იგივეა, რომ ველოსიპედით იარო

ცოტა ხნის წინ წავიკითხე აიკიდო ჯორნალის მე-17 ნომერში გამოქვეყნებული საუბარი ალენ გერიესთან.

1976-77 წლებში, იმ დროს, როცა ის იაპონიიდან ბრუნდებოდა, ალენი ხანდახან ნიცის მეცნიერებათა უნივერსიტეტში ასწავლიდა და მეც მის რამდენიმე გაკვეთილს დავესწარი. ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი გზები გაყოფილი იყო, მაგრამ შორიდან ვადევნებდი თვალს მის მიერ განვლილ გზას. ის აიკიდოს ფრანგ მასწავლებელთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც იმსახურებს, ყური დაუგდო მის ლაპარაკს, რადგანაც ერთი ძალიან დასაფასებელი თვისება აქვს: გულწრფელობა.

არავისთვის საიდუმლო არ არის, აიკიკაი არასოდეს აღიარებდა, რომ ო-სენსეი აიკი კენსა და აიკი ჯოს ასწავლიდა, როგორც აიკიდოს განუყოფელ ნაწილს. დღენიადაგ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ეს პოზიცია აიკი კენისა და აიკი ჯოს სრული უცოდინარობიდან მომდინარეობს თუ გარკვეული გათვლების შედეგია-მეთქი.

ალენ გერიეს სიტყვებმა თვალები ამიხილა. როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია.

როგორც ჩანს, არსებობენ აიკიდოს გულწრფელი მასწავლებლები, ალენის დარად, რომლებიც ფიქრობენ, რომ იარაღზე ჩვეულებრივი ვარჯიში ვერ წაადგება აიკიდოს.

ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამათ ვეუბნები, სრულიად მართალნი ხართ-მეთქი. ჩემი ხმით მათსას ვუერთდები. ასი პროცენტით ვეთანხმები და ორივე ხელით ვუკრავ ტაშს... ახლავე აგიხსნით. იმ მასწავლებელთა გონებაში, ვინც ამ სიტყვებს იმეორებს, „იარაღი“ კენჯიცუ, ჯოდო ან იაიდოა,რომელთაც იაპონიაში საგანგებო დოჯოებში შეისწავლიან შესანიშნავ ექსპერტებთან.

თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ამ დისციპლინების შესწავლა რამეში დაეხმარება აიკიდოს, მაშინ მე იმათ რიგებში ჩავდგები, ვინც ეწინააღმდეგება იარაღს და ვამბობ არაორაზროვნად და მათზე უფრო ხმამაღლა, ველოსიპედით სეირნობასაც იგივე სარგებელი მოაქვს-მეთქი.

იმიტომ რომ აიკიდოს პრინციპს საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც ამ იარაღის სკოლებში ასწავლიან:

იმას, რასაც მე ვუწოდებ აიკის, არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც აქამდე უწოდებდნენ აიკის. – ო-სენსეი

სხვათა შორის, ალენ გერიე ხსნის, რომ იამაგუჩი სენსეი, რომელსაც მე-7 დანი ჰქონდა კენჯიცუში, არურევდა ამ ცოდნას აიკიდოში. ამაში მე ძალიან დიდი ოსტატის სიბრძნეს და ჩემი ზემოხსენებული სიტყვების სრულ დასტურს ვხედავ. რადგან აიკიდოს მართლაც არაფერი აქვს საერთო კენჯიცუსთან.

მაშ სად ვეძებოთ შეცდომა, რაკი აიკი კენსა და აიკი ჯოს მოკლებული აიკიდო ცალხელა პიანისტივითაა?

