ფრანგული აიკიდოს პიონერი

ალენ გრაზონ, როდის დაიწყეთ აიკიდო?

1965 წლის იანვარში, 17 წლის ასაკში, ჩემს მეგობართან, კრისტიან ლიუნოსთან ერთად ისუდენის ძიუდოს კლუბში, FFJDA-ს (საფრანგეთის ძიუდოსა და ასოცირებულ დისციპლინათა ფედერაცია) აიკიდოს სექციაში. იანვრიდან ივნისამდე მინორუ მოშიძუკის მეთოდის მიხედვით ვმეცადინეობდით, ხოლო 1965 წლის სექტემბრიდან ტურენ-ბერი-ორლეანის ლიგა უეშიბას ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც სათავეში ბატონი ანდრე ნოკე ედგა.

გამოცდა პირველი დანზე ანდრე ნოკეს ჩააბარეთ?

არა, 1967 წლის სექტემბერში მე და კრისტიანმა FFJDA დავტოვეთ და FFAD-ში (საფრანგეთოს აიკი-დოს ფედერაცია), ძიუდოსაგან დამოუკიდებელ აიკიდოს პირველ ფედერაციაში შევედით, რომელსაც პიერ ვერკოლიე და მისი ორი ვაჟი, ჟან-პიერი და ალენი (შესანიშნავი და უპატიოსნესი ოჯახი, რომელთანაც საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს) ხელმძღვანელობდნენ. ვარკოლიეები იაპონიაში ვარჯიშობდნენ ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მეთვალყურეობის ქვეშ.
ჩვენ 1-ლი დანის გამოცდა ჩავაბარეთ 1968 წლის აპრილში, ხოლო მე-2 დანისა - 1970 წლის ოქტომბერში FFAD-ში.

რატომ გამოიცვალეთ ფედერაცია?

1967 წლის ივნისში გვინდოდა აიკიდოს მეორე კლუბი გაგვეხსნა ისუდენში, მაგრამ რეგიონალური FFJDA ამას წინ აღუდგა და ჩვენც ბურჟის რეგიონალური სადისციპლინო საბჭოს წინაშე წარვდექით. მათი გადაწყვეტილებით ისუდენში აიკიდოს მეორე კლუბის გახსნა იკრძალებოდა და გაგვაფრთხილეს, რომ თუკი ამ გადაწყვეტლების საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებდით, საფრანგეთის ყველა კლუბიდან გამოგვაძევებდნენ. 68 წლის მაისი კარსმომდგარი იყო და ჩვენც რევოლუციური განწყობები დაგვეუფლა. ამიტომაც საძებრად სხვაგან გავემართეთ! FFAD-ს მივაშურეთ.

პიერ ვარკოლიმ წიგნი დაწერა იაპონიაში მიღებული გამოცდილების შესახებ: აიკიდო, მისი ილეთების სული, მორიჰეი უეშიბას გონებრივი გამოცდილება, რომელიც გი ტრედანიელმა გამოსცა. სამაგალითო ნაშრომია, მასში ახალგაზრდა იაპონელების მიერ ჰომბუ დოჯოს გასახდელებში წარმოთქმული სიტყვებია თავმოყრილი (გვ. 161-162):

გიჟია ეს მოხუცი ოსტატი, ცოტათი შეშლილი, არ გვესმის, რისი თქმა უნდა ან რას ლაპარაკობს

და ასე განაგრძობს:

ფაქტია, რომ ოსტატის ძველმა მეგობრებმა განმიცხადეს, რომ ეს უკანასკლნელი სრულიად ყავლგასული ენით ლაპრაკობს.

ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც შემდგომ ჩვენ სემპაიებად და თვით შიჰანებადაც კი მოგვევლინენ და რომლებიც გვიყვებოდნენ, ჩვენ ო-სენსეის სულიერი შვილები გახლავართო. ეს სწორედ ის შიჰანები არიან, რომლებზეც ამბობენ, ამათ აიკიდო განავითარესო! ჩემი მოკრძალებული აზრით, იმისათვის, რომ ესა თუ ის ხელოვნება განავითარო და პრეტენზია გქონდეს, მას გადავუსწარიო, აუცილებელია მას ისევე კარგად იცნობდე, როგორც ამ ხელოვნების შემქმნელი.

ამასთან დაკავშირებით, აი ისტორიული ცხრილი, რომელიც ძალიან ზუსტად წარმოგვიდგენს იმ ექსპერტთა სწავლის წლებს, რომელთაც აიკიდო საიტო სენსეის შემდეგ დაიწყეს და რომელთაც აიკიდო იაპონიის საზღვრებს გარეთ გაიტანეს. ის საიტო სენსეიმ პირადად გადმომცა და მე თავს უფლება მივეცი, მასში ჰიროსავა სენსეი ჩამემატებინა.

შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ ხდება ადამიანი ექსპერტი ხანდახან მხოლოდ 5 წლიანი მეცადინეობის შემდეგ, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოწაფეები ცხოვრობდნენ ტოკიოში, ხოლო ო-სენსეი 1942 წლიდან ივამაში გადასახლდა? ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ ამ დედაქალაქელ ჯეელებს მართლაც უმუშავით ო-სენსეისთან ერთად, მაგრამ მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, ისინი ამას ისეთი რეგულარულობით ვერ გააკეთებდნენ, როგორც ამას ცხრილი გვიჩვენებს.

რა გზა გამოიარეთ 1970 წლიდან დღემდე?

კლანების ომებით გულაცრულებულმა კრისტიან ლიუნომ 1971 წლის მიწურულს თავი დაანება აიკიდოს. ჩემს კლუბს ოსტატი ტოან ნგიემი შემოუერთდა. ამ ოსტატმა ბევრი რამ მასწავლა საბრძოლო ხელოვნებებისა და ცხოვრების შესახებ. საკადრისად ვერასდროს გადავუხდი მადლობას.

1973 წლის აგვისტოში ერთი თვით იაპონიაში წავედი სავარჯიშოდ, აიკიკაიში. ორლიში პირველად შევხვდი ტამურა სენსეის და პიერ შასანს. ერთად ვიმგზავრეთ. უკან დაბრუნებისას, სხვათა შორის, მათ ბარგში ჰქონდათ დოკუმენტი, რომელიც ფრთებს უკვეცდა ბატონი ნოკეს პრეტენზიებს:

იმხანად ჯგუფებსა და ფედერაციებს შორის ომები უკვე კარგად გაჩაღებულიყო.

1973 წელს ACEA-ს (ევროპის აიკიდოს კულტურული ასოციაცია) თავმჯდომარის, ბატონი გი ბონფონის მოთხოვნით აიკიდოს მასწავლებლის სახელმწუფო დიპლომი მომენიჭა.
1974 წელს ტამურა სენსეისა და ბატონების, ანდრე ნოკესა და ჰირო მოშიძუის წინაშე იძულებული გავხდი შემეწყვიტა გამოცდა მე-3 დანზე კოჭის მოტეხვის გამო რანდორის დროს. რამდენადაც ვიცი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ამ სამმა გამომცდლმა ერთად მოიყარა თავი.
1976 წელს მე-3 დანი ტამურა სენსეისაგან.
1979 წელს მე-4 დანი CNGA-საგან (აიკიდოს ხარისხების ეროვნული კომისია).
1985 წელს მე-5 დანი CNGA-საგან.
1986 წელს, ეჭვებით შეპყრობილმა, ვიგრძენი აუცილებლობა გადამეხედა ჩემი აიკიდოს საფუძვლებისათვის და საამისოდ დავბრუნებულიყავი იაპონიაში.
1987 წელს კვლავ გავემგზავრე იაპონიაში სამ მოწაფესთან და დანიელ ბუბოსთან ერთად, რომელიც გიდობასა და თარჯიმნიბას გვიწევდა. ამ მოგზაურობის დროს საშუალება მომეცა მევარჯიშა შემდეგ მასწავლებლებთან ერთად:

კატო სენსეი (ტოკიოს აიკიკაი),
ივაგაკი სენსეი (ისსე, "მარგალიტებიანი კუნძული"),
ტომიტა სენსეი (ტანაბე),
კუბატაო სენსეი (ნარა),
კიტაჰირა სენსეი (ჰიროშიმა),
ოე სენსეი (ოკოიამა),
ჰიკიძუში სენსეი (შინგუ),
საიტო სენსეი (ივამა), სადაც გავიცანი ფილიპ ვოარინო.

ეჭვქვეშ დავაყენე მთელი ჩემი ცოდნა აიკიდოში და დავიწყე ვარჯიში ტაკემუსუ აიკიში.

ერთ-ერთი საუბრის დროს საიტო სენსეის ვკითხეთ, არის თუ არა ის ილეთები, რომლებსა ის ასწავლიდა, იგივე, რაც ო-სენსეის ტაკემუსუ აიკიში იყო. მისი პასუხი არაორაზროვანი გახლდათ:

არა. ის, რასაც მე თქვენ გასწავლით, მხოლოდ სავარჯიშოებია, რომლებიც თქვენ საშუალებას მოგცემთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს იპოვოთ და გაიგოთ ო-სენსეის ტაკემუსუ აიკი.

1992 : დავაარსეთ TAI (ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალი) პიერ შასანთან, ფილიპ ვოარინოსთან და ჯორჯიო ოსკარისთან ერთად.
1999 : მე-6 დანი.
2000 : უკანასკნელი სტუმრობა ივამაში საიტო სენსეისთან.
2008 : ITAF-ის (საერთაშორისო ტაკემუსუ აიკიდოს ფედერაცია) ფუძემდებელი წევრი.
2011 : მე-7 დანი.

ამას წინათ ო-სენსეის ერთ-ერთ ჯერ კიდევ ცოცხალ, პირდაპირ მოწაფეს, ჰიდეო ჰიროსავას, შეხვდით?

