იძულებული გავხდი, მეცხრე დანი მიმეღო

რაც შემეხება მე, იძულებული გავხდი, მეცხრე დანი მიმეღო. ყველა დაჟინებით მთხოვდა, რომ დავთანხმებულიყავი.

მოქმედება ივამაში ხდებოდა და ადამიანი, რომელიც ამას 1992 წლის მარტში მწერდა, მორიჰირო საიტო სენსეი გახლდათ. რამდენიმე თვის შემდეგ კი ასეთი რამეც მითხრა:

ო-სენსეიმ მერვე დანი მომცა 1968 წელს და აბა ვის შეეძლო მეცხრე დანის მოცემა? ამიტომ ვამბობდი ამდენ ხანს უარს.

მაშინ რატომღა დათანხმდა ბოლოს? რა მიზეზი აღმოჩნდა ასეთი გადამწყვეტი, რამაც აიძულა ოცწლიანი პოზიცია შეეცვალა?

პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტა ივამასა და ტოკიოს შორის

დღეს ყველამ იცის, რომ 1941 წლის შემდგომ ო-სენსეი ივამაში ცხოვრობდა და ძალიან იშვიათად და ცოტას ასწავლიდა ტოკიოში. სწორედ ამიტომ იმ დროის მოწაფეებს, რომლებიც დღეს ოსტატებად იქცნენ, არ მიეცათ აიკი კენი და აიკი ჯო.

საიტო სენსეი წლების განმავლობაში გმობდა ამ ამბავს, თან არც ისე რბილად და დიპლომატიურად. ბოლოს, კედლისთვის ცერცვის შეყრით და თავის მიმართ არაკეთილსინდიდიერი მოპყრობით დაღლილმა, 1989 წელს დააარსა ხუთი ტრადიციული სერტიფიკატისგან შემდგარი სერია, სახელად მოკუროკუ, რომელიც აიკიდოს იარაღის ცოდნას ადასტურებდა. აიკიკაი კი ისევ და ისევ არ ცნობდა იარაღს ო-სენსეის სწავლებად.

საიტო სენსეის ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტა ივამასა და ტოკიოს შორის. აბა როგორ შეეძლო აიკიკაის რეაგირება არ მოეხდინა იმაზე, რომ აიკიდოს ტაძრისა და ო-სენსეის დოჯოს მცველმა მთელ მსოფლიოს ნათლად და მკაფიოდ განუცხადა, ჰომბუ დოჯო, ანუ „მსოფლიო აიკიდოს მთავარი შტაბი“ სრულ იგნორირებას უკეთებს აიკიდოში იარაღის ხმარებასო?

საპასუხო მოქმედება უძრავი ქონების შესახებ გადაწყვეტილებით გამოიხატა. კიშომარუ უეშიბამ, ფინანსური ამბები მოიმიზეზა და გასაყიდად გამოდო ოჯახის საკუთრება ივამაში, ანუ მამამისის დოჯო. აქედან გამომდინარე, მორიჰირო საიტოს იქაურობა უნდა დაეტოვებინა. რა ლამაზი ხერხია, ირიბად შეუშალო ხელი და ჩასავარდნად გაწირო ის მისია, რომელიც იქამდე საიტო სენსეის მიანდეს?!

საიტო სენსეიმ მართლაც აღუთქვა ო-სენსეის, რომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავდა ივამას დოჯოს. გრძნობა, რომ იგი ვეღარ შეძლებდა ამ პირობის ბოლომდე შესრულებას, აუტანელი აღმოჩნდა მისთვის, და კიშომარუმ, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ეს, სწორედ ამაზე გააკეთა გათვლა. ამ კონტექსტში კომპრომისი გარდაუვალი შეიქნა.

კომპრომისიდან პაქტამდე

კიშომარუ უეშიბა კეთილ ნებას გამოიჩენდა და გადაიფიქრებდა მამამისის დოჯოს გაყიდვას - და ესეც მოწმობს, რომ ფინანსური ამბები მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო და მეტი არაფერი - სამაგიეროდ საიტო სენსეი საბოლოოდ უკუაგდებდა მოკუროკუების სისტემას, რაც აგრერიგად ხელს უშლიდა აიკიკაის.

