პირველი ნაბიჯი #2 - დგომი & მოქმედება

ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ ამ სტატიის პირველი ნაწილი, მასში ო-სენსეის ჰანმის დგომში ვხედავთ პირველ რვა ფოტოგრაფიაზე, ჰიტო ე მიში მომდევნო ორ სურათზე და კენკა გოშის დგომში რვა უკანასკნელ ფოტოზე. ერთბათად შეიძლება მეტად მაცდური აზრი დაეუფლოს ადამიანს, კერძოდ ის, რომ აიკიდოში სამი დგომი არსებობს: ჰანმი, ჰიტო ე მი და კენკა გოში. სწორედ ასე განაცხადა ჰიტო ჰირო საიტომ ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელსაც იპოვით @ https://aikidoblog.net-ში, საიტო სენსეის ვაჟიშვილი განმარტავს, რომ ჰიტო ე მი და კენკა გოში იმავე თანრიგის დგომებია, როგორიც ჰანმია. ის მათ შორის ვერანაირ თვისობრივ სხვაობას ვერ ხედავს.

თუმცა კი არის – და სწორედ ესაა პირველი ნაწილის დასკვნა – ფუნდამენტური განსხვავება ერთი მხრივ, ჰანმისა და, მეორე მხრივ, ჰიტო ე მისა და კანკა გოშის შორის. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჰანმი ლოდინის პოზიციაა, ჰანმი პაუზის თვლაა: ადამიანი შეიძლება ათი წუთის განმავლობაში დარჩეს ჰანმის დგომში, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ჰანმი უძრაობის მდგომარეობაა, რომელიც წინ უსწრებს მოძრაობას, სწორედ ამ მიზეზის გამოა იგი "დგომი".

ჰიტო ე მი და კენკა გოში, პირიქით, მოძრაობისაგან იბადება და ვერ იარსებებდა ტრიალის გარეშე, რომელიც მას წარმოშობს. ესენი უწყვეტი ბრუნვითი მოძრაობის ძლივსშესამჩნევი ფაზებია, მოძრაობისა, რომელიც განსაზღვრების მიხედვით, არ ჩერდება. ეს მომენტებია, რომელთაც სხეული ძალიან სწრაფად გაივლის. და თუკი ვახერხებთ ფოტოგრაფიის წყალობით ან პედაგოგიური საჭიროებების გამო ხელოვნურად დავაცალკეოთ ეს განსხვავებული მომენტები, ისინი ამით არ გარდაიქმნებიან დგომებად. ჰიტო ე მი და კენკა გოში მოქმედების თვლებია, ბრუნვითი მოძრაობის მომენტებია, ისინი დინამიკის შემადგენელი ნაწილებია, სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეიძლება მათი მიკუთვნება ისეთ ავთენტურ პოზიციასთან, როგორიც ჰანმია. მართლაც, არავითარი აზრი არა აქვს დგომის ცნება გამოვიყენოთ, თუკი გვინდა დავახასიათოთ მდგომარეობა, რომელიც არ არის სტატიკური.

აი ჩემი პირველი პუნქტი ღრმა უთანხმოებისა ჰიტო ჰირო საიტოს ინტერპრეტაციასთან. არის მეორეც: მტკიცება იმისა, რომ ჰანმი სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა დგომთაგან ერთ-ერთი, ფრონტალური და უკნიდან მომავალი შეტევებისათვის განკუთვნილი დგომი და რომ საჭიროა ლოდინის ამ დგომის შეცვლა შეტევის მიმართულებებისა და ფორმების მიხედვით – როგორც ეს მისი ინტერვიუდან გამომდინარეობს – სრულ წინააღმდეგობაშია ო-სენსეის სწავლებასთან. პირიქით, ფუძემდებელი დაჟინებით და სრულიად არაორაზროვნად ამახვილებდა ყურადღებას თავის წიგნში "ბუდო" იმის აუცილებლობაზე, რომ ყოველთვის ჰანმის პოზიციაში უნდა დავდგეთ შეტევის მისაღებად, მიუხედავად იმისა, წინიდან მოდის ეს შეტევა, უკნიდან, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, და რა სახისაც არ უნდა იყოს ეს შეტევა. წიგნში რამდეჯერმე უსვამს ხაზს ჰანმის პოზიციაში დაბრუნების მნიშვნელობას თითოეული მოძრაობის ბოლოს (რაც ამავდროულად კარგად მოწმობს, შეუძლებელია ვიყოთ ჰანმის პოზიციაში მოქმედების დროს). ფუძემდებლის მიერ დატოვებული ფოტოგრაფიული და კინემატოგრაფიული მასალები ადასტურებს, რომ ჰიტო ე მი და კენკა გოში მასთან ჩანს ყოველთვის მოქმედების ჟამს და ის არასდროს იყენებს მოქმედების ამ ფაზებს შეტევის მიღებისათვის განკუთვნილ დგომებად.

