„რატომ გინდათ, რომ იკიო გავაკეთო?“

ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც მე ტამურა სენსეის მოწაფე ვიყავი, ერთ დღეს ინციდენტი მოხდა. ტამურა სენსეი აჩვენებდა იკიო იმოტეს იოკომენ უჩის შეტევიდან, როდესაც ერთ-ერთი მოწაფე წამოდგა და თქვა: „სენსეი, მე მძლავრი ხელები მაქვს და იკიოს ვერავინ ვერ გამიკეთებს. გამოწვევის სახით გთავაზობთ, ჩემზე შეასრულოთ ეგ.“ ტამურა სენსეიმ წყნარად მიიწვია ის შეტევაზე. მაშ, იოკომენიდან. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ეს ჩვენი თავდამსხმელი ფიქრეობდა, ეხლა იკიოს გაკეთებას დამიპირებსო, მთელი ძალები მოიკრიბა და დაძაბა, რომ იკიოს მიმართულებით წინააღმდეგობა გაეწია. სულ ტყუილად. ტამურა სენსეიმ გვერდი აუარა მის გაქვავებულ ხელს და იოლად მოისროლა ირიმი ნაგეთი. მძლავრხელება უკე გაცოფებული წამოდგა და უკმაყოფილება გამოთქვა, რატომ არ იყო ეს იკიოო. მაშინ წარმოთქვა ტამურა სენსეიმ ის მოსაზრება, რომელიც დამახსომდა, მაგრამ რომლის სიღრმესაც მხოლოდ წლების შემდეგ ჩავწვდი. თქვა მარტივად: „რატომ გინდათ, რომ იკიო გავაკეთო?“ ამით ის გაკვეთილი მივიღეთ, რომ უაზრობაა მოინდომო და ნებისმიერ ფასად გააკეთო ესა თუ ის ილეთი, როდესაც რაიმე მიზეზის გამო აუცილებელი პირობები ამ ილეთის შესასრულებლად არ არის თავმოყრილი.

ცოტა ხნის წინ ტამურა სენსეი სემინარს ატარებდა ბეზანსონში და ამ ქალაქში მცხოვრებმა TAI-ს რამდენიმე მოწაფემ ისარგებლა შემთხვევით და ტატამზე შევიდა. მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო და ამაში არავითარი ცუდი ზრახვა არ ერია, ამის გარანტიას მე ვიძლევი. განა ბუნებრივი არ არის, რომ აიკიდოს ერთი ჯგუფის მოწაფეებმა სხვა ჯგუფის მოწაფეებთან ერთად ივარჯიშონ, თუკი ამის შესაძლებლობა გაუჩნდებათ? ყოველ შემთხვევაში TAI მუდამ ახალისებს თავის წევრებს, წავიდნენ და ნახონ სხვადასხვა მიმდინარეობის მასწავლებლები, ისევე, როგორც თვითონ არასდროს უთქვამს უარი სხვა ჯგუფებიდან მოსულთათვის.

მაშინ, როდესაც ის ზუსტადაც იკიო ომოტეს ასრულებდა იოკომენიდან, TAI-ს ერთ-ერთი მოწაფე ტამურა სენსეიმ გააჩერა შუა მოძრაობისას, პირისპირ დაუდგა და შეუტია. ჩვეულებისამებრ ამას შეცდომის მითითებისათვის აკეთებდა ხოლმე. ყველაფერი ძალიან კარგი იყო გარდა იმისა, რომ ტამურა სენსეის იოკომენ უჩი ისე ჰგავდა მზის წნულში დარტყმულ ძუკის, რომ იოლად აერეოდა ადამიანს. პირველად, მოწაფემ, გაკვირვებულმა იმით, რომ შეტევა არ შეესაბამებოდა სავარჯიშოს შეთანხმებულ სამუშაოს, ცხადია, ვერ შეასრულა მოთხოვნილი იკიო ომოტე. ვერც მეორედ. მესამე ცდაზე კი ისე გადაადგილდა, როგორც ამას ძუკის შემთხვევაში გააკეთებდა. ტამურა სენსეიმ, შესაძლოა გაკვირვებულმა მისთვის მოულოდნელი ამ რეაქციით, ვეღარ დაუბლოკა ილეთი. ამ პოზიციიდან იკიოს წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ვერ იზამდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ტამურა სენსეიმ ტრავმის მიღების რისკის ფასად მოინდომა კონტროლისთვის გაძალიანება, რომ ძირს არ ჩასულიყო. იმ ბიჭის ჭკუას უნდა უმადლოდეს, რომელმაც არჩია შუა გზაში შეეწყვიტა ილეთი და სახსარში მსუბუქი ტკივილი დაეტოვებინა, ვიდრე იდაყვი მძიმედ დაეზიანებიდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქედან დიდი ამბის ატეხვა და გაბუქვა საჭირო არ იყო, მაინც ატყდა პოლემიკა ფორუმებზე, და, როგორც ყოველთვის, იმათი მხრიდან, ვინც არ შესწრებოდა ამ ამბავს. სწორედ ამიტომ მივიჩნიე ჩემს პასუხისმგებლობად, ზუსტად ამეხსნა ფაქტები და შემერბილებინა მდგომარეობა. ყველამ თავისთვის განსაჯოს.

