პრინციპის დანახვა

აიკიდოს მოქმედების ფიზიკური პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ვერტიკალური ღერძი თავის გარშემო ტრიალებს.
შეუძლებელია ამ ღერძის დანახვა თვალით, იმიტომ რომ დუალობა აქ ჯერ არ არსებობს, პრინციპი უხილავია და ის განუყოფელია, ერთიანია. ეს არის და ეს. ყველაფერი მხოლოდ აქედან იწყება.

ერთადერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა ესაა : რომელი საიდუმლოების წყალობით ხდება, რომ ის, რაც უძრავი იყო თავის ერთიანობაში, ერთბაშად ამოძრავდება ? იმას, რაზეც აქ ვლაპარაკობ, ცხადია, ბიომექანიკასთან საერთო არაფერი აქვს.

როდესაც ვერტიკალური ღერძი დატრიალდება, ყველაფერი, რაც ამ ღერძზეა მიბმული, ასევე ამოძრავდება. სწორედ ამ დროს იჩენს თავს დუალობა. დუალობა პრინციპის პირველი გამოხატულებაა, როგორც კი ის ამოძრავდება. თუმცა თავდაპირველად იგი სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაცია ძალისა, რომელიც ჯერ გამოხატული არ გახლავთ და, ამიტომაც, არც ხილულია ჯერ ჩვენთვის.

ამ დუალობას, ამ ბიპოლარულ ძალას აიკიდოში, სახელად ირიმი-ტენკანი ჰქვია.
რაკიღა ეს დუალობაა, შეუძლებელია გვქონდეს ცალკე ირიმი ან ცალკე ტენკანი, ირიმი და ტენკანი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, როგორც ხელის გული და ზურგი, ისინი ყოველთვის ერთადაა, იმიტომ რომ ისინი ერთიანი პრინციპის ორმაგი გამოხატულებაა.

ადამიანის სხეულის შემთხვევაში, ამჯერად უკვე პოლარიზებული პრინციპის პირველი ხილული გამოხატულება მარცხენა და მარჯვენა თეძოების ურთიერთშემავსებელი ცენტრიდანული მოძრაობაა. როდესაც ეს ორი თეძო ამგვარად ამოძრავდება, ისინი მთლიანად ფეხებსა და ტერფებს აამოძრავებენ.

ამავდროულად თავის ქალაც იწყებს ბრუნვას ამ ვერტიკალური ღერძის გარშემო და ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსა და მარჯვენა ნახევარსფეროს ურთიერთშემავსებელი ბრუნვა ისევე აამოძრავებს მხრებსა და ხელებს, როგორც ამოძრავებული თეძოები მთლიანად ფეხებსა და ტერფებს.

სხეულის გადაადგილება, რომელიც ამ ღერძის დატრიალების შედეგია, ძალიან ჰგავს დაბზრიალებულ ჩიკორს, რომელიც თავის ადგილმდებარეობას სივრცეში იმ ბრუნვის საშუალებით იცვლის, რომელსაც ის ასრულებს თავისი ღერძის გარშემო.

ამგვარად განსაზღვრული გადაადგილება სრულიად იდენტურია ნებისმიერ გარემოებაში, მაგრამ ფორმები, რომელთაც ეს გადაადგილება აძლევს დასაბამს (აიკიდოს ილეთებს), ისეთივე მრავალრიცხოვანია, რამდენიც მწვანე ფერი არსებობს მცენარეებში ფოტოსინთეზის ერთიანი პრინციპის შედეგად.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ოქტომბერი.

კომენტარები

უფრო მარტივი ენით და გლეხური სიტყვებით არშეიძლება ამ ყველაფრის გადმოცემა ამხელა ფილოსოფიამ ტვინი ამიდუღა :)

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/principis-danaxva
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)