ამ მარტივი დეტალიდან ჩანს : აღარც აიკი კენსა და აიკი ჯოს აქვს არაფერი საერთო ყველა იმ სკოლასთან, რომლებიც იაპონიში შეიძლება არსებობდეს. რასაკვირველია, გარედან თუ შეხედავს კაცი, ორივეგან ერთი და იმავე ინსტრუმენტებით მოქმედებენ. ხმალი ხმალსა ჰგავს და ჯოხი – ჯოხს, ცხადია. მაგრამ ის, რაც ხელში უჭირავთ, მხოლოდ გარეგნული გამოხატულებაა. შეცდომაც ამ გარეგნული მხარიდან მოდის. რადგან მნიშვნელობა იმასა აქვს, თუ როგორ გამოიყებენ ამ ინსტრუმენტებს. მაგალითად, ო-სენსეის ძალიან უყვარდა ირიმის ცნების ახსნისას მარაოს გამოყენება. ვინმე იტყვის, რახან ხელში მარაო ეჭირა, ეს უკვე აიკიდო აღარ იყოო? ჰოდა ასევე, როდესაც ო-სენსეი კენს ან ჯოს ხმარობდა, ის არც იაგიუ იყო, არც შინკაგე, არც კატორი, არც კაშიმა და არც მუსო რიუ. ის სრულიად ახალ, იქამდე უცნობ რამეს აკეთებდა – აიკი კენსა და აიკი ჯოს. ანუ აკეთებდა აიკიდოს. სწორედ ამიტომ უყურებდნენ ცნობისმოყვარე და განცვიფრებული სახით ყველა სხვა სკოლის ექსპერტები იარაღის ხმარების მისეულ, სრულიად თავისებურ ტექნიკას.

უეშიბა სენსეი ძალიან განსხვავებული, საკუთარი სტილით ხმარობდა ჯოსა და კენს. რასაკვირველია, იყენებდა ხმლის სხვადასხვა ძველ მეთოდს, თანამედროვე კენდოს ხერხებს და ჯოს ხმარების მუსო რიუსეულ წესებს. მაგრამ შეუძლებელია ო-სენსეის არსში ჩაწვდომა ამ განსხვავებული სკოლების საშუალებით. თუ თავად არ ეზიარეთ უეშიბა სენსეის ხელოვნებას, ვერც მის სულს და გონებას ჩასწვდებით.

ადამიანი, ვინც ამას სტენლი პრანინისთვის 1984 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა (აიკიდოს ოსტატები, გვ. 187.), არ გახლდათ ივამას ფანატიკური თაყვანისმცემელი, ის იყო აიკიკაის ერთ-ერთი ძალიან დიდი ავტორიტეტი, რინჯირო შირატა (1912-1993).

ჩანს, დღეს კიდევ არის აიკიდოს მასწავლებელთა კატეგორია, რომელმაც ვერ გაიგო ეს და პატიოსნად სწამს და ურევს კენსა და აიკი ჯოს სხვადასხვა აუარებელ სწავლებებში, რომლებიც იაპონური იარაღის წიაღში აღმოცენებულა. ეს არევა იმის უცოდინარობას მოწმობს, თუ რა არის სინამდვილეში აიკი კენი და აიკი ჯო. და თავად ეს უცოდინარობა მარტივი შედეგია იმ ფაქტისა, რომ მათ არასდროს ჰქონიათ შესაძლებლობასერიოზულად შეესწავლათ აიკი კენი და აიკი ჯო. ჰოდა შეუძლებელია ზუსტი წარმოდგენა გქონდეს იმაზე, რაც არ იცი.

სამაგიეროდ, როდესაც ბ-ნ ფუჯიტას სიტყვებს კითხულობთ, რასაც გარკვეულად ეთანხმება და ენდობა ალენ გერიე, ვერავითარ გულწრფელობას იქ ვერ ვხედავ და ყურში მშრალი, ადმინისტრაციული ენა ჩამესმის.

