კაჯო #17

კუკი ისაა, რაც დედამიწის სასწაულებრივ სულს ერთბაშად განმსჭვალავს და ცას გამოაჩენს.

იონკიო ერთბაშად განმსჭვალავს დიადი დედამიწის სასწაულებრივ სულს და ტენჩის გამოაჩენს.

კაჯო #15-ში ნახსენები ინტუიცია კაჯო #16-ში გადამოწმდა. ტენჩი ნაგე ჩნდება იონკიოდან 180°-ით საპირისპირო მხარეს. იონკიოს ამ ხმალს, რომელიც მიწას მსჭვალავს, შემავსებელ ტექნიკად ტენჩი ნაგეს გდება აქვს, რომელიც ცას აპობს, „სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცისა და მიწის ორლესული ხმალიაო“, ო-სენსეი ამბობს (შდრ. კაჯო #15).

იონკიო ვითარდება მიწისკენ
დედამიწა ტრადიციული ცოდნის მიხედვით კვადრატით გამოისახება
კვადრატი სტატიკური გეომეტრიული ფიგურაა, რომელიც გაჩერების, ძალის შესვენების სიმბოლოა
დედამიწა მდგრადია
იონკიო გაუძრავებაა

იონკიო გაუძრავებაა
ცა ტრადიციული ცოდნის მიხედვით წრით გამოისახება
წრე მოძრავი გეომეტრიული ფიგურაა, რომელიც განგრძობითობის, მოძრაობის ენერგიის სიმბოლოა
ცა მოძრაობაა
ტენჩი ნაგე გდებაა

ჩვენ ახლა ფუნდამენტური აღმოჩენა გავაკეთეთ. როპო, ექვსი მიმართულება, ხაზები იკაჯო, ნიკაჯო, სანკაჯო და გოკაჯო ჰორიზონტალურ ჭრილში მდებარეობს, ხოლო იონკაჯოს ხაზი ვერტიკალურია: მიმართულებები 7 და 8 ვერტიკალურ ჭრილშია. მოდელი, რომელსაც დასაწყისიდან ვიკვლევთ და რომელსაც ამიერიდან, ჯობს, აიკიდოს არქეტიპი ვუწოდოთ, სამგანზომილებიან სივრცეში ვითარდება, რომლის ყველაზე მიახლოებული სურათის შესაქმნელად ალბათ ისევ კვერცხი გამოგვადგება.

ასე ერთბაშად გადაიჭრა ის სამი პრობლემა, რომლებმაც კაჯო #15-ში იჩინა თავი:

1 - ნამდვილად არის რვა მიმართულება: ერმანეთისგან 60°-ით დაცალკევებული ექვსი მიმართულება ჰორიზონტალურ ჭრილში და, ამასთან, ორი მიმართულებაც ვერტიკალურში.

2 - ამ ორ ვერტიკალურ მიმართულებას უკვე სამგანზომილებიან სივრცეში გავყავართ. თუ კაჯოების დასაწყისიდან მხოლოდ ორგანზომილებან გამოსახულებას ვიყენებდით, ეს მხოლოდ სიმარტივისთვის ხდებოდა, ეს იყო პროექცია ბრტყელ ზედაპირზე იმისა, რაც სინამდვილეში სივრცულია, კარტოგრაფიული პროექციების მსგავსად, რაც საშუალებას გვაძლევს, ქაღალდის ფურცელზე გამოვსახოთ დედამიწა.
ამიერიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიკიდო მოწყობილია რევოლუციური ელიფსოიდის ფორმით, ანუ სივრცეში და არა სიბრტყეზე. აიკიდოს არქეტიპი იმგვარად მოწესრიგებული რევოლუციური ელიფსოიდია, რომ თითოეულ ხაზზე ორ-ორად მოთავსებული საპირისპირო ტექნიკები ღერძებს ქმნის.

3 - ხაზებზე იკაჯო, ნიკაჯო, სანკაჯო და გოკაჯო ტექნიკები აქეთ-იქით მხრიდანაა დაპირისპირებული, მაგრამ არასდროს ერთ ხაზზე. სამაგიეროდ, იონკაჯოს ხაზი აიკიდოს რევოლუციური ელიფსოიდის თავის გარშემო ბრუნვის ღერძს ერწყმის და იონკიო და ტენჩი ნაგე ამავე ღერძზე სრულდება.
ადამიანის სხეული ელიფსოიდის შუაგულში დგას. როდესაც ის მისთვის შეთავაზებული ჰარმონიული გეგმის თანახმად მოძრაობს, ამ ვირტუალური კვერცხის მამოძრავებელ ღერძს ერწყმის და სწორედ ამ გარემოებაში ასრულებს იგი ცასა და დედამიწას შორის ხიდის ფუნქციას.

