Much obliged, სტენ

სტენლი პრანინი და მორიჰირო საიტო 1979

უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები გაიყო, უფრო დიდი ხანია, ცხადია, ვიდრე ერთმანეთი გავიცანით 1986 წლის თებერვალში, იაპონიაში ჩემი ჩასვლის დღეს. უენოს სადგურში ქაღალდის ნაგლეჯზე იაპონურად დამიწერე « ივამა მადე კუდასაი » და მომეცი იმ შემთხვევისთვის, თუკი გზა ამერეოდა ტოკიოსა და პატარა სოფელ ივამას შორის. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა რამდენიმე სიტყვა « ივამაში, გეთაყვათ », მაგრამ იმ დღეს, ისეთი კმაყოფილებით მოვკეცე და ჩავიდე ის ფურცელი ჯიბეში, როგორც ამას რაიმე მნიშვნელოვანი საშვის შემთხვევაში გავაკეთებდი.
ამ ყურადღებისათვის, რომ მოიცალე და დრო გამონახე, მაშინ როცა ერთმანეთისთვის მხოლოდ უცნობები ვიყავით, much obliged, სტენ.

იმ 80-იანი წლების მიწურულს შენ კვირაში ერთხელ ამოდიოდი ტოკიოდან საიტო სენსეის სწავლების მისაღებად იბარაკის ძველ დოჯოში, ივამაში. სწორედ აქ გავიცანით ერთმანეთი უფრო ახლოს და არაერთხელ გვივარჯიშია კიდეც ერთად. ვარჯიშის დასრულებისას ერთი სიამოვნება და პრივილეგია იყო იმ ამბების მოსმენა, რომელთაც შენ ჰყვებოდი იმ გარემოებებათა შესახებ, რომლებშიც შენ აკეთებდი ახალ-ახალ აღმიჩენებს აიკიდოს ისტორიის სფეროში.

შენმა პირველმა საგანძურმა 1979 წელს იხილა დღის სინათლე ტოკიოს ერთ-ერთი ფილმოთეკის არქივებიდან: 1935 წელს ოსაკაში, ასაჰი შინბუნში გადაღებული 16 მილიმეტრიანი ფირი ო-სენსეიზე, უტყუარი მტკიცებულება აღმოჩნდა იმისა, რომ დღეს აიკიდოს სახელით ცნობილი ხელოვნება იმხანად უკვე მისული იყო დამუშავების ფრიად დაწინაურებულ სტადიამდე, და ბევრად უფრო ადრე მოხდა, ვიდრე თვით სახელწოდება აიკიდო დაფიქსირდებოდა. შენ თაროზე შემოდებული და მიძინებული რამდენიმე ბობინის ნახვა მოგინდა და თვალწინ ო-სენსეის უეცარმა გამოჩენამ გაგაოგნა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ხანგრძლივი დემონსტრაციისას.
იმისათვის, რომ დავიწყების კუნჭულებიდან ამოიღე ამგვარი სასწაული, much obliged, სტენ.

ერთადერთი ადამიანის სახელის ხსენება რომ გახდეს საჭირო იმათ შორის, ვინც აიკიდოს განვითარებას შეუწყო ხელი დასაბამიდანვე, ეს უთუოდ ადმირალი ისამუ ტაკეშიტა იქნება. რუსეთ-იაპონიის ომის მთავარი მოქმედი პირი მორიჰეი უეშიბას ენთუზიასტი მოწაფე გახლდათ და თავისი მასწავლებელი იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იამამოტო გონოჰიოეს წარუდგინა. ასე მოიპოვა უეშიბამ იაპონიის სამხედრო და პოლიციის აკადემიების ინსტრუქტორის თანამდებობა.

სწორედ ადმირალმა ტაკეშიტამ წარმოადგინა აიკიდო პირველად შეერთებულ შტატებში და პირადად გააცნო ის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს თეთრი სახლის კედლებში, იმ დიპლომატიური მოლაპარაკებების გვერდის ავლით, რომლებმაც დასასრული დაუდო რუსეთ-იაპონიის ომს. იმ უმთავრესი როლისთვის, რომელიც მან შეასრულა ამ მოლაპარაკებების ჟამს, ტაკეშიტამ თავის ქვეყანაში ყველაზე დიდი და გამოორჩეული ჯილდო, ამომავალი მზის ორდენი მიიღო.

ისამუ ტაკეშიტას მოუვიდა აზრად და შეასხა ხორცი ო-სენსეის აიკიდოს ჩვენებას ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში, 1941 წელს, იმპერატორის კარისა და ოჯახის ერთად თავშეყრილი წევრების წინაშე. ამ მოვლენამ აიკიდოს წარჩინებულობა და კეთილშობილება შესძინა.

წარმომიდგენია შენი ემოცია, სტენ, იმ დღეს, როცა ამ გამორჩეული ადამიანის მიერ შედგენილი საქაღალდეებით სავსე ყუთს მიაკვლიე: ასობით მჭიდროდ ნაწერ მომცრო ფურცელს, რომელზეც ბეჯითად და ჭკვიანურად იყო ჩამოწიკწიკებული ო-სენსეის ყოველდღიური გაკვეთილების შინაარსი 1925-1940 წლებში, რომელთა დროსაც ტაკეშიტა მუყაითი მოწაფე გახლდათ მიუხედავად მისი ასაკოვნებისა.

