გადასვლა

(ინსტრუქციები მასწავლებლებს აიკიდოს გადაცემისათვის)

I – ისტორიული მიმოხილვა

მორიჰირო საიტო ყოველდღიურად სწავლობდა მორიჰეი უეშიბასაგან ივამაში 1946-1969 წლებში.

აიკიდოს ფუძემდებელი მკვლევარი გახლდათ, ის არ იყო პედაგოგი. მთელი მისი დრო და ენერგია საკუთარი ხელოვნების დახვეწას მიჰქონდა და აღარ რჩებოდა არაფერი, რასაც ამ ხელოვნების გადაცემის მეთოდოლოგიას მიუძღვნიდა.

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ო-სენსეის ტვინი მომქმედი ვულკანივით იყო, საიდანაც ნაკადებად იფრქვეოდა აიკის ილეთები და ეს ისეთი სიუხვითა და ნაყოფიერებით ხდებოდა, რომ შეუძლებელი გახლდათ, ამ განვითარების ძაფი შეგემჩნიათ.

განმარტა ისიც, რომ სირთულის გამო, რომელიც მას შეექმნა, როცა ცდილობდა მიმხვდარიყო, თუ რას აკეთებდა ოსტატი უეშიბა, მან გადაწყვიტა დაეხვეწა და მიჰყოლოდა სწავლების მეთოდს, რომელიც საშუალებას მისცემდა, არ დაეკარგა ო-სენსეის უსაზღვრო ტექნიკური შემოქმედება. მაშასადამე, შემდგომში საიტოს მეთოდად წოდებული ეს მეთოდი იყო ინსტრუმენტი, რომელიც მორიჰირო საიტომ თავიდან საკუთარი მოხმარებისთვის შეიქმნა. ეს გახლდათ ახალგაზრდა მორიჰიროს მიერ გამოგონებული საშუალება, რომ დაეხსომებინა ის, რასაც ხედავდა და არ ესმოდა.

ეს არასდროს არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან, თორემ შეიძლება ერთმანეთში აირიოს საიტო სენსეის სასწავლო მეთოდი და ფუძემდებლის აიკიდო.

II – მაშ რა გააკეთა საიტო სენსეიმ? რა არის ეს მეთოდი?

უმნიშვნელოვანესია, გვესმოდეს, თუ ზუსტად როგორ იმოქმედა მორიჰირო საიტომ.

სტადია #1

უთუოდ თავისდაუნებურად შეასრულა დეკარტის რჩევა: იმდენ ნაწილად და მარტივ ელემენტად დაანაწევრა ო-სენსეის მოძრაობათა ბუნდოვანი სიუხვე, რამდენიც მათ აღსაქმელად და დასახსომებლად იყო საჭირო.

ასე წარმოიშვა კენის შვიდი და ჯოს ოცი სუბური.

ო-სენსეის არასდროს გაუკეთებია ეს სუბურები იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ვიცნობთ მათ დღეს, მიყოლებით 1-ლიდან მე-7-მდე და 1-ლიდან მე-20-მდე. სწორედ მორიჰირო საიტომ გამოაცალკევა ერთგვარად ფუძემდებლის გლობალური პრაქტიკიდან ეს 27 მოძრაობა, რათა შეგვძლებოდა მარტოს გაგვემეორებინა ისინი, გვესწავლა და არ დაგვვიწყებოდა.

ამგვარი მოქმედებისას მორიჰირო საიტო ყურადღებას მოძრაობის მხოლოდ გარეგნულ ფორმაზე ამახვილებდა, რაც – სწავლის ამ კონტექსტში – მეტოქის გარეშე პრაქტიკისთვის იყო გამიზნული.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცალკევება მოძრაობის გამარტივებულ ვერსიას წარმოაჩენდა: წინ მეტოქე არ იდგა, უჩის შეტევა მატერიალიზებული არ გახლდათ, კუთხეების გასწორება უსაგნო იყო, მეტიც, ეს ფორმის შესწავლას უსარგებლოდ აზიანებდა.

ამიტომაც გადაწყვიტა ეკეთებინა სუბურები ერთ ხაზზე, ჰანმის დგომიდან, რასაც მისი მოწაფეები დღემდე აგრძელებენ და სწორადაც იქცევიან.

მაგრამ ამგვარი პრაქტიკა ერთ ხაზზე პედაგოგიური ხერხია, რომელსაც ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი მოჰყვება: შეუძლებელია საქმეში ჩართო თეძოების ბრუნვა.

