ღია წერილი აიკიკაის

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალის - Karate Bushido N231-ში - 1996 წლის იანვარში.

ფილიპ ვოარინოსთვის, საიტო სენსეის მოწაფისთვის, აიკიკაის სწავლება დოშუს, ფუძემდებლის ვაჟის, კიშომარუ უეშიბას მიერ კოდირებული სწავლებაა. ო-სენსეი უეშიბა ივამაში 3 ელემენტისგან შემდგარ ხელოვნებას ასწავლიდა: აიკი კენის (ხმალი), აიკი ჯოსა (ჯოხი) და ტაიჯიცუსაგან (შიშველი ხელის ტექნიკა). აქედან გამომდინარე, აიკიდო, რომელსაც აიკიკაი ასწავლის, ამპუტირებული აიკიდოა.

ერთი იტალიელი ჟურნალისტი ჟურნალ აიკოს 1990 წლის შემოდგომის ნომერში საიტო სენსეის ეკითხებოდა, როგორი კაცი იყო ო-სენსეიო. პასუხი საოცრად იაპონური იყო:

ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ მორიჰეი უეშიბა კიშომარუსაგან სრულიად საპირისპიროდ განსხვავებული ადამიანი გახლდათ. ერთგვარად მისი საპირისპირო მხარე იყო. იცით, კიშომარუს დიდი წვლილი მიუძღვის აიკიკაის განვითარების საქმეში და ამ საქმისთვის ო-სენსეის რომ მიეხედა, ეს ასოციაცია სამ დღეში გაკოტრდებოდა.

შენიშვნა: რას ნიშანავს აიკიკაი
ტერმინი „აიკი-კაი“, რომელიც ითარგმნება, როგორც „აიკი საზოგადოება“ (ან ასოციაცია), არის 1948წელს ტოკიოში მორიჰეი უეშიბას ხელოვნების – აიკიდოს – გასავრცელებლად შექმნილი ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ფუძემდებლის ვაჟი, კიშომარუ უეშიბა. წლების განმავლობაში აიკი-კაიმ განავითარა აიკიდოს განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც დღეს „აიკი-კაის სტილს“ უწოდებენ და აიკიდოს „ოფიციალურ“ ფორმად განსაზღვრავენ. აიკიდოკათა შორის გავრცელებული ტერმინოლოგიით „ო-სენსეი“ მორიჰეი უეშიბას ნიშნავს. „დოშუ“ მის ვაჟს, კიშომარუს, ხოლო „ვაკა სენსეი“ მის ვაჟსა და მორიჰეის შვილიშვილს, მორიტერუ უეშიბას.

ყველა ადამიანი თავის ადგილს პოულობს სამყაროს მოწყობაში. ო-სენსეის აიკიდო უნდა შეექმნა. მის ვაჟს, კიშომარუს იაპონიის ფარგლებს გარეთ აიკიდოს გავრცელების საქმე უნდა წარემართა ეფექტურად.

ყველაფერი კარგად იყო ამ მხრივ. მაგრამ ო-სენსეი რომ ჩარეულიყო ადმინისტრირებაში ან დოშუ რომ დაკავებულიყო ტექნიკის შესწავლით, სრულიად ეჭვგარეშეა, რომ საგანთა ბუნებრივი წესრიგი მთლიანიად დაირღვეოდა. ადამიანებს განსხვავებული ბუნებრივი თვისებები აქვთ, რაც მათ ამა თუ იმ გზაზე სიარულისკენ უბიძგებს. არავისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს ამ რეალობის შეხსენება.

1932 წელს, როდესაც კიშომარუ უეშიბა თორმეტი წლისა იყო და როცა ო-სენსეი თავისი სკოლის მომავალზე ღრმად იყო ჩაფიქრებული, იშვილა კიოში ნაკაკურა, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კენდოკა, და სახელად მორიჰირო უეშიბა დაარქვა. მორი იაპონურად დაცვას, შენახვას ნიშნავს. როგორც ჩანს, ო-სენსეი მასში აიკიდოს დაის ხედავდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ნაკაკურამ უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე, თავის გზას – კენდოს დაუბრუნდა და ამ ხელოვნების სწორუპოვარი ოსტატი გახდა. დიდი ხნის მერე, 50-იან წლებში, ო-სენსეიმ კიშომარუს მიანდო აიკიკაის მართვის პასუხისმგებლობა. მაგრამ ამავე დროს მან საიტო სენსეის სახელი გადაარქვა და მას მორიჰირო უწოდა, მე-8 დანი მიანიჭა და ივამას წმინდა გალავნის სამუდამო მცველად აქცია, სადაც აიკიდოა დაცული.