და მახსოვს, როგორ ბუზღუნებდი საიტო სენსეიზე, იმიტომ რომ მან ერთხელაც არ შეიწუხა თავი, მართლა გადაეკითხა ეს ჩანაწერები, რომლებიც შენ მას გადაეცი, რათა მას ისინი შეესწავლა და შეედარებინა იმ გაკვეთილებისთვის, რომლებიც მას თავად მიეღო ო-სენსეისაგან. რაოდენ გასაოცარი სწავლება შეიძლებოდა წარმოშობილიყო ამ შედარებისაგან! დასანანია, რასაკვირველია, მაგრამ ერთ დღესაც ვინმე იმუშავებს ამ მასალაზე და გამოიტანს იქიდან იმ სიმდიდრეს, რომელსაც ის შეიცავს აიკიდოს შეცნობის თვალსაზრისით. ამ მკვლევარის სამუშაო ის მზრუნველობაა, რომელიც შენ გამოიჩინა ამ დოკუმენტების გადასარჩენად და რომელიც ამ სამუშაოს მომავალში შესაძლებელს გახდის.
და ამგვარი ბილიკებისთვის, რომლებიც ღიად დატოვე მომავლისათვის, much obliged, სტენ.

შენი სიურპრიზიდან ყველაზე ლამაზი უთუოდ ივამას მოქალაქეს, 1930-1940-იან წლებში ო-სენსეის მოწაფეს, ძენძაბურო აკაძავას უკავშირდება. შენთვის მოცემული ერთ-ერთი ინტერვიუს შუაში ძენძაბურო წამით წამოდგა და გავიდა. თავისი სიტყვების განსამტკიცებლად ის წიგნით ხელში დაბრუნდა, წიგნით, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ იცნობდა: ერთადერთი წიგნით, რომელიც ოდესმე დაუწერია მორიჰეი უეშიბას და რომელიც 1938 წელს ავტორის ხარჯით გამოიცა იმპერატორის მეუღლის ღვიძლი ბიძაშვილის, პრინც კაია ცუნენორისათვის და დაურიგდა დაწინაურებული მოწაფეების ძალიან მცირე რაოდენობას მათ მიერ სწავლაში მიღწეული დონისათვის მადლიერების ნიშნად.

1981 წლის იმ ზაფხულამდე, როდესაც შენ პირველად ჩაგივარდა ხელში ეს ფასდაუდებელი ნაშრომი აიკიდოს ფუძემდებლის აზრებსა და ტექნიკაზე, მთელი მსოფლიოსთვის უცნობი იყო მისი არსებობა.

« ბუდოს » დიდი შედეგები მოჰყვა შენთვის, ო-სენსეის წიგნმა აიკიდოს აღქმა შეგიცვალა. მართლაც, რაგინდ დიდიც არ უნდა ყოფილიყო შენი აღფრთოვანება საიტო სენსეის მიმართ იმხანად, იქამდე არ იყავი დარწმუნებული, რომ ტექნიკა, რომელსაც ის ასწავლიდა ივამაში, ზუსტი ასახვა იყო ფუძემდებლის სწავლებისა. მაგრამ ამ მომცრო ნაშრომის წაკითხვამ ეჭვები გაფანტა, აშკარად ერთი და იგივე იყო სწავლება, ერთი და იგივე მოძრაობები, ერთი და იგივე სიტყვები და ერთი და იგივე განმარტებები. და პირველი შენ მიხვედი ამ რევოლუციურ დასკვნამდე: თუკი არავითარი განსხვავება არ არის ო-სენსეის მიერ საიტო სენსეისათვის 1946-1969 წლებში გადაცემულ აიკიდოსა და 1938 წლის აიკიდოს შორის (უფრო წინა პერიოდზეც შეიძლება ლაპარაკი, 1935 წლის ფირი საკმარისი დასტურია ამ მოსაზრებისა), მაშინ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, აიკიდოს თანამედროვე განვითარება არის მოვლენა, რომელიც შეუძლებელია ფუძემდებელს მივაწეროთ. მაშასადამე, ეს ევოლუცია აუცილებლად აიკიკაის წიაღში გავრცელებულ სწავლებას უკავშირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აიკიკაის პრაქტიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ავთენტურობის უზენაესი გარანტის სახით, სინამდვილეში დაშორებულია ფუძემდებლის სწავლებას, და ამასთან თავად იმათ აცხადებს დამრღვევებად და გზას აცდენილებად, ვინც დღემდე იმ სწავლების ერთგული დარჩა.
შენ ამას ყველაზე ადრე მიხვდი და დაიწყე ამის სხვებისთვის ახსნა.