პაქტის დასადებად საიტო სენსეი უნდა დათანხმებულიყო აიკიკაის მე-9 დანის მიღებას და ამ სიმბოლური აქტით ეღიარებინა მისი უზენაესობა.

ზუსტად ასეც მოხდა. 1989 წელს საზეიმოდ შექმნილმა მოკუროკუების სისტემამ 1992 წელს არსებობა შეწყვიტა და აღარც ჰომბუ დოჯოს კრიტიკა გაუგონია ვინმეს საიტო სენსეისგან.

აი, რა პირობებში „გახდა იძულებული“, მიეღო აიკიკაის მეცხრე დანი.

დღევანდელი სიტუაცია

მორიჰირო საიტო 2002 წლის 13 მაისს გარდაიცვალა. ბოლომდე შეასრულა ო-სენსეისთვის მიცემული პირობა მისი დოჯოს მოვლისა და გაფრთხილების შესახებ.

ასე და ამგვარად ჰიტოჰირო საიტო მემკვიდრეობით ჩაუდგა სათავეში ივამას დოჯოს. სულ ცოტა ხნით ადრე კი მორიტერუ უეშიბა გახდა აიკიკაის თავკაცი.

აიკიდოს ისტორიამ მჭიდროდ დაუკავშირა ერთმანეთს ეს ორი ოჯახი. ჰიტოჰიროს უფროსი ვაჟი, მორიმარუ, რომელმაც თავისი სახელის პირველი ნახევარი თავისი პაპის, მორიჰიროს სახელიდან, მეორე ნახევარი კი ო-სენსეის ვაჟიშვილის, კიშომარუ დოშუს სახელიდან მიიღო, ამ კავშირის სიმბოლოა.

მაგრამ ლაპარაკი აქ მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეთა შორის კავშირზეა. მორიტერუუეშიბამ არ დაახანა და მალევე შეახსენა ეს ჰიტოჰიროს, როდესაც იგი იმავე არჩევანის წინაშე დააყენა, რის წინაშეც თავის დროზე მამამისი დადგა.

ან აღიარებდა ჰიტოჰირო აიკიკაის უზენაესობას, ესე იგი უარი იტყოდა ხარისხთა მინიჭების დამოუკიდებელ სისტემაზე და კრინტს აღარ დაძრავდა აიკი კენისა და აიკი ჯოს შესახებ (და ამგვარად მამამისის მსგავსად შეძლებდა ო-სენსეის დოჯოში სწავლების გაგრძელებას), ან არადა, უარი ეთქვა ამ დაქვემდებარებაზე, განეგრძო აიკი კენისა და აიკი ჯოს სწავლება და გაეცა ივამას სკოლის ხარისხები. ასეთ შემთხვევაში ო-სენსეის დოჯოში სწავლების უფლებას კარგავდა და ამ დოჯოში პერსონა ნონ გრატად ცხადდებოდა.


საიტო სენსეის მიერ გადმოცემული მოკუროკუები

ჰიტოჰირომ ჩათვალა, რომ აიკიდოს ფუძემდებლის მიერ გადმოცემული ცოდნის დიდ, ვრცელ ნაწილზე უარის თქმა ძალიან მაღალი ფასი იქნებოდა აიკიკაიში დასარჩენად. მან გადაწყვიტა თავის საკუთარ სახლში ეცხოვრა და დააარსა თავისი ორგანიზაცია, სახელად ივამა შინშინ აიკი შურენკაი.

შესაბამისად, აღარ არის აიკიკაის წევრი და ვეღარ ასწავლის ივამას ძველ დოჯოში.

მაგრამ მამამისის მიერ აღზრდილი სემპაიების უმრავლესობამ ასე განსაჯა, რომ, რაკი მორიჰიროსაიტოს მიუხედავად ჰომბუ დოჯოსთან არსებული უთანხმოებებისა საბოლოოდ მაინც არ დაუტოვებია აიკიკაი, არც თვითონ ხედავდნენ ამ დიდი სახლის კალთის ქვეშიდან გამოსვლის აუცილებლობას.

