკიდოში ყველა მოვარჯიშესათვის მნიშვნელოვანი პრობლემები წამოჭრა. ეს შეკითხვები, ჩვეულებრივ, თანამედროვე აიკიდოში გამეფებულ აღრევათა ზღვაში იკარგება ხოლმე. და ძალიან კარგი ქენი, რომ მათ არ მოერიდე.

ჩვენ ორივემ 70-იანი წლების შუაში დავიწყეთ აიკიდო. 1984 წელს რამდენიმე თვე ვიცხოვრე პარიზში და ვვარჯიშობდი ვენსენში, სადაც კრისტიან ტისიემ ძალიან თავაზიანად მიმასპინძლა. მე ვცინობ იმ თანამოვარჯიშე ამხანაგებს, რომელთაც შენ ახსენებ: ჟან მიშელ მერის, პატრიკ ბენეზის, ფილიპ გუტარს, ბერნარ პალმიეს და ა. შ. მაშასადამე სიმართლესთან ძალიან ახლოს უნდა იყოს ის ამბავი, რომ იმხანად ჩვენც გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის რამდენიმე შიჰო ნაგე, რომლებიც მეხსიერებიდან ამოგვივარდა ორივეს.

ჩვენ ორივენი ერთსა და იმავე წელს, 1986-ში გავემგზავრეთ პირველად იაპონიაში. შენ, თუ სწორად წავიკითხე შენს ინტერვიუში, „დათარსულ გზაზე“, რათა რაც შეიძლება მეტი ოსტატი გენახა და გარიდებოდი სწავლებას, რომელიც მომხიბვლელი კი იყო თავისი „ბუმბულებით“, მაგრამ რომლის ლტოლვაც ძალაუფლებისაკენ და კომერციული ამბიცია აღარ იყო შენთვის მისაღები. მე კი ერთი ოსტატის სანახავად და აიკიდოს იმ საფუძველთა შესასწავლად, რომელთაც ტამურა სენსეისთან ვერ ვპოულობდი.

აიკიდოში ჩემი პირველი ათი წლის მანძილზე ნაგარეს კვაზი ექსკლუზიურმა სწავლებამ და იმ წყალივით მორაკრაკე ტექნიკამ, რომელიც თან ახლავს ამგვარ პრაქტიკას, დამარწმუნა, რომ დანამდვილებით შეუძლებელია სირბილის სწავლა იქამდე, ვიდრე ადამიანის სიარულს არ ისწავლის. და მას შემდეგ ვცდილობ ავხსნა TAI-ს საიტზე, რომ ჩიხი, რომელშიც თავი ამოყო თანამედროვე აიკიდომ, იყო შედეგი ტექნიკური ბაზების შესწავლის წყვეტისა, რის გარეშეც ნაგარე როლების თამაშის მეტი სხვა აღარაფერი გამოდის. იმ იდეას ორივენი ვიზიარებთ, რაკი შენ თავად ამბობ ამას:

„ნაგარე“ (…) ფუძემდებლის გარდაცვალების შემდეგ განვითარებული აიკიდოს ტიპური მახასიათებელია. სწორედ ეს, „აიკის დინამიური გამოყენება“, წარმოადგენს „თანამედროვედ“ წოდებული აიკიდოს ერთგვარ თავისებურებას. და აიკიკაიში ძალიან სწრაფად გაკეთდა აქცენტი აიკის ამ ყველასგან განსხვავებულ წახნაგზე. დღეს ამის დადებითი და უარყოფითი შედეგები შეგვიძლია ვიხილოთ.

ნაგარეს უარყოფითი ეფექტები, როდესაც, შენი თქმისა არ იყოს, მხოლოდ აიკის ამ გამორჩეულ წახნაგზე მუშაობენ, ჩემი აზრით, მოძრაობათა იმ ზუსტი ტექნიკური ბაზების გაგების შეუძლებლობაა, რომელთაც მოვარჯიშე აკეთებს და, აქედან გამომდინარე, მათი სწორად შესრულების შეუძლებლობაც. ჩანს, აქაც ერთნაირად ვფიქრობთ, რაკი შენ ასე განმარტავ:

დაიტო-რიუს დაწინაურებული ტექნიკა ნაგარეს ტექნიკაა, დინამიური და არაკონფრონტაციული (…) ო-სენსეი ამას მაღალ დონეზე ასრულებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი მოწაფეები დაიტო-რიუს მხოლოდ ამ, ძალიან დაწინაურებულ ტექნიკას შეესწრნენ, მისი ქვედა საფუძვლები ვერ გაიაზრეს და ამიტომაც ვერც მის არსს ჩასწვდნენ.

თუმცა, ოლივიე, თუ ეს სიმართლეა და მე ამაში არ შეგეწინააღმდეგები, მაშინ აიკიკაის ვერც ერთ მასწავლებელს, რომელთა გაკვეთილებსაც შენ დასწრებიხარ იაპონიაში ჩასული, ვერ ექნებოდა წარმოდგენა შენ მიერ ნახსენებ ბაზებზე. და სხვებზე მეტად ვერც იამაგუჩის, რომელზეც შენ წერ:

იამაგუჩი სენსეი ყველაზე სიღრმისეული განსახიერება გახლდათ აიკიდოს იმ სახეობისა, რომელსაც ნაგარე ეწოდება

იქვე აზუსტებ და განმარტავ, რომ ამ ბაზების საყოველთაო უცოდინარობის ფონზე ო-სენსეის ზოგიერთ მოწაფეს მაინც ჰქონდა ისინი ნასწავლი, თუმცა არაპირდაპირი გზით:

იამაგუჩისა და ვატანაბე სენსეისნაირმა ადამიანებმა, რომლებიც დაიტო-რიუს ბაზების საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნას ავლენდნენ, თავად არც კი იცოდნენ, რომ ისინი ამას ფლობდნენ, რადგან მათ ამას არაპირდაპირი გზით ასწავლიდნენ.

მაინტერესებს, ვიცოდე, კერძოდ რაში მდგომარეობდა სწავლების ეს არაპირაპირი ყაიდა, იმის გათვალისწინებით, რომ ო-სენსეის ნაგარეს სახით სწავლება ერთი და იგივე იყო აიკიკაის ყველა მოწაფისათვის 1950-1960 წლებში. ყოველ შემთხვევაში, და შენგან განსხვავებით, მე ერთი წამითაც კი არა მგონია, რომ სხვა საბრძოლო ხელოვნებებში მიღებული ცოდნა რამეში გამოადგებოდა იამაგუჩის ან ტამურასმაგვარ მოწაფეებს სტრუქტურული ბაზები შეეცნოთ იმ მოძრაობებში, რომლებსაც ო-სენსეი აკეთებდა მათ თვალწინ ნაგარე ფორმაში. სხვათა შორის, მართლა გჯერა ეს შენ, ვინც დღეს სხვა მასწავლებლებთან ერთად ასწავლი დაიტო-რიუს, მასწავლებლებთან, რომელთაც ძალუძთ ნათლად მიუთითონ მოწაფეებს ასათვისებელი საფუძვლები, და ვინც ზუსტად ზომავ, ამ იდეალური პირობების მიუხედავად, სკოლის ტექნიკათა სკრუპულოზური და უზუსტესი განსაზღვრებების შესაძენად საჭირო ძალისხმევათა სიდიდეს? აიკიკაის ბევრი მასწავლებლის მსგავსად მეც გავლილი მაქვს ეს გზა, შევეცადე უკეთ შემეცნო აიკიდო ისეთი დისციპლინების შესწავლის გზით, როგორიცაა იაიდო, კენჯიცუ და ჯოდო. მაგრამ ეს არ მუშაობს. შევეცდები, ავხსნა რატომ, და ამას გავაკეთებ ოდნავ ქვემოთ, სადაც ვუპასუხებ შენს არგუმენტებს იარაღის სწავლების თაობაზე.

