ივამა, ოსტატი უეშიბას უკანასკნელი თავგავადასავალი

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალის Dojo Arts martiaux N34-ში, ივლისი/აგვისტო, 1989 წელი.

აიკიდო არ ისწავლება, აიკიდოს ვარჯიში უნდა. აი დიდი ჭეშმარიტება. თუმცა ზოგიერთი ცნობა ჩვენი დისციპლინის განვითარების თაობაზე სასარგებლო უნდა გამოდგეს იმათთვის, ვინც გონებითაც ვარჯიშობს. ამ მხრივ ერთი დამაბნეველი პარადოქსი არსებობს: თუ ო-სენსეის ცხოვრებას შედარებით უკეთ და დაწვრილებით ვიცნობთ თავგადასავლებიან პერიოდში, რომელიც მეორე მსოფლიო ომს უძღოდა წინ, თითქმის არაფერია ცნობილი ამის მომდევნო ორ ათწლეულზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვეხება ჩვენ. ნება მიბოძეთ, აიკიდოს ისტორიის ერთი ფურცელი გადავშალო 1941 წლიდან.

მორიჰეი უეშიბა თხუთმეტი წლის მანძილზე ტოკიოში ცხოვრობდა და თავის „უშიგომეს“ დოჯოში, პოლიციის ბევრ სკოლასა და იაპონიის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო აკადემიიებში ასწავლიდა. აიკიჯიცუ ან აიკიბუდო - დაახლოებით ასე იწოდებოდა იმხანად აიკიდო - იმ დროიდან მოყოლებული ფართოდაა ცნობილი, საყოველთაო აღიარებამ კი მორიჰეი უეშიბას ადგილი მოუპოვა ბუდოს ეროვნული კომისიის უაღრესად პატივსაცემ კომისიაში.

თავისი ქვეყნის არისტოკრატია მას დიდოსტატის სადარ პატივს მიაგებდა, პრინც შიმიზუდან დაწყებული, ადმირალი ტაკეშიტა, რუსეთ-იაპონიის ომის გმირი, გენერალი მიურა, ყველანი მისი მოწაფეები იყვნენ. და თითქოს ნათელი იყო, როგორ უნდა დასრულებულიყო მისი ცხოვრება - დიდი პატივითა და ოფიციალური პასუხისმგებლობებით, როგორც ეს თავისივე შექმნილი ხელოვნების მსოფლიოში პირველ და ბრწყინვალე წარმომადგენელს შეეფერებოდა... დაახლოებით ისე, როგორც ეს ძიუდოს შემქმნელი ჯიგორო კანოს შემთხვევაში მოხდა რამდენიმე ათწლეულით ადრე.

ივამაში ასვლა

ჰოდა სამოცი წლის ასაკში, ანუ ასაკში, რომელშიც ადამიანები დაღლილები არიან და ძალისხმევით აღსავსე ცხოვრებაში დაროვილ ნაყოფს გემოს ატანენ ხოლმე, მორიჰეი უეშიბა ახალი თავგადასავლის ძიებაში მიდის. ტოვებს ყველა ოფიციალურ პოსტს, უარს ამბობს დიდებასა და ქალაქურ ცხოვრებაზე და სახლდება ტოკიოდან ჩრდილოეთისკენ ასიოდე კილომეტრით დაშორებულ ერთ პატარა სოფელ ივამაში. თავისი კუთვნილი მიწის დამუშავების შემდეგ ნელ-ნელა აშენებს სახლს - ძალიან მოკრძალებულს - და მოწაფეების დაფინანსების წყალობით პატარა დოჯოს. სწორედ იქ გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას 1942-დან სიკვდილამდე, 1969 წლამდე. როდესაც თითქოს ყველაფერი მიღწეულია და „უეშიბა-რიუ“ დამსახურებული აღიარების პირასაა, რატომ ცვლის ასე ძირფესვიანად და ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ თავის ცხოვრებას ო-სენსეი?

ამბობენ, და ეს სრული სიმართლეა, რომ ომმა ტოკიოში ყველა დოჯო დააცარიელა მოვარჯიშეთაგან. მაგრამ მე არა მგონია, ო-სენსეი ის კაცი ყოფილიყოს, რომელიც თავის გემს ცუდ, სახიფათო მოსახვევში ტოვებდეს. საცხოვრებლად ივამაში გადასვლას უფრო ღრმა მიზეზები აქვს და `ღვთაებრივი შთაგონებით~ იყო გამოწვეული, როგორც თვითონვე ამბობდა მორიჰეი უეშიბა სიმბოლური ენით. და ეს სიტყვები არ არის უგულებელსაყოფი.