ასე რომ, კეთილო ხალხო, კენისა და ჯოს ინტენსიური პრაქტიკა, რაშიც ო-სენსეი ჩაიძირა ივამაში 40-იანიდან 60-იან წლებამდე, ანუ დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც, საოცარი დამთხვევაა და, აიკიდო შეიქმნა და ამ აიკი კენითა და აიკი ჯოთი ვარჯიშობდა და ამას ასწავლიდა ყოველ დილას, სინამდვილეში მისთვის გართობა და თავშექცევა ყოფილა და მეტი არაფერი. მოცალეობის ჟამს ზოგი ბაღს უვლის, ზოგი ქსოვს, აი ო-სენსეი კენსა და ჯოს იქნევდა. ჰობი ჰქონდა ასეთი, რა... მორიჰეი უეშიბა ერთი დილეტანტი კაცი იყო.

გმადლობთ, ბატონო ფუჯიტა, რომ შუქი დაგვანახეთ, გზა გაგვიკვლიეთ რამდენიმე დაბნეულ დასავლელს, რომელთაც თავიანთი უცოდინარობით წარმოიდგინეს, რომ ათობით ათასი საათი, რომლებიც ო-სენსეიმ კენისა და ჯოს მოძრაობის დახვეწას მიუძღვნა შიშველი ხელის მოძრაობასთან თანაარსებობით, რამე უმცირესი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა აიკიდოს კონცეფციისათვის.

მომიტევოს ალენმა, მე თუ მისნაირი პატივისცემა არა მაქვს ბატონი ფუჯიტასადმი – შეიძლება მე არც მისნაირი გულუბრყვილო ვარ – მაგრამ ძალიან დიდ ზიზღს ვგრძნობ, როდესაც ცდილობენ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ. ბატონ ფუჯიტას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, აიკიკაის გენერალური მდივანი და, ამავე დროს, რუხი კარდინალია, აიკიკაის სხვა მასწავლებლების მსგავსად ო-სენსეისგან არასდროს უსწავლია აიკი კენი და აიკი ჯო. მაშასადამე, წარმოდგენაც არა აქვს, რას ნიშნავს ეს აიკიდოში. და სულაც არ ადარდებს და არ ეძებს ალენ გერიესავით გულწრფელად იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც აიკიდოში აიკი კენისა და აიკი ჯოს ხმარება უკავშირდება. ამას არად დაგიდევს. მისი საზრუნავი სულ სხვა ბუნებისაა და აიკიკაის მიერ არჩეული პოლიტიკური ხაზის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაში მდგომარეობს. ეს ხაზი აიკიდოდან კენისა და ჯოს პრაქტიკის ფესვებიანად ამოძირკვას გულისხმობს: მსოფლიოში პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსიის გეგმის ფარგლებში აიკიკაიმ აირჩია აიკიდო გაეთავისუფლებინა იარაღთან ყოველგვარი კავშირისაგან იმ მიზეზით, რომ ეს კავშირი შეიძლება ცუდად ინტერპრეტირებული ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან, რომელიც სულ ახალი გამოსული გახლდათ მსოფლიო ომიდან და მშვიდობას იყო დახარბებული და რომელსაც აიკიდო სწორედ ჰარმონიისა და სიყვარულის დისციპლინად წარუდგინეს.

ამ პოლიტიკური არჩევნიდან გამომდინარე, ივამას ყოველთვის დაბრკოლებად აღიქვამდნენ ამ საქმის მოკვარახჭინების გზაზე. სწორედ ესაა იმ იატაკქვეშა ომის მიზეზი, რომელიც აიკიკაიმ გამოუცხადა ო-სენსეის გარდაცვალების შემდგომ.

მაშ შემდეგნაირად ჩამოვაყალიბებ პასუხს იმ შეკითხვაზე, რომელიც ამ სტატიის თავში დავსვი.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დიდი უვიცობა მეფობს აიკიდოს სამყაროში იმის თაობაზე, თუ რა არის სინამდვილეში ო-სენსეის აიკი კენი და აიკი ჯო. გულწრფელთა შორის ამ უვიცობამ დაბნეულობა გამოიწვია და ერთმანეთში აურიეს ის ორი რამ, რაც სინამდვილეში სხვადასხვა სამყაროს განეკუთვნება: ერთი მხრივ, აიკი კენი და აიკი ჯო და, მეორე მხრივ, იარაღი, რომელიც იაპონური სპეციალიზებული რიუები იყენებენ. ეს გაუგებრობა ხშირად სათავე ხდება ხოლმე „იარაღის“ იმ უარყოფისა, რომელსაც აიკიდოს ბევრი მასწავლებელი მიმართავს. ისიც ნიშანდობლივია, რომ ისინი ტერმინ „იარაღს“ იყენებენ და არა აიკი კენსა და აიკი ჯოს.

