ომი & მშვიდობა

მას შემდეგ ოცი წელი გავიდა, რაც ო-სენსეის ძველი დოჯოს ზღურბლს პირველად გადავაბიჯე. მაშინ აიკიდოს ერთი გამოუცდელი მასწავლებელი ვიყავი, მეორე დანი მქონდა და დარწმუნებული ვიყავი ჩემს ცოდნაში, როგორც ხდება ხოლმე, ვიდრე ცხოვრება ცოტა თავმდაბლობას არ შეგვასწავლის.

არ დამავიწყდება პირველი გაკვეთილი. ვიცდიდი, როგორც ნასწავლი მქონდა, რომ ჩემს პარტნიორს შომენ უჩით შეეტია და პასუხად მე იკიო ომოტე შემესრულებინა. ორჯერ თუ სამჯერ გავაკეთე ეს და გაისმა მჟღერი „დამე!“. მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ეს იმ ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების დასაწყისი აღმოჩნდა, რაც კი იქამდე აიკიდოში მესწავლა.

დამე! არ ვარგა! მორიჰირო საიტომ შეაჩერა გაკვეთილი. ყველანი მუხლებზე ისხდნენ, მე წრეშიჩამაყენეს და მთხოვეს გამემეორებინა ჩემი შეცდომა. საიტო სენსეიმ მაშინვე გამაჩერა და, ო-სენსეი იკიო ომოტეს რომ აკეთებდა, ყოველთვის თვითონ უტევდა და ეს ილეთი ვერ გაკეთდება, თუკი უკეს შეტევას დაუცდიო, ამიხსნა. პირიქით, მე უნდა შემეტია და გამეკონტროლებინა იკიო ომოტეთი. ახსნა რომ დაასრულა კამიზადან წიგნი და სათვალე აიღო და ჩემთვის გაუგებარი რამდენიმე ფრაზა წაიკითხა, მერე ჩემკენ წამოვიდა, გამომიწოდა წიგნი და სათვალე, რომელიც არ მჭირდებოდა, და ო-სენსეის რამდენიმე ფოტოს შემჩნევა მოვასწარი, რომლებიც იაპონურად დაწერილ წიგნში ილუსტრაციებად იყო.

გაკვეთილი დამთავრდა და, რაკი ივამელი უჩი დეშებს პირდაპირ დოჯოს იატაკზე, კამიზას წინ სძინავთ, დასაწოლი რომ მოვიწყე, ზემოხსენებული წიგნის გადათვალიერებაც მოვახერხე. პირველად მეჭირა ხელში „ბუდო“, ო-სენსეის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნი. იაპონური არ მესმოდა, მაგრამ ფოტოები ისეთები იყო, ეჭვს ვერ შეიტანდა კაცი: ო-სენსეი მართლაც პირველი უტევდა შომენ უჩით და იკიო ომოტეს აკეთებდა.

რამდენიმე წლის შემდეგ გამოიცა ამ წიგნის ინგლისური თარგმანი და ბოლოს და ბოლოს ვაგიგე, რა წამიკითხა იმ დღეს საიტო სენსეიმ და შევამოწმე, რომ ტექსტი სრულად ადასტურებდა ფოტოებს:


ტორი: მარჯვენა ფეხით გადადგით ნაბიჯი ოდნავ გვერდით, დაარტყით სახეში მოწინააღმდეგეს თქვენი მარჯვენა ტეკატანა…


უკე: ეცადეთ მოიგერიოთ დარტყმა მარჯვენა ხელით.
ტორი: …ჭრის მოძრაობით ჩამოიტანეთ ხელი, გეჭიროთ მოწინააღმდეგის მარჯვენა მაჯა და აკონტროლეთ მისი იდაყვი.

განა ობიექტურად რამე შეიძლება ამაზე ნათელი იყოს?

ერთ დღეს, როდესაც ამ ცნებებს მასწავლებლების ერთ ჯგუფს ვაცნობდი, ერთ-ერთმა ასეთი რამ შენიშნა:

ვუშვებ იმ აზრს, რომ თქვენი ეს დემოსტრაცია ლოგიკურია მოძრაობის დინამიკის თვალსაზრისით. ვკითხულობ ო-სენსეის ხელით დაწერილ განმარტებებს და მე ისინი კარგად მესმის. ვხედავ ო-სენსეის ფოტოებს, რომლებიც არაა ბუნდოვანი და ორაზროვანი და რომლებიც კიდევ უფრო ამყარებს თქვენ მიერ ახლა წარმოთქმულ ტექსტს… მაგრამ სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, რომ აიკიდოსმაგვარმა მშვიდობის ხელოვნება მოითხოვოს, პირველმა თქვენ შეუტიეთო.

იგივე სიტყვები შემდგომში სხვადასხვა სახითაც გამიგონია: „როგორ შეიძლება აიკიდოში ატემები იყოს?“, „როგორ შეიძლება აიკიდოში იარაღის გამოყენება?“… უკანა პლანზე მუდმივად ერთი და იგივე სქემა მოჩანდა: სიყვარულსა და მშვიდობას როგორ შეუძლია საომარი საშუალებების გამოყენება?

ჰოდა ამის მთქმელი ამას გააზრებულად ამბობს თუ არა, უნდა გავითვალისწინოთ ასეთი იდეებით გამოწვეული შედეგები. ამგვარი აზრი ერთადერთ რამეს ნიშნავს: ო-სენსეი, რომელიც პირველი უტევდა, ცხოვრების ბოლომდე ხმარობდა ატემებსა და იარაღს, მცდარ გზაზე იდგა. ო-სენსეიმ აღმოაჩინა აიკიდო, რომელიც საბედნიეროდ მის ნაცვლად ჩვენ გავიაზრეთ სწორად. აი, რა იგულისხმება მოკრძალებით მშვიდობის ამგვარ ინტერპრეტაციაში.