როდესაც ადამიანი წრფელი გულით ეძებს და ჭეშმარიტების გზაზე წინ მიაბიჯებს, ცა და დედამიწა ერთიანდება, რათა საჭირო დროს აუცილებელი დასტური მოგიტანოთ. ახალი დასრულებული მქონდა კაჯო #16, გონება ჯერ კიდევ სავსე მქონდა იონკიოსა და ტენჩი ნაგეს შორის ახლადაღმოჩენილი კავშირით, რომ საღამოს დოჯოში ვივარჯიშე ჩემს ვაჟთან ერთად და, რასაკვირველია, იონკიო და ტენჩი ნაგე ვაკეთეთ. მეორე ტენჩი ნაგეს შემდეგ მან მითხრა ის, რაც მე წახალისებად მივიჩნიე იმ გზაზე სიარულის გასაგრძელებლად, რომელსაც ახლა ვადგავარ:

უცნაურია, როდესაც ტენჩი ნაგეს მიკეთებ, მხარში იგივე შეგრძნება მაქვს, რაც იმ დროს, როცა იონკიოს მიკეთებო… 

აიკიდო მართლა უცნაური რამაა… 35 წელია ვვარჯიშობ, მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი მასწავლებლები მყავდნენ და ამ დღემდე ვერ დავინახე ეს, ეს დეტალი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იონკიო და ტენჩი ნაგე ერთმანეთის შემავსებელი ილეთებია.
დააკვირდით შემდეგ ფოტოებს:

ამ ორ ილეთში უკეს ხელი და მხარი ზუსტად ერთნაირადაა გაქაჩული და სწორედ ამიტომ უნდა შეიგრძნოს უკემ ერთი და იგივე რამ ორივე შემთხვევაში: ტენჩი ნაგე იონკიოა ცისკენ, იონკიო კი ტენჩი ნაგეა მიწისკენ. ეს ცისა და მიწის ორლესული ხმალია.

ეს შესანიშნავი დასტური არაჩვეულებრივ დროს გამოჩნდა. მართლაც, ტენჩი ნაგეთი ბოლოს და ბოლოს შეივსო რევოლუციური ელიფსოიდის ხუთ ღერძზე დალაგებული აიკიდოს ათი ფუნდამენტური ილეთის გარშემო აგებული გეგმა.
ეს უკანასკნელი ღერძი რომ დადასტურდა, სინამდვილეში ამით მთელ ის სისტემა დადასტურდა, რომელიც აქამდე ნელ-ნელა განვავრცეთ. კაჯოები კი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, როგორც ამას მომდევნო სტატიებში ვნახავთ, და ერთი ცალკე აღებული კაჯო ვერ იქნება სწორი და თან სხვებისგან დამოუკიდებლად შემოწმებული.

მაშ იონკიო და ტენჩი ნაგე ისევე უერთდება ერთმანეთს, როგორც ზეცა და დედამიწა.
ამ ახალი განმარტებით ერთმანეთის შემავსებელ ილეთებს დავუბრუნდეთ, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით აღმოვაჩინეთ კაჯოების დასაწყისიდან მოყოლებული:

იკაჯო იკიო – • – შიჰო ნაგე: გაუძრავება / გდება
ნიკაჯო ნიკიო – • – კოტე გაეში: გაუძრავება / გდება
სანკაჯო სანკიო – • – კაიტენ ნაგე: გაუძრავება / გდება
იონკაჯო იონკიო – • – ტენჩი ნაგე: გაუძრავება / გდება
გოკაჯო გოკიო – • – ირიმი ნაგე: გაუძრავება / გდება

ეს კავშირი შემთხვევითი არ არის, ცხადია და ამ სტატიის დასასრულს ვადგენთ, რომ წყვილი იონკიო – • – ტენჩი ნაგე მარტო არ არის, ვინც ცასა და დედამიწას აერთიანებს: ცა და დედამიწა სხვა კაჯოების ყველა საპირისპირო წყვილში ერთდება. ყველა გაუძრავება დედამიწაა, ყველა გდება კი ზეცას წარმოადგენს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-17
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)