მეთოდის მიღმა #69

შიჰო ნაგე ურა: მტკიცებულება ჯო დორით

სტატია #68-ში დავინახეთ, რომ შიჰო ნაგეს დასასრულს საპირისპირო მხარეს ტრიალი გასაგები და მისაღებია მეთოდის ფარგლებში, როგორც გამარტივება მოძრაობისა, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება თავის საბრძოლო რეალობაში.

მე ვიცი ამ გამარტივების არსებითი მიზეზი – მნიშვნელობა არა აქვს, ეს საიტო სენსეისგან მოდის თუ თავად ოსტატი უეშბასგან – ეს იმიტომ ხდება, რომ დამწყებს არ უჩვენებენ ნამდვილ მოძრაობას: უწინარესად იმიტომ, რომ მან შეიძლება ტრავმა მიაყენოს სახიფათო ტექნიკაზე კონტროლის არქონის გამო, მაგრამ უფრო მეტად იმ მიზეზით, რომ ამა თუ იმ სკოლის ცოდნათა უმაღლეს შრეებს არ უჩვენებენ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ და არ არიან დარწმუნებულნი, რომ ის ამას ბოროტად არ გამოიყენებს.

ამ მიზეზის არგათვალისწინება საბრძოლო ხელოვნებების სულისკვეთების ცუდად ცოდნას ნიშნავს. ეს ხელოვნებები შუა საუკუნეებში გამოიჭედა, სადაც ამგვარი სიფრთხილის დაცვა სკოლებისა და ადამიანების გადარჩენის საწინდარი გახლდათ.

თუმცაღა, არასრული და არარეალური ტექნიკის სწავლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც საქმე სწავლების დროებით პროცედურას შეეხება, იმ დროში, ვიდრე დამწყები მოწაფე სარწმუნო მოვარჯიშედ არ იქცევა, მოვარჯიშედ, რომელიც ამას საქმით დაამტკიცებს, რომელიც ენდობა თავის მასწავლებლებს და რომელიც სწორად მიმღები გახდება ავთენტური სწავლებისა. მაგრამ თუ ავთენტური ცოდნა არასდროს გადაეცემა მომავალ თაობებს, მაშინ რამდენიმე თაობის შემდეგ ეს ცოდნა დაიკარგება და სკოლა თავდაპირველი ცოდნის დეფორმირებული გამოსახულებაღა დარჩება და მეტი აღარაფერი.

ეს პრობლემა დაატყდა თავს აიკიდოს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში: მოწაფეებს, რომელთაც შეიძლება მიიღეს ო-სენსეისაგან ამგვარი სწავლება და რომლებიც თითებზე ჩამოსათვლელები არიან, ის არ გადაუციათ, ან იმდენად ფრაგმენტირებულად გადასცეს, რომ მომდევნო, გვიანდელი გადაცემა უკვე შეუძლებელი შეიქნა.

უფრო ნათლად რომ ვთქვათ სათქმელი, თუკი ილეთი შიჰო ნაგე ურა, რომელიც აქ ჩვენი ინტერესის საგანს შეადგენს, მთელს პლანეტაზე ისწავლება საპირისპირო მხარეს ტრიალით მოძრაობის ბოლოს, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა გულწრფელად ფიქრობს, ეს ავთენტური ტექნიკააო. საყრდენად, ცხადია, ოსტატი უეშიბას ვიდეოებს გამოიყენებენ და იტყვიან, « შეხედეთ, აგერაა ამის მტკიცებულება ! », და ავიწყდებათ, რომ სწორედ ამ ადამიანს არ უნდოდა თავისი ხელოვნების წარმოდგენა იმპერატორის კარზე და ამას იმით ხსნიდა, რომ არ შეეძლო სიცრუის ჩვენება იმპერატორის წინაშე. ამ ისტორიის გაგრძელებაც ცნობილია, ჰირო ჰიტომ შეუთვალა ო-სენსეის, მე მაგ სირუითაც დავკმაყოფილდებიო. მაგრამ ჩვენ, ვინც მთელ ჩვენს სიცოცხლეს ამ ხელოვნებას ვუძღვნით, შეგვიძლია ამით დავკმაყოფილდეთ?