ავიღოთ ჩოკუ ძუკის ან გაეში ძუკის მაგალითი. ჰანმის დგომი, დასაწყისში მარცხენა ტერფი წინ: მე თუ ამ პროფილის პოზიციას შევინარჩუნებ, თუ დარტყმისას ამ საწყის ხაზზე დავრჩები და თუ დავრჩები ჰანმიში, ნებისმიერი დაინახავს, რომ ჩემი თეძოები ვერ ჩაერთვება საქმეში, რადგან ამ დროს სხეული ტრანსლაციით მოძრაობს და არა როტაციით.

ეს არ გახლავთ მნიშვნელოვანი, რადგან ამ სტადიაზე თეძოების ბრუნვას კი არ დავეძებთ, არამედ მოძრაობის მხოლოდ გარეგნული ფორმა გვაინტერესებს.

საიტო სენსეიმ, ცხადია, იცოდა, რომ ყველა ეს მოძრაობა, რომელიც მან ამგვარად გამოაცალკევა ოსტატი უეშიბას პრაქტიკიდან, იყო გამარტივებული ვერია და რომ მათ თეძოთა ბრუნვა აკლდა. მაგრამ მან ასე ისურვა, გააზრებულად აირჩია ასეთი სწორხაზოვანი პრაქტიკა, რათა მთელი თავისი ყურადღება მხოლოდ ფორმაზე შეეჩერებინა. ამ სტადიაზე მისი მიზანი, ასე ვთქვათ, ჟესტიკულაციის შეძენა-შენარჩუნება იყო.

სტადია #2

სტადია # 1-ის სუბურების პრაქტიკა არსებითია, საშუალებას გვაძლევს ვისწავლოთ ფორმა და მოძრაობა, რომელსაც სხეული უნდა ფლობდეს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად. იგი გვასწავლის სუნთქვასაც.

მაგრამ მარტოობაში ასეთი პრაქტიკით ერთი რამის შესწავლაა შეუძლებელი, ესაა მეტოქის ენერგიასთან სინქრონიზაცია, რასაც იაპონურად ავასე (ავასერუ) ეწოდება. ამგვარი მეცადინეობა შესაძლებელი მხოლოდ მეტოქის წინააღმდეგობის, მისი რიტმის, დინამიკის გამოჩენისას ხდება. სხვისმა, აიტეს ენერგიამ, ცხადია, ოდესმე უნდა იჩინოს თავი, რათა მასთან ჰარმონიზება იქნეს შესაძლებელი.

ამიტომაც მორიჰირო საიტომ, თავისი ლოგიკის ერთგულმა, ავასეს შესწავლა ისევე მეთოდურად მოაწყო, როგორც ეს სტადია # 1-ში სუბურის შემთხვევაში გააკეთა.

წყვილში გასაკეთებელ ტექნიკურ სავარჯიშოებში შემოიტანა სუბურები, რომლებიც გამოცალკევებული ჰქონდა პირველ ეტაპზე. ო-სენსეისაგან ნებართვის მიღების შემდეგ შეიმუშავა რამდენიმე სავარჯიშო, რომლებიც დარტყმათა მთელ ბმებს მოიცავდა და საშუალებას იძლეოდა, ადამიანს სუბურებზე უკვე არა მარტოს, არამედ უკვე წყვილში ევარჯიშა.

დროთა მანძილზე ეს სავარჯიშოები ექვს კუმი ტაჩად და ათ კუმი ჯოდ იქცა, გაჩნდა სანჯუ იჩის, ჯუსან ნო ჯოსა და, მოგვიანებით, შვიდი კენ ტაი ჯოს ავასე ვერსიები.

ო-სენსეის ასე არასდროს უკეთებია იმ ფუნდამენტური მიზეზის გამო, რომ აიკიდოს მიერ შემოთავაზებული მოქმედების ტიპი ავასესა და ირიმის ცნებებს ემყარება: ზუსტად იმ მომენტში, როდესაც უჩიმ თითქოს წარმატებით უნდა დაასრულოს შეტევა, თვითონ მას ხვდება, ხოლო ნაგე გაუჩინარებულია. მეორე შანსი არ არსებობს.

ეს არის საბრძოლო მოქმედებაში გამოხატული იაპონური კულტურის ერთ-ერთი საძირკველი, რომელიც გამოიხატება გამოთქმით იჩი-გო იჩი-ე (ერთი მომენტი, ერთი შეხვედრა), და რომელსაც ჩაის ცერემონიაშიც ვხვდებით, კალიგრაფიაშიც და მშვილდოსნობაშიც.