რომის სენატის მსგავსად, აიკიკაიმ თითქოს გაითავისა ძველთაძველი ხერხი, „Divide et impera“, დაყავი და იბატონე. თუმცა საქმე საფრანგეთს ან ბელგიას კი არ ეხება, მსხვერპლი ამჯერად თვით იაპონიაშია და იგი ივამას სკოლაა.

ჰიტოჰირო საიტო ო-სენსეის დოჯოში არ დაიშვება და ამიერიდან ის საკუთარ მიწაზე აშენებულ დოჯოში ასწავლის. იქიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში და ნამდვილად იმავე საათებში, ივამას ძველ დოჯოში მამამისის სემპაიები ასწავლიან, რომელთაც ახალმა დოშუმ სასწრაფოდ უბოძა იქ სწავლების ნებართვა.

აქვე სასწრაფოდ უნდა დავძინოთ, რომ აიკი - საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ - არასდროს არ ნიშნავდა ერთიანობის გზას და ამის გამო აიკიდოკათა საზოგადოებას ხშირად დამსახურებულად დასცინიან ხოლმე.

რას ნიშნავს ივამა რიუ მთელ ამ ცბიერ, ვერაგულ დავებში?

1990-იანი წლების მიწურულს რამდენიმე დასავლეთევროპელის ინიციატივით, მათ შორის იყვნენ პაოლო კორალინი იტალიაში და ულფ ევენოსი შვედეთში, იშვა დაჯგუფება სახელწოდებით ივამა რიუ. აი, რას მწერდა ამის თაობაზე მორიჰირო საიტო 1997 წლის ოქტომბერში:

ჯგუფი ივამა რიუ ევროპაში დაარსდა. მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია ამ წამოწყების წასახალისებლად (...) იაპონელ მოწაფეებს არავითარი კავშირი არა აქვთ ივამა რიუსთან და ამისი არაფერი გაეგებათ რა.

აი რა მისწერა პატრიცია გერის 1999 წლის დეკემბერში:

ივამა რიუ ასოციაცია არ არის. ეს უფრო უსტატუსო მოყვარულთა დაჯგუფებაა, რომელსაც ოფიციალური წევრებიც კი არა ჰყავს.

საიტო სენსეის, რომელსაც არც დაუარსებია და არც კი უსურვია დაეარსებინა „ივამა რიუ“, ერთგვარი დისტანცირებაც კი მოუხდენია ამ დაჯგუფებისგან. პროპაგანდა კი სულ საპირისპირო რამის ჩაგონებას ცდილობდა მასებში.

და აი მიზეზიც:

ო-სენსეიმ 28 წელიწადს იცხოვრა ივამაში. მისი სიკვდილის შემდეგ მისმა დოჯომ განაგრძო სიცოცხლე მორიჰირო საიტოს წყალობით. გავიდა წლები და ამ ადგილის ძლიერი ხასიათისა და აუთენტურობის გამო - არ დაგვავიწყდეს, რომ ივამა ჰომბუ დოჯო იყო 1956 წლამდე - გაჩნდა ჩვევა ივამა რიუს თქმისა, როდესაც გულისხმობდნენ იბარაკის დოჯოს სწავლებას, რომლის ჭეშმარიტი სახელწოდებაც სინამდვილეში აიკი შურენ დოჯოა.

ივამაში ამერიკელ უჩიდეშებს, ყველა მათი თანამემამულის მსგავსად, ნაჩქარევი ფორმულირებები უყვარდათ და მოგვიანებით გამოთქმა ‘ივამას სტილი’ დაამკვიდრეს. და ეს ფორმულა დღესაც შეუგნებლად იხმარება ყველგან. არადა შესანიშნავად მახსოვს, როგორ აგვიხსნა საიტო სენსეიმ ერთ მშვენიერ დღეს ვარჯიშის ბოლოს, რომ ეს გამოთქმა მისაღები იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში იგულისხმებოდა არა აიკიდოს ერთ-ერთი სტილი სხვა მრავალთა შორის,არამედ აიკიდო, რომელსაც ო-სენსეი ივამაში 1941-დან (ანუ ამ პატარა სოფელში მისი დასახლების წლიდან) 1969 წლამდე (მის გარდაცვალებამდე) ქმნიდა.