ამასთანავე, თავს უფლებას ვერ მივცემ, არ შევახსენო აქ ჰიტო ჰიროს, რომ მამამისი მორიჰირო საიტო ყოველთვის წარმოგვიდგენდა ხოლმე ჰანმის დგომს, როგორც ერთადერთ დგომს აიკიდოში და რომ ის განსაკუთრებულად მკაცრი და მომთხოვნი იყო ამ პუნქტში, მე პირადად გახლავართ ამის მოწმე არაერთხელ. აი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე ამაღელვებელი მოგონება:

მაშ როგორ და საიდან გაჩნდა ესოდენ დამახასიათებელი გადახვევა ო-სენსეის სწავლებიდან? რადგან ჰიტო ჰირო არ გახლავთ ვიღაც პირველი შემხვედრი, ძალიან ცოტა მასწავლებელს თუ მიუღწევია მისი ცოდნის დონისათვის. ის მრავალი არჩევანი, რომლებიც მან გააკეთა, ძალიან ხანგრძლივი გამოცდილების, ძალიან ბევრი ფიქრის და პირადი კვლევა-ძიების შედეგია. მე ვფიქრობ, რომ მან სწორად დაინახა ჰანმის დგომის ნამდვილად სუსტი მხარეები, მაგრამ დასკვნებს, რომლებიც მან გამოიტანა აქედან, ჩემი აზრით, ერთი უმთავრესი პუნქტი აკლია: ეს სწორედ ის სუსტი მხარეებია ჰანმისა, რომლებიც მას მისთვის დამახასიათებელ გასაოცარ ძლიერებას ანიჭებს.

შორს გახლავართ იმ აზრისაგან, რომ ვინმეს ჭკუა დავარიგო, რაც მე მამოძრავებს – თუკი ამის თქმა საჭიროა – ეს გააზრებაა ჰიტო ჰიროს მაღალი პასუხისმგებლობისა ო-სენსეის სწავლების გადაცემის საქმეში და, ამავდროულად, იმის გააზრებაც, რომ ამ გადაცემას აიკიდოს ცენტრალური კონცეფციის სწორად აღქმა და გაგება აკლია. გთხოვთ, სწორად განსაჯოთ ჩემი ეს ნაბიჯი იმ არგუმაენტაციის დროს, რომელსაც ახლა განვავითარებ ამ კონცეფციის გარშემო, ფსონი ძალიან სერიოზულია და ძალიან დასანანი იქნებოდა, ეს არგუმენტაცია რაღაც უბრალო და უაზრო პოლემიკამდე დაგვეყვანა.

ადამიანი ორ ფეხზე დგას, მაშასადამე ვერც ერთი დგომი მას გარანტიას ვერ მისცემს, რომ ის მდგრადი იქნება ყველა მიმართულებით. როდესაც ადამიანი მხრების სიგანეზე გაშლილ ტერფებზე დგას, ის მდგრადია მარცხნივ და მარჯვნივ, მაგრამ სუსტია წინისაკენ და უკნისაკენ, ძიუდო სწორედ ამ ბუნებრივ ხერხს იყენებს წონასწორობიდან გამოსაყვანად. სამაგიეროდ, აიკიდოს სამკუთხა დგომი პირიქით, წინისაკენ და უკნისაკენაა ძლიერი, მაგრამ სუსტია მარჯვნისაკენ და მარცხნისაკენ, ამაში სადაო არაფერია, ეს უბრალო ბიომექანიკაა. თუმცაღა, თუკი თითოეულ დგომს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს სიმდგრადის თვალსაზრისით, სამაგიეროდ, ზოგიერთი დგომი უსაზღვროს უფრო მობილურია სხვებთან შედარებით. მობილურობა ჰანმის დგომის უზარმაზარი უპირატესობაა. არ არსებობს ამაზე უფრო მობილური დგომი, იმიტომ რომ ფეხები თავისუფალია, მყისიერად გადაადგილდეს შესაძლო მიმართულებების ყველაზე დიდი რაოდენობით. მყისიერად აქ ნიშნავს, რომ საწყისი დგომის შეცვლა არ გახლავთ საჭირო. მყისიერების ეს ცნება ფუნდამენტურია, რადგან ის აუცილებელია პირობაა ელვის სისწრავით მოქმედებისათვის.