ჩემეული ანალიზი შემდეგში მდგომარეობს: იმ ეპოქის თითოეულმა მოწაფემ ო-სენსეის მოძრაობები აითვისა ისე, როგორც მოახერხა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, და ნაგარედ წოდებული, დამუშავებული პროდუქტიდან მეტ-ნაკლები წარმატებით აღადგინა ელემენტარული შემადგენელი ნაწილები, საფუძვლები, რომლებიც შესაძლებელს ხდიდა მას სინამდვილეში. ამ კონტექსტში ტამურას დევიზი „ტექნიკა ჰაერში უნდა დაიჭირო“, თვალში საცემ აუცილებლობად აღიქმება. იამაგუჩი, ტამურა და რამდენიმე სხვა, ნიჭიერი ხალხი იყო, რომელთაც ნამდვილად გაიარეს მნიშვნელოვანი გზა ამ მიმართულებით და გარკვეული ბაზები თავად აღმოაჩინეს.

ამ ჭრილში მშვენივრად მესმის, რას გრძნობ, როდესაც ამბობ:

პირადად მე მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რატომ აკეთებდა იამაგუჩი სენსეი ამა თუ იმ მოძრაობას ასე ან ისე, როცა დაიტო-რიუ აიკი-ჯიცუს შესწავლა დავიწყე.

მე შენი მესმის, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთივე შეგრძნება დამეუფლა იაპონიიდან დაბრუნებისას. როდესაც ივამაში პირველად ყოფნის შემდეგ ხელახლა ვნახე ტამურა სენსეი, ასეთი რეაქცია მქონდა: „მან სრულიად შეცვალა თავისი ტექნიკა“. და ეს მოხდა იქამდე, ვიდრე მივხვდებოდი, რომ მას არ შეუცვლია არაფერი, უბრალოდ ბოლოს და ბოლოს მე შევძელი მეცნო მოძრაობების გაკვრითი, მაგრამ საკმარისად მკაფიო ბაზები კი ნო ნაგარეს აქამდე გაუმჭვირვალი საბურველის მიღმა.

ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო, მაგრამ დღეს როდესაც ამაზე ხელახლა ვფიქრობ, ვხვდები - სიღრმისეულად იმას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩვენნაირი მოწაფეებისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მასწავლებელს მეტ-ნაკლებად ინტუიტიურად ჰქონოდა ნაპოვნი ზოგიერთი ბაზა, რადგან რეალურად მათ არ ხელეწიფებოდათ მათი ისე სწავლება, როგორებიც სინამდვილეშია ეს ბაზები. ისინი ვერ გადმოგვცემდნენ იმას, რაც თავად არ იცოდნენ, რომ არ ჰქონდათ, როგორც შენ თვითონ იხილე ეს. ანდა მათ ამის ადმოცემა მხოლოდ ისე შეეძლოთ, როგორც ეს მათ თაად ჰქონდათ ნასწავლი. და „ის ძალიან დიდი გულითადი სიახლოვე“ სენსეისთან, რომელიც შენ ახსენე, სიმპათიის აღმძვრელია, რასაკვირველია, აუცილებელიც კი, მაგრამ ჩემი აზრით, არ კმარა, თუკი ამას ავთენტური ტექნიკური ბაგაჟი თან არ ახლავს თავისი მკაფიო დეფინიციებით. ეს მკაფიო დეფინიცია ყოველთვის დეფიციტი იყო. მახსოვს იკიოს ფუნადმენტური ბაზის დეფინიციის პოვნისადმი მიძღვნილი მთელი კეიკოები კანის აიკი კლუბში ტიკი შევანთან, დანიელ ლეკლერთან, ვერნერ მეიერთან ერთად. და ეს ყველაფერი ყოველ ორ კვირაში ერთხელ იცვლებოდა. მავანი იტყვის, ეს ევოლუციააო. არა, სიმართლე ის გახლავთ, რომ იმხანად ჩვენ სიბნელეში, ხელის ცეცებით მივდიოდით და ვერ ვხვდებოდით, რომ ო-სენსეის გზის გავლას მარტოები და ჭეშმარიტი ინფორმაციის არმქონენი ვცდილობდით, წინ კი არა „ბრმები“ – როგორც შენ ამბობ მცირედი გადაჭარბებით – არამედ, შეიძლება ითქვას, ბეცები მიგვიძღოდნენ.

თვალებიდან ნაცრის მოსაშორებლად შენ დაიტო რიუს შესწავლა დაგჭირდა, მე - ივამას სწავლებისა. და სწორედ აქ ხდება ყველაფერი საინტერესო. შეიძლება გავიგოთ, მართლაც, რომ საბაზო ტექნიკის აღმოჩენის, მისი უეცარი ხილვის ეს ძალიან ძლიერი გრძნობა შენთვის გაჩნდა დაიტო რიუში შესვლისას, რადგან მაგ კარებში შესვლით შენ „დატოვე“ აიკიდოს სკოლა და აიკიდოს ფესვების სკოლას ეზიარე. მე კი, ვინც ივამას დოჯოში შევედი და დავრჩი აიკიდოში, როგორ შემეძლო გადამეხარშა – იმავე სკოლის წიაღში – გამოცდილება, რომელიც ყველაფრით ჰგავდა შენსას, რომელიც მდიდარი იყო შეგრძნებებით, კონტრასტებითა და აღმოჩენებით?

ჩემი პასუხი ის სიღრმისეული ზომაა, რომელიც ჩვენს მარშრუტებს განაცალკევებს ერთმანეთისგან, ოლივიე: იმიტომ, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი, როგორ დავაწყვე ჩემი ჩემოდნები 1986 წლის თებერვლის ერთ დილას no man’s land-ში, ტაკედა რიუსა და აიკიკაის შორის მდებარე ადგილას, ძალიან უცნაურ ადგილას, სადაც ო-სენსეის პიროვნულ განვითარებას ბოლომდე შემორჩენილი ერთ-ერთი მოწაფე, დაიტო რიუსა და აიკიდოს შორის მდგარი ოსტატი ასწავლიდა.

შენ შეიძლება ოდნავ ზედმეტი დარწმუნებით აცხადებ:

ომისშემდგომი პერიოდის არც ერთ მოწაფეს არ უსწავლია უშუალოდ [ო-სენსეისგან], ვიმეორებ, „უშუალოდ“-მეთქი, დაიტო რიუს ძველი ტექნიკა, რომელიც მას სოკაკუ ტაკედასგან ხვდა წილად. საიტო სენსეიმ კი აიკიდოს სწავლა 1946 წელს დაიწყო (...)