ეს საძირკველი მოქმედების ერთიანობასთან, ანუ ავასესთანაა მჭიდრო კავშირში. და შემთხვევითი არაა, რომ აიკიდო და ავასე ერთი და იმავე იდეოგრამით იწერება 合.

გასაგებია, რომ სრულყოფილი აიკის (ტაკემუსუს) ეს პრინციპი, ანუ დუალობის ერთიანობაში გადაწყვეტის პრინციპი არ გვაძლევს იმის წარმოდგენის ნებას, რომ იარაღით მრავალგზის შევებათ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს. ამიტომაც გასაგები ხდება, რომ ეს გამორიცხავს თავდაცვის, მოგერიების, რიპოსტის ყოველგვარ ცნებას, რაც დუალობის ატრიბუტებია, ატრიბუტებია იმგვარი კონფლიქტისა, რომელიც მხოლოდ დუალობის პირობებში შეიძლება არსებობდეს.

ეს შეურაცხყოფა იქნებოდა მორიჰირო საიტოს მიმართ, დავიწყება მისი ცხოვრებისა ო-სენსეის გვერდით, წარმოდგენა იმისა, რომ მან ეს არ იცოდა.

ამიტომაც მისი მეთოდის გაგების ძირეული გასაღები იმის გააზრებაში ძევს, რომ კუმიტაჩებს, კუმიჯოებს, კენ ტაი ჯოებს არაფერი აქვს საერთი საბძოლო ფაზებთან და არაფერი აქვს საერთო აიკიდოს რეალობასთან. უნდა გვესმოდეს, რომ აქ ისევ და ისევ სუბურებზეა ლაპარაკი და სხვა არაფერზე. მაგრამ ესენი სტადია # 2-ის სუბურებია.

სტადია # 1-ის სუბურები მარტო სრულდება, სტადია # 2-ის სუბურები კი წყვილში. სტადია # 1-ის სუბურები სხეულებრივი ფორმის შეძენასა და სუნთქვის სწავლაში გვეხმარება სტადია # 2-ის სუბურებიც გვეხმარება სხეულებრივი ფორმის შეძენასა და სუნთქვის სწავლაში, მაგრამ მას ორი სხვა სიახლეც აქვს: შეტევის ხაზიდან გასვლა და ავასე. ეს ორი უკანასკნელი შენაძენი ორი მოდალობის მიხედვით სრულდება:

  • კოტაიში (უჩის დარტყმის შემდეგ): შეტევის ხაზიდან გასვლა (არასინქრონულად უჩის მოქმედებასთან),
  • ჯუტაიში (უჩის დარყმის მომერტყში): ავასე (შეტევის ხაზიდან გასვლა უჩის დინამიკასთან ჰარმონიაში).

თუმცა – და ეს პუნქტი უმნიშვნელოვანესია – საიტო სენსეიმ სტადია # 2-ის ეს სუბურები ისე დაამუშავა, რომ არ მიუტოვებია ის სწორხაზოვანი ყაიდა, რომელზეც საწყისი სტადია # 1-ის სუბურები გააწყო.

და ახლა გთხოვთ ყველაზე დიდ ყურადღებას იმისათვის, რაც ამჯერად იქნება ახსნილი.

ყველა ხედავს, რომ სტადია # 1-ის სუბურები სწორხაზოვანი სამუშაოა. ისინი ამგვარად მოიფიქრა საიტო სენსეიმ, რომელიც სწავლებისას ყურადღებას ამახვილებდა, რომ ეს სუბურები ხაზზე შესრულებულიყო. ეს ალბათ უკეთ გგესმის წინამავალი განმარტებების შუქზე.

მაგრამ ცოტა ვინმეს ესმის, თუ რას ემსახურება სტადია # 2-ის სუბურები, ანუ ის ამბავი, რომ კუმიტაჩები, კუმიჯოები და კენ ტაი ჯოები ისეთივე სწორხაზოვანი სამუშაოა და იქ თეძოები ისევე არ ბრუნავს, როგორც არ ბრუნავს სტადია # 1-ის სუბურების დროს.

უკეთ გაგებისთვის ჩოკუ ძუკისა და გაეში ძუკის მაგალითი ავიღოთ.