დიახ, 2017 წელს გავემგავრე სორენტეში, იტალიაში, რათა მონაწილეობა მიმეღო ივამაში მცხოვრები ჰიდეო ჰიროსავა სენსეის სემიმარში.
კეიკოს პირველ დღეს ჩემი ამხანაგი ანჯელო არმანო, რომელმაც მიიწვია ჰიდეო ჰიროსავა, მეუბნება: « მთელი სულით და გულით შეუტიე სენსეის. » ორდღიანი ვარჯიშის შემდეგ იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ ჩემი ეჭვები ჰიროსავა სენსეის დიადი ტექნიკურობის თაობაზე, სრულიად უსაფუძვლო გახლდათ.

2017 წლის ნოემბერში დავბრუნდი იაპონიაში, ჰატორიში, რათა მისგან მესწავლა რამე. ჩემი მოკრძალებული აზრით, ჰიდეო ჰიროსავა ყველაზე დიდი სენსეია, ვისაც კი ჩემი პრაქტიკის 53 წლის მანძილზე შევხვედრივარ. მისი ტექნიკა განსაკუთრებულია, ესაა ფუძემდებელი მორიჰეი უეშიბას 60-იანი წლების აიკიდო.

ვისარგებლე ჰატორიში ყოფნით და გავეშურე ივამაში, გვერდითა სოფელში, რათა იქ ლოცვა აღმევლინა ჯინჯას წინ და თან მომენახულებინა დოჯო, სადაც საიტო სენსეის უჩი დეში ვიყავი 80-იან წლებსა და 2000 წელს.

ჯინჯას წინ, სადაც ოდესღაც ერთგვარი ხალხმრავლობა იგრძნობოდა, დღეს აღარაფერია. დოჯოში კიდევ უარესი, სრული არარაობის შეგრძნება. გარშემო ო-სენსეისა და მისი ვაჟის, კიშომარუს ფოტოებია, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ სულ უმცირესი ფოტოც კი არ არის, არანაირი ხსენება არ არის საიტო სეინსეისა, რომელმაც თავისი ცხოვრების ბოლო 33 წელი ამ დოჯოს სიცოცხლისუნარიანობას შესწირა, როგორც დაპირდა ამას ო-სენსეის. ამაზრზენად მეჩვენება ეს ამბავი.

დოჯოს გასასვლელთან სამი უჩი დეში მხვდება, რომელთაც ვესალმები და ვეცნობი: « გამარჯობა, მე გახლავართ ალენ გრაზონი, მორიჰირო საიტოს ყოფილი უჩი დეში ». ამ სიტყვებზე ერთ-ერთს, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობს, მზერაში შიშნარევ უხერხულობას ვამჩნევ: « ჩჩჩჩჩჩუ! არ წარმოთქვათ ეს სახელი აქ… ძალიან ცუდად აღიქმება ეს ». ამ ადამიანს ასე ვპასუხობ « მე ვერავინ დამიშლის აქ საიტო სენსეიზე ლაპარაკს ». ამის წარმოთქმისას საშინელი ზიზღი დამეუფლა ამ დოჯოს ხელმძღვანელების მიმართ, რომელთაც ამგვარი ატმოსფეროს შექმნა მოახერხეს. არ ვიცი, უეშიბების ოჯახის წევრებმა, დოჯოს მეპატრონეებმა, გასცეს თუ არა ამგვარი მითითებები, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში უღირსი საქციელია.

შეგრძნება მაქვს და, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ო-სენსეის სული აღარ ტრიალებს იმ ადგილას.

მახსენდებიან ძველი ფრანგი თუ არაფრანგი უჩი დეშები, რომლებიც საიტო სენსეის გარდაცვალებისთანავე შეძვრნენ აიკიკაიში თითო დანის მომატებისა თუ საერთაშორისო აღიარების მოპოვებისათვის. აქ მეტს აღარ ვიტვი არაფერს მათ შესახებ.

რას ფიქრობთ აიკიდოს დღევანდელი ევოლუციის თაობაზე?

ის, რისი ნახვაც შეიძლება დღეს დოჯოებში, სხვა არაფერია, თუ არა სპორტი ან ქორეოგრაფია, ეს არ გახლავთ ფუძემდებლის აიკიდო, ეს აიკიკაის აიკიდოა. მე კვლავაც დავუმეგობრდები ყველას, მაგრამ ტამურა სენსეის ჰაკამის ოფიციალური დამკეცველობის გამო ადამიანი ვერ გახდება კარგი მოვარჯიშე, ისევე როგორც ცხენის კუდივით თმის ვარცხნილობის მოშვება არ კმარა საიმისოდ, რომ ადამიანი სამურაი იყოს!

მე კიდევ ვარსებობ და ვიწვევ ყველა ძველ და ახალ მეგობარს, გაძლევთ იმ კლუბების კოორდაინატებს, სადაც მე ვასწავლი: აიკიდო ანტიბი, სენ კლოდის დარბაზი, ანტიბი და აიკიდო ბიოტი, დოლინების გზა 3400, ბიოტი.

2018 წლის მაისი, ალენ გრაზონი, მარადიული მოწაფე.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pranguli-aikidos-pioneri
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)