კაჯო #16

კაჯო #14-ში განვმარტე, თუ როგორ მიმოაბნია მორიჰირო საიტომ თავისი სწავლების მეთოდის მიხედვით ძვირფასი ცოდნის გასაღებები. და ამის მაგალითი მოგეცით მაჯაზე ხელის ქვევიდან ჩავლებით ირიმი ნაგეს დროს, რამაც ამ ფორმის სწავლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ირიმის ნაგესა და გოკიოს შორის არსებულ კავშირს მიმახვედრა.

ამ კაჯო #16-ში მინდა ამ ცოდნის კიდევ ერთი გასაღები მოგცეთ. ძირითადად დეტალებისა და სტილების რუბრიკაში მოხვედრილი ეს ტექნიკური პუნქტები სინამდვილეში ფუნდამენტური პუნქტებია თავისი მოულოდნელი შედეგებით და იმ ცოდნის თვალსაზრისით, რომელიც ჭეშმარიტად აუცილებელია აიკიდოს პრაქტიკაში.

მაშ ვნახოთ, როგორ ასრულებდა საიტო სენსეი ტენჩი ნაგეს:


1


2


3


4

გავადიდოთ ფოტოები 3 და 4, რომლებიც ძალიან ნათლად გვიჩვენებენ იმ პუნქტს, რომელსაც საიტო სენსეი ივამაში ძალიან დაჟინებით ხსნიდა ყოველ ჯერზე, როცაკი ამ ილეთს ასწავლიდა:

ხელი, რომელიც დედამიწის მიმართულებას გვიჩვენებს, პირდაპირ მიწისკენ არაა მიმართული, როგორც ძირითადად ჰგონიათ ხოლმე, პირიქით, ის უკეს ზურგს უკან უხვევს და ზევით ადის (ფოტო 3), რასაც ორი უმნიშვნელოვანესი შედეგი ახლავს თან: უკეს ხელი ეჭიმება და მხარი ზევით ასდის (ფოტო 4).

ახლა ო-სენსეის მიერ „ბუდოში“ ნაჩვენები ტენჩი ნაგეთი დავინტერესდეთ:

კარგად ჩანს, რომ ო-სენსეიც ზევით აწევინებს უკეს მხარს თავისი „დედამიწის“ ხელით, მაგრამ ფოტო საკმარისად მკაფიო არ არის, რომ ამაში სრულად ვიყოთ დარწმუნებულები, თანაც, სამწუხაროდ, ფოტოებს კომენტარები არ ახლავს…
კომენტარები არ ახლავსო… ნუ ავჩქარდებით…
რადგან კომენტარი არსებობს და ის ძალიან მრავლისმეტყველია, თუმცა ეს კომენტარი სიტყვიერი არ არის და ის სხვა ფოტოთია გამოხატული:

მართლაც, ეს ფოტო მოთავსებულია იმ თავის წინ, რომელსაც „აიკი“ ეწოდება, რომელიც მიძღვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტენჩი ნაგესადმი და ზუსტად ტენჩი ნაგეს ფოტოების წინ მდებარეობს. რას უნდა აკეთებდეს ის – ზუსტად ამ ადგილას – მას რომ ტენჩი ნაგესთან კავშირი არა ჰქონოდა?

სუსტად დაფარული აზრი შემდეგშია: ტენჩი ნაგეს გასაკეთებლად თქვენმა „დედამიწის“ ხელმა უკეს მხარი ზევით უნდა აუწიოს და, ამგვარად, მთელი მისი სხეული მისივე დაჭიმული ხელის საშუალებით წამოსწიოს. უკეს ხელი მართლაც არ უნდა მოიკეცოს, როგორც ეს ნათლადაა ფოტოზე ნაჩვენები.

ეს სიტყვებით არაა ნათქვამი და უფრო მეტიც. წიგნი „ბუდო“ ისე მოიფიქრა და ააგო ფუძემდებელმა, რომ ვინც შესაფერისი ყურადღებით ჩახედავს, მოზაიკის ნაკლულ ნაწილებს ყველა შემთხვევაში იპოვის. ო-სენსეის ამ ფურცლებზე უწესრიგოდ არ ჩაუყრია რამდენიმე ილეთი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ეგონოს ადამიანს. მან ეს წიგნი მზრუნველობით ააგო ბეჯითი მკითხველისთვის.

