კაჯო #21

1-ლი ნაწილი: ერთი გონი, ოთხი სული

კაჯოები სავსეა რესურსებით. ვინ იტყოდა, რომ ისინი ჩვენ ამ ცნობილ ფრაზამდე, აიკიდოს ფუძემდებლის კოსმოლოგიის გულში ჩაწერილ მაქსიმამდე მიგვიყვანდა?
კომენტარები, რომელთაც ამის შესახებ ვპოულობთ, უმეტესწილად „ამოჭრილ-გადმოკოპირებულია“ შინტოიზმიდან და ეზოთერული ბუდიზმიდან და არაფერს ისეთს არ გვამცნობენ, რაც საშუალებას მოგვცემდა ო-სენსეის ეს ფრაზა კონკრეტულად მიგვება სხეულის მუშაობასთან აიკიდოს პრაქტიკაში.
საწყენია, რომ სხეული ასე გვერდზეა მოტოვებული, რადგან სხეული სულზე დაბალი ნამდვილად არ არის. თუმცა ამის თქმა უკვე მათ დაპირისპირებას და დუალობის აღიარებას ნიშნავს. მაშინ ჯობს, ვთქვათ, რომ სული და სხეული მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეალობის ორი სახეა და რომ ეს რეალობა მატერიალურ სამყაროში სხეულის ფორმით გამოიხატება. მე ამას რომელიმე ბუზის ნაკბენის გამო არ ვწერ, მე ამას მორიჰეი უეშიბას ნიბართვით ვწერ:

 საკუთარი სხეულით სამყაროს მოძრაობის გამუდმებული ასიმილირების შედეგად, გონი სხეულის გავლით ასიმილირდება.
— ტაკემუსუ აიკი, ტომი III, 1-ლი სიტყვა, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

ამავე სიტყვაში ფუძემდებელი კიდევ უფრო შორს მიდის: ის განმარტავს, რომ ღვთიურობა განსხეულებულ სულში შედის, მაგრამ – და ესაა უმთავრესი – ეს ღვთიურობა ვერ იარსებებს იმ სხეულებრივი გონის გარეთ, რომელშიც ის შედის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ო-სენსეის გაგებით, სხეულს გონის განსაკუთრებული ფორმა აქვს, ისევე, როგორც ომოტე ურას განსაკუთრებული ფორმაა, სხეული გონის ხელშესახები გამოხატულებაა, მისი არსებობაა ამ სამყაროში.

არ შემიძლია, არ გავიხსენო თომას სახარება, III საუკუნის ეს აპოკრიფული ქრისტიანული ნაწერი, რომელიც ზემო ეგვიპტეში, ნაგ ჰამადიში აღმოაჩინეს და რომელიც ასე იწყება „იესომ თქვა...“ და შემდეგ ეს სიტყვა 29 მოსდევს:

თუ ხორცი გონის საარსებოდ გაჩნდა, ეს სასწაულია; მაგრამ თუ გონი ხორცის არსებობის გამო მოგვევლინა, ეს სასწაულთა სასწაულია. და მე ეს მაცვიფრებს: როგორ გაჩნდა ეს სიმდიდრე ასეთ სიღარიბეში?

და მე ვთხოვ ქრისტიანებს, რომლებიც ზიარების რიტუალს იცავენ, ო-სენსეის ამ ფრაზაზე დაფიქრდნენ „…გონი სხეულის გავლით ასიმილირდება.“ აბა სხვა რა არის ქრისტეს სხეულის ჭამა და მისი სისხლის სმა … თუ არა ფიზიკური ასიმილაცია? და განა ეს კანიბალიზმი ყველაზე ძლიერი ხატება არ არის, რისი შექმნაც შეიძლება იმ ამბიდან, რომ ადამიანის სხეული ღმერთის გონის ინკარნაციის ასიმილაციაა? ღმერთის გონი და ადამიანის სხეული სხვადასხვა რამ არაა, ისინი ერთი რეალობის ორი სახეა, ისინი როგორც ერთი, ისე არიან, ისინი ზიარებენ.
მაშინ გვესმის, თუ რატომ წერია, რომ ციური სამეფოს ძებნა რომელიმე ადგილას არაა საჭირო, მისი ძებნა გარეთ არაა საჭირო, ის ადამიანშია. და უეშიბაც ამას ამტკიცებს მთელი ძალით:

ტაკაამაჰარა ადამიანშია. თუ მას ცაში დაუწყებ ძებნას ან მიწაზე, ტაკაამაჰარას ვერ იპოვი. უნდა გვესმოდეს, რომ ის ჩვენშია. (…) ვიდრე ტაკაამაჰარას ცაში ან მიწაზე დაუწყებ ძებნას, ჯერ შენს თავში ეძიე. — ტაკემუსუ აიკი, ტომი II, სიტყვათა მე-3 ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