მე უფრო ფრთხილად ვიტყვი, რომ დედამიწის ზურგზე არავინ იცის დანამდვილებით, რა ასწავლა და რა არა ო-სენსეიმ თავის მოწაფე საიტოს. სამაგიეროდ, საგნის ცოდნიდან გამომდინარე, შემიძლია გაჩვენოთ, თუ როგორ ასწავლიდა საიტო სენსეი და გარანტიას გაძლევთ, რომ ეს არ იყო ნაგარე. საკუთარი თვალით მინახავს, როგორ უხეშად გააჩერა საკუთარი მოწაფე ტომიტა, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი მე-7 დანი მას ივამაში გამეფებული კოტაის სტატიკური, მუყაითი მუშაობისგან ათავისუფლებდა. და შემეძლო თითქმის ზუსტად იგივე ფრაზე დამეწერა, რასაც შენ წერ:

დაიტო რიუში საბაზო ჯიცუთი, ანუ საწყისი ილეთებით ვიწყებთ, რაც აიკის არსის გაგებაში გვეხმარება, თუმცა პრაქტიკული და სტსტიკური სახით. თავიდან დაიტო რიუ მოსაწყენია ჩვენთვის, აიკიდოკებისთვის, არ ვმოძრაობთ და სხვები ხარებით გვიჭერენ, რომ გვატკინონ. სამაგიეროდ, ეს ქმნის აუცილებლობას, გავიგოთ, თუ რატომ არ მუშაობს ის, რასაც ვაკეთებთ და რატომ ჯობია, რომ მუშაობდეს.

ისღა დამრჩენია, დაიტო რიუ ივამას სტილით შევცვალო. სამაგიეროდ, ვერ დაგეთანხმები, როცა განაგრძობ:

ამგვარი რამ არ არსებობს აიკიდოში, რადგან თუკი წინააღმდეგობას უწევ, გეუბნებიან, სხვაგვარად მოიქეციო, მიჰყევიო, ისწავლეო, ასე არ ვარგაო, არარაობები ხართო, ძალა არა გაქვთო და ა. შ. უამისოდაც ფონს გავალ და თან მშვენივრად".

იმიტომ, რომ აქ შენ მიანიშნებ აკიდოს კონცეფციაზე, რომელიც საყოველთაოდ არის გავრცელებული, რომელსაც შენც და მეც ერთდროულად შევეჩეხეთ დასაწყისში, მაგრამ რომელიც ვერ გამოიყენება ყველგან, მაგალითად, შიოდა სენსეის იოშინკანთან ვერა, ვერც ივამას დოჯოში, სადაც „ამგვარი რამ“ ყოველთვის არსებობდა.

როდესაც ჩემს მეგობრს, პაოლო კორალინის, ივამას ტატამზე პირველმა პარტნიორმა ჩაავლო ხელი მაჯაში, მან საერთოდ ვერ მოახერხა განძრევა. მაშინ პაოლოს ანდრე ნოკესაგან მე-4 დანი ჰქონდა მინიჭებული, ანუ ნაგარეს მე-4 დანი, მის პარტნიორს კი, კარგი აღნაგობის ამერიკელს, წელზე თეთრი ქამარი ერტყა. ამგვარი შემთხვევები ხშირი იყო ივამაში, არავის არასდროს უფიქრია წუწუნი დაეწყო და თავისი შეცდომა უკესთვის გადაებრალებინა. კოტაიში უკეს ძლიერად უჭირავს, ეს ნორმალურია, გზა ტორიმ უნდა იპოვოს. ივამას დოჯოში კი რეგულარული პრაქტია კოტაიში მიდიოდა.

მთელი იმ დროის მანძილზე, რომელიც ივამაში გავატარე მე, ერთადერთხელ ვნახე საიტო სენსეი ნაგარეს სწავლების პროცესში. აიკი კენის გაკვეთილი იყო დილას და აშკარად რაღაც ექსპერიმენტის ჩატარებას ლამობდა: თანდათანობით მივეყვანეთ ჩვენ უფრო მოძრავი პრაქტიკისაკენ. ეს ამბავი ორ დღეს გაგრძელდა. მეორე ვარჯიშის ბოლოს თქვა „დამე!“ და მომდევნო დილიდან ისევ კოტაი პრაქტიკას მივუბრუნდით. და მართალიც იყო, ორი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იქ ყველას პატარა სამურაიობანას თამაში დაეწყო. საიტო სენსეის მიერ შემოღებული პრაქტიკა სრულიად საპირისპირო გახლდათ თანამაედროვე აიკიდოს გადახვევებისა და „ყველაფერი ნაგარესი“, რომელსაც შენ აღწერ სრულიად მკაფიოდ და არაორაზროვნად:

ო-სენსეის მოწაფეებმა მისი ცხოვრების ბოლოს ისე ისწავლეს იმ ნოძრაობებით თამაში, რომელთაც ის მათ აჩვენებდა, რომ არ გაუვლიათ ასეთი და ასეთი სახით ან ამა და ამ სიტუაციაში გასაკეთებელი აუცილებელი ბაზები. საბოლოოდ მივიღეთ ილეთები, რომელბიც მხოლოდ გარკვეული სიიოლისა და ფარული თანამზრახველობის პირობებში მუშაობს, მაგრამ მეტი არც არაფერი. სწორედ ამან შექმნა „თანამედროვედ“ წოდებული აიკიდოს ფუნდამენტური პროლემა: ესაა ნაგარეს აიკიდო, რომელიც არ მუშაობს თუ ადამიანი ჩერდება მოძრაობისას ან თუ ვინმე თავისზე ღონიერს ხვდება. ამიტომაც ადამიანი იძულებული ხდება, რაღაცეები მოიგონოს, რათა ისე გამოვიდეს, რომ ამ აიკიდომ მაინც იმუშაოს. მაგრამ ძალიან ნაკლებად საალბათოა, რომ ამგვარად გადააწყდე სადმე რეალურ და ზუსტ ბაზებს. მაშასადამე, აცდენა გვაქვს იმასა და იმას შორის, თუ რა კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს წესით.
[...]
აი ასეთი მცირე ქაოსია დღევანდელ აიკიდოში. და სწორედ ესაა თანამედროვე აიკიდოს პრობლემა; ამ აიკიდოს აღარაა აქვს არც ორიენტირები და არც აიკის ბაზები. მოკლედ, იქ ყველა თავისას უბერავს.

სრულად ვიზიარებ ამ ხედვას.

ახლა რა ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ნაგარეს გარეშე, სისტემატურად სტატიკური და ძალისმიერი სწავლებიდან, რაც წესი გახლდათ ივამაში? ვგონებ აი ეს: საიტო სენსეიმ ო-სენსეისაგან მიიღო სწავლება, რომელმაც საშუალება მისცა შეეცნო და ჩამწვდარიყო ილეთებს მათ ყველაზე ელემენტარულ განსაზღვრებებში, რამაც, თავის მხრივ, საშუალება მისცა შემდგომ თავად ესწავლებინა ეს ტექნიკა სტატიკური სახით, ზუსტად, მკაცრად და სისტემურად, ისე, რომ არ მოეშველიებინა კი ნო ნაგარე.