ივამას სტილი

ის, რაც მუდამ ისწავლებოდა ივამას დოჯოში, არ არის აიკიდოს ერთ-ერთი „სტილი“, ეს ო-სენსეის ტაკემუსუ აიკია.

თუკი გამოთქმას „ივამა რიუ“ ვიხმართ მისი ზუსტი კონტექსტის გარეთ, არსებობს საფრთხე, ამან კიდევ უფრო არ გაამყაროს ადამიანთა გონებაში ისედაც ძლიერ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ აიკიდოში ყველაფერი დასაშვებია. რომ ვითომ არსებობს სხვადასხვა ჟანრი და რომ თითოეულს შეუძლია ისე აირჩიოს თავისი, როგორც თავის საყიდლებს ირჩევს კაცი ბაზარში.

ამგვარ პერსპექტივაში აიკიდოს ხვალ მოდად აქცევენ და ტექნიკურ ზიზილ-პიპილოებს ასარჩევად გახდიან!

ევოლუციონისთა სიტყვები უძლურია აქ: აიკიდო ერთადერთია. ხოლო ფართოდ მოაროვნეთა „სტილები“ და „ტენდენციები“ ამავე მოაზროვნეთა ნაკლოვანებებისა და უცოდინარობის ლამაზად შეფუთვას ემსახურება.

ოოო, რა არატოლერატულობაა, ბატონო სექტანტო! მეც მალევე გამაკრავენ უტიფრად სამარცხვინო ბოძზე. უბრალოდ, ვერც კი მიხვდებიან, რომ განსხვავებულობა და განსხვავებულობის უფლება ისეთი რამაა, რაზეც კამათი არ შეიძლება. განსხვავებები ცხადია, არსებობს, მაგრამ ამ განსხვავებებმა არ უნდა გადალახონ რაღაც ზღვარი. ეს ზღვარი აიკიდოს პრინციპების შესრულებაში მდგომარეობს.

სრულიად კონკრეტული რომ ვიყო, ვიტყვი შემდეგს: მაგალითად, ფუნდამენტური სხვაობა არ არისშიოდასა და საიტოს შორის. სამაგიეროდ, ამ ორსა და აიკიკაის შორის ყრუ კედელია აღმართული.

ივამას სტილი, ივამა რიუ...

ივამა რიუს პლანეტის მასშტაბით გამავრცელებლებს (დასავლეთევროპელებს) უბრალოდ გამორჩათ მხედველობიდან, რომ ივამა რიუ იაპონიაში, ივამაში მდებარე აიკიდოს სკოლაა და ამიტომ მას ვერ ექნება პრეტენზია უნივერსალურობაზე.

სამაგიეროდ, უნივერსალური ჭეშმარიტი ტაკემუსუ აიკია. და სწორედ ამ ცნებიდან გამოდის, რომ ო-სენსეის ხელოვნებას აქვს შანსი გავრცელდეს ადამიანთა საზოგადოებაში და თანაც როგორც არა მხოლოდ დროის გატარების მეტ-ნაკლებად სარფიანი ერთ-ერთი საშუალება.

აი რატომ ეჭირა ყოველთვის დისტანცია საიტო სენსეის „ივამა რიუს“ დაჯგუფებასთან.

TAI Takemusu Aiki International / TAI Takemusu Aiki Intercontinental

პაოლო კორალინი თითქოს მიხვდა თავის შეცდომას და ცდილობს, გამოასწოროს დღეს. მან ცოტა ხნის წინ დააარსა TAI, Takemusu Aiki International...თორმეტი წლის შემდეგ, რაც სხვებმა 1992 წელს... TAI, Takemusu Aiki Intercontinental შექმნეს.

სხვა რაღა დამრჩენია, თუ არა მეგობრულად ჩავუკრა თვალი?

მაგრამ ტაძარი რომ ააშენო, ჯერ ტაძარი უნდა დაანგრიო.

ივამა რიუს ჯგუფის შემქმნელებმა ალბათ ცოტა ნაჩქარევად განაცხადეს საიტო სენსეის გარდაცვალების შემდეგ: ჰიტოჰიროსგან არ გადავალთ აიკიკაიში, ეს ჩვენი იდეალების ნამდვილი ღალატი იქნებაო.