მე ვერასდროს გადავუხდი საკადრის მადლობას ჩემს მეგობარს, პიერ შასანს ყველა იმ ცნობისათვის, რომელიც მან მომაწოდა, იქნებოდა ეს ტატამზე თუ ფინჯანი ყავისა და კრუასანების ირგვლივ. იმ ამბებს შორის, რომელთაც ჩემს განათლებას შეუწყვეს ხელი, ესეცაა.
პიერი, როგორც აიკიდოს შეხვედრების ფუძემდებელი კოლ-სიურ-ლუში, იქ ყოველწლიურად ხვდებოდა იოშიმიცუ იამადას, რომელსაც ამერიკიდან პატიჟებდა სასწავლებლად. იმ დროს, როცა ეს ამბავი ხდებოდა, ამ უკანასკნელს რესტორანი გაეხსნა მანჰეტენზე და პიერმა ამაზე ცოტათი გააშაყირა შემდეგი სიტყვებით:

მაშ, სენსეი, როგორც ჩანს, რესტორნის პატრონი გახდარხართ?

იამადამ, ცოტათი გაღიზიანებულმა, უპასუხა

და თქვენ, შასან, თქვენ ისევ შიჰო ნაგეს აკეთებთ?

პიერმა პარტივად უპასუხა

დიახ, სენსეი.

მაშინ ის 80 წლისა გახლდათ.

პიერის პასუხი ბრძნულიც იყო და თავშეკავებულიც.
მართლაც, შიჰო ნაგე სხეულია. სხეულის სამუშაოა. ხოლო სხეულის მისია – რომელიც მხოლოდ მას შეუძლია, სწორად შეასრულოს – ისე მოქმედებაა, რომ სულიერმა გონმა გაფურჩქვნა შეძლოს. სხეულებრივი გონის გარეშე სულიერი გონი უძლურია, მხოლოდ მას არ შეუძლია შეასრულოს ის, რაც შესასრულებელია. დიახ, შასანი ისევ შიჰო ნაგეს აკეთებს 80 წლის ასაკში, და მართალიც არის, რადგან ამ სამყაროში მხოლოდ სხეულის მისოგი არსებობს.

ამას გვასწავლის აიკიდოს ფუძემდებელი:

 შინაგანი ღვთიურობის სამუშაო, როცა სხეულიდან შესაქმის ორგანოს აკეთებს, მისოგის ქმნის ამ სხეულიდან. — ტაკემუსუ აიკი, ტომი II, სიტყვათა მე-2 ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

სინათლის სამყაროსთან შესარწყმელად ხორცის სხეულია საჭირო. — ტაკემუსუ აიკი, ტომი II, სიტყვათა მე-3 ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

აიკიდოს პრაქტიკა აუცილებელი მისოგია სულიერი გონის გასაფურჩქნად და სხეულებრივ გონსა და სულიერ გონს შორის ჰარმონიის დასამყარებლად.

მაშასადამე აიკიდო მთლიანად პრაქტიკაშია, არსად სხვაგან, და უეშიბა ასე ამართლებს შასანს:

 მე, უეშიბას, კიდევ უფრო მეტი ვარჯიში მჭირდება. (…) მე ვერ ავიმაღლებ ხმას სხვებზე, თუ მე თვითონ არ ვიდგები ცის მოტივტივე ხიდზე. სწავლება მხოლოდ პრაქტიკით შემიძლია. — ტაკემუსუ აიკი, ტომი III, სიტყვათა 1-ლი ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

საინტერესოა, რომ ფუძემდებელიც 80 წლისა გახლდათ, როცა ეს სიტყვები თქვა.
…და მე დიდ ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ ბატონ იამადას რესტორანს.

ჩემი აზრით, ეს გრძელი პრეამბულა შემდეგი აზრის გასაგებად იყო საჭირო: სხეულებრივი გონის უპირველესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, როგორც ეს ფუძემდებლის სიტყვებშია გამოხატული, შეუძლებელია იჩი რეი შიკონ სანგენ ჰაჩირიკი ახსნადი არ იყოს აიკიდოს სხეულის მუშაობასთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ელემენტებით.
აქვე ვაზუსტებ, ეს არ ნიშნავს, რომ განმართების სხვა დონეებიც არ არსებობს. მაგრამ, ვფიქრობ, კარგია მსჯელობა დავიწყოთ იქიდან, რაც ხელთა გვაქვს. ჩვენს ხელთ არსებული ხელშესახები ელემენტები კი აიკიდოს ილეთებია და ახლა უკვე სხეულებრივი გონის მნიშვნელობაც ვიცით.