რომელ ილეთებზე ვლაპარაკობთო, მეტყვი შენ მე. შენსავით ვიტყვი, რომ კიჰონი, რომელიც კოტაი ფორმით შევისწავლე ივამაში ათასობით საათის განმავლობაში, არ იყო წმინდად დაიტო რიუს ტექნიკა, ისეთი, რა ფორმითაც ისწავლა მორიჰეი უეშიბამ სოკაკუ ტაკედასაგან ჰოკაიდოში, 1915-1917 წლებში. ამასთან, ვფიქრობ, რომ არ არსებობდა საფუძველი, რომ საიტო სენსეის იამაგუჩიზე ან ტამრაზე უკეთ შეენიშნა მოძრაობის შემადგენელი ბაზები ო-სენსეის პერმანენტული ნაგარედან. არც ის მგონია, რომ მხოლოდ მან მოახერხა კიჰონის ენციკლოპედიური ცოდნის შეძენა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ მან გამოიგონა ის, რასაც ასწავლიდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, მე პირადად განმიცდია და საკმარისად კარგად ვიცი ის სკრუპულოზური დამოკიდებულება საიტო სენსეისა, რომელიც მას ჰქონდა ო-სენსეის მიმართ თავისი ისტორიული მოვალეობის შესასრულებლად და არასოდეს მიუკუთვნებია მორიჰეი უეშიბასათვის საკუთარი გამოგონება და არასდროს გაუსაღებია თავისი სწავლება თავისი მასწავლებლის სწავლებად.

მაშ რა გამოდის? საიდან მიიღო საიტომ კიჰონის, საბაზო ილეთების ცოდნა, რაკი სწორედ ამას ასწავლიდა ექსკლუზიურად და რა შეიძლება ესწავლებინა ამ ელემენტარული ფორმით, თუკი ის დაიტო-რიუს ილეთებს არ ასწავლიდა?

და აი რა, ოლივიე: ჩემი აზრით, შენი ანალიზი გამართულია მრავალ პუნქტში, მაგრამ შენ მას აფუძნებ ო-სენსეი პრაქტიკის უწყვეტობაზე დაიტო-რიუსთან მიმართებაში. აი, მაგალითად, შენ ამბობ:

ბევრ ხალხს ამის აღიარება არ სურს, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, მორიჰეი უეშიბა სენსეის არასდროს შეუწყვეტია დაიტო-რიუს კეთება მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.
[ ...]
რასაც ო-სენსეი აიკიდოში აკეთებდა ომის შემდგომ პერიოდში, სინამდვილეში ეს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული დაიტო-რიუს ილეთებია.

ამ ინტერპრეტაციაში ვერ დაგეთანხმებით. ცხადია, შიჰო ნაგეს, კოტე გაეშის, ირიმი ნაგესა და სხვა ილეთებში დაიტო რიუს ფესვებს არ უარვყოფ. ვფიქრობ, არც დაიტო რიუს მნიშვნელობას ხდის ვინმე სადაოდ მორიჰეი უეშიბას ჩამოყალიბების საქმეში. უბრალოდ, მე ვამბობ, რომ უწყვეტი განგრძობითობა კი არ ყოფილა, არამედ პირიქით, წყვეტა იყო სოკაკუ ტაკედას სწავლებასა და ო-სენსეის სწავლებას შორის. შენ ახსენებ ამ წყვეტას, თუმცა მას რეალურ პრობლემებს უკავშირებ, რომლებიც, ჩემი აზრით, უმნიშვნელო გახლდათ:

მორიჰეი უეშიბას სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა ტაკედა სოკაკუსთან, ფინანსური თუ სხვა სახისა. განსაკუთრებით, ო-სენსეის არ შეეძლო ესწავლებინა ამ სახელით, რადგან მას ამის სწავლების ნებართვა არ ჰქონდა.

ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ, რომ ო-სენსეიმ შექმნა აიკიდო, იმიტომ რომ მას დაიტო რიუს სწავლების ნებართვა არა ჰქონია. წყვეტა ტაკედასა და უეშიბას შორის, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ფუნდამენტური გახლდათ: ის ტექნიკური ხასიათისა იყო. უეშიბამ შეცვალა დაიტო რიუს საფუძველი: დგომი შიკაკუ ტერფების კვადრატული დგომია. მან შემოიღო – როგორც ჩანს, 1920-იან წლებში – დგომი სანკაკუ (ჰანმი). ეს ტექნიკური ცვლილება არ გახლავთ წვრილმანი. რატომ? იმიტომ, რომ ტექნიკის დაწყებას სამკუთხა დგომიდან და არა ოთხკუთხა დგომიდან გავლენა აქვს, ერთი მხრივ, ამ ილეთის შესრულების ძალიან კონკრეტულ მანერაზე, და, მეორე მხრივ, ტორის გადაადგილებაზე სივრცეში, მის უნარზე, პასუხი გასცეს მომხვდურს რვავე მიმართულებით.

ყურადღება მივაქციოთ, მე არ ვამბობ, სამკუთა დგომი არ გამოიყენება დაიტო რიუში-მეთქი ამა თუ იმ სხეულის არიდებითი ილეთის დროს, მე ვამბობ, რომ საკუთხა დგომი არ არის ამ ხელოვნების ერთადერთი და ფუმდამენტური დგომი-მეთქი, ეს არ არის დგომი, რომლითაც სისტემატურად იწყებენ თითოეული ილეთის შესრულებას და რომელსაც სისტემატურად უბრუნდებიან, როგორც კი ილეთი დასრულდება. ჰანმის ეს მოთხოვნა დამახასიათებელია აიკიდოსთვის, მას ყურადსაღები დაჟინებით იმეორებს ო-სენსეი თავის წიგნში „ბუდო“, ის მოეთხოვება დამწყებს, რომელიც პირველად ესწრება გაკვეთილს და იგი ამ სახით არ არსებობს დაიტო რიუში. სხვათა შორის, შენ თავად იღებ აიკიდოში ჰანმის დგომის ამგვარ დახასიათებას, რაკი ამბობ:

ცოტა ვინმემ თუ იცის [...], საიდან მოვიდა აიტო-რიუსგან განსხვავებით აიკიდოსთვის ესოდენ დამახასიათებელი და ფუნდამენტური ჰანმის დგომი.

და პროვოკაციის ყოველგვარი სურვილის გარეშე ვიწერ შენს ფრაზას, რათა კიდევ უფრო შორს წავიდე: ცოტა ვინმემ, დიახ, ცოტა ვინმემ თუ იცის დაიტო-რიუს წიაღში, საიდან მოვიდა დაიტო-რიუსგან განსხვავებით აიკიდოსთვის ესოდენ დამახასიათებელი და ფუნდამენტური ჰანმის დგომი. მათ ეს არ იციან, იმიტომ რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ იმ მიზეზზე, რის გამოც მორიჰეი უეშიბამ ერთ მშვენიერ დღეს გაწყვიტა კავშირი მათი სკოლის საფუძვლებთან. ეს მიზეზი – და ამის ახსნას გარკვეული ხანია, ვცდილობ TAI-ს საიტზე სტატიებში „როპო“ – ის გახლავთ, რომ შეუძლებელია იმუშაო წრის 360°-ზე ოთხკუთხედი დგომიდან. მხოლოდ ჰანმის სამკუთხა დგომი იძლევა საშუალებას ნებისმიერ მომენტში და თან მყისიერად იმუშაო სივრცის ნებისმიერი მიმართულებით, და თან გააცოცხლო ეს ყბადაღებული ექვსი მიმართულების დგომი (როპო). ხოლო დაიტო-რიუს მოვარჯიშეები თუ უწოდებენ აიკიდოს თავიანთ ნაგარე პრაქტიკას, როგორც შენ გვახსენებ ამას, მხოლოდ და მხოლოდ ამართლებს ოსტატი უეშიბას ცნობილ ფრაზას:

იმას, რასაც მე ვუწოდებ აიკის, არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც დღემდე უწოდებდნენ აიკის სხვა საბრძოლო ხელოვნებები.