მართლაც, ჰანმის დგომი ისეთია, რომ ის წინა ტერფს საშუალებას აძლევს, მყისიერად გადაადგილდეს სამი მიმართულებით, ხოლო უკანა ტერფს - ასევე მყისიერად გადაადგილდეს სხვა სამი მიმართულებით. მაშასადამე, მთლიანობაში, ჰანმის დგომი საშუალებას გვაძლევს თვალის დახამხამებაში ავირჩიოთ არა ხუთი, არა შვიდი, არა რვა, არამედ ექვსი განსხვავებული მიმართულება. აი რატომ უწოდებდნენ ტრადიციულად ამ დგომს როპოს, "ექვს მიმართულებას". ამ პრაქტიკულ ოპერატიულ სწავლებას თან დაერთო სპეკულაციური სწავლება, რომელიც მინიშნებას ჩრდილოეთზე, სამხრეთზე, აღმოსავლეთზე, დასავლეთზე, ცასა და დედამიწაზე აკეთებდა, და რომელიც არ გახლავთ არათავსებადი, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია იმისაგან, რომელიც ოსტატმა უეშიბამ გვიამბო თავისი წიგნის, "ბუდოს" ტექნიკურ ნაწილში.

მოდით, გადავიკითხოთ ამ წიგნის პირველი ფრაზა მთლიანად და მისი სიტყვასიტყვით თარგმანი იაპონურიდან:

(1) კამაე აღივსეთ კის ძალით, გახსენით თქვენი ტერფები ექვსი მიმართულებით და დადექით მოწინააღმდეგის პირისპირ აიკის ჰანმის ირიმის დგომში (იხილე ნახაზი 1).

შენიშნეთ: თვალსაჩინოებად მოხმობილი ნახაზი 1 მთლად პაწაწინაა, მაგრამ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ო-სენსეი აქ ჰანმის პოზიციაში დგას, რომელიც უცვლელია ამ სტატიის პირველი ნაწილის ყველა საილუსტრაციო ფოტოზე და, საჭიროების შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი დადასტურება და მტკიცებულებაა.

ჯონ სტივენსის ინგლისურ თარგმანში, საიდანაც, სამწუხაროდ, შესრულდა ფრანგული თარგმანი შემდეგნაირადაა შეცვლილი ო-სენსეის ფრაზის შინაარსი:

აღივსეთ კით, მიიღეთ ჰანმის დგომი, გახსენით ტერფები სამოცგრადუსიანი კუთხით და დადექით თქვენი მოწინააღმდეგის პირისპირ მოქნილი აიკის მდგომარეობაში.

ამ თარგმანში იაპონური ფრაზის ფუნდამენტური ელემენტი ამოღებულია: "გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით" ნათარგმნია, როგორც "60 გრადუსზე გახსნილი ტერფები". ანუ ო-სენსეის მიერ მოცემული როპოს (ექვსი მიმართულება ტერფებისთვის) ძალიან ნათელი და მკაფიო შინაარსი არ არის შენარჩუნებული.

ამ ცვლილება-გადაკეთებამ მძიმე შედეგები მოიტანა, ვინაიდან ფუძემდებლის მითითება, გაიხსნას ტერფები ექვსი მიმართულებით, არ გახლავთ უბრალო აღწერილობა ჰანმის დგომისა: ეს არის გასაღები გადაადგილების ყაიდის გასაგებად, რომელიც ჰანმის პოზიციიდან ხდება შესაძლებელი. მართლაც, როგორც კი ადამიანი შეიტყობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჰანმიში ტერფებს შეუძლია ექვსი მიმართულება მიიღოს, ბუნებრივია, დასვამს შეკითხვას და დაიწყებს ძიებას, რომლებია ეს ზემოხსენებული მიმართულებები. სამაგიეროდ, "60 გრადუსიანი კუთხე" საერთოდ არ გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რომ, ჰანმის დგომის წყალობით ტერფებს შეუძლია გადაადგილდეს ექვსი სხვადასხვა მიმართულებით. ამგვარად, ჯონ სტივენსის თარგმანი აიკიდოში მოვარჯიშეებს უკარგავს ამ ხელოვნების გაგებისათვის აუცილებელ უმთავრეს ინფორმაციას, ინფორმაციას, რომელიც სრულიად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, იმდენად, რამდენადაც ამას პირადად ფუძემდებელი იძლევა.

