მეთოდის მიღმა #79

უშირო რიოტე დორი კოტე გაეში

სტატია #78-ში დეტალურად გავაანალიზეთ გადაადგილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, კოკიუ ნაგეთი მოვისროლოთ უკე, გადაადგილება, რომელიც ამ შემთხვევაში წრის უკანა მეოთხედში სრულდება. ეს მეოთხედი უკანა ფეხის გვერდითაა. ერთი წამით დავუბრუნდეთ ამ გადაადგილების შესახებ მოცემულ მითითებებს და აქ ასევე ჰიპოთეზად მივიღოთ ისიც, რომ მარცხენა ჰანმიში (ჰიდარი ჰანმი) მდგომ ტორის მაჯებში ავლებენ ზურგსუკნიდან.

  1. პირველ თვლაზე უკანა (ანუ მარჯვენა) ფეხი ბრუნვით გადის მარჯვნისაკენ (იგულისხმება ნაბიჯი გვერდით და არა უკნისაკენ). ეს მოქმედება ამდგრადებს სხეულს და ორ ძალას აერთიანებს: მარჯვენა ხელს ურტყამს მარჯვნიდან მომავალ მეტოქეს და მარჯვნისაკენ აკარგინებს წონასწორობას მოწინააღმდეგეს, რომელიც მას მაჯებში ავლებს. გადაადგილების ამ პირველ ნაწილს სახელად ირიმი ეწოდება.
  2. მეორე თვლაზე წინა (ანუ მარცხენა) ფეხი ბრუნვით გადის მარჯვნივ, უკნისაკენ. მარცხენა თეძოს ეს უკნისაკენ ბრუნვა შემავსებელი მოძრაობაა მარჯვენა თეძოს წინისაკენ ბრუნვისა. სწორედ ის « დაასრულებს » წონასწორობიდან გამოყვანას და გდებას იმ მოწინააღმდეგისას, რომელსაც მის მაჯებში აქვს ხელები ჩავლებული. გადაადგილების ამ მეორე ნაწილს სახელად ტენკანი ეწოდება.

ეს ტექსტი სიტყვასიტყვითაა გადმოღებული სტატია #78-დან, სადაც კოკიუ ნაგეს ტექნიკაა განმარტებული. ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ ახლა ისე ერგება ეს კოტე გაეშით გდებას, რომ ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ არის საჭირო.

ზედა ვიდეოზე მართლაც შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ გადაადგილება უმკაცრესად იდენტურია და რომ კოკიუ ნაგესთვის მოხმობილი ყველა დაზუსება იმავენაირად ღირებულია კოტე გაეშისთვისაც.

გადაადგილების ეს იდენტურობა იმსახურებს წამით ჩავფიქრებას. აღმოვაჩენთ, თუ როგორ შეიძლება დაუდოს სათავე ერთმა და იმავე გადაადგილებამ ორ, ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ტექნიკას. ეს თანასწორი გადაადგილება ერთიანი სათავე ხდება ილეთებად დაყოფილი განსხვავებული ფორმებისა: ის მათ წარმოშობს. სწორედ ამ მნიშვნელობით უნდა გავიაზროთ ერთიანობა (რიაი), რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ილეთებს: ისინი ერთმანეთს თავიანთი საერთო წარმოშობით უკავშირდებიან, როგორც ერთი და იმავე ორგანიზმის უჯრედები მომდინარეობენ თავდაპირველი უჯრედის პირველადი გაყოფიდან.

ტაი ნო ჰენკა, აიკიდოს ზოგადი და ერთიანი პრინციპი, დასაწყისში ირიმი-ტენკანად იყოფა და ამ პირველადი გაყოფისაგან წარმოიშვება ურიცხვი ტექნიკური ფორმა, ისევე, როგორც მოქმედების პრინციპი იყოფა სამყაროში ინად და იანად, რათა ამით დასაბამი მისცეს მატერიის მოწყობის უთავალავ შესაძლებლობას.