ო-სენსეის ეს ფრაზა განმარტების იმ კონტექსტში, რომელსაც მე ვიძლევი აქ, მძიმეწონიანი არგუმენტი ხდება.

ეჭვი არ მეპარება, რომ დაიტო რიუს დაწინაურებულ დონეზე არსებობს ნაგარე ვერსია იმ საბაზო ილეთებისა, რომლებსაც ასე ხაგრძლივად სწავლობენ მოვარჯიშეები ერთადერთ სტატიკური ვერსიით და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ მნიშვნელოვანი ვარიაციები უნდა არსებობდეს დაიტო-რიუს კიჰონსა და ნაგარეს შორის. მაგრამ დაიტო-რიუს საბაზო ტექნიკაში მე ვერ ვხედავ სამომავლო მუშაობის ვერავითარ კონკრეტულ ნიშანს, რომელიც მხედველობაში რვა მიმართულებას მიიღებდა. არადა ეს ნიშანი დასაწყისიდანვე აშკარად არსებობს აიკიდოს საბაზო ტექნიკაში, იმაში, რასაც საიტო სენსეი ასწავლიდა, და პირველი მათ შორის არის ჰანმი.

მართლაც, როდესაც ვწერ, საიტო სენსეი დაიტო-რიუსა და აიკიდოს შორის დგას-მეთქი, ამით მინდა ხაზი გავუსვა, რომ კიჰონის მიმართ მას „დაიტო-რიუსნაირი მიდგომა, დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა სამაგიეროდ, კიჰონში იმავე შინაარსს არ დებდა, რა შინაარსსაც დაიტო-რიუ დებს. და ეს იმავე მიზეზით ხდება, რა მიზეზითაც ო-სენსეი დასცილდა დაიტო-რიუს: მორიჰირო საიტო, ისევე, როგორც მისი მასწავლებელი უეშიბა, ვარჯიშისას უმთავრეს მნიშვნელობას ჰანმის ანიჭებდა, ეს გახლდათ მისი სწავლების სული და გული. ჰანმი კი დაიტო-რიუს სწავლების სული და გული არ არის.

და სწორედ ამიტომ ვამტკიცებ, შენგან განსხვავებით, რომ ო-სენსეის ფუნდამენტური შრომა 1930-იან და 1960-იან წლებს შორის არ იყო დაიტო რიუს მაღალი დონის ტექნიკაში თავისი კომპეტენციის ყოველდღიური დახვეწა და ამაღლება. მისი სამუშაო მდგომარეობდა იმაში, რომ შეექმნა ახალი ბაზები დაიტო რიუს მუცლიდან შობილი ახალი ხელოვნებისათვის, თუმცა უმთავრესი გენეტიკური ცვლილება მიმართული იყო რადიკალურად განსხვავებული განვითარებისაკენ – და ეს სიტყვა აქ თავისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობით უნდა მივიღოთ. რაკი დაიტო რიუს კიჰონები „ვეღარ ერგებოდა“ ო-სენსეის გადაადგილების ახალ კანონებს, ის იძულებული გახდა შეექმნა – არა ცარიელი ადგილიდან, არამედ დაიტო რიუს ენციკლოპედიური ცოდნიდან, რასაკვირველია, მაგრამ ამიედრიდან როპოს დგომისაგან გაჩერილი ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით – აიკიდოს კიჰონები. სწორედ ამ სამუშაოში მონაწილეობდა საიტო უკეს როლში, იმიტომ რომ მან 23 წლის მანძილზე იცხოვრა ო-სენსეის გვერდზე 1946-სა და ფუძემდებლის გარდაცვალების წელიწადს შორის. საიტოს გარდა არც ერთი სხვა მოწაფე არ ყოფილა ო-სენსეის უკე ამდენი ხნის განმავლობაში და, განსაკუთრებით, არც ერთ სხვა მოწაფეს არ უცხოვრია ასე დიდხანს მის გვერდით. მიიღო გაკვეთილები მასწავლებლისაგან, ერთია და იცხოვრო მის გვერდით, მეორე, სრულიად განსხვავებული რამაა. ამგვარი სიტუაცია ბედისწერაა თუ უბრალო დამთხვევა, ვერ უგულებელვყოფთ რეალობას და ვერ დავამცრობთ უბრალო წვრილმანამდე, როგორც ამას შენ აკეთებ:

ამბობენ, მაგალითად, რომ საიტო სენსეიმ სხვებზე მეტი მიიღო, კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც მეტად შემოსაზღვრულ პერიოდად რჩება [ო-სენსეის] ძალიან ხანრძლივ ევოლუციასთან შედარებით.

23 წელი თანაცხოვრებისა აიკიდოს ფუძემდებელთან არ არის „მეტად შემოსაზღვრული პერიოდი“ და ეს ისტორიული გარემოებაა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი რამ მოჰყვა შედეგად: მაშინ, როცა ამ ორი ათწლეულის განმავლობაში – როგორც შენ ამბობ – აიკიკაის მოწაფეებისთვის ეს ყბადაღებული საბაზო ტექნიკა მხოლოდ ო-სენსეის ნაგარეს საშუალებით იყო ხელმისაწვდომი, საიტომ ეს ილეთები მიიღო თვით მათი მომწიფების პროცესში, იმიტომ რომ ო-სენსეის პარტნიორი სჭირდებოდა თავისი კვლევისას. და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მორიჰირომ იმხანად სრულად ვერ გაისიგრძეგანა, რა ხდებოდა მის თვალწინ, ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უკეს როლში იგი ხელოვნების დაბადებას დაესწრო და იმას, თუ როგორ შვა ო-სენსეიმ დისციპლინის ყველა საფუძველი, დისციპლინისა, რომელმაც გაწყვიტა ყოველგვარი პირდაპირი კავშირი დაიტო-რიუსთან. შენ ითხოვ შენს ინტერვიუში, „აგიხსნან კრიტერიუმები“, რომელთა მიხედვითაც გავრცელდა აზრი, თითქოს საიტომ სხვებზე მეტი მიიღო ო-სენსეისგან. აი ასეთია ჩემი განმარტება და მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც შეუძლიათ მოითხოვონ ერთგვარი ლეგიტიმურობა ისე სალაპარაკოდ, როგორც მე ვაკეთებ ამას.

ინტერვიუს, ჩემის აზრით, ყველაზე მართებულ ფრაზაში, შენ ამბობ:

აიკის პრინციპებთან მიმართებაში შეიძლება იყოს ადამიანი მეტ-ნაკლებად ნამდვილი და არა ადამიანებთან მიმართებაში, და კიდევ უფრო ნაკლებად, ო-სენსეისთან მიმართებაში.