პრიმიტიული აიკიდო და განვითარებული აიკიდო

კიშომარუ უეშიბას, გვარის მემკვიდრეს, სკოლის ადმინისტრაციული მართვა ერგო წილად, ხოლო მორიჰირო საიტოს – ტექნიკის დაცვა. კიშომარუ უდაოდ ის ადამიანია, ვისაც აიკიკაის მეთაურობა შეეფერება. დღეს თუ ეს ასოციაცია აიკიდოს საერთაშორისო სახეს წარმოადგენს, მართლაც მისი დამსახურებაა. თავისი მოვალეობა ნიჭიერად შეასრულა. და ტადაში აბე სენსეი, რომელიც კარგად იცნობდა მის სამყაროს, ჩვევა ჰქონდა და ასე ამბობდა თავისი მოკლე და მკაფიო ფრანგულით: „კიშომარუ, კარგი ფუნქციონერი!“

მაგრამ წარმატების მისაღწევად საკუთარი სიტყვის თქმა გადაწყვიტა ტექნიკაში. ამგვარად ის იმ სფეროში შევიდა, რომელიც ბედისწერიგან მისთვის არ იყო განკუთვნილი. და უკვე ორმოცი წელია, კი აფრიალებს ო-სენსეის აიკიდოს დროშას, სინამდვილეში ის დოშუს აიკიდოს პროპაგანდას ეწევა. ეს მტკიცება შეიძლება საკვირველი აღმოჩნდეს, მაგრამ უსაფუძვლო არ არის. ეს სრულიად ოფიციალურად დაადასტურა ფუძემდებლის შვილიშვილმა და კიშომარუს მემკვიდრემ აიკიკაის დირექციაშიმორიტერუ უეშიბამ, 1995 წლის მარტში ჟურნალ ბუდოსთვის მიცემულ ინტერვიუში. დოშუ, ანუ მამამისი წერს:

რაც იყო თავიდან (ფუძემდებლის მიერ შექმნილ ხელოვნებაში) უხეში და მტვრევადი, დარბილდა და დამრგვალდა უფრო სფერული ტექნიკით.

და მორიტერუ ადასტურებს:

ცოდნას, რომელსაც მომავალ თაობებს გადავცემ, დოშუმ გაუკეთა კოდირება 50-იან წლებში. (...) ო-სენსეი მუშაობდა ძალიან პირდაპირი ფორმებით, ისეთებით, როგორიც თვითონ ისწავლა თავის დროზე. ეს ძალიან პირდაპირია, ტეხვები და მტვრევებია, იმ ეპოქის აიკიდოს და მის პიროვნულ ევოლუციას შეესაბამებოდა. დროთა განმავლობაში ტექნიკა მომრგვალდა და ნაკლებად კუთხოვანი გახდა. ამიერიდან აიკიკაის კრედო ფარდაახდილია და ვერავინ დაგვაბრალებს, ხაზებს შუა კითხულობთო: ადრე იყო პრიმიტიული, კუთხოვანი, მხეცური და არც თუ ორიგინალური აიკიდო – ფუძემდებელი ო-სენსეის აიკიდო – ხოლო ეხლა არის განვითარებული, დამუშავებული, მრგვალ და დახვეწილტექნიკიანი აიკიდო, აიკიკაის აიკიდო, როგორც მორიტერუ იტყოდა, „აიკიდოს კლასიკური ფორმა“.

აიკიდო ერთადერთია, ოსტატის აიკიდო

მე არასდროს გამოვიტანდი სააშკარაოზე ზოგიერთ ჭეშმარიტებას, აიკიკაის დირექტორსა და მსოფლიო აიკიდოს ემბლემატურ სახეს, მორიტერუ უეშიბას ასე რომ არ შეეფასებინა ოფიციალურად პაპამისის, ფუძემდებლის აიკიდო.

