პანტა რეი

ძალების წონასწორობა რომ დამყარებულიყო ერთ დღეს, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდებოდა და ასეც გაგრძელდებოა: აქედან გამომდინარე, ეს არც არასდროს მომხდარა. 

ნიცშე არ ფიქრობდა, რომ საწყისი არარაობა შესაძლებელი იყო სამყაროს დასაბამის წინ. შესაქმის სიცარიელეს ის სამყაროს ციკლების მარადიულ ბრუნვას უპირისპირებს,რადგან მარადიულობა, თუკი არსებობს ის, თავად განსაზღვრებიდანვე ჩანს - მარადიულად არსებობს და ის ვერ დაიწყებოდა ერთ მშვენიერ დღეს.

მართლაც, თანამედროვე სამყაროში არ არსებობს არსად საგანთა აბსოლუტური დასაწყისი. თენდება და ღამდება, ერთი მეორის გარეშე არ ხდება, აისი იბადება წყვდიადში, ხოლო ღამე შვილია მიმწუხრის ჟამისა. ერთი საუკუნის დასასრული მომდევნოს დასაწყისია ყოველთვის.

სამყარო რომ არაფრისგან იშვა, იმდენად სრულყოფილი არარაობიდან, რომ იქ თვით არარაობის იდეაც კი არ იარსებებდა, წარმოუდგებელია კოსმოსის ბინადრისათვის, სადაც არაფერი იკარგება და არაფერი ჩნდება, სადაც ყველაფერი საწინააღმდეგოთა მარადიული ქორწინების რიტმად გარდაიქმნება, სადაც ყოველგვარი წონასწორობა საპირისპირო ძალების ურთიერთშემავსებელი ბუნებიდან წარმოიშვება.

ყველაფერი წარმავალია და არაფერი რჩებაო, ჰერაკლიტე ამბობდა, პანტა რეი, უნივერსალური მატერია არა-მარადიულობის მდინარეში იხსნება და იფანტება. სამყაროს ყველაზე უხეში მასშტაბით, ქვების არსებობა ერთ წამსაც კი არ უდრის. ყველაფერი წარმავალია გარდა ერთადერთი რამისა: ცვლილება. ერთადერთი უცვლელი, დაუზიანებელი რეალობა თავად ამ ტრანსფორმაციის მდინარებაა, რომელიც მატერიას დაუქანცავად და განუწყვეტლივ ამუშავებს და გადაამუშავებს ენერგიის მუდმივობის პრინციპის გათვალისწინებით. ის, რომ ენერგია ვერ იკარგება, გვიჩვენებს, რომ გარდაქმნა მარადიულია და თუკი გარდაქმნა მარადიულია, მაშინ ძალის მოქმედება, რომელიც მას უსასრულო დროის მანძილზე წარმოშობს, ასევე მარადიულია. სამაგიეროდ, სწრაფად ცვალებადი ფორმები რომლებშიც მოდერლირდება მატერია, დაბადებათა და სიკვდილთა მონაცვლეობის რიტმს მიჰყვება. მაშასადამე, ყოფიერების სიმდგრადე ვერ იქნება მოთავსებული ამ ეფემერულ საგნებში.

იფიქრო, რომ შესაძლებელია სხვადასხვა საგანთა არსს ჩასწვდე, თითქოს ერთი მდგრადი და ინდივიდუალური ქმნილება არსებობდეს, თავად საგნის ყველაზე ღრმა შუაგულში შეაღწიო, იგივეა, იფიქრო, რომ შესაძლებელია წარსულის, აწმყოსა და მომავლის ბმის გაწყვეტა და დროის იზოლირება ერთ რომელიმე მომენტში. ვერც ყოფიერება იქნება გამოცალკევებული მატერიის რომელიმე ფორმით, ისე, რომ დრო იქვე არ იყოს რომელიმე მომენტში. ერთადერთი რეალობა, რომელიც ვერ დამახინჯდება, ვერსად წავა და რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, არის მოძრაობა, რომელსაც წარმავალი საგნები წარმოქმნიან თავიანთ ცვლილებებში, თავიანთ უწყვეტ ტრანსოფმაციაში, თავიანთ სწრაფლწარმავლობაში და იმ პირობათა მარადიულ დაბრუნებაში, რომელბიც მას წარმოქმნიან.