მე სიტყვა პრინციპს მხოლობითში ჩავსვამდი, თუმცა ამ ფრაზას ასეც ორივე ხელით მოვაწერდი ხელს მეც შენსავით ვფიქრობ, რომ მხოლოდ აიკის პრინციპთან მიმართებაში შეიძლება განისაზღვროს კაცმა ამა თუ იმ პრაქტიკის ჭეშმარიტება. მხოლოდ ამ გაგებით შეიძლება მივიღოთ საიტო სენსეის სწავლების ჭეშმარიტება. მაგრამ ლოგიკურად დამეთანხმები, რომ ყოველგვარი მსჯელობა არასწორია და უნდა შეწყდეს, რომლის მიხედვითაც აიკის პრინციპი არ იდენტიფიცირებულა ისეთად, როგორიც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე მსჯელობის კრიტერიუმი იქნება ნაკლული და თითოეული ამას თავისი შეხედულებისამებრ მიუდგება, რაც არავითარ ინტერესს არ წარმოდგენს.

მაშ რა არის ეს პრინციპი? შენ თავად გვაყენებ ამის კვალზე:

ამგვარად, შეუძლებელია აიკის ხილვა, თუ არ იცნობ მის „ძრავას“. თუ მას არ იცნობ, აზრი იმისა, თუ რა ხდება, უხილავი რჩება (...)

სრულად გეთანხმები.

ძრავა სხეულის ვერტიკალური ღერძის ადგილზე ბრუნვაა, ღერძისა, რომლის ფიზიკური გამოვლინებაც ხერხემალია, ეს საწყისი ბრუნვა იწვევს თეძოების ბრუნვას, ერთის წინისაკენ და მეორის უკნისაკენ, აუცილებლად. თეძოების ეს ურთიერთშემავსებელი ბრუნვა ინისა და იანის პრინციპის ხორცშესხმაა, რასაც ჩვენ აიკიდოში ირიმი-ტენკანს ვუწოდებთ. არ არის ირიმი-ტენკანი, არ არის არც აიკიდო. ო-სენსეი უკიდურესად მკაფიოა ამის შესახებ „ბუდოს“ დასაწყისში, პირველ არსებით თავში, სადაც მისი ხელოვნების საფუძვლებია წარმდგენილი და რომელიც გასაღებია ილეთების შესრულებისადმი მიძღვნილი ყველა მომდევნო თავისა. აი როგორია ამისი გეგმა:

  1. – ჰანმი
  2. – ირიმი
  3. – ტაი ნო ჰენკა
  4. – ირიმი-ტენკანი

პრინციპი მთლიანობაში ამგვარადაა შეჯამებული, ხოლო აქ მოცმული მითითებები ყველაზე მნიშვნელოვანია: ერთის მხრივ, ისინი ჰანმის პირველად, ფუნდამენტურ განზომილებას ადასტურებს, როგორც მე აღვნიშნე ზევით და ასევე საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ ჰანმი ირიმი-ტენკანის აიცილებელი პირობაა.

აქ პრობლემატიკის შუაგულს მივადექით, რამაც მორიჰეი უეშიბა დაიტო-რიუსაგან დააშორა: შიკაკუს დგომი ირიმი-ტენკანის პრინციპის განხორციელების საშუალებას არ იძლევა, მხოლოდ ჰანმის დგომი ხდის შესაძლებელს თეძოების ურთიერთშემავსებელ ბრუნვას მყისიერად და პერმანენტულად და აი რატომ არის სრულიად აუცილებელი ტექნიკის ციკლის თავსა და ბოლოში, აი რატომ ამახვილებს ასე დაჟინებით ყურადღებას ო-სენსეი ჰანმიზე მოძრაობის დასაწყისში (ეს მისი წიგნის პირველი ფრაზაა):

აღივსეთ კით და მიიღეთ ჰანმის პოზიცია — ინგლისური თარგმანის გვ. 39

აი რატომ ამახვილებს ყურადღებას ისეთივე დაჟინებით ამ დგომის არსებით ხასიათზე მოძრაობის ბოლოს:

როდესაც მოძრაობა მთავრდება, არსებითია, რომ კვლავ როპოს (ჰანმის) დგომში დავბრუნდეთ. — ინგლისური თარგმანის გვ. 39

როპო მართლაც გარდაუვლად აუცილებელი რამაა ირიმისთვის. აიკიდოს ირიმის არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც დაიტო-რიუში უწოდებენ ირიმის, იმიტომ რომ დაიტო-რიუ არ იყენებს ჰანმის, როგორც ხელოვნების საძირკველს. სწორედ ეს გახლდათ ო-სენსეის წყვეტის მიზეზი ამ სკოლასთან და მიზეზი იმისა, რის გამოც აიკიდო არ შეიძლება იყოს არეული დაიტო-რიუს პრქტიკასთან, რაც არ უნდა მაღალი დონისა იყოს ეს უკანასკნელი.

და, სხვათა შორის, რაკი აქამდე მოვედით, რომელი კორიუ, რომელი ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნება იყენებს ჰანმის დგომს ო-სენსეის მიერ განსაზღვრულ ფუნდამენტურ კონტექსტში? რამდენადაც ვიცი, არც ერთი.

შენ ამბობ:

თუ ადამიანს იარაღის სწავლა უნდა იაპონიაში, უზარმაზარი არჩევანია, პირდაპირ შეუძლია მიადგეს სასწავლად იტო-რიუ ონო-ჰას თვითმყოფად სკოლას ან კიდევ ჯოხის რომელიმე ტრადიციულ სკოლას, რომელიც ასე უხვადაა წარმოდენილი. არსებობს კაშიმას ჯოხის ტექნიკაც და რატომაც არა? ყოველი მათგანი შეიძლება გამოვიყენოთ კარგი აიკიდოს ასაგებად.

არა, ოლივიე, ვერ „ააგებ კარგ აიკიდოს“ ჰანმის გარეშე. არც ერთმა იმ ხელოვნებამ, რომლებზეც შენ ლაპარაკობ, არ იცის, რა არის ჰანმი ისე, როგორც ეს ო-სენსეიმ განსაზღვრა. აქა-იქ წავაწყდებით, რა თქმა უნდა პროფილურ დგომს, ვაკი კამაეს, ფეხის გარიდებას და ა. შ. და ა. შ., მაგრამ აქედან არც ერთს არა აქვს არაფერი საერთო იმ ფუძემდებლურ, სტრუქტურულ როლთან, რომელსაც ჰანმი თამაშობს აიკიდოში. სხვათა შორის, ამ ღრმა საფუძველმა მისცა ფუძემდებლის ხმალს ის ატიპიური ხასიათი, რომელიც მას აქვს და სწორედ ეს უშლიდა მუდამ ო-სენსეის თანამედროვე ოსტატებს სინამდვილეში გაეგოთ, თუ რას აკეთებდა იგი.