ნამდვილად სხვებს, ჩემს მასწავლებლებს, ერგებოდათ ამ სიტყვებზე რეაგირების მოხდენა. მაგრამ ისინი ამას არ იზამენ. მათ ეს არ შეუძლიათ ერთგულების იმ ფიცის გამო, რომელიც მათ აკავშირებს უეშიბების ოჯახთან და, აქედან გამომდინარე, აიკიკაისთან. ვაკა სენსეი, თქვენ აგირჩიეთ ადრესატად. არა როგორც ინდივიდს, რასაკვირველია, არამედ როგორც სიმბოლოს, წარმომადგენელს აიკიდოსას, რომელიც გზას იკვლევს მთელ მსოფლიოში, და ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ აიკიდო განვითარდეს დროსთან ერთად. მე ზუსტადაც საპირისპირო აზრს ვიცავ: აიკიდო ერთადერთია და სხვა დანარჩენი აიკიდო არ არის, მოკლედ და მარტივად.

ეს ერთადერთი აიკიდო მარად ერთი მიზნისკენ მიმართული გრძელი ცხოვრების ბოლოს დახვეწა და დაამუშავა იშვიათმა კაცმა, ო-სენსეიმ. ეს აიკიდო ერთია, იმიტომ რომ პრინციპები, რომლებსაც იგი ეფუძნება, სამყაროს წარმართავს. ხოლო ყოველი პრინციპი მარადიული და ხელშეუხებელია. ეს სრულიად ნათელი უნდა იყოს. არავის ძალუძს, რა გვარ-სახელისა და სტატუსიაც არ უნდა იყოს იგი, ქნას ისე, რომ სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 180° არ გამოვიდეს. მარადიულობიდან ისე მოდის სამყარო, რომ სამკუთხედის ამ კუთხეთა ჯამი 180°-ს უდრის და უკუნითი უკუნისამდე ასე იქნება. აი ესაა პრინციპი. 180° სწორი ხაზია, უმოკლესი და უსწორესი გზაა და შემთხვევითი არაა, რომ აიკიდოშიირიმი – შესვლა, რომელსაც, ო-სენსეის მიხედვით, „სინათლის სხივის ენერგია“ უნდა ჰქონდეს – ჰანმის, ტერფების სამკუთხედ პოზიციას ეფუძნება.

უცვლელ პრინციპებზე დაფუძნებული დისციპლინა

მორიჰეი უეშიბას აიკიდო ამგვარ პრინციპებზეა აგებული. ამიტომაცაა იგი უნივერსალური, უცვლელი. რასაკვირველია, სამყარო დინამიურია. მისი ფორმები განუწყვეტლივ იცვლება, მაგრამ ფორმათა ეს პერმანენტული რევოლუცია უცვლელი პრინციპების გარშემოა ორგანიზებული.

სამყაროს შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ადამიანი, ლოკოკინა და მზესუმზირის ყვავილი, მაინც აქვს ერთი საერთო ფაქტორი: 0,618-იანი ლოგარითმული სპირალი, რომელიც დნმ-ის სპირალის, ლოკოკინის ნიჟარისა და მზესუმზირის მარცვლების ჩამოყალიბებას აწესრიგებს. ზუსტად ასევე ხდება აიკიდოში. ათი ათასი კაცი თუ აკეთებს, ათი ათასი განსხვავებული შიჰო ნაგე არსებობს, იმიტომ რომ ინდივიდები განსხვავებულები არიან. რა თქმა უნდა, მაგრამ თითოეულმა ამ ათი ათასიდან უნდა დაიცვას ლოგარითმული სპირალი ამ მოძრაობის შესრულებისას. უამისოდ არ არსებობს შიჰო ნაგე, უამისოდ არ არსებობს აიკიდო. ეს კონსტანტა ვერ გადასხვაფერდება. ვერ შეიცვლება, იმიტომ რომ ეს პრინციპია. ეს არის აიკიდო და სწორედ ამიტომ ვერ განვითარდება აიკიდო. თუ იგი მოდიფიცირდება, სულ იოტისოდენადაც კი, გამოვა, რომ იგი მუდმივი პრინციპების გამოხატულება არა ყოფილა.