უამრავმა არაკოჰერენტულობამ უნდა დააფიქროს ჩემი თანამოძმე მასწავლებლები. პირველი ამათგანი, ცხადია, ის ამბავია, რომ ორმაგი ბრუნით შესრულებული შიჰო ნაგე ურა არ მუშაობს მრავლობითი შეტევის შემთხვევაში (შდრ. სტატია #68). ეს არსებითი პუნქტი სასტიკ წინააღმდეგობაშია ო-სენსეისეულ ინსტრუქციასთან « აიიდოს ნებისმიერი ტექნიკა ერთნაირად მუშაობს როგორც ერთი, ისე ბევრი მეტოქის წინააღმდეგ ».

ბედად, ზოგიერთი მინიშნება ხანდახან ჭეშმარიტი ტექნიკის გზაზე გვაყენებს. ეს მინიშნებები ისევეა, როგორც პატარა კენჭები ტყეში დატოვებული ცეროდენას ბილიკზე. ჯო დორი შიჰო ნაგე ურა ერთი ამათთაგანია.

ამ შემთხვევაში, ჯოთი ხელში მართლაც შეუძლებელია ფიზიკურად შეასრულო ორ მხარეს ბრუნი, იძულებული ვხდებით იმავე მიმართულებით განვაგრძოთ ტრიალი იქამდე, ვიდრე ეს ბრუნი დასასრულს არ მიაღწევს, ანუ იძულებული ვხდებით შიჰო ნაგეს ნამდვილი მოძრაობა შევასრულოთ: მარჯვენა თეძო არ ეცლება უკნისაკენ ჰანმის დგომით, ის კვადრატულად აწვება წინ და ამით წარმოშობს ძალას (ესაა აიკიდოს ირიმი-ტენკანი), და სწორედ ამიტომაა ამგვარად შესრულებული შიჰო ნაგე გამანადგურებელი.

ერთი საინტერესო რამაა აქ: ტექნიკურ გამარტივებას მხოლოდ ლიმიტირებული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს და ისიც გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ვერასდროს ექნება ყველა შემთხვევაში, სამაგიეროდ, ავთენტური ტექნიკა არასდროს ცდება, როგორიც არ უნდა იყოს შემთხვევა, ის მუდამ ღირებულია და სწორედ აღარ რჩება სხვა გზა, თუ არა მისი გამოყენება, როდესაც ტექნიკური გამარტივება თავის ბოლო ზღვარს აღწევს.

ყურადღებას გავამახვილებინებ ყველა ჩემს ივამელ ამხანაგს, რომ საიტო სენსეი ამ ტექნიკას ისე ასწავლიდა, როგორც ეს ამ ვიდეოზეა ნაჩვენები. სხვათა შორის, ნებისმიერ მოვარჯიშეს შეუძლია ამის შემოწმება არსებული დოკუმენტებით, წიგნებითა თუ ვიდეოებით.

მაშ რა გამოდის? რომ ორი განსხვავებული (და ურთიერთგამომრიცხველი) გადაადგილება არსებობს ერთი და იმავე შიჰო ნაგეს გასაკეთებლად, იმის მიხედვით, ჯო გვიჭირავს ხელში თუ შიშველი ხელებით ვართ? ეს თუ ასეა, სადღაა ცნობილი რიაი, სადღაა იჩი რეი, აიკიდოს ერთიანი, საყოველთაო პრინციპი?

« იჩი რეი, ში კონ, სან გენ, ჰაჩი რიკი », ეს უნდა გვესმოდეს, თუკი გვინდა აიკიდო ვაკეთოთ.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის ივნისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-69
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)