როდესაც ეს მოძრაობა აღარ სრულდება მარტო, ხაზზე, სარკის წინ, და როდესაც მოწინააღმდეგე, უჩი ტაჩი იქნება ეს თუ უჩი ჯო, წინ გვიდგას და ზუსტად ამ ხაზზე გვიტევს, სრულიად ნათელია, რომ უკე ჯომ უნდა დატოვოს ეს ხაზი გარკვეული კუთხით, რისი კეთებაც არ უწევდა სტადია # 1-ის სუბურების შესრულებისას.

მაშ ზუსტად რას აკეთებს სწავლის ამ სტადიაზე კუმიჯოს ფარგლებში?

ჰიდარი ავასეში, მაგალითად, ოცდაათიოდე გრადუსით მარცხნისკენ გადაადგილდება. გადადგამს ჯერ წინა (მარცხენა) ტერფს, შემდეგ უკანა (მარჯვენა) ტერფს და ამ ორი ნაბიჯის შედეგად აღმოჩნდება ჰანმის პოზიციაში, ანუ ზუსტად იმ დგომში, რომელშიც მოქმედების დასაწყისში იდგა.

ეს პოზიცია უბრალოდ ოცდაათი გრადუსითაა გადაწეული.
იგი არ მიიღწევა თეძოების ბრუნვით, ის გვერდზე გადადგმული ორი თანმიმდევრული ნაბიჯის შედეგია.

უკე ჯო ურტყამს ამ პოზიციიდან, რაც სხვა არაფერია, თუ არა დგომი, რომელიც სტადია # 1-ის სუბურის დროს ჰქონდა (ნახაზი n°1), მაგრამ გადაწეულია შეტევის ხაზიდან გასვლისათვის აუცილებელი კუთხით.

თუმცა რაკი დარტყმა სწორხაზოვანი იყო სტადია # 1-ის სუბურის დროს და რაკი ეს ზუსტად იგივე დარტყმაა, შესრულებული სტადია # 2-ის სუბურის დროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც სხეული საჭირო კუთხით გადაადგილდება, იოლი მისახვედრია - ამ მეორე შემთხვევაშიც დარტმა სწორხაზოვანია, ტრანსლაციური და აქ თეძოების ბრუნვა არ გამოიყენება.

სხვა სიტყვებით – და ეს ფუნდამენტურია – საიტო სენსეის მიერ შემუშავებული, წყვილში შესასრულებელი იარაღის სავარჯიშოების მიზანი სხეულის ფორმის, სუნთქვის, შეტევის ხაზის მიმართ მობილობის და მეტოქის ენერგიასთან სინქრონიზების (ავასე) განვითარებაა, თუმცა ისინიც სწარხაზოვანი მუშაობისთვისაა გააზრებულ-შექმნილი. ისინი სხვა არაფერია, თუ არა გაგრძელება სტადია # 1-ის სუბურების პრაქტიკისა, ოღონდ კონტექსტში, სადაც გასათვალისწინებელია შეტევის მიმართულება და ამ შეტევისათვის დამახასიათებელი ტაიმინგი, ანუ ორი განზომილება, რომელიც არ არსებობდა სტადია # 1-ის სუბურების დროს.

ეს ხერხი სპონტანურად და თანდათანობით შექმნა ახალგაზრდა მორიჰირო საიტომ, რათა თავისი მასწავლებლის სწავლება დაეხსომებინა.

ორი ათეული წლის შემდგომ, ო-სენსეის გარდაცვალების მერე, საიტო სენსეიმ სრულყო ეს ხერხი. მან ის სწავლების ჭეშმარიტ მეთოდად აქცია და შემდგომში გამოიყენა თავისი მოწაფეებისთვის იმ საბაზო ელემენტების გადასაცემად, რომლებსაც თავად თვლიდა საჭიროდ. საჭიროდ იმისათვის, რომ ვინძლო ერთ მშვენიერ დღეს მათ ამით ფუძელდებლის პრაქტიკის რეალობა აღმოეჩინათ.

საიტო სენსეის იმედი მდგომარეობდა იმაში, რომ მის პედაგოგიკას საშუალება მიეცა მათთვის, ვინც არ იცნობდა ო-სენსეის და არ უვარჯიშია მისი მეთვალყურეობით, შანსი მაინც ჰქონოდათ ფუძელმდებლის აიკიდოს გაგებისა. უმეთოდოდ იგი ამას შეუძლებლად მიიჩნევდა.

აი რატომ გადაწყვიტა, არასდროს ესწავლებინა სტადია # 2-ის მიღმა: ფიქრობდა, რომ დრო არ ეყოფოდა და ვერ მოასწრებდა თავისი მეთოდის ისე გამყარებას და მის იმდენად საიმედოდ და ეფექტურად ქცევას, რომ შემდგომ მისთვის შემოვლა ან გვერდის აქცევა შეუძლებელი გამხდარიყო.

