კაჯო #15

კაჯო #14-ის დასრულებისას, წამით შევჩერდეთ და შევაჯამოთ ის ცოდნა, რომელიც აქამდე შევიძინეთ. ახლა ვიცით, რომ არსებობს სულ ცოტა სამი კანონი, რომელიც აიკიდოს ილეთებს აწესრიგებს, ესენია: იპო, ნიპო, სანპო.
ეს სამი კანონი ჰორიზონტალურ ჭრილში იმ სამ ღერძს ქმნის, რომლებიც ერთმანეთს უცვლელი 60°-იანი კუთხით კვეთს და ამგვარად ექვს რეგულარულ მიმართულებას განსაზღვრავს. ამ ექვს მიმართულებაზე მიგვანიშნებს ტერმინი „როპო ნო კამაე“ (დგომი, საიდანაც ექვს მხარეს შეიძლება წასვლა), რომელსაც ო-სენსეი იყენებდა და რომელიც კაჯო #3-ში გავაანალიზეთ. ეს „ექვსმიმართულებიანი დგომი“ ჯერ ინგლისურად და მერე ფრანგულად ითაგმნა, როგორც „აიღეთ 60°-იანი კუთხე“.
ეს სამი ღერძი სიმეტრიის ღერძების როლს თამაშობს, რომელთა მიმართაც აიკიდოს ილეთები ღერძის აქეთ-იქით, ერთმანეთისგან 180°-ით და ორ-ორად ჯგუფდება.
ამგვარად სამუშაო ხაზების რაოდენობა განისაზღვრა ოთხით: იკაჯო, ნოკაჯო, სანკაჯო, გოკაჯო. მართლაც, ოთხი ხაზია მხოლოდ სამ ღერძზე, რადგან პირველი ხაზი (იკაჯო) და მეხუთე ხაზი (გოკაჯო), როგორც კაჯო #14-ში დავინახეთ, ფარავს ერთმანეთს.

თუმცა „ბუდოში“ ო-სენსეი არ მხოლოდ სამ, არამედ ოთხ კანონს ახსენებს.
იონკიოს ილეთისთვის იგი თავის წიგნში მეოთხე და უკანასკნელ კანონს: იონპოს ასახელებს.
ვნახოთ ფოტოები, რომელთაც იგი იონკიოს საილუსტრაციოდ იყენებს:

ამ მოძრაობასთან თანდართულ კომენტარში ო-სენსეი განმარტავს, რომ იოკომენის კონტროლის (ფოტო 1) შემდეგ ნაბიჯი უნდა გადაიდგას წინისაკენ და ფოტო 2-ზე ნათლად ჩანს, რომ იგი სწორედ ასე იქცევა. ზუსტად შეგვიძლია გამოვიცნოთ, რომ აქ იონკიო ომოტეზეა ლაპარაკი.
მაგრამ ო-სენსეი აღარ აგრძელებს წინისაკენ: იგი 180°-ით ტრიალდება, რათა გაუძრავება ზუსტად უკეს შეტევის მიმართულებით დაასრულოს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ფოტო 3-ზე.
ამ აღმოჩენის შემდეგ იონკიო ომოტე ჩვენს ნახაზზე განვათავსოთ:

ჩანს, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ამას კაჯოთა დასაწყისიდან შევეჩვიეთ და ასევე ჩანს, რომ ეს-ესაა ახალი მიმართულება ვიპოვეთ.

მაგრამ ამჯერად სამი სირთულე წარმოიქმნება:

1 – ო-სენსეი ექვს მიმართულებაზე (როპო) ლაპარაკობს და არა შვიდზე ან რვაზე. მაშინ როგორღა ხდება, რომ ის იონკიო ომოტეს ასრულებს იმ მხარეს, რომელიც ჩვენ ახალ, ანუ მეშვიდე მიმართულებად გვეჩვენება აქამდე გაანალიზებული პირველი ექვსის შემდგომ?