რამდენიმე თვე ძლივს იქნებოდა გასული მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანიდან, რომ ჰიტოჰირომ ოფიციალურად გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა მამამისის საქმე სრულიად დამოუკიდებლად, აიკიკაისთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტით.

და როგორ გგონიათ, რა მოჰყვა ამას? რომ ჩვენი ივამელი ბეჯითები შვილი საიტოს ბანაკში გადაბარგდნენ?

ივამა რიუს დამაარსებლები თავიანთი ჯგუფებით და დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ… აიკიკაის.

ამგვარი პირუეტი კარგადაც დასაჩუქრდა. და ხვალ „ახალ“ TAI-ს უთუოდ მისცემენ აიკიკაის დანის ხარისხის პირდაპირი მინიჭების უფლებას. მაგრამ საკითხავია, რა ღირებულება შეიძლება მივანიჭოთ ძალაუფლებას, რომელიც გარიგებებით და რაღაცეებზე უარის თქმით მოიპოვება?

მძლეთა თავშესაფარი არ არის ჭეშმარიტების გარანტი. და ზოგიერთის კისერს ნამდვილად ატყვია საყელურის კვალი.

სიმართლე ითქვას, ახლა, როდესაც ივამა რიუს ორთქლმავალი მემანქანის გარეშე დარჩა, ზოგიერთები, რომლებიც ავიდნენ ამ მატარებელში სხვებთან ერთად ან სხვების შემდგომ, დანიელ ტუტენი, მაგალითად, წესით ეულად უნდა გრძნობდეს თავს.


ივამაში გაცემული მოკუროკუების დეტალები

აღვადგინოთ ყველაფერი...

თითქოს უკვე მესმის აქეთ-იქიდან კომენტარები. აქამდე იმიტომ დავგმე ეს ყველაფერი, რომ მინდა, გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ. იმდენი სისულელე და კონტრ-სიმართლე ისმის ყოველი მხრიდან, რომ ერთ დღესაც გამიჩნდა სურვილი, აღვადგინო ყველაფერი.

ამისათვის ხანდახან საჭიროა, რისკი გასწიოს კაცმა და ცოტა საკუთარ თავზეც ილაპარაკოს. სირცვილი იმას, ვინც ამაზე ცუდი იფიქროს.

Jაიკიდო დავიწყე 1977 წელს ნობუიოში ტამურასთან, ვისთან ერთადაც ათი წელი ვიმუშავე. შემდეგ გავიცანი საიტო სენსეი, რომლის უჩიდეშიც გავხდი.

ვარ ივამას დოჯოს წევრი 1986 წლის თებერვლიდან, ანუ, ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, იქ მოვხვდი პაოლო კორალინის ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ და დანიელ ტუტენამდე შვიდი წლით ადრე. ტუტენი იმხანად საკუთარი პრაქტიკის მიმართ ეჭვებით იყო სავსე და 1993 წლის თებერვალში ჩემთან მოვიდა და მთხოვა, ჩამერთო იგი ტაკემუსუ აიკიში და წარმედგინა ის მორიჰირო საიტოს წინაშე.

1989 წელს მე უზრუნველვყავი საიტო სენსეის ორკვირიანი მოგზაურობა საფრანგეთში და სენსეის ბევრჯერ სძინებია ჩემს სახლში.

მის გარდაცვალებამდე მასთან თითქმის ნათესაური ურთიერთობა და ძალიან მნიშვნელოვანი მიმოწერა შევინარჩუნე. მისი სულ უკანასკნელდროინდელმა უჩიდეშებმა საპირისპიროს მტკიცება დაიწყეს, სისულელების და რაღაც უაზრო აბდაუბდის. თითქოს ამგვარად სცადეს ჩემი თავიდან მოშორება.

მორიჰირო საიტომ თავისი ხელით გადმომცა აიკი-კენისა და აიკი-ჯოს ხუთი მოკუროკუ 1989-1991 წლებში. მსოფლიოში ათი კაცი არ მოიძევება, ვისაც ამგვარი რამე აქვს.