შეცდომა, რომელიც დგომარეობს შემდეგში, რომ იფიქრო, თითქოს აიკიდოს გაგება იმ კორიუს შესწავლიდანაა შესაძლებელი, რომელსაც მორიჰეი მეტ-ნაკლები სიხშირით ესწრებოდა თავისი საკუთარი ხელოვნების შექმნამდე, შედეგია რიაის ცნების არცოდნისა, იმ სინთეტური ერთიანობისა, რომლის წყალობითაც აიკიდოს ყოველი მოძრაობა ერთი, საერთო ოჯახის წევრია. ზევით ვთქვი და გავიმეორებ, მე თვითონ დამიშვია ეს შეცდომა იმ დროს, როცა არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ჰანმის დგომი. მე ვვარჯიშობდი მუსო შინდენ რიუსა და კატორი შინტო რიუში ხმლისათვის და შინტო მუსო რიუში ჯოსათვის. ჰანმი არ არის ამ სკოლებში, ისევე, როგორც არ არის ის ონო-ჰა იტო რიუსა და იაგიუ სინკაგე რიუში. ამ ბაზის გარეშე, ვერანაირ საერთო პრინციპზე დამყარებული ერთიანობა ვერ გაჩნდება ამ სკოლების მიერ შემოთავაზებულ ტექნიკასა და აიკიდოს ირიმი-ტენკანს შორის, რაც არ უნდა მსგავსების ელემენტები იხილოს ადამიანმა მოძრაობაში ამა თუ იმ ჭრისა თუ ამა თუ იმ ჩხვლეტის დროს.

გიიომ ერარი ერთ პირდაპირ შეკითხვას გისვამს საიტო სენსეის იარაღის პრაქტიკის შესახებ, რომელსაც შენ შემდეგნაირად პასუხობ:

აწგარდაცვლილ საიტო სენსეის ონო-ჰას სკოლაში რომ ევარჯიშა, არ ვიტყოდი, გინდა-თუ არა, მართალი იყო-მეთქი, არამედ ვიტყვი ამას: რომ ის ამით დიდი აიკის პირდაპირ ისტორიულ ხაზს მიეკუთვნებოდა-მეთქი [...] საიტო სენსეი სულ სხვა რამეს ვარჯიშობდა, ეს იყო გამოგონილი იარაღების სკოლა, შექმნილი ო-სენსეის მიერ ო-სენსეისთვისვე, თავისთვის სავარჯიშოდ, თავისი პირადი მოხმარებისთვის, და რომელიც, სხვათა შორის, თავად ო-სენსეის არასდროს უსწავლებია რეგულარულად, განზოგადებულად და ფართოდ თავისი მწაფეებისთვის.

ეს ანალიზი არ ჯდება ლოგიკაში. მართლაც, საიტო სენსეის ონო-ჰას სკოლაში რომ მოენდომებინა სწავლა, ის, ბუნებრივია, ონო-ჰას რომელიმე მასწავლებელთან მივიდოდა. მორიჰეი უეშიბა კი არ იყო ონო-ჰას ოსტატი და არ ასწავლიდა ამ ხელოვნებას, ის აიკიდოს ასწავლიდა. და ზუსტადაც, საიტოს უნდოდა აიკიდოს კეთება და არავითარი სურვილი არა ჰქონია მიეტოვებინა თავისი მასწავლებელი და რომელიმე სხვა დისციპლინა შეესწავლა. საიტოს, რომელიც უკედ ჰყავდა ო-სენსეის კენის, ჯოსა და ტაი ჯიცუსათვის, რა უცნაური მიზეზით უნდა გადაეწყვიტა, რომ აიკიდოს სასწავლად უნდა მიეტოვებინა აიკიდოს ფუძემდებელი, ვისთან ერთადაც ის ცხოვრობდა და ვინც მას ყოველდღიურად ამეცადინებდა?

საიტო სენსეი სულ სხვა რამეს ვარჯიშობდაო“, შენ ამბობ. კი, რასაკვირველია.

ის ვარჯიშობდა „გამოგონილი იარაღების სკოლა, შექმნილი ო-სენსეის მიერ ო-სენსეისთვისვე, თავისთვის სავარჯიშოდ, თავისი პირადი მოხმარებისთვისო“. დიახ, ზუსტადაც.

მარამ ამ სხვა რამეს, ო-სენსეის ამ შექმნილ ხელოვნებას თავისი სახელი აქვს და მას აიკიდო ჰქვია. სწორედ ეს გადასცა უეშიბამ საიტოს, და სხვა რაღაცეებთან ერთად სწორედ აიკი კენისა და აიკი ჯოს მეშვეობით გააკეთა ეს. საიტო, რომელსაც ისტორიული შანსი ხვდა წილად, ყოფილიყო იქ აიკიდოს შექმნის მომენტში, რომელი ლოგიკის მიხედვით უნდა წასულიყო სხვაგან სხვა დისციპლინის შესასწავლად, იმისათვის, რომ თავისი მასწავლებლისა გაეგო? ისტორიული ხაზის სახელით, რომელიც ო-სენსეის სიღრმისეულმა ტრანსფორმაციებმა შაგრენის ტყავამდე, ყოველ შემთხვევაში, არაარსებით ელემენტებამდე დაამცრო?

იარაღის ეს ხელოვნება ო-სენსეი „არასდროს უსწავლებია რეგულარულად, განზოგადებულად და ფართოდ თავისი მწაფეებისთვის“. კიდევ ერთხელ კი, ოლივიე, კი, რა თქმა უნდა, და სწორედ ამიტომ უჭირდათ მის მოწაფეებს, გაეგოთ, რა ხდებოდა და ეს სახელდობრ და განსაკუთრებულად აიკიკაის ეხება. და სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მისი მოწაფეების მოწაფეები ფიქრობენ, ეს პრაქტიკა მთლიანობაში უმნიშვნელო განვითარება იყო სხვა კორიუებთან შედარებით, მცირე გადახვევა, ერთგვარი დაშორება და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც შენ ამბობ, უბრალოდ ვარჯიშის მეთოდი და სხვა არაფერი.

ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ სხვადასხვა რაღაცეების ო-სენსეისეული კრეატიული შერწყმა აიკიდოს შექმნისას და მეთოდი, რომელიც მორიჰირო საიტომ შეიმუშავა, რათა ეცადა, უკეთ გაეგო ის დიდი შემოქმედება, რომელიც მის თვალწინ იშლებოდა. ამის შესახებ ჩემი მოსაზრებები TAI-ის საიტზე მოვათავსე, სახელდობრ, იმ ტექნიკურ სტატიებში, რომლებიც საიტოს მეთოდს ეძღვნება.

მაშასადამე, კატეგორიულად არ ვეთანხმები აზრს, რომ კორიუები ადამიანს აიკიდოს გაგებაში ეხმარება. თითქოს ოსტატი უეშიბას მთელი ცხოვრება იაპონიის ტრადიციულ სკოლებთან უწყვეტობაში გასულიყო და თითქოს აიკიდოს დაკარგული ცეროდენებს ისღა დარჩენოდათ, ფუძემდელის კვალს მიჰყოლოდნენ, რათა თავიანთი გზა-კვალი და სახლ-კარი ეპოვათ. სრულიად პირიქით: ო-სენსეის მთელი ცხოვრება ძველი საბრძოლო ხელოვნებების დახვეწა-განვითარებას მიეძღვა, მათი შემადგენელი ბაზების სწორედაც ძირ-ფესვეული მოდიფიცირებით, რათა ამ ხელოვნებებს შესძლებოდათ ის, რაც იქამდე არ შეეძლოთ, აი ესაა ტაკემუსუს ღრმა აზრი. და პარადოქსი ისაა, რომ ამ სკოლების ბაზები ავთენტური ტრანსფორმაციით ნამდვილ სატყუარად იქცა იმათთვის, ვინც ამაში ფუნდამენტურ აიკიდოს ეძებს იმ საბაბით, რომ ერთის კირი ოტოში მეორის კირი ოტოშისა ჰგავს, ერთის კოტე გაეში კი მეორის კოტე გაეშის. საკუთარ თავს ჰკითხე, ოლივიე, „უმეცრების ავტოსტრადა“, რომელსაც შენ აკრავ სამარცხვინო ბოძზე, ხომ არ გადის საქციელზე, ასე ბუნებრივსა და ასე ცხადზე, რომელიც ესოდენ ნიშანდებულია პირველწყაროების ძიებით და თან ეს მაშინ, როცა ეს პირველწყაროები ო-სენსეის ტაკედასთან წყვეტის შემდეგ ილუზიაა და მეტი არაფერი.