ენთუზიზმით სავსემ პირადად უზრუნველყავი ბუდოს ხელახალი გამოცემა იაპონურად და პირველი ეგზემპლიარი საიტო სენსეის მიართვი. თითქმის დაუჯერებელი აღმოჩნდა შენთვის მისი აღიარება, რომ იგი პირველად ხედავდა ამ წიგნს – იგი, ვინც ყოველდღიურად ცხოვრობდა ფუძემდებელთან 23 წლის განმავლობაში. ყოველდღე ვერ განიცდის ადამიანი ასეთ სიხარულს, იმ ურიცხვ საჩუქართაგან, რომლებიც მას ჰქონდა მიღებული ცხოვრებაში, ეს უკანასკნელი ბევრად აღემატებოდა ყველას და ყველაფერს.

შენი წყალობით მან წლების განმავლობაში მოიარა მსოფლიო ამ პატარა წიგნით ხელში და ყოველ სემინარზე აჩვენებდა, თუ როგორი ზუსტი ანარეკლი იყო მისი სწავლება ო-სენსეის სწავლებისა, საპირისპიროდ იმისა, რაც შეიძლება აფიქრებინოს ადამიანს აიკიკაის მეთვალყურეობით აიკიდოს მსოფლიო განვითარების გარეგნულმა მხარეებმა.
მაშ მისი სახელით, ვინც არ იქნებოდა იგივე ადამიანი, ერთ მშვენიერ დღეს გზად ეს წიგნი რომ არ შეხვედროდა, much obliged, სტენ.

სამწუხაროდ, ერთ დღეს, როდესაც ტოკიოში ყოფნისას შენ გესტუმრე, შენ დიდი იმედგაცრუება გამიზიარე და ოთახის სიღრმეში დახვავებულ მუყაოს ყუთების გროვაზე მიმანიშნე: კიშომარუ დოშუ, ო-სენსეის ვაჟი, გამოქვეყნების ნებართვას არ იძლეოდა. მაშინ როცა კარს ვკეტავდით, რათა სობას საჭმელად წავსულიყავით ქუჩის კუთხეში, შენ ერთ ეგზემპლიარს დასწვდი მუყაოს ყუთიდან და მე გამომიწოდე მეგობრობის ნიშნად. საოცარი საჩუქარი ჩემთვის, ამ წიგნის ჯონ სტივენსისეულ პირველ ინგლისურ თარგმანამდე ბევრად უფრო ადრინდელი. იმხანად მე ჯერ კიდევ შორს ვიყავი იმის წარმოდგენისაგან, რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ამ დოკუმენტს ჩემი განვითარებისათვის აიკიდოში მომდევნო ათწლეულების მანძილზე და დღევანდელ დღემდე.
ამ მეგობრული ჟესტისათვის, რომელმაც ამხელა გავლენა იქონია ჩემზე, much obliged, სტენ.

1989 წელს საიტო სენსეი დავპატიჟე საფრანგეთში. შენ მთხოვე, თვითმფრინავის ბილეთები ამეღო შენთვის და შენი ცოლისთვის, თქვენ სულ ახალი დაქორწინებულები იყავით და ეს მშვენიერი შესაძლებლობა აღმოჩნდა თაფლობის თვედ გექციათ ეს აიკიდოს ტურნე. სინანულით მომიწია ბოლო მომენტში ბილეთების გაუქმება, რადგან საიტო სენსეიმ გადაწყვიტა, რომ ამჯერად შენ არ იქნებოდი თარჯიმანი. ეს ამბავი დასასრული აღმოჩნდა უცხოეთში შენი მოგზაურობების გრძელი სერიისა მასთან ერთად, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იყო დასასრული თქვენი თანამშრომლობისა. Aiki News-ის გამოცემებიდან, რომლებიც შენ გამომიგზავნე მაშინ ამ ტურნესათვის, კიდევ შემომრჩა რამდენიმე ეგზემპლიარი კარადის სიღრმეში.
ამ ჟურნალისთვისაც და ინფორმაციათა მთელი იმ საბადოსთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მთელი შემდგომი თაობისათვის უკვე ინტერნეტით, much obliged, სტენ.

მთელი ცხოვრების სამყოფი ამბებია, my old friend. დღეს, როდესაც გადაწყვიტე შენი წყაროები თავად ო-სენსეისთან ეძიო, მათ, ვინც აიკიდოს სათავეების შენი ორმოცწლიანი კვლევა-ძიებით ისარგებლა, გასაოცარი ინტუიციისა და შრომისუნარიანობის მქონე მეგობარი დაკარგეს.

კაცები და ქალები, რომლებიც შენ გიცნობდნენ, ყველა თავისებურად გადაგიხდის მადლობას. მე კი მინდა, აქ გამოვხატო მოწიწება და მადლიერება, მაგრამ მინდა ასევე ვუთხრა მომავალ თაობებს, რომლებიც მომავალში ისე ისარგებლებენ შენი აღმოჩენებით, რომ არც ეცოდინებათ აუცილებლად წარმომავლობა, თუ რაოდენ მადლიერნი უნდა იყვნენ დროთა მიღმა სტენლი პრანინისა.

ფილიპ ვოარინო, შლეირი, 2017 წლის გაზაფხულის ზღურბლთან.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 9 აპრილი, 2017, Aikido Gasshuku 2017, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/much-obliged-sten
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)