საწყისი ჰიდარი ჰანმის შენარჩუნებით შევამჩნევთ, რომ უკანა ფეხი (მაშასადამე მარჯვენა ფეხი), როდესაც იგი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდება, შეუძლია გამოიწვიოს გადაადგილება უკანა მარჯვენა და წინა მარჯვენა მეოთხედებში და თან ისე, რომ წინა ფეხი (მაშასადამე მარცხენა ფეხი) არ გაინძრეს ადგილიდან. სამაგიეროდ, წინა მარცხენა მეოთხედში მისასვლელად უკანა ფეხს სჭირდება, რომ წინა ფეხმა მას გასასვლელი მისცეს და სწორედ ესაა ჰიტო ე მის გახსნა, რაც წარმოშობს ბრუნვას. მაგრამ უკანა ფეხი ვერ მივა უკანა მარცხენა მეოთხედთან ისე, რომ წინა ფეხი მთლიანად არ გაეცალოს წინასწარ, სრულ ბრუნვაში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ჰიტო ე მის გახსნის გაგრძელება. იმისათვის, რომ მარჯვენა ფეხი უკანა მარცხენა მეოთხედთან მივიდეს და თან ბრუნვის იგივე, ანუ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულება შეინარჩუნოს, აუცილებელია, რომ მოძრაობა წინა ფეხმა დაიწყოს და, აქედან გამომდინარე, პირველი მივიდეს უკანა მარცხენა მეოთხედთან.

სწორედ ამგვარად აყენებს უკანა ტერფი სხეულის ღერძს საწყისი წარმოსახვითი ჯვრის ორივე ბისექტრისაზე, რომელიც ოთხი მოწინააღმდეგის სახითაა წარმოდგენილი. ეს წარმოსახვითი ჯვარი, რომელიც პოტენციური შეტევების ჯვარი გახლავთ, წარმოდგენილია 90°-იანი, 180°-იანი, 270°-იანი და 360°-იანი კუთხეებით. ბისექტრისების ჯვარი, რომელიც ტორის მოქმედებებისა და ძალების ჯვარია, წარმოდგენილია 45°-იანი, 135°-იანი, 225°-იანი და 315°-იანი კუთხეებით. ეს კუთხეები ცალ მხარეს ბრუნვით მიიღება, მარცხნივ მავალი, თუკი საწყისი დგომი მარცხენა ჰანმია და მარჯვნივ მავალი, თუკი საწყისი დგომი მარჯვენა ჰანმია.

ამ მოკლე განმარტებამ შესაძლოა გვიბიძგოს, უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ სავარჯიშოს, რომელსაც ჰაპო გირი ეწოდება. მართლაც იოლად მივხვდებით, რომ ამ სავარჯიშოს პირველი ოთხი ჭრა (შიჰო გირი) ვერ გამოდგება ნამდვილ ჭრებად იმ მოწინააღმდეგეთა მიმართ, რომლებიც რეალურად გვიტევენ ამ კუთხეებით, თორემ უკეტაჩი მუდმივად დარჩებოდა შეტევის ხაზზე და, ცხადია, მოხვდებოდა კიდეც ხმალი.

არა, სავარჯიშოს პირველი ოთხი ჭრის დანიშნულება შეტევის ჯვრის პოზიციონირების განსაზღვრაა, რაც ოთხი ერთდროული თავდამსხმელითაა მატერიალიზებული. სავარჯიშოს ოთხი მომდევნო ჭრა, რომლებიც საწყისი ჯვრიდან 45°-ით წანაცვლებულ ბისექტრისებს იყენებს, უკეტაჩის შესაძლო მოქმედებათა ჯვარს განსაზღვრავს შეტევის ჯვართან მიმართებაში. ამ ბისექტრისების კუთხეებს უკეტაჩი ყოველ ჯერზე უსაფრთხო პოზიციებში, შეტევის ხაზის გარეთ გადაჰყავს, სადაც ამ უკანასკნელს ყოველ ჯერზე პოტენციურად ორ მოწინააღმდეგეს შეუძლია დაარტყას ერთდროულად.

ჰაპო გირი არ გახლავთ ხმლით ჭრის გიმნასტიკური სავარჯიშო რვა მიმართულებით. გიმნასტიკა მხოლოდ გარეგნული მხარია ამისა. სინამდვილეში ჰაპო გირი სიღრმისეული, თუმცაკი დაშიფრული სწავლებაა აიკიდოს გადაადგილებისა, სწავლება იმ სივრცის წარმოსახვითი გამოსახულებისა, რომელიც გარს არტყია უკეტაჩის და სწავლება მოქმედებების რაციონალური ოპტიმიზაციისა, რომელიც ამ სივრცეში უნდა გავწიოთ. ეს მოქმედებები რიცხვით რვაა, რვა ძალა, დაბადებული ოთხი გონებისაგან, ოთხი შესაძლო ველი. აქ წრეში ოთხი მეოთხედია, თუკი ამ ყველაფრის გეომეტრიულად წარმოდგენა გვირჩევნია.

ამის შესწავლა ხელს არ გვიშლის ოფლის მოდენაში.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-79
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)