მთელი თავისი ენერგია ამ საქმეს მიუძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად განიმარტება, სტადია # 2 ჯერ აიკიდო არ არის და ეს მხოლოდ აიკიდოსათვის მოსამზადებელი ტანვარჯიშიაო, სხვა მიზეზიც არსებობდა სტადია # 2-ის მიღმა არსწავლებისა: კერძოდ ის, რომ სტადია # 3 აიკიდოს მოძრაობის რეალობას ეხება უკვე. და საიტო სენსეი მიხვდა, რომ ამ რეალობის სწავლება დიდ საფრთხეს შეუქმნიდა მისივე მეთოდს.

ეს საფრთხე დღესაც არსებობს და ეს მდგომარეობს შემდეგში - მასწავლებლები, რომლებიც გემოს გაუგებენ მოძრაობის რეალობას, გვერდი არ აუარონ მეთოდს, არ ჩათვალონ, რომ ეს მეთოდი ზედმეტია და ბოლოს თავი არ მიანებონ ან დაივიწყონ ის. ასე მათ უბრალოდ მხედველობიდან გამორჩებათ, რომ სწორედ ამ მეთოდის წყალობით მივიდნენ იქამდე, სადაც ამავე მეთოდის საზღვრების გადალახვა შეუძლიათ.

III – რა არის სტადია #3?

სტადია # 3 ო-სენსეის პრაქტიკაა, აიკიდოს ირიმია.

აიკიდოს ირიმი სხეულის ვერტიკალური ღერძის უხილავი ბრუნვაა თავის გარშემო. ღერძის ამ ბრუნვას შედეგად თეძოების ურთიერთშემავსებელი ბრუნვა მოჰყვება, რაც ამის ხილული გამოვლინებაა. ოსტატი უეშიბა თეძოების ამ ურთიერთშემავსებელ ბრუნვას ირიმი-ტენკანის ტერმინით მოიხსენიებდა.

თეძოთა ამ ბრუნვას გადაჰყავს ჰანმის გდომი ჰიტო ე მის დგომში. მაშასადამე, თეძოთა ბრუნვის გარეშე ვერ იარსებებს ვერც ირიმი. აიკიდოს ირიმი თეძოთა ირიმი-ტენკანი ბრუნვის თანამდევია.

უკვე ვნახეთ, რომ სტადია # 1-ისა და სტადია # 2-ის საერთო მახასიათებელი ზუსტადაც თეძოთა ბრუნვის არარსებობაა. ვნახეთ, რომ ეს არარსებობა გააზრებულია, რომ ის ჩართულია მეთოდში, რათა ადამიანმა მთელი თავისი ყურადღება ფორმის, კუთხეებისა და ავასეს შესწავლას დაუთმოს.

ამ არჩევანის გარდაუვალი შედეგია, რომ ირიმის ცნება, რომელიც მხოლოდ ამ ბრუნვისას ჩნდება, ასევე არ მოიძევება სტადია # 1-ისა და სტადია # 2-ის სუბურების დროს. და განსაკუთრებით - არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში სუბურის კუთხე სტადიაში # 2 და ირიმი. გავიმეოროთ, რომ ამ კუთხის დაჭერა, შეტევის ხაზიდან ეს გასვლა ბრუნვით კი არ ხდება, არამედ სიარულით, და რომ ბრუნვის არარსებობას, სიარულს, შედეგად სწორხაზოვანი მოქმედებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის შენარჩუნება მოჰყვება.

მაშასადამე, სტადია # 3 სწავლის სტადიაა, სადაც პირველად იჩენს თავს თეძოების ბრუნვა და, აქედან გამომდინარე, ირიმი.

მაგრამ თეძოების ბრუნვა აიკიდოს მოძრაობას ისეთ თვისებას ანიჭებს, რომელიც მას ძირფესვიანად ცვლის # 1 და 2 სტადიებში განვითარებული მოძრაობებისაგან. ეს ახალი ცნებაა წრიულობა.

მოძრაობა, რომელიც აქამდე სწორხაზოვანი იყო, რადიკალურად გარდაიქმნა და წრიული გახდა. ეს პუნქტი აუცილებლად უნდა გავიაზროთ: არ არსებობს აიკიდოს სწორხაზოვანი მოძრაობა, აიკიდოს ყველა მოძრაობა წრიულია (ან სპირალური, თუ ვინმეს ამგვარი ფორმულირება ურჩევნია).

ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიტო სენსეის მეთოდი აიკიდოს შესწავლისათვის მზადებაა, მაგრამ ეს ჯერ აიკიდო არ არის.

საიტო სენსეიმ იცოდა ეს, საიტო სენსეიმ განმარტა ეს. მაგრამ ძალიან ცოტა ვინმემ თუ დაუგდო ყური.

გეგონოს ადამიანს, რომ აიკიდოს კარგად საკეთებლად საკმარისია სულ უკეთ და უკეთ, უფრო ჩქარა და ჩქარა, უფრო ძლიერად და ძლიერად იმეორო სასწავლო მეთოდის სავარჯიშოები, იგივეა, გეგონოს, რომ აიკიდო მეთოდშია. ეს კი სრული სიბრმავე და ჩიხია. აიკიდო იქ არ არის, აიკიდო კიდევ უფრო შორეული დონეა და საიტო სენსეიმ ეს არაერთხელ მიანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვიტა, აღნიშნული დონე არასოდეს ესწავლებინა.

დგება მომენტი, როდესაც ერთადერთი გზა რჩება წინსვლისათვის - მეთოდიდან გამოსვლა და სტადია # 3-ის დაწყება.

სირთულე ისაა, რომ ეს გადასვლა სიღრმისეულ ცვლილებებს მოიცავს სწავლის წინა ორ სტადიასთან მიმართებაში: გადაადგილებათა სრული სწავლება ამიერიდან ირიმი-ტენკანის პრინციპს უნდა მოერგოს, ადამიანმა უნდა მიატოვოს სწორხაზოვანი მუშაობა და ირიმი-ტენკანზე დამყარებული წრიული მუშაობა აღმოაჩინოს.

როცა გველი იცვლის პერანგს, ის ძველ ტყავს იშორებს. მაგრამ გველი უარს არ ამბობს თავის ძველ ტყავზე, ურომლისოდაც ის აქამდე ვერ მოაღწევდა. თუმცა ტოვებს მას, რომ ზრდის გაგრძელება შეძლოს. თუ არ მოიშორებს, ეს ტყავივე გაგუდავს. რადგან რაც მარგებელია განვითარების ერთ სტადიაზე, მავნებელი ხდება მომდევნოზე.

საიტო სენსეის მეთოდი სასწაულებრივი ინსტრუმენტია, საუკეთესო რამაა მოვარჯიშის პროგრესისათვის და ამიტომაც მივყვებით მას აიკიდოს სწავლის პირველ ორ სტადიაზე. მაგრამ როდესაც ეს მეთოდი თავის ფუნქციას შეასრულებს, ის მიტოვებულ უნდა იქნეს, მოწიწებით, მადლიერებით, მაგრამ მტკიცედ, როგორც გველი იცვლის ხოლმე პერანგს.

ის, ვინც მეთოდის შესაძლებლობების ზღვარს მიაღწია, მაგრამ მაინც განაგრძობს თავისი წინსვლის ძიებას ამავე მეთოდში, გაგუდული კვდება უსარგებლოდ ქცეული უსიცოცხლო პედაგოგიკის სიმძიმისაგან. ეს პედაგოგიკა არ შექმნილა საიმისოდ, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ის გარკვეულვადიანი ხერხია, რომელიც ადამიანის საწყისი განვითარების ხელშეწყობისთვისაა გამოგონილი.

სტადია # 3 არ უარყოფს საიტო სენსეის მიერ შემუშავებულ სავარჯიშოებს, ის ისევ განაგრძობს მათ გამოყენებას. მაგრამ ამას სრულიად ახლებურად აკეთებს და, სწავლაში გატარებული წლების შემდეგ, ამ სავარჯიშოებში ბოლოს და ბოლოს ფუძემდებლის ჭეშმარიტი გადაადგილება, მაშასადამე ო-სენსეის ირიმი, ანუ აიკიდოს ირიმი შემოაქვს.

ეს გადასვლა სტადია # 2-დან სტადია # 3-ზე ვერ განხორციელდება, თუ წინასწარ არ არის დაძლეული სტადიები # 1 და 2.

IV – შენიშვნა ტაი ჯიცუს შესახებ

საიტოს მეთოდი აქამდე აიკიდოს იარაღის მუშაობის მიხედვით მიმოვიხილეთ. მართლაც, ამ სფეროთი უფრო იოლია, გააგებინო ადამიანს სწორხაზოვანი მუშაობის პრინციპი, რომელიც საიტო სენსეიმ შეიმუშავა, როგორც აიკიდოს შესწავლის მოსამზადებელი პრინციპი.