ო-სენსეის აიკიდო საუკუნეების აიკიდოა და აიკიკაი ამას ვერაფერს ვერ შეუცვლის.

იარაღით მუშაობა

თქვენ აცხადებთ:

… იარაღით მუშაობამ მართლაც განიცადა ევოლუცია. აიკიკაიში იარაღზე მეცადინეობა შედის პროგრამაში, როგორც შიშველი ხელით თავდაცვის სწავლა კენით ან ჯოთი შეიარაღებული პარტნიორის წინააღმდეგ.

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ მაგ ნაწილს აიკიდოში ტაჩი დორი და ჯო დორი ეწოდება და რომ იგი შიშველი ხელის ტექნიკას უფრო მიეკუთვნება, ვიდრე იარაღის ტექნიკას. ყოველ შემთხვევაში მათი აღრევა აიკი კენსა და აიკი ჯოში არ შეიძლება.

ის ამბავი, რომ აიკიკაის იარაღით მუშაობა შიშველი ხელის ტექნიკა ჰგონია კენისა და ჯოს წინააღმდეგ, მარტივად ნიშნავს, რომ აიკიკაი ამ მხრივ სწორ აზრს არის აცდენილი. აიკიკაიმ იარაღზე მუშაობის ტექნიკისა და პედაგოგიკის მთელი სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ ტაჩი დორსა და ჯო დორზე დაიყვანა. იგივეა, ორი სიმი რომ მოხსნათ ვიოლინოს და მუსიკოსს უთხრათ: „მაგ ორითაც კარგად დაუკრავთო.“ მაგრამ თქვენი აზრის ბოლოს ამასაც უმატებთ:

იარაღის სწავლა თავისთავად უადგილოა და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშში არ მიიღება აიკიკაიში, რადგან შეიძლება იფიქრო, რომ წყვილში შესრულებული იარაღის სავარჯიშო აღარ არის აიკიდო.

მაშასადამე, შეიძლება მივიჩნიოთ, მაგალითად, რომ როდესაც ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა, აიკიდოს ფუძემდებელი წყვილში ვარჯიშობდა იარაღით, მაშინ ის აიკიდოს არ აკეთებდა. მაშ რას აკეთებდა, გეთაყვათ? კენდოს? ჯოდოს? არა, ახალგაზრდა მასწავლებელო, აიკი კენსა და აიკი ჯოს აკეთებდა. ო-სენსეი აიკიდოს აკეთებდა, თვითონ მას ან მის მეტოქეს ეჭირა თუ არა ხელში იარაღი. იცით, უნდა ვაღიარო ერთი შეცდომა, რომელიც თქვენ გამააზრებინეთ დღეს.

აიკიკაის რწმენები და ნაკლოვანებები

აიკიკაი ყოველთვის უარს ამბობდა ეღიარებინა, რომ აიკი კენი და აიკი ჯო ოსენსეისგან მოდის და ამას მომავალ თაობებს საიტო სენსეი გადასცემს. დიდი ხნის მანძილზე მეგონა, რომ ეს მარტივი პოლიტიკური გათვლების შედეგი იყო. რაკი ჰომბუ დოჯოში არავის ძალუძს აიკი კენისა და აიკი ჯოს სწავლება, ცხადია, ამგვარი რამის აღიარება უხერხულობას შეუქმნიდა აიკიკაის. ჰოდა აი ამაში შევცდი. აიკიკაის დავწამე ის პოლიტიკური ცინიზმი, რომელიც მას არა აქვს და ამისთვის ბოდიშსაც ვიხდი აქ. დღეს მივხვდი, რომ აიკიკაი სრულიად გულწრფელია. აიკიკაი თუ არ ცნობს იარაღით მუშაობას, ეს გათვლების გამო არ ხდება. უბრალოდ აიკიკაიმ არ იცის არაფერი აიკი კენისა და აიკი ჯოს შესახებ და, აქედან გამომდინარე, წარმოდგენა არა აქვს აიკიდოში წყვილში იარაღით მუშაობის ფუნქციაზე.