საიტო სენსეიმ „ივამა რიუს“ მეექვსე დამი მომანიჭა 2001 წლის იანვარში. 22 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც დიპლომიც თან ერთვოდა, ასე მწერდა:

რაც შეეხება თქვენს მე-6 დანს, არავითარი პრობლემა არ არის. თქვენ ნამდვილი ტაკემუსუ აიკის ინსტრუქტორი ბრძანდებით. და როგორც ინსტრუქტორი, თქვენ ერთგულად იცავთ იმას, რაც მე გულწრფელად მინდა. ძალიან გაწაფული არა ვარ კალიგრაფიაში, მაგრამ ამ წერილს მე ჩემი გულიდან გწერთ. ამას კამისამაც დავურთე. ვფიქრობ, ო-სენსეიც თანახმა იქნებოდა ამაზე.
მიიღეთ ეს, ძალიან გთხოვთ.
თქვენ ხართ მესამე ივამელი მოწაფე, ვისაც ეს ხარისხი მიენიჭა.

მე ვამაყობ, რომ ივამას დოჯოს ვეკუთვნოდი. მე ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ ყველაფერს იმ სკოლის მხარდასაჭერად, რომელსაც უნდა ვუმადლოდე იმ აიკიდოს, რომელსაც დღეს ვიცნობ და იმ თვალუწვდენელ ჰორიზონტებს, რომლებიც აიკიდომ გადამიშალა თვალწინ.

მაგრამ საკმაოდ ნათლად განვმარტე, რატომ არ ჩავთვალე საჭიროდ, შევერთებოდი ჯგუფს, რომლის შექმნაც ივამას კონცეფციით სცადეს დასავლეთში და რატომ ჩავთვალე მიზანშეწონილად 1992 წელს დამეარსებინა TAI.

„ივამა რიუ“, „ივამას სტილი“...

რომელ სამრეკლოს, რომელ კლანს გადაულახავს თავისი ბუნებრივი საზღვარი?

დღეისთვის ცნობილია, რომ პავლე მოციქულმა და რამდენიმე მისმა თანმხლებმა, რომელთა სახელებიც ისტორიას არ შემოუნახავს, იესოს სწავლების გულში დაფარული უნივერსალური ელემენტის შეცნობა და შეფასება მოახერხეს. და რომ ამ ადამიანთა შრომა არა, რამაც ქრისტიანობის არსებობა და შემდგომი გავრცელება შესაძლებელი გახადა, ნაზარეველთა ამ პატარა სექტის ამბაი დავიწყებას მიეცემოდა.

ივამა ჯადოსნური ადგილია, ადგილი, სადაც სული ტრიალებს. მაგრამ უნივერსალური ელემენტი მაინც ტაკემუსუა _ ო-სენსეის არაერთხელ დაუწერაია და გაუმეორებია ეს.

მე ივამაში ბევრი მოგონება და ახალგაზრდობის ბოლო წლები დავტოვე და მე ეს ადგილი ისევე მიყვარს, როგორც ო-სენსეის უყვარდა. მაგრამ ის, რაზეც ლაპარაკობდა და რაც შესთავაზა მსოფლიოს, „საერთაშორისო ივამა“ ან რაიმე „ივამური სტილი“ არ ყოფილა, ეს იყო ტაკემუსუ. შეგვეძლოს ძირში შევხედოთ ამ ყველაფერს და გარეგნულმა მხარემ არ უნდა დაგვაბნიოს.

ტაკემუსუ აიკიდოს გავრცელებისა და გაფურჩქვნის წყაროა. კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ფუძემდებლის სიტყვები:

ტაკემუსუ ცეცხლისა და წყლის ჰარმონიაა კრეაციის დროს. ეს ურთიერთქმედება წყაროა აბსოლუტური ტექნიკისა გი-დან და მი-დან. – დოკა 12

ნუ ავჩქარდებით და ვეცადოთ გავიგოთ ეს.

ფილიპ ვოარინო, 2004 წლის 27 ივნისი


საიტო სენსეის 2001 წლის 22 იანვრის წერილი ფ. ვოარინოსადმი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/izulebuli-gavxdi-mecxre-dani-mimego
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)