მეთოდის მიღმა #49

უჩი კაიტენ სანკიო ოთხი მიმართულების გათვალისწინებით

როდესაც მეთოდის ფარგლებში ვმუშაობთ, ვცდილობთ – და ეს ბუნებრივიცაა – დავიცვათ ყველა ის პუნქტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება უკეთ შევასრულოთ ილეთი უკეზე: მააი, კუთხეები, წონასწორობიდან გამოყვანა და ა. შ. იმისათვის, რომ აიკიდოს მოქმედება იყოს სრულყოფილი, თითოეული შემადგენელი ელემენტი სახეზე უნდა იყოს. სწავლების მიზანიც სწორი მოძრაობის ტექნიკური პირობების გამეორება და დახვეწაა.

მაგრამ მას, ვინც თავის პარტნიორთან ერთად ამ კვლევაშია ჩაფლული, აზრადაც არ მოსდის, რომ შეიძლება სხვა შეხედულება არსებობდეს ტექნიკურ ელემენტებზე, რომელთა დაცვაც ასევეა საჭირო. ის იმდენად მოცულია თავის სამუშაო უკესთან მიმართებებით, რომ თითოეული არსებითი ტექნიკური ელემენტი მხოლოდ და მხოლოდ ამ უკეზეა მორგებული. ვერც კი წარმოუდგენია, რომ იმავე ამ ტექნიკურ ელემენტებს გამართლება შეიძლება ჰქონდეს დროისა და სივრცის (ანუ იაპონურად, მააის) სხვა სფეროში. დროისა და სივრცის ეს მეორე სფერო ჩნდება მაშინ, როცა არა ერთი, არამედ უკვე რამდენიმე მოწინააღმდეგეა.

აღმოჩნდა, რომ ტექნიკური მოთხოვნები არ განსხვავდება იმის მიხედვით, ერთ სფეროში ვართ თუ მეორეში – ყველაფერი სრულიად იდენტურია, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკა სრულდება ან რომელია შეტევის სახეობა – და გთხოვთ ამ « დამთხვევაის » არაჩვეულებრივ ბუნებაზე დავფიქრდეთ.

სხვა სიტყვებით, ერთი და იგივე ფუნდამენტური ტექნიკური პუნქტი გამართლებულია როგორც ერთი უკეს სფეროში შექმნილ კონტექსტში, ისე რამდენიმე უკესაგან შექმნილ სფეროში (რომელიც ბევრად კომპლექსურია). ბიოლოგიას რომ დავესესხოთ შედარებისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა თუ იმ ტექნიკის 'დნმ' მუდმივი მოცემულობაა, ის თავს იჩენს როგორც ყველაფერში, ისე თითოეულ მის შემადგენელ ნაწილში. სამყარო ერთია, ის არის ყველაზე მცირე ნაწილაკებში, ისევე როგორც სრულ მთლიანობაში.

კონკრეტულად და მაგალითზე დაყრდნობით რომ ვილაპარაკოთ, ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ მოძრაობის დასაწყისში უკეს წონასწორობიდან გამოყვანისათვის აუცილებელი გადაადგილების კუთხე იგივეა, რაც კუთხე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვისროლოთ ეს უკე მარცხენა მოწინააღმდეგისკენ და რომ უკეს წონასწორობიდან გამოყვანისათვის აუცილებელი გადაადგილების კუთხე იმ მომენტში, როდესაც მისი ხელის ქვეშ გავდივართ, იგივეა, რაც კუთხე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარჯვნიდან მომავალი მოწინააღმდეგე ავიცილოთ თავიდან და უკე მის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ის, რაც სწორია ერთი მეტოქის მიმართ, ამავდროულად სწორია და მუშაობს სხვა მეტოქეების მიმართაც.

აიკიდოს ეს კანონი სამყაროს კანონია და ამ კანონის პრაქტიკული შედეგი ის გახლავთ, რომ იოლია გადამოწმება - მართლა აიკიდოა თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ: თუ ერთი მოძრაობა მუშაობს ერთ უკესთან, მაგრამ მისი შესრულება შეუძლებელია ჯგუფური შეტევის შემთხვევაში, გამოდის, ეს არ ყოფილა აიკიდო. ეს კრიტერიუმი უაპელაციოა.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის ოქტომბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-49
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)