რასაკვირველია, ვერაფერი ვერ გაგვიგია, მაგრამ ამგვარი მსჯელობით მივაღწიეთ იმას, რომ აიკიდო თავდაცვის ხელოვნებამდე დავამცრეთ. აგრესორი და მსხვერპლი. ბოროტი და კეთილი.

აიკიდოს ამ კონცეფციის სისუსტის გამო, იგი აგებულია და მთლიანად ემყარება მორალურ თვალსაზრისს, სუბიექტურ ხედვას, ანუ, შეიძლება ითქვას, ვინმეს განწყობას. რადგან ნებისმიერი მორალური თვალსაზრისი, როგორი თვისებებისაც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად რელატიურია,ჰუმანურია, მეტისმიეტად ჰუმანურიაო, წერდა ნიცშე. როგორ შეიძლება, რომ ადამიანის ხედვამ, ამ ისტორიული განსაზღვრებით, შემთხვევითმა, შეზღუდულმა, არასრულმა და ფრაგმენტულმა წარმოიდგინოს და ჩასწვდეს აიკიდოსმაგვარ ხელოვნებას, რომლის საგანი ზუსტადაც იმ გლობალური სისტემის გააზრებაა – და თან ადამიანის მიკროკოსმოსში –, რომელიც მთელ კოსმოსს მართავს? არ დაგვავიწყდეს, რომ საღი აზრი დიდი ხნის მანძილზე გვკარნახობდა, დედამიწა ბრტყელიაო.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეტევა არ არის კარგი, რასაკვირველია, მაგრამ არც ცუდია ამავე დროს. შეტევას მხოლოდ მორალური კონოტაცია არ ეგების. შეტევა აუცილებელი მოძრაობაა, რომელიც გარკვეულ მომენტში სამყაროს განსაკუთრებულ მდგომარეობას შეესაბამება, მეტის თქმა ამაზე არც არის საჭირო. მორალური მიდგომა ირიმის ცნების გააზრებისთვის შეუფერებელია.

როდესაც კაცი აიკიდოს ცოდნაში წინ მიიწევს, აღმოაჩენს, რომ სხვათა შორის ტენკანის მოძრაობებიც კი, რომლებიც ჯიუ ტაის დონეზე მუშაობისას საპირისპირო შეტევის მიღების მოქნილ ხერხს წარმოადგენს, ეკი ტაის დონეზე რთულ აქტიურ პროცესად გარდაიქმნება, რაც საშუალებას აძლევს ეს შეტევა მისსავე საზიანოდ წრეში მოაქციოს და ამგვარად აკონტროლოს.

მაშინ შემდეგ შეკითხვას ვუსვამ მასწავლებელს, რომელიც ვერ უშვებდა აზრს, რომ აიკიდოსნაირი მშვიდობის ხელოვნება შეიძლება მოითხოვდეს, პირველმა შენ შეუტიეო: რა არის ამგვარი წაქეზება, თუარა მაღალი დონის შეტევის ერთ-ერთი ფორმა, შეტევა დაპირისპირების სულისკვეთების გარეშე, შეტევა, რომელიც სამყაროს წარმმართველ კანონებს ერგება და ექვემდებადება, მაგრამ მაინც „შეტევა“? აი ღრმა მიზეზები, რომელთაც ო-სენსეის წარმოათქმევინა ფრაზა, რომლის არასწორად ინტერპრეტირება აგრერიგად იოლია:

პრობლემა არ უნდა შევქმნათ ისეთი შეფარდებითი რაღაცეებისგან, როგორიც სიკეთე და ბოროტებაა.

მშვიდობას რომ საბრძოლო ხელოვნების საშუალებით მიაღწიო, ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გეჩვენება პარადოქსად, თუკი საგნებს ზედაპირულად უყურებ. მშვიდობა, რომელსაც აიკიდო გვთავაზობს, ძალიან რეალურია. იგი მუდმივია, იმიტომ რომ გარედან და გარემოებათაგან არაა თავს მოხვეული, არამედ იმიტომ, რომ ის, ვინც გაიარა აიკიდოს მიერ შემოთავაზებული გზა, სხვაგვარად ვერ მოიქცევა – მხოლოდ მის პრიზმაში აღიქვამს საყაროს. თუმცა რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი? ყოველ შემთხვევაში, იმაზე არა, რომელსაც ჩვენივე მენტალური ჩვევები და ინტელექტუალური ჩვეულებები გვთავაზობს. დროა საჭირო, ბევრი დრო ჩვენი კარის წინ რომ დავხვეტოთ და დავასუფთაოთ ამ მორალური ჩვეულებებისგან. აიკიდოს გზა გარკვეული მოსაზრებების უკუგდებაზე გადის და არ შეეფერება იმ მოჩქარე კაცებს, რომელთა მისამართითაც მომდის თავში აზრები, აზრები, რომლებიც უნდა მომსვლოდა თავის დროზე, როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი ვიყავი: ცოტა თავმდაბლობა, ცოტა რწმენა ამ არაჩვეულებრივი ხელოვნებისა და მოწიწება მისი აღმომჩენის მიმართ და, განსაკუთრებით, განსაკუთრებით, ცოტა ეს ოხერი მოთმინება!

ფილიპ ვოარინო, ჰაუტი, 2005 წლის 16 ოქტომბერი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/omi-mshvidoba
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)