იმის ახსნა, თუ როგორ გადაწყვიტა ამ უკანასკნელმა სწორხაზოვნების პრინციპი მოერგო შიშველი ხელის ტექნიკისთვისაც, ძალიან ხანგრძლივი და რთული იქნებოდა. ამაზე აზრის გაჩენა TAI-ს საიტის დოსიეების კითხვით შეიძლება, რომლებიც „საიტოს მეთოდს“ შეეხება. რადგან როგორც იარაღის სუბურები არსებობს, ისევე არსებობს ტაი ჯიცუს სუბურები.

აიკიდოს მოსამზადებელი ტანვარჯიში საიტო სენსეის სწავლების მთლიანობას ახასიათებს. მან ის სისტემურად გამართა მოძრაობის სწორხაზოვნების პრინციპისა და წესის მიხედვით. მე ყურადღებას ვამახვილებ სიტყვაზე სისტემურად, რადგან აქ სწორედაც აიკიდოს მოსამზადებელი სწავლების თავისებური სისტემის შემუშავება იგულისხმება.

ამ სისტემის შექმნა მორიჰირო საიტოს უკავშირდება, მხოლოდ და მხოლოდ მას და იგი ოსტატი უეშიბას გონებაში არ შობილა.

აქამდე ყველაფერი გრძელი, მაგრამ აუცილებელი ახსნა იყო ინსტრუქციათა სერიის გასაგებად, რომელბიც აიკიდოს მომავალი თაობებისთვის გადაცემას უკავშირდება.

V – ინსტრუქციები აიკიდოს გადაცემისათვის
  1. საიტო სენსეის მიერ შემუშავებული მეთოდი სასარგებლოა აიკიდოს გადასაცემად. გამოცდილებამ გვიჩვენა ეს. ივამას სწავლების ავტორიტეტიც ამ მეთოდს ემყარება.
  2. ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა, რომელთაც შეისწავლეს ის. იგი უნდა გადაეცეს მოწაფეებს და მომავალ მასწავლებლებს. იგი მდგომარეობს მხოლოდ სტადია # 1-ისა და სტადია # 2-ის სუბურების პრაქტიკაში, როგორც იარაღის, ისე ტაი ჯიცუს შემთხვევაში.

    ირიმი-ტენკანის პრინციპი გააზრებულად იქნა ამოღებული პრაქტიკის ამ დონიდან, რომელიც მიჩნეული უნდა იქნეს არა აიკიდოდ, არამედ უფრო აიკიდოს მოსამზადებელ ტანვარჯიშად.

    ამ გარემოებიდან ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მომდინარეობს, კერძოდ, არც შესრულების სისწრაფე და არც ღონე სწავლის ამ დონეზე არ მოითხოვება. სისწრაფისა და ღონის მოშველიება საგნის ვერგაგების გამოხატულებაა სწავლის # 1 და 2 სტადიებზე.

  3. მეთოდი შენარჩუნებულ უნდა იქნეს უცვლელად, იგი არ უნდა გადაკეთდეს. ეს ნიშნავს, რომ სწორხაზოვნების პრინციპი სკრუპულოზურად უნდა იქნეს დაცული.

    სტადია # 3-ის წრიული მუშაობის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს ჩართული სტადია # 1-ისა და 2-ის სწორხაზოვან სწავლებაში, რაც აღრევას გამოიწვევს. ისევე, როგორც სტადია # 1-ისა და 2-ის ელემენტები აღარ უნდა გამოჩნდეს სტადია # 3-ში. რადგან რაღაცეები, რაც ერთ რომელიმე სისტემაში სწორია, არასწორი ხდება, თუკი მათ განვიხილავთ ამავე სისტემისაგან რაიმე განსხვავებულ ვითარებაში. ამიტომაც არსებითია, გვესმოდეს, პრაქტიკის რომელ დონეზე ვართ და თან წინსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ვიცავდეთ.

    საფუძვლის ჩაყრის დრო უსარგებლო არ გახლავთ. ის არ გრძელდება მარადჟამს. აქ მოთმინებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპმა კომპეტენტური მასწავლებლის მეთვალყურეობით ჩაიაროს.