ო-სენსეის თითოეულ სიტყვას თავისი წონა აქვს და ისინი გამადიდებელი შუშით უნდა ვიკითხოთ. ის ამბავი, რომ ორივე გამოთქმა, როპოცა და ჰანმის გაერთიანებულია ერთსა და იმავე ფრაზაში, გვიჩვენებს, რომ ფუძემდებელი მათ ერთდროულად და საქმის სიღრმისეული ცოდნით იყენებს.

იაპონურად ჰან-მი სიტყვასიტყვით სხეულის (მი) ნახევარს (ნახევარს) ნიშნავს და მართალია, რომ სამკუთხა დგომში სხეული პროფილშია და რომ ზედაპირი, რომელცსაც ის მიუშვერს შეტევას, ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ანფასში დრომის დროს. მაშასადამე, გამოთქმა ჰანმი რეალობის აღწერაა, რომლის დანახვაც ყველას შეუძლია.

გამოთქმა როპო, ჰანმისაგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს რეალობაზე, რომელიც არ არის ხილული შეუიარაღებელი თვალისათვის. ხოლო ო-სენსეის მხრიდან როპოს გამოყენება უშუალოდ ჰანმის შემდეგ, გვიდასტურებს, რომ სწორედაც იგივე პოზიციაა ნაჩვენები, ოღონდ ორი განსხვავებული წახნაგით: სიტყვა ჰანმი დგომის მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ მხარეს შეეხება, მაშინ როცა როპო ამ დგომის არსს და მის პოტენციალს გამოხატავს გადაადგილების თვალსაზრისით. რაღაცა არის დამალულ-დაფარული ჰანმის კონცეფციაში, რომელსაც როპო ეწოდება. არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰანმისა და როპოს შორის: ვინაიდან ჰანმიში ვდგავართ, ამიტომაც არსებობს როპო, ანუ ექვსი მიმართულება. და ეს ურთიერთმიმართება სრულიად ეწინააღმდეგება იმ მიამიტურ მოსაზრებას, თითქოს როპო ყავლგასული და დრომოჭმული გამოთქმაა და დღეს მას ჩაენაცვლა ჰანმი. წარმოსახვა რომ შევანჯღრიოთ ერთი ხატებით, მე ასე ვიტყოდი - როპო ჰანმის გამოყენების წესია და სწორედ ეს გამოყენების წესი აკლია დღეს აიკიდოს სწავლებას.

წინ წავიწიოთ და დავაკვირდეთ ამჯერად წიგნი "ბუდოს" მესამე ფრაზასა მის სიტყვასიტყვით თარგმანს იაპონური ენიდან:

ტერფების გადასაადგილებლად არის ექვსი გარე და ექვსი შიდა მიმართულება, ისევე როგორც ერთი გარე სპირალი და ერთიც შიდა სპირალი, ეს ნაჩვენები იქნება პრაქტიკის დროს.

სტივენ ჯონის თარგმანით ეს ფრაზა ქართულად ასეთ სახეს მიიღებს:

წინა ტერფი და უკანა ტერფი უნდა გაიხსნას სამოც გრადუსიანი კუთხით. ამის მიზეზი ნათელი გახდება პრაქტიკის დროს.

უკვალოდ გაქრა ექვსი გარე მიმართულება (სოტო როპო), უკვალოდ გაქრა ექვსი შიდა მიმართულება (უჩი როპო), უკვალოდ გაქრა გარე სპირალი (სოტო ტომოე), უკვალოდ გაქრა შიდა სპირალი (უჩი ტომოე) ! ამ ჭარბი ინფორმაციის ნაცვლად და ადგილას ჯონ სტივენსი იმავე ფრაზის გამეორებით კმაყოფილდება: წინა ტერფი და უკანა ტერფი უნდა გაიხსნას სამოც გრადუსიანი კუთხით.

