დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგად განაწილებული რამ

საღი აზრი დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგად განაწილებული რამაა.
მაშასადამე, თითოეულს შეუძლია საკუთარი აზრი შეიქმნას ყველაფერზე.
მაშასადამე, თითოეული თავისუფალია, ისე ჩასწვდეს აიკიდოს, როგორც მას ესმის.
მაშასადამე, აიკიდო დემოკრატიულია, ყველა შეხედულება მისაღები და ეკვივალენტურია, ყველა სკოლა ფასეულია, არავინ ფლობს ჭეშმარიტებას და, სხვათა შორის, არც არსებობს ერთი ჭეშმარიტება, არის სხვადასხვა ჭეშმარიტებები და ა. შ. და ა. შ.

ამგვარი მსჯელობისას ერთი დეტალი გვავიწყდება ხოლმე: ცოდნა.
ყველა ხელოვნებაში არსებობს საფუძვლები და ამ საფუძვლების გამოგონება შეუძლებელია. ადამიანმა ისინი იცის ან არ იცის. ხურომ იცის, როგორ ააგოს შენობის ჩონჩხი, და თუ მან ეს არ იცის, გამოდის, ის ჯერ კიდევ ვერ არის ხურო და მან ეს უნდა ისწავლოს. მაგრამ ის ამას მარტო არ სწავლობს, რადგან ადამიანს არ ძალუძს, ყოველ ჯერზე მარტომ გაიაროს კაცობრიობის მიერ გავლილი მთელი გზა, როდესაც მას რამის წამოწყება სურს. ოსტატ უეშიბას აიკიდო არარაობიდან არ გამოუყვანია, მან ის დაიტო რიუსა და ხმლის იმ სკოლების გათვალისწინებით შექმნა, სადაც ის თავისი ჩამოყალიბების დროს სწავლობდა.

ამიტომაც, საღი აზრი საჭიროა ცოდნის მისაღებად, რასაკვირველია, მაგრამ ნამდვილი ოსტატებიც ასევე აუცილებელია. ტრადიციული ცოდნა ნაყოფია ამ ცოდნის თაობიდან თაობისთვის გადაცემისა. ოსტატის არჩევა შესაძლებელია, მაგრამ უნდა გვყავდეს ოსტატი და, როგორც კი ავირჩევთ ოსტატს, მას აუცილებლად უნდა ვენდოთ.

მე ვარჩიე სრული ნდობა ოსტატი უეშიბასთვის გამომეცხადებინა. თითქოს ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ჩემს ამხანაგ მასწავლებლებს შორის ძალიან ცოტამ გააკეთა ასეთი არჩევანი.

პოსტ-ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიცაა თანამედროვე საზოგადოება, იდეალური პირობები ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემისათვის თითქმის ვეღარასდროს ვერ იყრის ერთად თავს და ჩვენ თითქოს მივეჩვიეთ აზრს, რომ მარტოს და სწრაფად შეგვიძლია მივაღწიოთ ავთენტურ ცოდნას. ტრადიციაში დამწყები ხელოვანი დასრულებისთანავე ანადგურებს თავის ნამუშევარს. ესაა მისი წინსვლა-განვითარების პირობა. თანამედროვე სამყაროში, პირიქით, მას დღის სინათლეზე გამოაქვს ეს და არაკომპეტენტური პუბლიკა აღტაცებული ტკბება მისი პირველი მოუქნელი ნაბიჯებით.

ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება ის ამბევი, რომ პირველი უმნიშვნელოვანესი თვისება ხელოვანისათვის თავმდაბლობაა, მეორე კი მოთმინება. არც ეტაპების გამოტოვება შეიძლება.

მე არც იაპონელი გახლავართ და არც სხვაზე ნიჭიერი – შორს ვარ ამ აზრისგან – და, სიმართლე ითქვას, არაფერი განაპირობებდა წინასწარ, რომ მე იმ ვითარებაში აღმოვჩნდებოდი, რომელში დღეს ვარ.

ის, რაც დღეს მე აიკიდოში ვიცი, მხოლოდ ტრადიციული ცოდნის გადაცემის შედეგია.

ბედმა ჩემი ცხოვრების გზაზე ის ოსტატები და გარემოებები შემახვედრა, რომელთაც ო-სენსეის აიკიდოს იმ გარკვეული ელემენტების გაგებამდე მიმიყვანა, რომლებიც სხვა ოსატებს შეუმჩნეველი დარჩათ.

