მეთოდის მიღმა #10

1-ლი კუმიჯო

ვიდეო #9: კუმიჯოს 1 და 2 თვლა

საიტო სენსეის მეთოდში 1-ლი კუმიჯო კეთდება ხაზზე, ისე, როგორც ნაჩვენებია ეს ვიდეო # 9-ის ბოლოს (შდრ. მეთოდის მიღმა #9).

ამ სწორხაზოვანი პრაქტიკის მიზეზი ის გახლავთ, რომ სწავლის დასაწყისში აუცილებელია საბრძოლო კონტექსტის მოშორება (ისევე, როგორც ვაშორებთ ხოლმე მოწაფეთა დროში შეზღუდვას), რათა საუკეთესო პირობები შევქმნათ მოძრაობათა ფორმის შესასწავლად.

მაგრამ ყველა ნათლად ხედავს, რომ შეუძლებელია სწორ ხაზზე მუშაობა, როდესაც სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად გვიტევს რამდენიმე მოწინააღმდეგე, რაც რეალობა გახლავთ და რაც სწორედაც საბრძოლო კონტექსტის საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომაც, როგორც კი ადამიანი ფორმას შეისწავლის, პრაქტიკა ოთხი მიმართულების გათვალისწინებით უნდა განაგრძოს. ან დროს უნდა დატოვოს ეს თეორიული სწორი ხაზი, რომელიც აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ფორმის შესწავლისათვის საჭირო პირობა იყო და გადავიდეს წრეზე. ამჯერად საქმეში თეძოების ბრუნვა უნდა ჩართოს და მხედველობაში საბრძოლო რეალობა მიიღოს.

ამასთან, კუმიჯოს შემადგენელი ფაზები, რომლებიც ქრონოლოგიურად მიჰყვება ერთიმეორეს სწორ ხაზზე მეცადინეობის დროს, აუცილებელად უნდა შენარჩუნდეს, რადგან ისინი სიღრმისეულ ლოგიკას შეიცავენ ოთხ მიმართულებაზე გადასვლის შემდეგ. ამიტომაც უნდა დავიცვათ ისინი სკრუპულოზურად:

  1. გაეში ცკი,
  2. ჯოდან უჩი,
  3. გაეში უჩი,
  4. რენძოკუ უჩიკომი

ისინი არ უნდა შევცვალოთ ან გადავაკეთოთ იმ საბაბით, რომ ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ. პირიქითაც კი.

ამ დროს უკეთ გვესმის – და ეს ნათლად ჩანს ვიდეოზე – თუ რატომ არ არის ფაზა 2 თავდაცვა (ამის თაობაზე გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ). კუმიჯოს ოთხივე ფაზა ოთხი სხვადასხვა დარტყმაა და აქ არავითარ თავდაცვასთან არ გვაქვს საქმე. ეს სრულ თანხვედრაშია ო-სენსეის სწავლებასთან, რომელის მიხედვითაც აიკიდოში არ არსებობს დაცვა, მოგერიება ან დაბლოკვა.

ერთადერთი რამ, რაც იცავს ტორის, ეს ირიმია. ადამიანს უნდა ეყოს გამბედაობა, შევიდეს მოწინააღმდეგეთა წრეში. სწორედ ამას ღაღადებს ხატოვნად ო-სენსეის:

 თქვენს მტერთა შუბების ტყეში თქვენი გული თქვენი ერთადერთი ფარია. — ო-სენსეი, „ბუდო“, 1938

მომდევნო სტატიაში (« მეთოდის მიღმა #11 ») კუმიჯოს ბოლო ორ (3 და 4) თვლას განვმარტავ.

ფილიპ ვოარინო, 2015 წლის აგვისტო.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-10?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)