აიკიკაი იმ ბავშვს ჰგავს, რომელიც უდაბნოში ცხოვრობს და უარყოფს ოკეანის არსებობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასდროს არ უნახავს. აიკიკაის მართლა სჯერა, რომ ხმლებით შეიარაღებული ორი კაცი მხოლოდ და მხოლოდ კენდოში თუ ივარჯიშებს, ჯოებით შეიარაღებულები კი – ჯოდოში. სხვათა შორის ამიტომაცაა, რომ ვისაც ლოგიკა აქვს ჰომბუ დოჯოში, კენდოსა და ჯოდოს კურსებს ესწრებიან, როდესაც იარაღის სწავლა უნდათ. და მე არაფერს ისეთს არ ვამტკიცებ, რისი ჩვენებაც არ შემიძლია. აი ჩემი არგუმენტები.

სამხილები

ახალგაზრდობაში მორიჰეი უეშიბამ ცოდნა და გავლენა ორი მნიშვნელოვანი პირისაგან მიიღო. პირველია მასაკაცუ ნაკაი, იაგიუ შინგანის ხმლის სკოლის ცნობილი მასწავლებელი. მორიჰეი მასთან 1903-1908 წლებში სწავლობდა და თავისი პირველი სერტიფიკატი 1908 წელს მიიღო. 1915-1922 წლებში მორიჰეი სოკაკუ ტაკედასთან სწავლობდა დაიტოს სკოლის შიშველი ხელის ტექნიკას, ასევე შუბის ხმარებას ჰოზოინის სკოლის და ხმალს შინკაგეს სკოლის მიხედვით, რომლებსაც ტაკედა ასწავლიდა. მისგან მოგვიანებით, 1922 წელს აიღო დიპლომი აიაბაში.

ეს აჩვენებს, რომ მთელი ამ სწავლა-განათლების განმავლობაში ო-სენსეიმ იარაღის შესწავლას მინიმუნ იმდენივე დრო დაუთმო, რამდენიც შიშველის ხელის ტექნიკას და სწორედ ესაა პირველი მნიშვნელოვანი ამბავი. 1919-1926 წლებში მორიჰეი აიაბეში ცხოვრობდა, ომოტო-კიოს თემში, სადაც სულიერი გავლენა მიიღო ღირსი დეგუჩისაგან, და თანდათანობით თავი დააღწია იქამდე მიღებული სწავლის მოუქნელ ტექნიკურ ჩარჩოებს. სახელდობრ, კავშირი გაწყვიტა ტაკედა სენსეის დაიტო რიუსთან, რაც გამოიხატა იმაში, რომ უარი თქვა შიკაკუს (ოთხკუთხედ) დგომზე და არჩია შიშველი ხელის ტექნიკისთვის სანკაკუს (სამკუთხედი, ჰანმი) დგომი, რომელსაც იარაღის ტექნიკის დროს იყენებდა. აი ესაა უმთავრესი. აიკიდოსთვის დამახასიათებელი ფეხების სამკუთხა დგომი, რაზეც შემდგომ მთელი აიკიდო დაფუძნდა, პირდაპირ მომდინარეობს იარაღის პრაქტიკისგან.

დღეს, როდესაც აიკიკაი აიკიდოდან იარაღის პრაქტიკის გაქრობას ცდილობს, ზუსტად საპირისპირო მიმართულებით გადის იმ გზას, რომელიც თავისი პროგრესისას გაიარა ო-სენსეიმ.

ო-სენსეი ივამაში

1927-1941 წლებში უეშიბა სენსეი ტოკიოში ცხოვრობდა. თქვენი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ახალგაზრდა მასწავლებელო, ხელოვნება, რომელსაც მაშინ ასწავლიდა, უკვე ძალიან თავისებური იყო და ბევრი აღარაფერი ჰქონდა საერთო `ადრე ნასწავლ ძალიან პირდაპირ და სწორხაზოვან ფორმებთან~, რითაც, როგორც ჩანს, თქვენ გნებავთ, რომ შემოიფარგლოთ. 1935 წელს ოსაკაში გადაღებული დოკუმენტური ფილმში ძალიან მკაფიოდაა ასახული ეს თავისებურება. თუმცა იქ ამ ხელოვნებას სრულ სიმწიფემდე ჯერ ვერ მიეღწია. მაშინ მას აიკი-ბუდო ერქვა და ხელოვნების სამ მთავარ ბოძს ეყრდნობოდა: კენჯიცუს (ხმალს), სოჯიცუს (შუბს) და ტაიჯიცუს (შიშველი ხელის ტექნიკას). სინთეზის მთავარი სამუშაო, ამ სამი ელემენტის ერთიან სისტემაში ინტეგრირება, ჯერ ხორცშესხმული არ იყო. ეს სამუშაო უთუოდ 1942 წელს, ივამაში დაიწყო.