ჩვენი ეპოქის გარიჟრაჟზე მონტენი შესანიშნავად ხვდებოდა, რომ გარდაქმნა ერთადერთი მიმართებაა, რომელიც ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს გარე სამყაროსთან:

სამყარო მუდმივი საქანელაა: იქ ყველაფერი განუწყვეტლივ ქანაობს, მიწა, კავკასიის მთები, ეგვიპტის პირამიდები (…) მე ვერ ვაჩერებ საგანს: ის ბუნდოვანია და ბარბაცებს ბუნებრივი სიმთვრალისაგან. მე მას ასე ვიჭერ, როგორიც არის ის, ამ წამს და ვერთობი ამით. მე არ ვხატავ მას, როგორიც არის, მე ვხატავ წარმავალს. - ესე, წიგნი III

მხოლოდ შემდეგ გაევლო ამ ადგილას გამყოფი ხაზი ღრმად დამალული რაღაცეების კვლევა-ძიების თვალსაზრისით დასავლურ აზროვნებასა და აღმოსავლურ აზროვნებას შორის, რომელიც ვერასდროს წარმოიდგენდა ყოფიერების შეგრძნებას, თუ არა მოწესრიგებულ და უწყვეტ მოძრაობას, რომლის მიხედვითაც თავს იჩენს ყველა მოქმედება: ნაშრომი, რომელიც შორეული აღმოსავლეთის აზროვნებას აყალიბებს, სახელად « გარდაქმნათა წიგნი » ანუ იი კინგ ეწოდება, რადგან ის სწორედაც გზის, არსებობის აზრის ძიებას გვთავაზობს იმ პრინციპში, რომელიც სულს უდგამს მატერიას სამყაროს თაობათა მარადიული განახლების ჟამს. და სწორედ ამ გაგებით გვაძლევს აიკიდოს მისეულ განსაზღვრებას ო-სენსეი:

სამყაროს ათი ათასი თაობის ერთიანი ხაზის პრინციპი. - ტაკემუსუ აიკი, ტომი I, გვ. 139.

მართლაც, აიკიდოში მნიშვნელობა არა აქვს ამა თუ იმ ილეთის სწავლას და ცოდნას ისე, თითქოს ის რამე თავისთავადი იყოს. იკიოს, შიჰო ნაგეს ან ნებისმიერი სხვა მოძრაობის ინდივიდუალური რეალობა სინამდვილეში ძალიან პატარა რამაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეფემერული ფორმაა, სხარტი მომენტი, როდესაც არსება მხოლოდ ნაწილს - თავის ლაბილურ ბუნებას ავლენს, თავის განწყობას, შეუძლებისდაგვარად სწრაფად გაუჩინარდეს და ამისთვის განუწყვეტლივ ირიდებს ჩვენს ხელებს, რომლებიც მის ჩავლებას ლამობს. სწორედ ამ არსებითი მიზეზის გამო არ უნდოდა აიკიდოს ფუძემდებელს, რაიმე სახელები დაერქმია თავისი ხელოვნების ილეთებისთვის.

ის, რომ ოსტატი უეშიბას მერე ჩათვალეს საჭიროდ სახელებით შეემოსათ ტექნიკური ფორმები, მას არავითარ განსაკუთრებულ რეალობას, არავითარ დამატებით ყოფიერებას არ სძენს. ილეთების სახელდება შესაძლოა საგამოცდო ჟიურის უადვილებს სამუშაოს, მაგრამ ასევე მოწაფესაც უქმნის ილუზიას, რომ ამ ხელოვნული დანაწევრების რაღაც ღრმად შეფარული ჭეშმარიტება არსებობს. არადა არ არის ასე, ამა თუ იმ ტექნიკის სახელდება მის გაშეშებას ნიშნავს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის არასდროს არ არის სინამდვილეში, აჩერებს იმ მომენტში, რომელიც მან უკვე გაიარა, გარდაქმნათა ნაკადებიდან ამოგლეჯს და სამყაროს ნაპირზე აგდებს, როგორც წყლიდან ამოყვანილ თევზს.

აიკიდოს თითოეული ცვალებადი ტექნიკური ფორმის ინდივიდუალურად განხილვა პერმანენტული მოძრაობის აბსტრაგირებას ნიშნავს, რაც სტრუქტურაში აქცევს და აერთიანებს ამ ფორმებს მათ ათასობით სახეცვლილებაში. მოდიფიკაციები, რომლებიც იერ-სახეს უცვლის მათ, გაუგებარი ქაოსის გამოხატულებად გვევლინება.

აიკიდოს ილეთები, ისევე როგორც არსებობის ყველა სხვა ურიცხვი ფორმა, ყოფიერების ერთ-ერთი მოდალობაა: ისინი შეფარულად, ჯერ კიდევ გამოუხატავად არსებობენ, შემდეგ იბადებიან, იფურჩქნებიან, სხვა ილეთებს წარმოშობენ და ბოლოს იხოცებიან. წარმოშობის პროცესი გონივრული წესრიგის მიხედვით სრულდება, რაც სამყაროს გონის გამოხატულებაა და რასაც ოსტატი უეშიბა ტაკემუსუს სახელს უწოდებდა.

გარეგანი ფორმები, რომელებიც ქამელეონივით იცვლის სახეს ჩვენ თვალწინ და რისკენაც ენის სიღარიბე გვიბიძგებს, ვუწოდოთ რეალობა, სხვა არაფერია, თუ არა სინამდვილის ვერგამომხატველი ავატარები. სამაგიეროდ, მათ ძალუძთ ამ ცვლილებათა მარადიული ბმები გამოავლინონ, რადგან მის ნაკვალევს წარმოადგენენ და ამიტომაც შეუძლიათ ჩვენ სწორ გზაზე დაგვაყენონ.

