მეთოდის მიღმა #88

ჯუსან ნო ჯო 7-13

თუკი ღმერთის სიდიადე რაღაცეების დამალვაშია, პატივი, რომელსაც ადამიანი მიაგებს ღმერთს, ისაა, რომ არ დაკმაყოფილდეს ამ რაღაცეების ზედაპირით, მხოლოდ მათი გარეგნული მხარით. ეს ამბიცია მისი ღირსებაა, თუმცა შინაარსის ძიებაც მისი საზღვრის ნიშანია. მართლაც, არარა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ უნდა გამოაშკარავდეს, და ეს ადამიანს ღმერთთან ათანასწორებს. მე გარკვეული ეჭვები მაქვს ამის თაობაზე და ისეც ხდება ხოლმე, რომ საკუთარ თავს ვეკითხები, ხომ არ სჯობს სამყაროს იდუმალი წესრიგი არ დავარღვიოთ-მეთქი.

არადა ყველაფერს სულ ამის საპირისპიროდ ვაკეთებ, ბავშვის გულუბრყვილობითა და ენთუზიაზმით, რაც ძალი და ღონე მაქვს, თავდაუზოგავად ვცდილობ ავწიო ფარდა, რომელიც საჭიროების გამო მეთოდმა ჩამოაფარა აიკიდოს წინ. რაღაცეები იმიტომ არაა საიდუმლო, რომ ისინი დაფარულია, ისინი საიდუმლო თავიანთი ბუნების გამოა, რადგან ისინი რთულია, ხოლო ადამიანი ვერ ჩასწვდება რთული რამის არსს მარტივი აღწერით, არადა მეთოდი სწორედაც გამარტივებული აღწერა გახლავთ ბევრად უფრო რთული რეალობისა. ადამიანი ვერ გახდება ეინშტენი სამოყვარულო სამეცნიერო წიგნების კითხვით.

ბოლომდე პატიოსანი რომ ვიყო, ამ წამოწყებაში ჩემი მეგზური მხოლოდ ფილანტროპია არ გახლავთ, მე ჩემთვის ვიკვლევ ამას. მაგრამ ყველაზე კარგად იმათი მზერის ქვეშ ვპოულობ ყველაფერს, ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობს, იქნება ის კეთილმოსურნე თუ მტრულად განწყობილი. ის, რაც ნაპოვნის სხვისთვის გაზიარებისკენ მიბიძგებს, ცოდნის წმინდად ეგოისტური წყურვილია, ან, ნაკლები პედანტურობით რომ ვთქვა, ცნობისწადილი, რაც ალტრუისტული მხოლოდ გარეგნულად გახლავთ. ეს არც მორალის საწინააღმდეგოა და არც მორალისთვის უცხო. მაგრამ არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ მე ამორალობამ მომცა საშუალება, გამეხილა თვალები აიკიდოს ზოგიერთ იმ ასპექტზე, რომელიც გაუგებარი რჩება კლასიკურ სწავლებაში და რომელთა გვერდით ბრმად და ინტერესდაკარგული ნაბიჯით ჩავივილიდი. აქედან არაფერს არ ვასკვნი, აქედან არანაირი ზოგადი წესი არ გამომაქვს, უბრალოდ, ვამბობ იმას, რაც არის. სინამდვილე კი ის გახლავთ, რომ აქ ვერც ჩემი სიტყვებიდან გაიგებს ვინმე რამეს და ვერც მათთვის თანდართული ვიდეოდან, თუკი ყურადღებით არ წავიკითხავს წინამავალ სტატიებს #86-ს და #87-ს.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-88?language=ru
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)