ამგვარი ლაპარაკი შეიძლება ვინმეს პრეტენზიულად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. რაც მე მინახავს – ან რისთვისაც თვალი მომიკრავს – იმდენად აღმემატება მე, რომ ნებისმიერი პრეტენზია სასაცილო იქნებოდა და სრულ დისკვალიფიკაციას გამიკეთებდა. რაც მე მინახავს, ის მე არ მეკუთვნის და არც მის აღმომჩენობაზე ვდებ თავს.

და სწორედ იმიტომაც, რომ ის მე არ მეკუთვნის, იმიტომაც, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მისი დროებით მატარებელი ვარ, მე მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის პასუხისმგებლობა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ დღევანდელი ცოდნისა და გაგების გადმოსახედიდან.

თანაც, ორმოცდაათ წელს რომ გადასცდება ადამიანი, ის დასასრულთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დასაწყისთან. მალე სამოცი შემისრულდება და, ასე ვთქვათ, წლები, რომლებიც ცოდნის მომავალი თაობისთვის გადაცემის საქმეს შემიძლია მივუძღვნა, დათვლილია.

დრო ძვირფასი რამაა, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი აუცილებელ დროს TAI-ის ფორუმზე შეკითხვებისთვის პასუხების გასაცემად და დღესაც ვაგრძელებ ამას, რადგანაც ეს პასუხები ერთგვარი ხერხია, რომელიც ცოდნის გადაცემის ამ მოვალეობის შესრულებისათვის ვიპოვე. წლებია, ამას ნებით და სიამოვნებით ვაკეთებ, ხანდახან გრძელ არგუმენტაციასაც ვურთავ ხოლმე ჩემს განმმარტებებს და აქამდე არასდროს არც ერთი შეკითხვისთვის არ ამირიდებია თავი. მაგრამ მეც მაქვს ერთი ჩემი პირობა: შეკითხვა უნდა იყოს წრფელი. არა უშავს, თუ ყოველთვის საკითხთან ახლოს არ დგას, მთავარია, რომ იმის ნაწერში, ვინც ამ შეკითხვას სვამს, გაგებისა და მიხვედრის ნამდვილი სურვილი იკითხებოდეს.

მე მიჩვეული ვარ ვერაგ შეკითხვებს, რომლებიც, ტექნიკური საკითხების საფარველით, სინამდვილეში არაფერია, თუ არა პოლემიკის გაჩაღების მცდელობები, შეკითხვები, რომელთა ფორმულირებაც ნათლად და მკაფიოდ გვიჩვენებს მათი დამსმელის განწყობას. მე აღარ ვპასუხობ ამგვარ შეკითხვებს, რადგან ფუჭ მცდელობად მიმაჩნია არგუმენტების შეთავაზება იმისთვის, ვისი გონებაც მხოლოდ დავისა და კამათის ძიების წყურვილითაა დაბრმავებული.

სხვათა შორის, ბოლო კვირებში, TAI-ის ფორუმი სწორედ მონაწილეთა პიროვნული დავების ასპარეზად იქცა. თუ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ არ შეწყდება, მე ვთხოვ ვებმასტერს, გამოიყენოს მოდერაციის შესაძლებლოებები (რაც არასოდეს მომხდარა საიტის თოთხმეტწლიანი არსებობის მანძილზე), რათა აღმოფხვარს TAI-ის მიზანთან შეუსაბამო პოსტები. ეს მიზანი ფუძემდებლის აიკიდოს უკეთ გაგებას ემსახურება და არა იმას, რომ ვიღაცეებს საშუალება მიეცეს, ფორუმის მნიშვნელოვანი აუდიტორია საკუთარი შეგრძნებებისა და პიროვნული კონფლიქტების საჯაროდ გამოსახატად გამოიყენოს და თან იმგვარი რაღაცეების მოშველიებით, რასაც კავშირი არა აქვს დისციპლინასთან.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის თებერვალი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 9 აპრილი, 2017, Aikido Gasshuku 2017, Antibes, France

კომენტარები

Thanks

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/dedamicis-zurgze-qvelaze-kargad-ganacilebuli-ram
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)