ყოფიერების საძირკველი ნიკიოზე უფრო მეტად კოტე გაეშში არ ძევს, ის თავად ტექნიკაში არ სუფევს, რაც მხოლოდ მისი ეფემერული გამოხატულებაა და მეტი არაფერი: ყოფიერების სიღრმისეული საიდუმლოება მხოლოდ და მხოლოდ ტრანსფორმაციის მარადიულ მოქმედებაში მოჩანს (აიკიდოს შემთხვევაში ადამიანის სხეულის ფორმები), რაც არის გზა, რომელსაც იყენებს სამყაროს ძალა თავისი მოჭარბებული ძლიერების წარმოსაჩენად.

ამ ძალის საქმიანობა მარადიულია, ჩვენ უკვე ვნახეთ ის და, მაშასადამე, უძრავი, რის გამოც აიკიდოს მოძრაობის პრინციპი თავად არის უცვლელი, ის არის ხელოვნების ურიცხვ ტექნიკურ ფორმათა კრეატიული საყრდენი, ზუსტად ისევე, როგორც საქსოვ დაზგაზე მთავარ ძაფებს უჭირავს და სტრუქტურაში აქცევს მოტივებს, რომელთაც მისაქსელი ხატავს მათ შორის მიმოსვლის დროს. და სწორედ რადგან ეს მოძრაობაა უცვლელი, მასზე შეგვიძლია ვთქვათ, უძრავიაო: და სწორედ ეს უძრავი ცვლილება ამოძრავებს აიკიდოში მოვარჯიშეს.

ეს უკანასკნელი, რაკი ფორმათა სამყაროს მიეკუთვნება, ცხადია, არ არის უძრავი, პირიქით, განუწყვეტლივ გადაადგილდება, მაგრამ მისი მოძრაობა პიროვნული არჩევანის შედეგი არ გახლავთ. ტორის – თუკი მას სამყაროსთან ჰარმონიაში უნდა მოქმედება – არ შეუძლია თავისი გადაადგილების განსაზღვრა, ისევე, როგორც მთვარე თავად არ წყვეტს, იმოძრაოს თუ არა დედამიწის გარშემო: თავის მოძრაობას ის ხელში გადასცემს სამყაროს გონს, რომელიც პასუხისმგებელია ტრანსფორმაციის კანონებზე. ეს კანონები ერთ დღეში არ დაბადებულა, მათ მარადისობა, aere perenius, სამყაროს გონის წარმოქმნა გადმოკვეთეს და აიკიდო მხოლოდ იმდენ ხანს იარსებებს, ვიდრე ადამიანი თავის სხეულს და სულს ისე მიანდობს მათ, როგორც შვილი ენდობა მამას. და სწორედ ასე, ძალიან ზუსტად უნდა გავიგოთ ის მნიშვნელობა, რომელსაც ოსტატი უეშიბა ანიჭებდა რწმენას: აქ არ იგულისხმება ბრმა, უგუნური რწმენა, არამედ პირიქით, კანონების ცოდნით განათებული რწმენა, რომლის გარეშეც აიკიდო საუკუნეების მანძილზე უინტერესო ტანვარჯიში იქნება და მეტი არაფერი.

ჭეშმარიტი ცოდნა ვერ გადაიცემა, ის ყოველ ჯერზე თავიდან უნდა იქნეს აღმოჩენილი, ეს ის წილია, რომელიც თითოეულ ადამიანს ხვდება იმის მიხედვით, თუ როგორ ცხოვრებას ირჩევს ის. სამაგიეროდ გადაცემული შეიძლება იყოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც მას სჭირდება იმ განსაკუთრებულ პირობებში, რომლებშიც ის იმყოფება, რათა აღასრულოს ის, რისი აღსრულებაც მას ბედისწერამ არგუნა. სწორედ ეს ინსტრუმენტების ყუთი გვიანდერძა საიტო სენსეიმ თავისი სამუშაო მეთოდით. მაგრამ კიდევ ერთხელ, რაგინდ ძვირფასიც არ უნდა იყოს ეს მეთოდი ამგვარ ჭრილში, ის არ არის და ვერც ვერასდროს იქნება იმაზე მეტი, რაც არის: მოსამზადებელი სასწავლო კურსი.

მიზანი, რომელიც მე დავისახე გრძელ სერიაში, სახელად « მეთოდის მიღმა », მდგომარეობს იმაში, რომ მეჩვენებინა და, შესაძლებლობის შემთხვევაში დამემტკიცებინა, რომ ხელოვნების შესავალი, მოსამზადებელი სავარჯიშოები ჯერ კიდევ ძალიან შორსაა თავად ხელოვნებისაგან და როგორც კი მეთოდი ნასწავლი და დაძლეული იქნება, გრძელი გზა რჩება მათთვის, ვინც ერთმანეთში არ ურევს მიზანსა და საშუალებებს, რომლებიც ამ მიზანს ამართლებს.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის თებერვალი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/panta-rei
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)