ინტელექტუალური პატიოსნება გვავალდებულებს დავიცვათ ფაქტები: 1942 წლიდან სიკვდილამდე, ანუ 1969 წლამდე, როგორც ცნობილია, ო-სენსეი ცხოვრობდა არა ტოკიოში, არამედ კარგა მოშორებით,იბარაკის პრეფექტურის ერთ პატარა სოფელ ივამაში. იქ ჰქონდა სახლი, დოჯო, იქ, ატაგოს მთის ძირას ააგებინა აიკიდოს ტაძარი. ნუთუ ასე არასასიამოვნოა ამ ჭეშმარიტების თქმა, რაკი ო-სენსეის ყველა ბიოგრაფიაში ასეა იგი მიჩქმალულ-მიჩუმათებული?

Lჭეშმარიტება მძიმეა, მაგრამ იგი შემდეგნაირია: მორიჰეი უეშიბას რამე თუ უსწავლებია ტოკიოს `აიკიდოს მსოფიო ცენტრში~, ეს მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევით და უიშვიათესად მომხდარა, როდესაც თავის ვაჟთან ჩადიოდა 50-იან წლებში. ამ ყველაფერთან ეს ადგილი მისთვის სრულიად უცხო იყო. იქ სტუმრად მყოფ ო-სენსეის აიკი-კენი და აიკი-ჯო ივამას გარეთ არსად და არასდროს არ უსწავლებია. კიშომარუ დოშუსა და მის ჰომბუ დოჯოელ მოწაფეებს მხოლოდ თვალი თუ ჰქონდათ მოკრული ო-სენსეის აიკიდოსთვის. ყველა დღევანდელი შიჰანი სინამდვილეში დოშუს მოწაფეები იყვნენ და არა ო-სენსეისა. არც ერთ მათგანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა ივამაში. მონაწილეობა იქ არავის არ მიუღია.

არადა ო-სენსეის მესიჯი ნათელი და მკაფიო იყო. 1942 წელს იაპონიის განათლების სამინისტროში დაარეგისტრირებინა სახელწოდება „აიკიდო“ და ასე იქნა პირველად ოფიციალურად ხმარებული ეს სიტყვა. იმავე წელს მონათლა შენობათა პატარა წრე, რომლებიც ააშენებინა ივამაში კოტოტომასა და წმინდა არქიტექტურის წესების დაცვით და დაარქვა ამას უბუია, რაც თარგმანში „დაბადების ადგილს“ ნიშნავს.

ამ ორ უდიდეს სიმბოლურ აქტზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ აიკიდოს დაბადების ადგილი ივამა, ხოლო თარიღი 1942 წელია. ო-სენსეიმ ნათლად განსაზღვრა ის, რაც იქამდე დაუზუსტებელი რჩებოდა: კავშირი, რომელსაც მის ხელოვნებაში შიშველი ხელის ტექნიკა და იარაღის ტექნიკა უნდა გაეერთიანებინა. თუმცა ეს კონცეფცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო მაშინ. ეს, რასაკვირველია, ჯერ არ კმაროდა აიკიდოს დასაბადებლად. ისევე, როგორც ახალდაბადებული ბავშვი, ისიც უნდა გაზრდილიყო და სიმწიფისთვის მიეღწია.

აიკიდოს ტრიადა

აი, ახალგაზრდა მასწავლებელო, რა უზარმაზარი და უღიარებელი სამუშაო ჩაატრა ო-სენსეიმ ივამაში 1942-1969 წლებში.

აიკი-კენი, აიკი-ჯო, ტაი-ჯიცუ

სამი ელემენტის ჰარმონიული და დინამიკური წონასწორობა. სამივე ელემენტი ერთმანეთს ხსნის და განმარტავს, რადგან მათ საერთო და ღრმად რაციონალური სტრუქტურა აერთიანებს.