მაგრამ ისეც ხდება, რომ ამ არცოდნას არაპატიოსნად იყენებს ფალსიფიკატორი სულის ხალხი, რომლებიც განგებ და გააზრებულად უწყობენ ხელს ამ დაბნეულობას, იმისათვის, რომ აიკიდო ჩააყენონ ფინანსურად იმ მომგებიან დისციპლინათა შორის, სადაც ყველაფერი სხეულით გამოიხატება და სადაც ხმალი და შუბი ცუდ ტონად შეიძლება ჩაითვალოს იმ სპირიტუალურ საძონძეთში, რომელსაც ჰარმონიისა და სიყვარულის ღირებულებებად ასაღებენ.

ალენ გერიეს უდიდესი პატივისცემით მინდა ვუთხრა, რომ ის შეცდომას უშვებს შეფასებისას, როდესაც ფიქრობს, რომ იარაღის გამოა ივამას აიკიდო „მოუქნელი და მეტადრე უხეში“. კენისა და ჯოს შესწავლა აქ არაფერ შუაშია. ივამას ოკრობოკრო პრაქტიკის ჭეშმარიტი მიზეზი ისაა, რომ იქ, სადაც ალენ გერიეს ეგონა ივამას აიკიდო ვნახეო, სინამდვილეში ჯერ არაა აიკიდო.

ივამაში დამწყებებს მართლაც ძალიან სწორხაზოვანი სამუშაო აქვთ. როდესაც კაცი მოთმინებით და ბეჯითად აშენებს თავისი სახლის საძირკველს, მას ჯერ არა აქვს ის ამაყი და თავდაჯერებული მიხრა-მოხრა, რასაც მას შემდეგ იძენს, რაც სახლი მიწის ზედაპირს ასცდება. ზუსტად ისევე, როგორც საძირკველი არ არის ჯერ სახლი, რასაც ივამელი დამწყები აკეთებს, ის ჯერ არაა აიკიდო: იგი აიკიდოსთვის მოსამზადებელ ერთგვარ ტანვარჯიშს ეუფლება, ის ქმნის შესაძლებლობას, რომ ეგებ ერთ მშვენიერ დღეს ის, რასაც იგი აკეთებს, ჭეშმარიტი აიკიდო ეწოდოს. ივამაში დიდხანს რჩებიან დამწყებებად. ძირითადად მე-3 დანამდე. მაგრამ ისეც ხდება, რომ დამწყებებადვე რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან საუკეთესო მეთოდსაც აქვს თავისი საფრთხეები, სახელდობრ ის, რომ ადამიანი ჩაკეტილი რჩება ამ მეთოდში და ვეღარ გამოდის იქიდან. ამას უწოდებს ძალიან სამართლიანად შტეფან ბენედეტი აიკიდო ჯორნალის მე-17 ნომერში „ტარტაროზთა უდაბნოს ციხე-სიმაგრეს“. ალენ გერიემ სწორედ ამ დამწყებთა, შეიძლება ითქვას, შეყოვნებულ დამწყებთა მუშაობა ჩათვალა აიკიდოდ. არადა ეს ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ტანვარჯიში იყო.

ივამას მეთოდი არაა უნაკლო. ვინ დაობს ამაზე? მაგრამ განა ვინმე მიჩვენებს გზას, რომელიც არავითარ საფრთხეს არ შეიცავს?