ოცდაათიანი წლების მიწურულს დაიტოს სკოლის აიკიჯიცუ ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ო-სენსეის ხელოვნებაზე, რომელიც ამ დრომდე - უნდა აღინიშნოს ეს ამბავი - დაიტო რიუს სერტიფიკატებს გასცემს დიდოსტატ სოკაკუ ტაკედას მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. მაგრამ ამ დროიდან მისი ტექნიკური და სულიერი განვითარება შეუქცევადი ხდება და ივამაში დასახლება სწორედ დაიტო რიუსთან დიდი ხნის ფარულ წყვეტას აკონკრეტებს. ყველაზე მკაფიო გამოხატულება _ და ეს თავად ისურვა მორიჰეი უეშიბამ - ამ წყვეტისა და ახალი ხელოვნების დაბადებისა, რომელსაც უკვე აღარაფერი აქვს საერთო დიდოსტატ ტაკედას ხელოვნებასთან, ახალი სახელწოდების გაჩენაა: სწორედ ივამაში, 1942 წელს იშვა (და ეს ძალიან ცოტამ თუ იცის) ტერმინი აიკიდო ო-სენსეის განსაკუთრებული გზის აღნიშვნისა და სახელდებისათვის.

აიკიდოს ჩანასახოვანი მდგომარეობა თუ წინამავალ ორმოცდაათ წელზე იჭიმება, ეს მოთმინების შვილი დღის სინათლეს მხოლოდ ორმოციანი წლების დასაწყისში თუ იხილავს. და ჯერ ძალიან სათუთია. მისი განმტკიცება მხოლოდ მისი სიმწიფისკენ წაყვანით თუ შეძლება. აი რა უნიკალური მისია დააწვა მხრებზე მორიჰეი უეშიბას 1941 წელს. ეს კი დროის შთამნთქმელი და ხმაურიანი ქალაქური ცხოვრების ზედაპირულ ორომტრიალში ვერ შესრულდებოდა. ეს ამბავი მოითხოვს სიწყნარეს და ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირს, რაც მხოლოდ სოფლად ცხოვრებას მოაქვს. ვფიქრობ, ამან განაპირობა არჩევანი - ივამა.


მორიჰეი უეშიბა


იარაღის ხმარება აიკის კანონების მიხედვით

აიკიდოს დაბადება

იმ დროის ყველა მოწაფე ერთსა და იმავეს ამბობს. 1942-იდან ოც წელზე მეტი ხნით ო-სენსეი აიკიდოს ვარჯიშსა და შესწავლაში სრულიად უმაგალითო ინტენსიურობითა და რუდუნებით იძირება. ძიებას ორი მიმართულებით წარმართავს:

  1. მრავალი ჯერ კიდევ დაუხვეწავი და არასრულყოფილი ილეთის (იგულისხმება შიშველი ხელის ტექნიკა) გაუმჯობესება;
  2. ყველა ტექნიკური ასპექტის დაკავშირება საწყის ფართო სიმბოლიკასთან. ამ ორი მიზნის მისაღწევად აკეთებს იმას, რაც იქამდე არასდროს გაუკეთებია, ავითარებს ჯოხისა და ხმლის გამოყენებას, ყოველ დილას საათების მანძილზე სწავლობს ამ იარაღების უსაზღვრო შესაძლებლობებს აიკის კანონების გათვალისწინებით. ამ იარაღებმა თითქოს ფარდა ახადა, გამადიდებელი შუშის როლი ითამაშა იმ ფუნდამენტური პრინციპების აღმოსაჩენად, რისი დანახვაც შიშველი ხელით მუშაობისას ძალიან ძნელი იყო.

მისაღები რომ იყოს, ამ უკანასკნელ მოსაზრებებს ტექნიკური არგუმენტაცია სჭირდება, რისი ადგილიც აქ, სამწუხაროდ, არ არის. ამ ეტაპზე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ო-სენსეიმ ივამაში სამოციდან ოთხმოც წლამდე ასაკში კოლოსალური შრომა გასწია: ნამდვილად შექმნა აიკიდო იმ გაგებით, რომ პირველად დაალაგა და თავი მოუყარა, სტრუქტურულად გააერთიანა და შესძინა ის ხასიათი, რომელიც ჯერ არ ჰქონდა მის მარტივ საბრძოლო მეთოდს წინა წლების მანძილზე.