თუმცა კი, უკანა ტერფი 60°-იანი კუთხით რომ იყოს გახსნილი წინა ტერფისაგან, სწორედ ეს გახლავთ ჰანმის განსაზღვრება, ესაა ო-სენსეის ფოტოები და ზუსტადაც ესაა სქემა n°1. ჩვენც ვეთანხმებით ამ აზრს, და არავინ სერიოზულად არ დაობს ამ საკითხზე. სტივენსის ფრაზა არ არის არასწორი, პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს ფრაზა სულაც არ არის თარგმანი იმისა, რასაც ო-სენსეი წერს, და პირუკუ, იმას, რასაც წერს ო-სენსეი, სტივენსი წყნარად უგულებელყოფს თარგმნისას. არადა აქ ლაპარაკია – ფუძემდებლის მხრიდან – წინა ინფორმაციის მნიშვნელოვან განვითარებაზე, რასაც უმთავრესი დაზუსტებები მოაქვს: ტერფების გადაადგილებისათვის არსებობს არა მხოლოდ ექვსი მიმართულება, არამედ არსებობს – რაც ბევრად მეტია – ექვსი გარე მიმართულება და ექვსი შიდა მიმართულება, და, ამასთან, არსებობს ტერფების გადაადგილებისათვის ერთი გარე სპირალი და ერთიც შიდა სპირალი.

ისე მოხდა, რომ მე ჩემი ცხოვრების გზად აიკიდოს გზა ავირჩიე. და რადგანაც მე ასეთი არჩევანი გავაკეთე, ბუნებრივი და ლეგიტიმური მეჩვენა, ნდობა გამომეცხადებინა აიკიდოს ფუძემდებლისათვის. ამიტომაც მე მნიშვნელობას ვანიჭებ მის სიტყვებს და როდესაც ის ასეთი ძალით და დაჟინებით ამახვილებს ყურადღებას ამა თუ იმ ინფორმაციაზე მე ამას მხედველობაში ვიღებ. და თუ არ მესმის რამე, თავს არ ვინუგეშებ იმის თქმით, რომ ეს გაუგებარია, არ ვიგონებ ჭეშმარიტება, რომელიც მე მაწყობს, მე ვიწყებ ძიებას, მაგრამ ამ ძიებისას მთელი ჩემი ძალით ვეყრდნობი იმ სწავლებას, რომელიც მას დაგვიტოვა, რომელიც აქ, ჩვენ ცხვირწინაა და რომლის დანახვაც არა და არ გვინდა. ვცადოთ და ყური დავუგდოთ, რას ამბობს მოხუცი ბატონი.

სხეულის ღერძის ბრუნვის პრინციპი, ირიმი-ტენკანი, ისეთია, რომ ტერფები ვერ გადაადგილდება სწორ ხაზზე, ისინი უნდა მიჰყვეს თეძოების მიერ ამუშავებულ სპირალებს, სხვანაირად შეუძლებელია (ეს გახლავთ ო-სენსეის სწავლება: თავი წარმართავს ხელებს, თეძოები წარმართავს ტერფებს). როდესაც წინა ტერფი თავისი სამი შესაძლო მიმართულებებისკენ მიემართება, ის ამას წინა თეძოს მიერ ამუშავებული შიდა სპირალის მოქმედებით ასრულებს. და როდესაც წინა თეძო ასე წარმოშობს შიდა სპირალს, უკანა თეძო აუცილებლად მოხაზავს გარე სპირალს ირიმი-ტენკანის პრინციპიდან გამომდინარე. მაშინ უკანა ტერფი ბუნებრივად მიჰყვება ამ უკანა თეძოს მის გარე სპირალში.