ჰოდა როდესაც ამა თუ იმ მეთოდის საფრთხეებს შეაფასებს კაცი, სამართლიანია, მისი ბუნებაც აღიაროს. უპირველესი თვისება, რაც სწავლების ივამაში გამოყენებულ მეთოდს ახასიათებს, არის ის, რომ მოვარჯიშემ უნდა გაიგოს რას აკეთებს აიკიდოს ტატამიზე და ამ მიზეზით სიზუსტის, სისწორის და სიმართლის დაცვითაც აკეთოს საკეთებელი და დაიცვას ის უცვლელი კანონები, რომლებზეც მოგვიანებით აიკიდოსთვის აგრეგირად აუცილებელი ლაღი მოძრაობა დაემყნობა. და ამის გასაკეთებლად გამოიყენოს ყველა იარაღი, რაც კი ო-სენსეიმ გამოგვიჩარხა და ჩვენს განკარგულებაში დატოვა, ანუ ტაიჯიცუ, კენი და ჯო.

ივამას მეთოდის საპირისპიროდ არის აიკიკაის მეთოდი. ეს მეთოდი სინამდვილეში უმეთოდობაა, რაც ორი სიტყვით ასე შეიძლება შეჯამდეს: იმოძრავეთ და მაგ მოძრაობიდან რამე გამოვა!

შეიძლება გაგაკვირვოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ხერხს დიდი უპირატესობები აქვს. მართლაც, არანაირი მყარი ჩარჩო არ აგდებს საფრთხეში მოვარჯიშეს, ჩაიკეტოს ძალიან სწორხაზოვან პრაქტიკაში და აქედან ერთმანეთში აურიოს საშუალება და შედეგი, ანუ მეთოდი აიკიდოდ ჩათვალოს.

სამწუხაროდ, და მთელი პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს, მყარი ჩარჩოების არარსებობას თავისი საპირწონე აქვს. ეს სამ პირობას მოითხოვს:

  • მასწავლებელი ძალიან ცოტა მოწაფისთვის უნდა იყოს, რადგან მხოლოდ სიახლოვე გვაძლევს შეცდომების გასწორების საშუალებას მაშინ, როცა ისინი თავს იჩენს,
  • მასწავლებელი სრული სახით უნდა იყოს ფორმირებული, ანუ უნდა ესმოდეს ის კავშირი,რომელიც სხეულისა და აიკიდოს იარაღის ტექნიკას აერთიანებს,
  • მასწავლებელი გამოცდილი უნდა იყოს და უნდა შეეძლოს დახვეწილად გადასცეს ის სახიფათო ცოდნა, რომელსაც ეს მკაცრი მეთოდი შეიცავს.

სწავლების ეს პირობები არსებობდა და ახასიათებდა იმ პატარა რიუებს, რომელთა წიაღშიც იშვა აიკიდო. მაგრამ სწავლების თანამედროვე მეთოდს ეს აღარ შეესაბამება. პარიზის ერთ-ერთ დარბაზში 3200 აიკიდოკა შეკრებილა. Le Monde-ი სტატიას აქვეყნებს. ბრავო რეკლამისთვის. მაგრამ ვინ სვამს ცოდნის გადაცემის პრობლემას ასეთ პირობებში? ვინ ფიქრობს იმ მასწავლებელთა ფორმირებაზე, რომლებმაც ეჭვის სახითაც კი არ იციან, რომ აიკიდოში ფუნდამენტური კავშირი არსებობს კენისა და ჯოს მოძრაობებსა და შიშველი ხელის მოძრაობებს შორის და რომლებიც მშვიდად და წყნარად ასწავლიან კენჯიცუს მოძრაობებს შუა აიკიდოს გაკვეთილის დროს?