ამ გრძელ პერიოდთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი – ყველა კადრი, ყველა ფოტო, ივამაში ო-სენსეისთან სრული ოცდარვა წლის ან ნაწილის განმავლობაში ნაცხოვრები კაცებისა და ქალების მონათხრობები – ყველაფერი ეს მოწმობს და ადასტურებს ფუძემდებლის აქტიურ კვლევას და ეს კვლევა განსაკუთრებით აიკი კენსა და აიკი ჯოს ეხება. ჭეშმარიტება, ახალგაზრდა მასწავლებელო, ისაა, რომ ივამაში პაპათქვენი არ კმაყოფილდებოდა „აიკიდოს რამდენიმე დეტალის გაუმჯობესებით“. ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ ივამაში ფუძემდებელი მუხლჩაუხრელად ეძიებდა, იკვლევდა, ცვლიდა, ავითარებდა და აწესრიგებდა ტექნიკას ერთადერთი პრინციპის გარშემო, იმ პრინციპისა, რომელის არსებობაც თქვენ გონებაში ეჭვადაც არასდროს გაგივლიათ. მოკლედ რომ ვთქვა, ის ქმნიდა აიკიდოს და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მამათქვენი ტოკიოში „კოდირებას“ უკეთებდა და უმწიფრად და ნაადრევად ასწავლიდა იმას, რაც აიკიდო ეგონა და რასაც უმთავრესი რამ აკლდა.

აიკიდო, ერთადერთი და განუმეორებელი, ის, რაც ო-სენსეიმ დახვეწა თავისი ცხოვრების უკანასკნელი ოცდარვა წლის განმავლობაში ივამაში, ტრიადაა: ნაერთია, ერთის სამი ნაწილის ორგანული ურთიერთდამოკიდებულებაა. ეს სამი ნაწილია აიკი კენი, აიკი ჯო და ტაიჯიცუ. აიკიდო სამი ელემენტის ჰარმონიული და დინამიკური წონასწორობაა. სამივე ელემენტი ერთმანეთს ხსნის და განმარტავს, რადგან მათ საერთო და ღრმად რაციონალური სტრუქტურა აერთიანებს. სწორედ ეს აგებულებაა აიკიდოს თავისებურება და არა მარტივად შეერთებული რაღაც დამოუკიდებელი დისციპლინები.

დასახიჩრებული აიკიდო

რას იფიქრებდით რომელიმე გეომეტრზე, რომელიც სამკუთხედს ორ წვერს მოაშორებდა და დარჩენილ ფიგურას ისევ სამკუთხედს უწოდებდა? აიკიკაი არის ის გეომეტრი, თუკი ფიქრობს, რომ შეუძლია აიკიდოს აიკი კენი და აიკი ჯო მოაშოროს და იმას, რაც აქედან დარჩება კვლავაც აიკიდო დაარქვას. ამ ნარჩენს დიდი ღირებულება არა აქვს. აიკიდო, რომელსაც მამათქვენი ასწავლის, რომელსაც თქვენ ასწავლით, ჰომბუ დოჯოს აიკიდო, აიკიდო, რომელსაც აიკიკაი ავრცელებს მსოფლიოში, არ არის თანამედროვე აიკიდო, ეს არ არის განვითარებული აიკიდო, ეს არის დანაწევრებული და დასახიჩრებული აიკიდო. ეს არ არის ო-სენსეის აიკიდო, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ და მარტივად – ეს არ არის აიკიდო. აიკიკაიმ აიკიდო სპორტის რიგებში დააყენა. და, როგორც ვხვდები, სწორედ ამას უძახიან რეალობის მოთხოვნებისთვის ანგარიშის გაწევას.

ფილიპ ვოარინო, 1996 წლის იანვარი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

კომენტარები

რა ნათლად და სამართლიანად აქვს დაყრილი დუსტი აიკიკაის! ძალიან მიხარია.

საოცარი ისტორია ქონია აიკიდოს წარმოშობას და კიდე უფრო უცნაურია რატომ ჩქმალავენ მის სინამდვილეს? და მაინც, რა არის აიკიდო? ცხადია ის სპორტი არ არის. რა კანონზომიერება აღმოაჩინა "ბუნებაში" და რისი გადმოცემა სურდა სენსეის?

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/gia-cerili-aikikais
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)