პირუკუ, როდესაც უკანა ტერფი მიდის თავისი სამი შესაძლო მიმართულებებისკენ, ის ამას ამჯერად უკანა თეძოს მიერ ამუშავებული გარე სპირალის მოქმედებით. როდესაც უკანა თეძო ამ შიდა სპირალს ქმნის, ამ შემთხვევაში აუცილებლად წინა თეძო მოხაზავს გარე სპირალს, ისევ და ისევ ირიმი-ტენკანის პრინციპიდან გამომდინარე, ხოლო წინა ტერფი, რასაკვირველია, ამ წინა თეძოს მიჰყვება მის გარე სპირალში:

სქემის ლეგენდა

  • თეძოებს მიჰყავს ტერფები სპირალური ტრაექტორიით.
  • დახატული ექვსი მიმართულება ექვსი შიდა მიმართულებაა.
  • ყოველთვის, როდესაც ერთი ტერფი წარმართულია შიდა ბრუნვაში, მეორე ტერფი წარმართულია შემავსებელ გარე ბრუნვაში (ეს მეორე ტერფი წარმოდგენილია ტომოეს შავი ნახევრით). რის შედეგადაც, ვინაიდან არსებობს ექვსი შიდა მიმართულება ჰანმიდან, აიცულებლად არსებობს ექვსი გარე მიმართულებაც.
  • მიზეზი, რის გამოც მხოლოდ ექვსი მიმართულება არსებობს და არა რვა, იმაში მდგომარეობს, რომ წინა ტერფი ვერ მიდის 6-თან, რომელიც ძალიან შორსაა მისი საწყისი წერტილიდან, ხოლო უკანა ტერფი ვერანაირად ვერ მივა 3-თან ზუსტად ამავე მიზეზის გამო.
  • უკანა ტერფი ვერ მივიდოდა 6-თან, თუკი არ იარსებებდა ცნობილი გახსნა ჰიტო ე მი, როდესაც წინა ტერფი იწევა, ამით გზას უხსნის უკანა ტერფს და საშუალებას აძლევს მას მიუდგეს თავისი საწყისი პოზიციიდან 270°-ით დაშორებულ წერტილს, როგორც ვაჩვენეთ პირველ ნაწილში და როგორც დასურათებულია სქემა n°4-ში, ოდნავ ქვევით.

მაშასადამე სავსებით შეესაბამება რეალობას იმის მტკიცება, როგორც ამას ო-სენსეიც აკეთებს, რომ არსებობს ექვსი შიდა მიმართულება და ექვსი გარე მიმართულება რომელიმე მოცემული ჰანმისათვის, ისევე როგორ ერთი შიდა სპირალი და ერთიც გარე სპირალი. "ბუდო"-ს ტექსტში არაფერია გაიგებარი ან ეზოთერული, ეს გახლავთ კონკრეტული და პრაქტიკული სწავლება იმათთვის, ვისაც მართლა უნდა, თავი შეიწუხოს და ისწავლოს. ამასთან, ცხადია, საჭიროა, რომ ეს სწავლება არ იყოს დაწმენდილი რაიმე ამაზრზენი თარგმანის მიერ. ჯონ სტივენსმა ამ ყველაფრიდან ვერაფერი ვერ დაინახა და თავისი ფანტაზიებით თარგმნა, ამით კი ო-სენსეის ტექსტს უღალატა, რომლის მნიშვნელობაც უთუოდ არ ესმოდა. მას ამ საქმეში რჩევებს აძლევდა რინჯირო შირატა, რომელსაც – ყველაზე უფრო შერბილებულად თუ ვიტყვით – ხელი არ შეუწყვია ო-სენსეის აზრების მკაფიოდ გაგებაში.

შესანიშნავი დასკვნა, რომელიც ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება გამოვიტანოთ, ის გახლავთ, რომ ადამიანი სუსტია თავისგან მარჯვნივ და მარცხნივ ჰანმის დგომში, მაგრამ ის სუსტია იმდენად, რამდენადაც ის დგომშია, ანუ სტატიკურ მდგომარეობაში. ამასთან შეტევის მიღება ჰანმის დგომიდან ნიშნავს მოძრაობას ჰანმის დგომიდან. და როგორც კი გამოჩნდება მოძრაობა, როდესაც იბადება ბრუნვა, წონასწორობის კარგვის ეს ორი ღერძი ძლიერების ღერძებად გარდაიქმნება: როგორც სქემა n° 3-ზე ჩანს, სწორედაც რომ მარჯვნისაკენ და მარცხნისაკენ მიემართება ექვსივე მიმართულება.