  4. მეთოდი ჩაითვლება შესწავლილად, როდესაც მოწაფე მიაღწევს მე-3 დანის ხარისხს. გამოცდების ჩატარებისას ეს მოთხოვნა უნდა იქნეს გათვალისწინებული.
  5. მე-3 დანის შემდეგ მოწაფემ/მასწავლებელმა უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება, რომელიც, იმ ბაზაზე, რაც აქამდე ისწავლა, საშუალებას მისცემს მიიღოს აუცილებელი ელემენტები სტადია # 3-ის დასაწყებად და თანდათანობით მოამზადებს აიკიდოს პრაქტიკისათვის, რაც, შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არც კი დაუწყია.
  6. არ არის სასურველი, რომ სტადია # 3-თან დაკავაშირებული ცნობები იქამდე მიეცეს მოწაფეს, ვიდრე იგი საჭირო მე-3 დანის სიმწიფეს არ მიაღწევს. საკმარისი სიმწიფის გარეშე სტადია # 3-ის სწავლებამ შეიძლება აფიქრებინოს, რომ მეთოდი ზედმეტია და რომ სწავლა მისთვის გვერდის ავლითაც შეიძლება, რაც შეცდომა იქნებოდა.
  7. სტადია # 3-ის დროს მიღებულმა ცოდნამ საშუალება უნდა მოგვცეს, გავიგოთ სწორხაზოვნებიდან წრიულობაზე გადასვლასთან დაკავშირებული მოძრაობის ტრანსფორმაცია. ეს წრიულობა მხოლოდ ირიმი-ტენკანის პრინციპის ამუშავების შემდგომ იჩენს თავს. სტადია # 3 უნდა მივიჩნიოთ იმ ყველაფრის გაგრძელებად, რაც სტადია # 1-სა და 2-ის დროს იქნა შესწავლილი, მაგრამ ამიერიდან ეს ყველაფერი აიკიდოს მოძრაობის რეალობას მოერგოს.
  8. სტადია # 3 შეიძლება ისწავლებოდეს მხოლოდ იმ მასწავლებელთაგან, რომლებიც არა მარტო ჩასწვდნენ ამ პრინციპს, არამედ გადასაცემად აუცილებელ ტექნიკურ დეტალთა სრული ცოდნა აქვთ.

    მე-3 დანის ხარისხის შემდეგ სწავლებისათვის აუცილებელი სიმწიფის დონე განისაზღვრება მე-6 დანით.

  9. საიტო სენსეიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა სწავლების თავისი მეთოდის დამუშავებას, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია იმისათვის, რომ მოვარჯიშეები მთელი ცხოვრების მანძილზე ჩარჩნენ ამ მეთოდში.

    მეთოდის მთელი მიზანიც პირიქით, ისაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოწაფეს საშუალება მისცეს, დატოვოს ბაზების შესწავლისათვის აუცილებელი შემოსაზღვრული ჩარჩო და აიკიდოს ფუძემდებლის ჭეშმარიტ პრაქტიკას ეზიაროს.

    საიტო თვლიდა, რომ მისი როლი იყო, მოწაფეებისთვის საშუალება მიეცა, მისულიყვნენ იქამდე. ის ამას თავის ერთგვარ მისიადაც კი მიიჩნევდა. თავისი პედაგოგიური მეთოდის შემუშავებისა და გადაცემის ჭრილში მან ეს თავისი ცხოვრების მთავარ მიზნადაც კი დაისახა.

ო-სენსეის აიკიდოს პოვნა პატივისცემის ყველაზე დიდი გამოხატულებაა საიტო სენსეის სამუშაოს მიმართ, ეს მისი ნების სკრუპულოზური შესრულებაა. ეს მეთოდის დაცვით ხდება, მაგრამ ეს ასევე აუცილებლად ამავე მეთოდის მიტოვების შედეგად ხდება, როცა შესაბამისი დრო დგება.

ფილიპ ვოარინო
აღდგომა (პასექი, გადასვლა) 2014

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

კომენტარები

ძალიან მომეწონა ეს სტატია ისე როგორც სხვა დანარჩენები. მართალია ჯერ კიდევ ბევრი რამე არ მესმის ჩემი ცდნის და პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს აეხადა უკვე ჩემთვის ფარდა დაზოგი რამის გაგება დამილაგდა, უკვე დავინახე "გზა" თუ როგორ შეიძლება მიხვიდე საიტოს "მეთოდიდან" აიკიდომდე. მადლობელი ვარ იმ შრომისათვის რაც გასწიეს საიტოდან დაწყებული ყველა იმ ადამიანებისა რომლებმაც რეალური გზა გაგვიხსნეს ო სენსეი უეშიბას აიკიდომდე.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/gadasvla
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)