აიკიკაის მეთოდს იყენებენ მასწავლებლები, რომლებიც თვითონ არიან ფორმირებულნი არასრულყოფილად, ბევრმოწაფიან გარემოში. ეს უკანასკნელნი ვერ იქნებიან მოუხეშავები და უხეშები, სამაგიეროდ, ისინი ალბათ ვერც ვერასდროს ჩასწვდებიან იმ მოძრაობების ლოგიკას, რომელთაც თვითონ ასრულებენ. ლოგიკაგამოცლილი ეს მოძრაობები ვერც ზუსტი იქნება და ვერც რეალური. უკე უკვე აღარაა იძულებული, დაეცეს. ის სწავლობს, როგორ დაეცეს თავისი ნებით, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე: თანამშრომლობს რომ რამე მონახაზის ახალ, თავსმოხვეულ წესებს დაემორჩილოს. ამგვარ პარაქტიკას შედეგად ის მოჰყვა, რომ აიკიდო იქცა რაღაც შესასრულებელ როლებად, ქორეოგრაფიად, სადაც შეთანხმებამ მოძრაობების სინამდვილე და რეალურობა შეცვალა და სადაც მოვარჯიშეები სტატისტებად ქცეულან.

დღეს აიკიდო განზომილების გარეშე აღმოჩნდა. ცარიელი და უსაგნოა. გაუაზრებელი და რეალობაგამოცლილი იმიტაცის მეტს ვერაფერს ვეღარ ვხედავთ (…) სწორედ ამიტომ ჰგავს ჩვენს დროში ის ასე ძალიან ცეკვას.

ადამიანი, რომელიც ასე გამოხატავდა თავის სათქმელს და რომელსაც სტენლი პრანინმა ჩამოართვა ინტერვიუ 1992 წელს („აიკიდოს ოსტატები“, გვ. 222), დიდი ავტორიტეტი ჰქონდა აიკიდოში. და თუ მან გარკვეული დისტაცია დაიჭირა აიკიკაისგან, ის არც რინჯირო შირატაზე მეტად გახლდათ ფანატიკური მომხრე ივამასი. მას გოძო შიოდა ერქვა (1915-1994).

ივამას ქარიბდასა და აიკიკაის სცილას შორის ადამიანმა სოწრად უნდა გაიკვლიოს გზა. ეს ყოველთვის არაა იოლი.

1986 წელს აიკიკაის სისტემაში რამდენიმეწლიანი პრაქტიკის ბოლოს, და მე ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ, არის ერთი საქციელი, რომლის არჩადენასაც დღემდე ვნანობ. როდესაც საიტო სენსეიმ აიძულა პატრისია გერი (იმხანად ნოკე სენსეის მოწაფე), დიდ ღუმელში ცეცხლი დაენთო და თავისი ჰაკამა შიგ ჩაეგდო, მაშინ მეც უნდა ჩამეყარა ჩემი დიპლომები, რომლებიც ქაღალდის ნაგლეჯების მეტს არაფერს აღარ წარმოადგენდა. ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან ყველაზე სამართლიანი საქციელი… იმხანად აიკიკაის მე-2 დანი მქონდა… და საერთოდ არ მქონდა ბაზა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ გარკვეული დროა საჭირო, რომ კაცმა თვალები გაახილოს და რომ გამოღვიძება ხანდახან მტკივნეულია, თუმცა ყველაზე ცუდი მაშინაა, რასაკვირველია, როცა ადამიანი საერთოდ ვერ იღვიძებს. და თუკი ივამური მეთოდი გარკვეულ რისკს შეიცავს, ისევე როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაზე, იმ ინსტრუმენტებს მაინც იძლევა, რომლებიც ასე აკლია აიკიკაის და რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს, მიუახლოვდეს იმ ბაღის კარიბჭეს, სადაც შეიძლება, როგორც სტეფანი ამბობს რაბლესმიერი ალეგორიით, დაჯდე და „საჯდომი ნაზ ბალახზე დადო“. თუმცა ამ მეთოდს ყველა არ მიჰყავს იქ. რა თქმა უნდა. და მერე? განა ამ ძიებისას თითოეულს თავისი წილი პასუხისმგებლობაც არ აკისრია ?

ფილიპ ვოარინო, ჰაუტი, 2006 წლის 1 აპრილი

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/igivea-rom-velosipedit-iaro
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)