იჩი რეი, ერთი გონი.

ეს ერთი ღმერთის გონია, ყველაფრის საწყისის გონი (ამე-ნო-მინაკანუში). ის, რაც იქამდეა, ეს ყოფნა-არყოფნის დაპირისპირებაა. ის მოუხელთებელია, მაგრამ მისი ცნობა იმით შეიძლება, რომ ის არსებათა მთელ ჯაჭვს ქმნის. რადგან თუ ამე-ნო-მინაკანუში მოუხელთებელია, მისი ნამოქმედარი სულაც არ არის ასეთი, და უეშიბა ხსნის:

 ეს სამუშაო სამი ღვთაების ნახელავია, ამე-ნო-მინაკანიშის, ტაკამიმუსუბისა და კამიმუსუბის. ეს სამი ღვთაება წარმოშობით ერთია. — ტაკემუსუ აიკი, ტომი II, სიტყვათა მე-3 ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

ეს სამი ღვთაება წარმოშობით რომ ერთია, ნიშნავს, რომ 3 = 1, ანუ, რომ ტაკამიმუსუბი და კამიმუსუბი არ განსხვავდებიან ამე-ნო-მინაკანუშისაგან, მაგრამ იმასაც, რომ მასა აქვს ფორმა, რომელსაც მისი შემქმნელი ენერგია იღებს სამყაროსთვის დასაბამის მისაცემად.
შემდეგ უეშიბა ამე-ნო-მინაკანუშის ენერგიის მიერ მიღებულ ფორმაზე გვამცნობს:

ეს ღვთაებების, ტაკამიმუსუბისა და კამიმუსუბის ურთიერთქმედებაა, როდესაც ისინი ცეკვავენ და ასე წარმოქმნიან ერთ მარჯვნივ აღმავალ და ერთსაც მარცხნივ დაღმავალ სპირალს. — ტაკემუსუ აიკი, ტომი II, სიტყვათა 1-ლი ციკლი, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი

იჩი რეის მიერ მიღებულ ენერგიას, ღმერთის მოუხელთებელ გონს, სიცოცხლის შესაქმნელად სპირალის სახე აქვს, ხან აღმავალია, ხანაც დაღმავალი, როგორც წვიმის ციკლი.
სწორედ ესაა გამოსახული ქვევით, მორიჰეი უეშიბას ერთი ახლო, თუმცა უცნობი მოწაფის, ტანაკა ბანსენის მიერ შესრულებულ ნახატზე:

შიკონი, ოთხი სული.
ოთხი სული ნიშნავს მკვდრების ქვეყანას, რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა.
მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ ეს ოთხი სული ფიზიკურ ჭრილში, აიკიდოს ტექნიკის ჭრილში?
…ოთხი კანონი. ეს ის ოთხი კანონია (ჰო), რომლებიც ჩვენ მიმოვიხილეთ წინა კაჯოებში (შდრ. კაჯო #13):

იპო
ნიპო
სანპო
იონპო

უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ იდეოგრამას (ჰო) კიდევ ორი მნიშვნელობა აქვს და ესენია კონტროლი და მიმართულება. მაგრამ ვნახეთ ის საზღვრებიც, რომლებშიც ეს ორი მნიშვნელობა შეიძლება გამოვიყენოთ:

  • კონტროლი ითვალისწინებს მხოლოდ გაუძრავების ილეთებს და არ ერგება გდების ილეთებს
  • მიმართულება ერგება ილეთის თითოეულ მიმართულებას, მაგრამ არ ითვალისწინებს ამავდოულად დამატებით მიმართულებას, 180°-ით სიმეტრიულს

მხოლოდ სიტყვა კანონი უდგება ერთდროულად აიკიდოს ილეთების ერთიანობის შესაძლებლობებს.

მაშასადამე, შიკონი სფეროს ოთხი დიამეტრია, ოთხი სულია, რომლებზეც ღვთიური სპირალი, იჩი რეი თავისი ოთხი ფრთით, აიკიდოს ილეთებით ზის.
და ახლა ალბათ უკეთ გვესმის, რატომ ამბობდა ო-სენსეი აიკის ილეთებზე ლაპარაკისას, ღვთიურობის სასწაულებრივი მოქმედების შედეგად ისინი სპონტანურად იბადებიანო (ტაკემუსუ აიკი).

ფილიპ ვოარინო, 2012 წლის ივლისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-21
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)