მე ასე ვფიქრობ და მაინც, არ შეგეწინააღმდეგები, როდესაც შენ ამბობ:

რა არის აიკიდოში იარაღის სწავლის ინტერესი, თუ არა მოვარჯიშის მიერ აიკის, ამ ძრავის, ფუნდამენტური პრინციპების ათვისება?

რადგან მართლაც სწორედ ამაზეა ლაპარაკი. მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ერთიმეორიასაგან განსხვავებული აღქმა გვაქვს ამ ძრავისა. აიკიდოს ძრავა არ არის დაიტო-რიუს ან იტო-რიუს ძრავა. და ვერც ო-სენსეის ვუსაყვედურებთ, რატომ ხაზგასმით არ აღნიშნე როგორც წიგნში, ისე ლექციების დროს აიკიდოს უნიკალური ხასიათი, შეუდარებელი იმ ყველაფერთან, რასაც იაპონიაში აქამდე უარსებია საბრძოლო ხელოვნებების სფეროშიო.

რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა ვიყო წარსულის გამო დოშუ კიშომარუ უეშიბას მიმართ ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ ვუსაყვედურებ, რომ მისი სწავლება აიკიდოს გავრცელების ჭრილში საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე უგვანი გათვლის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმები, როცა ამბობ ამას:

როდესაც ო-სენსეი გარდაიცვალა, აიკიდოს, როგორც თვითმყოფად ხელოვნებას, სტაბილიზებისა და მომავალი თაობებისათვის გადაცემის პრობლემა გაუჩნდა. ერთ-ერთ ხერხს საამისოდ აიკი-ჯიცუსთან საერთო ისტორიის გაწყვეტა წარმოადგენდა. ეს ცხადი გახლდათ, რადგან მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა თქმა: "აიკიდო ახალია, ის გამოიგონეს", ანგარიშვალდებულიც აღარავინ აღარავის მიმართ აღარ რჩებოდა.

აიკიდო ახალი არ არის, აიკიდო იმდენივე ხნისაა, რამდენისაც ადამიანი, მაგრამ აიკიდო სიღრმისეულად განსხვავდება კლასიკური ჯიცუებისგან, სიღრმისეულად თავისთავადია ჩემ მიერ მოხმობილი მიზეზების გამოც და კიშომარუ უეშიბამ ეს იცოდა. უბრალოდ ის ვერ ფლობდა ტექნიკის მთელ ასპექტს, მორჩა და გათავდა. და მე არასდროს გავაკრიტიკებდი „იოლად გასატან ამანათს“, რომელივ მან შექმნა, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, აიკიდოს ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნების საპასუხოდ, და რომლის აუცილებლობაც მშვენივრად მესმის, მას რომ ის ხელოვნების წესების მიხედვით დაემუშავებინა.

ასე რომ, როდესაც ო-სენსეის მიერ შესრულებულ და მისი ვაჟის მიერ მის ამ „ამანათში“ შესრულებულ რომელიმე ილეთს ვადარებ ერთმანეთს, სინამდვილეში ერთი და იმავე ბუნების ორ ელემენტს ვადარებ, საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც შენ მე მსაყვედურობ. იმ ამბავს, თუ რატომ „აჩვენებდა იმას, რასაც აჩვენებდა ისე, როგორც აჩვენებდა“ კიშომარუ, არაფერი აქვს საერთო იმ მიზეზთან, რისთვისაც მან ჩართო ეს ილეთი მსოფლიოში გასაგზავნ ამანათში. ეს მიზეზი თავისთავად არ არის დამოკიდებული ამ ილეთზე და კიდევ უფრო ნაკლებად იმაზე, თუ როგორ არის ეს ილეთი შესრულებული. სამაგიეროდ, ის თუ ვერ ასრულებს – ჩემი აზრით – აიკიდოს წესების მიხედვით, რომელია უკეთესი საშუალება ამის საჩვენებლად და განსხვავების შესამოწმებლად, თუ არა ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მაღალი ნიმუში ამ წესებისა: მამამისი? ამის გაკეთებას აზრი აქვს, და მამამისმა ეს ილეთი დაიტო-რიუდან ისწავლა, ბა გუა ჟანიდან, თუ თავად გამოიგონა, ეს არ ცვლის შედარებული ტექნიკის ბუნებას შედარების მომენტში. და ეს თუ „წინასწარ წაგებული თამაშია“, ის ამ შედარებაში არ არის, ის იმ ძალისხმევაშია, რომელიც მის - მეც არ ვიცი, რა - „შურისძიებად“ გასაღების მცდელობაშია აიკიკაის ჩემვის არაფერი დაუშავებია და მე არაფრის და არავის მიმართ შური არა მაქვს საძიებელი, ოლივიე.

მე თუ ვქმნი წარსულში დროშების ქნევის შთაბეჭდილებას, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ოდნავ შევანჯღრიო ცუდად დაფუძნებული იმპერია და მხუთავი კონსენსუსი, ოდნავ წამოვწიო ის ტყვიის საფარველი, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში ზევიდან ეფარა აიკიდოს სწავლებას საფრანგეთსა და სხვაგან. ხანდახან ეს ხატმებრძოლივით გამომდიოდა, კერპების მსხვრევით, თუმცა თავს უნდა შეუტიო, თუ გინდა დაამხო რომელიმე იმპერია. ცხადია, არავინ და არაფერი დამიმხია, მაგრამ უმეცრების ეს საფარველი ოდნავ დასკდა აქა-იქ, და ის სარგებელი, რომელიც შენ მოგაქვს შენი გამცდილებითა და რეფლექსიებით არ არის ხელწამოსაკრავი ან ევოლუციის თვალსაზრისით.

ამისათვის მადლობა მინდა გადაგიხადო და კიდევ იმისთვის, რომ შემთხვევა მომეცი ამ პასუხით ჩემი აზრები გამომეთქვა შენ მიერ წამოჭრილ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში ნათელი მაგალითია პროლემათა გონებასაღი გააზრებისა. პრობლემაში კი ვგულისხმობ იმას, რასაც დღეისთვის თანამედროვე აიკიდოთი, ან როგორც ოსტატი არიკავას ერჩივნა თქმა, სპორტული ბუდოთი მოიხსენიებენ.

ამასთანავე, გულითად სალამს გიძღვნი.

ფილიპ ვოარინო, კლერის კონცხი, 2015 წლის 15 იანვარი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/daito-rius-chrdili
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)