როდესაც ზევით ვწერდი, ჰანმის სწორედ ეს სუსტი მხარეები წარმოშობს მის გასაოცარ ძლიერებას-მეთქი, ზუსტად ეს აზრი მქონდა თავში. სწორედ ეს ვერ დაინახა ჰიტო ჰირომ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეუდგებოდა მტკიცებას, როგორც ის ამას ინტერვიუში აკეთებს, რომ ჰანმის შეუძლია შესაფერისად მართოს მხოლოდ წინიდან და უკნიდან მომავალი შეტევები და ვერ არის მორგებული შეტევებზე, რომლებიც მარჯვნიდან ან მარცხნიდან შეიძლება მოდიოდეს.

ალბერტ ეინშტეინი წერდა, ვერც ერთი პრობლემა ვერ ამოიხსნება იმავე დონის ცნობიერების მიერ, რომელმაც ის შექმნაო. ჰიტო ჰირომ კარგად გაიგო ჰანმის დგომის პრობლემა, მაგრამ ის ამოხსნები, რომლებიც მან წარმოიდგინა, ვერ ტოვებს პოზიციის ცნობიერების ველს, ის ცვლის ერთ პოზიციას სხვა პოზიციებით (რომლებიც, ამასთან, არც არსებობს). გამოსავლის პოვნა ამ პრობლემიდან მხოლოდ ცნობიერების დონის შეცვლით თუა შესაძლებელი. ადამიანმა უნდა გახსნას საკუთარი გონება იმისათვის, რომ დგომში მხოლოდ დგომი აღარ დაინახოს, არამედ ნათლად განჭვრიტოს მოძრაობა, რომელიც ამ დგომში ალმასივითაა ჩასმული, ანუ აღარ დაინახოს ჰანმიში უბრალოდ ჰანმი, არამედ ამიერიდან მასში როპო იხილოს. სწორედ ესაა წიგნი "ბუდო"-ს ტექნიკური ნაწილის პირველი სამი ფრაზის უმთავრესი სწავლება, დაკარგული სწავლება, რომლის გაცოცხლებასაც ვცდილობ აქ.

აი, ილუსტრაციის სახით ტერფების მუშაობა შიდა მიმართულებაში n°6. უკანა ტერფი შიდა სპირალს მიუყვება, წინა ტერფი კი გარე სპირალს. მოძრაობა აუცილებლად გადის ჰიტო ე მის ფაზას, იმიტომ რომ უკანა ტერფმა ამ შემთხვევაში მისი საწყისი დგომიდან ყველაზე დაშორებულ წერტილს უნდა მიაღწიოს (270°):

სქემა n°4 (წავიკითხოთ ქვევიდან ზევით): შიდა მიმართულება n°6 (უკანა ტერფი გადაადგილდება 270°-ით). ეს გადაადგილება, მაგალითად, შეიძლება გამოდგეს უჩი კაიტენ ნაგეს ტექნიკის საილუსტრაციოდ.

და ბოლოს, მიდა გავიმეორო, რომ აუცილებელია ო-სენსეის კითხვა უსაზღვრო გულისყურითა და ყურადღებით. მართლაც, ამ კვლევის გაგების გაიოლების მიზნით მე გააზრებულად გადავანაცვლე მისი სიტყვები და შიდა გადაადგილებები და შიდა სპირალი თავში გადავსვი. ესე იგი მესამე ფრაზაში მთლად ზუსტად ასე წერს:

ტერფების გადაადგილებისათვის არსებობს ექვსი გარე მიმართულება და ექვსი შიდა მიმართულება, ისევე როგორც ერთი გარე სპირალი და ერთი შიდა სპირალი...

მაშასადამე პირველ რიგში ის გარე მიმართულებებს მიუთითებს და გარე სპირალს, რომელიც აამოქმედებს მათ. ამ დაზუსტებას, რომელიც, შედეგად, შიდა გადაადგილებებსა და შიდა სპირალს მეორე პლანზე აყენებს, მნიშვნელოვანი საპირისპირო აზრი აქვს აიკიდოს გადაადგილებისათვის.

მაგრამ ყველაფერს ერთად და ერთბაშად ვერ ვიტყვი და თითოეულ თქვენგანს საფიქრალს ვუტოვებ ამ გამოცალკევების საქმეში, რაც ერთი შეხედვით უშედეგო და უაზრო შეიძლება მოგვეჩვენოს.

ფილიპ ვოარინო, პასექი, 2018.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pirveli-nabiji-2-dgomi-mokmedeba
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)