2 – ეს მიმართულება აქამდე სისტემატიზებულ 60°-იან რეგულარულ გადახრას არ ექვემდებარება, წრეში კი ექვს 60°-იან კუთხეზე მეტი ვერ იქნება.

3 – აქამდე ჩვენ მიერ ნაპოვნი სამი ღერძი ყოველ ჯერზე სიმეტრიის ღერძები იყო, ანუ ილეთები ორ-ორად იყო დაჯგუფებული ღერძის აქეთ-იქით და არასდროს ღერძზე. აქ კი კარგად ჩანს, რომ იონკიო თავად ღერძზე მდებარეობს.

ნეტა არის იმის შანსი, რომ ეს ახალი მოცემულობა ყველაფრისდა მიუხედავად თავსებადი აღმოჩნდეს აქამდე ჩვენ მიერ ნაკვლევ შესანიშნავ სტრუქტურასთან? ან ნუთუ ამჯერად ამ სისტემის ახალ განზომილებაში შევდივართ?

მივყვეთ კვალს.
იონკიოს ილეთში არის რაღაც სრულიად განსაკუთრებული, რაც მთელ აიკიდოში მხოლოდ ამ მოძრაობაში არსებობს და ეს უკეს წინამხრის ხმალივით ჭერაში მდგომარეობს. როგორც კი ხმალი ხელთა გვაქვს, უკეს გასაუძრავებლად გაბედული მოძრაობით ვჭრით მიწისკენ. ო-სენსეი ყურადღებას ამახვილებს ამაზე თავის კომენტარში: „(..) ჭერით ქვევითკენ, როგორც ხმლით, და გააუძრავეთ მოწინააღმდეგე“. (ასე ვთარგმნი მე ამ ადგილს ინგლისური ვერსიიდან და არა იაპონური დედანი ტექსტიდან.)

მოხდა ისე, რომ „ბუდოში“ გამოყენებული ფოტოები 2 და 3 ასევე სხვა კუთხიდანაა გადაღებული. ქვედა ფოტო 3’ კი განსაკუთრებულად ნიშანდობლივია და თვალნათლივ გვიჩვენებს იონკიოს ამ უნიკალურ მახასიათებელს:


2'


3'

180°-იანი ბრუნვისა და ჭრის შემდეგომ ო-სენსეი თითქოს მართლა ასობს მიწაში უკეს წინამხარს. ამ ფოტოს მთელი ენერგია მძლავრადაა მიმართული მიწისაკენ, ორივე ხელი კი სეიკა ტანდენის გაგრძელებაზეა.
მე იმ კამიზე ვფიქრობ, რომელსაც მორიჰეი უეშიბა იმოწმებს აქ: ამე-ნო-მურაკუმო-კუკი-სამუჰარა. აი, რას ამბობდა ო-სენსეი ერთ-ერთი ლექციის დროს:

 კუკი ისაა, რაც დედამიწის სასწაულებრივ სულს ერთბაშად განმსჭვალავს და ცას გამოაჩენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ცისა და მიწის ორლესული ხმალია.
— სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი, ტაკემუსუ აიკი, ტომი III, გვ. 65.

შეიძლება ცოტა ადრე იყოს აქედან ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა.
იმისთვის, რომ ჩვენს გზაზე წინ წავიწიოთ, ცოტა მოთმინებაა საჭირო. დაგვჭირდება იონკიოს შემავსებელი ილეთის გადამოწმება – თუკი არსებობს ასეთი – რაც იმ ელემენტებს შეგვძენს, რომლებიც ახლა იონკიოს არსისა და ტექნიკათა შორის მისი ადგილის გასააზრებლად გვაკლია.

იმის დასამტკიცებლად ან უკუსაგდებად, რაც ახლა ინტუიტიურად ვგრძნობთ, მომდევნო კაჯოებისთვის დალოდებაა საჭირო.

იქამდე კი არაფერი გვიშლის ხელს, იონკიო ომოტე ჩვენი თვალსაჩინოების ნახაზზე დავიტანოთ:

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-15
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)