მომდევნო ფოტოზე ვხედავთ, რომ „დედამიწის“ ხელი მართლაც ცისკენ აწვება წრიულად და ამ მიწოლის შედეგი და საბუთი უკეს მხრის მეტად თვალსაჩინო გადაადგილებაა ზევითკენ:

ამ ანალიზით ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ტექნიკური თვალსაზრისით, დასკვნა, რომელსაც თვითონ მოჰყვება მნიშვნელოვანი შედეგი სულიერი თვალსაზრისით, რადგან სულიერი თვალსაზრისი დაკავშირებულია სხეულთან: ტენჩი ნაგეს დროს „დედამიწის“ ხელი (ანუ მიწისკენ მიშვერილი ხელი) მიწისკენ კი არა, არამედ ცისკენ მიემართება.
ეს ჭეშმარიტება თვალში საცემია საიტო სენსეის ქვედა ფოტო 2-ზე, სადაც „დედამიწის“ ხელი, გედანის სიმაღლეზე ჩავლებული, მოძრაობის პირველ ნაწილში ნათლად აღმავალია და უკეს მხრის სიმაღლემდეც კი ადის:

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტენჩი ნაგეს მოძრაობის დასაწყისში, „დედამიწის“ ხელი ცისკენაა მიშვერილი, მაშინ როცა „ცის“ ხელი ცისკენ ადის: ანუ ორივე ხელი ერთად ადის ცისკენ. და მხოლოდ მოძრაობის ბოლოს ჩამოდის ერთად ორივე ხელი მიწისკენ.
ტენჩი ნაგე არ არის მოძრაობა, სადაც ერთი ხელი ცისკენ, ხოლო მეორე მიწისკენ მიდის, როგორც ეს „თანამედროვე აიკიდოში“ ისწავლება, პირიქით, ესაა მოძრაობა, რომლის დროსაც ორივე ხელი ერთად ადის ჯერ ცისკენ და მერე ერთად ეშვება დედამიწისკენ:

მე პირადად ვიყავი საიტო სენსეის უკე ივამაშიც და სხვაგანაც და გამიმართლა, რომ მასთან ერთად ეს ფოტო მაქვს გადაღებული ანტიბში, ჩემს დოჯოში, 1989 წელს:

შემიძლია დავადასტურო, რომ შეგრძნება, როდესაც ტენჩი ნაგეს გიკეთებენ, სულაც არ არის, რომ ცალი ხელი მიწისკენ, მეორე კი ცისკენ მიგდის, პირიქით, ეს მიწიდან მოწყვეტა და ცისკენ ერთიანად ავარდნაა. მხოლოდ მეორე ნაწილში ჩამოვდივართ და ვბრუნდებით მიწისკენ.

ამგვარად, ტენჩი ნაგეს მოძრაობის დასახელება არ მომდინარეობს იქიდან, რომ ერთი ხელი ცისკენ, მეორე კი მიწისკენაა მიმართული, მოძრაობის დასახელება მომდინარეობს იქიდან, რომ გდება ცისა და დედამიწის მაგისტრალურ ღერძზე ხორციელდება.

შეგვიძლია ეს ჩვენს დიაგრამაზე დავიტანოთ:

აი, როგორ მიმახვედრა წლების შემდეგ მორიჰირო საიტოს მიერ მშრალად, მაგრამ მზრუნველობით დატოვებულმა ტექნიკურმა მოცემულობამ და ცოდნის გასაღებმა ტენჩი ნაგეს ჭეშმარიტ არსს, რაც უკეს ზურგსუკან „დედამიწის“ ხელის ზევით მიწოლაში მდგომარეობს. ამ არსს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც საზოგადოდ ასწავლიან თანამედროვე აიკიდოში ტენჩი ნაგეს სახელით.

კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევავსოთ ჩვენი თვალსაჩინოების ნახაზი, მაგრამ მომდევნო კაჯოსთვის დავიტოვოთ იონკიოსა და ტენჩი ნაგეს შორის შედარება, რადგან ამ კაჯო #16-მა ისედაც შორს წაგვიყვანა:

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-16?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)