და ეს უზარმაზარი შრომა თითქმის შეუმჩნეველი დარჩა აიკიდოს ისტორიაში. ამის მიზეზი ერთდროულად მარტივიცაა და საკმაოდ ადვილი მისახვედრიც: თითქმის არავინ არ იყო ივამაში მორიჰეი უეშიბას გვერდზე მთელი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ოთხ ჭეშმარიტ უჩიდეშის უცხოვრია აიკი შურენ დოჯოში. ესენი იყვნენ:

  • კიშომარუ უეშიბა, ო-სენსეის ვაჟი, ახლანდელი დოშუ, მაგრამ ორმოციანი წლების ბოლოს ის ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კომპანია „ოსაკა შოკენ“-ში მუშაობდა იქამდე, ვიდრე სათავეში არ ჩაუდგა აიკიკაის ადმინისტრაციას და ითავა ტექნიკური ხელმძღვანელობა „უშიგომე“ დოჯოსი, რომელიც ჰომბუ დოჯოდ მხოლოდ და მხოლოდ 1956 წელს იქცა მსოფლიოში აიკიდოს გასავრცელებლად შემუშავებული სტრატეგიის გამო;
  • კოიჩი ტოჰეი, ივამა დატოვა იმავე პერიოდში ქვანახშირით ვაჭრობის დასაწყებად. მერე საცხოვრებლად ჰავაიზე გადავიდა;
  • ტადაში აბე, რომლის მასპინძლობის პატივიც საფრანგეთს ხვდა წილად ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში;
  • გოძო შიოდა, რომელმაც მცირე ხანი დაჰყო ივამაში და მალევე, ომის დასრულებისთანავე დააარსა საკუთარი სკოლა, იოშინკანი. ო-სენსეის არც არასდროს უსწავლებია იარაღზე მუშაობა, რასაც თავისი კვლევა-ძიების ყველაზე არსებითი ნაწილი მიუძღვნა.

1950 წლიდან კი საერთოდ ერთი უჩიდეშიც აღარ იყო ივამაში. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც ო-სენსეი ყოველ საღამოს ატარებდა გაკვეთილებს ტაიჯიცუში, რომლებსაც მეზობელი სოფლებიდან მოსული სოტოდეშები და ხანდახან ტოკიოს დოჯოდან საგანგებოდ ამოსული რამდენიმე უჩიდეში ესწრებოდა. მაგრამ იარაღზე - ბუკივაზაზე - მხოლოდ დილაუთენია ვარჯიშობდა, ისიც გარეთ, ჰაერზე, შორი-ახლოს და არსად სხვაგან. და მის მუშაობას არც ერთი უჩიდეში არ ესწრებოდა.

კარგად უნდა გავიაზროთ ეს საკვირველი სიტუაცია:

ო-სენსეის არასდროს არ უსწავლებია იარაღი, რასაც თავისი კვლევა-ძიების დროის უდიდესი ნაწილი დაუთმო. აკრძალა კიდეც იარაღის გამოყენება ტოკიოში, ჰომბუ დოჯოში, სადაც მხოლოდ ხანდახან თუ ჩადიოდა თვითონ და ხმლისა და ჯოხის შესაძლებლობებს ძალიან იშვიათად თუ აჩვენებდა ხოლმე.


კიშომარუ უეშიბა და მორიჰირო საიტო

ისტორიის შემთხვევითობა

თუმცა იარაღით დილის ვარჯიშების დროს ო-სენსი მთლად მარტოც არ იყო. უჩიდეშები თუ წავიდ-წამოვიდნენ, ერთი პარტნიორი მაინც შემორჩა: ერთი სოტოდეში, ივამას მკვიდრი, რომელიც დოჯოში 1946 წელს შემოვიდა, რომელსაც, ეროვნულ რკინიგზაში მომუშავეს, სამუშაო საათების უჩვეულო განრიგი საშუალებას აძლევდა ორ დღიდან ერთი მორიჰეი უეშიბასთან გაეტარებინა. ეს იყომორიჰირო საიტო. ისტორიის საოცარი შემთხვევითობის წყალობით საიტო სენსეი ერთადერთი ყოველდღიური მოწმე გახდა და ამასთან აქტიური როლი შეასრულა იმ მუხლჩაუხრელ კვლევით სამუშაოებში, რომლებიც ო-სენსეიმ ჩაატარა იარაღის შესწავლის საქმეში. ასე და ამგვარად, გარემოებებიდან გამომდინარე, 1946-1969 წლებში მის გარდა არავის ხვდომია წილად უშუალოდ ო-სენსეისგან აიკიდოს სწავლის ბედნიერება. ამ „ისტორიული შემთხვევითობის“ გარეშე აიკიდოს იარაღის ფასდაუდებელი სამყარო, რომლის შეცნობას ო-სენსეიმ ამდენი ძალისხმევა და დრო მიუძღვნა, დღეისთვის სამუდამოდ დახურული აღმოჩნდებოდა.

და უთუოდ ამ ყველაფრის გამო მიანდო ო-სენსეიმ მორიჰირო საიტოს აიკიდოს მომავლის დაცვის მისია, თავისი საყვარელი ივამას დოჯო ჩააბარა და ამ ისტორიული დოჯოს გვერდით აგებული აიკიდოს ტაძრის, აიკიჯინჯას დაცვა დაავალა.

ფილიპ ვოარინო, 1989 წლის ივლისი


მორიჰირო საიტო საუზმე ივამაში

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ivama-ostati-ueshibas-ukanaskneli-tavgavadasavali
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)