ვთქვი თუ არა ეს, ძალაუნებურად ბედის ირონია გამოვიდა. რადგან სიტუაცია, რომელშიც TAI-ს ერთ-ერთი მოწაფე აღმოჩნდა, სრულიად ანალოგიური გამოდგა იმისა, რომელში თვითონ ტამურა სენსეი ჩავარდა რამდენიმე წლის წინ „ღონიერხელებიან უკესთან“. როგორც იმხანად ტამურა სენსეი, იმის გამო, რომ ხელთ არ ჰქონდა ის აუცილებელი პირობები, რასაც მოთხოვნილი ილეთი ითვალისწინებდა, არ გაჯიუტებულა და არ უცდია, ნებისმიერ ფასად ის ილეთი გაეკეთებინა. ახალ პირობებს მოერგო.

მართლაც, იმისათვის, რომ აიკიდოს რომელიმე ილეთი შესრულებადი იყოს, პირობათა გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს თავმოყრილი. ვარჯიშის დროს ხელოვნურად იქმნება იდეალური პირობები ამა თუ იმ ილეთისათვის. და ეს კეთდება იმისთვის, რომ მოძრაობა უკეთ იყოს გასაგები და შესასწავლად შესაძლებელი. მთავარი შეცდომა მდგომარეობს ამ სუფთად კონვენციური სავარჯიშოს დროს სხვასთან შესაჯიბრი ფორმების ძიება. მოვარჯიშეები, რომლებიც ამ სავარჯიშოს პარტნიორთან ღონის გამოცდად აქცევენ, უბრალოდ, მხედველობიდან კარგავენ იმას, რომ ნაგეს მომავალი მოძრაობის წინასწარ ცოდნა უკეს საშუალებას აძლევს, არაკეთილგანწყობის შემთხვევაში დაბოლოკოს ვინც უნდა და რაც უნდა. სწავლის ამ სტადიაზე ადამიანი მართლაც შორსაა ჭეშმარიტი საბრძოლო მოქმედებათა რეალობიდან, სადაც არაფერია წინასწარ შეთანხმებული და ყოველნაირი ცვლილება, რასაკვირველია, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ერთადერთი თავისუფლება,რომელიც მოვარჯიშეს ენიჭება სწავლის ამ ეტაპზე დავალებული სავარჯიშოს შეძლებისდაგვარადუკეთ გამეორებაში მდგომარეობს. ნაგე თავის როლს ასრულებს პატიოსნად, უკე – თავისას. მუსიკოსები თავ-თავიანთ გამებს უკრავენ.

მაგრამ შემოთავაზებული ილეთისათვის აუცილებელ პირობათაგან სულ ერთიც რომ შეიცვალოს, თუნდაც თვალისთვის შეუმჩნევლად (უკეს ფეხი ან იდაყვი რომ შეიწიოს და გადაადგილდეს სულ რამდენიმე სანტიმეტრით) და ეს ილეთი ამ სახით გაუკეთებელი ხდება. ტატამზე გამოცდილებმა კარგად იციან ეს და ვარდნის თავიდან ასაცილებლად იყენებენ ხოლმე ამ პატარა ეშმაკობას მაშინ, როცა ზურგი სტკივათ. ამგვარი მოდიფიკაციის შემთხვევაში საწყისი ილეთი არაადეკვატური ხდება და რეალობაში სავარჯიშოს მონაცემთა შეცვლისგან ნაშობ ახალ სიტუაციას ამ საწყისი ილეთის ვარიანტი ან სულაც სხვა ილეთი მოერგება.

გადაულახავი პრობლემა ისაა, რომ ტორი – იმიტომ, რომ მას ასე სჭირდება – თითქოს ვალდებულია საწყის ილეთს არ გადაუხვიოს და თავისუფალ ვარიაციაზე არ გადავიდეს.

მაშინ მომდევნო შეკითხვა მიჩნდება: როდესაც მასწავლებელი ერთი წამით ადრე სთხოვს თავისმოწაფეებს შეასრულონ დათქმული ილეთი (იკიო ომოტე იოკომენის შეტევის პასუხად), რა აზრის აქვს, რომ – იმ ილეთის დროს, რომელიც თვითონ მოითხოვა – ხელი შეუშალოს რომელიმე მოვარჯიშეს თავის მიერვე მოთხოვნილი შეტევისაგან განსხვავებული ფორმის გამოყენებით? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვუტრიალე ამ შეკითხვას, სულ ორად ორი პასუხი მოვუძებნე.

  • ან ტამურა სენსეი ეშმაკობს თავის მოწაფეებთან. ანუ მსუბუქად დასცინის მათ, როდესაც სთხოვს, წესი დაიცავითო, და თვითონ მხიარულად არღვევს ამ წესს. ასე და ამგვარად, როდესაც ისინი მის წინაშე აღმოჩნდებიან, მათ მეთოდოლოგიურად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. კარგი ხუმრობაა ერთგვარად. მაგრამ მე არ მინდა ამ შესაძლებლობას მივემხრო, რაც შეუსაბამო იქნებოდა იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც საფრანგეთის დიდი ფედერაციის ეროვნულ ტექნიკურ მრჩეველს შეეფერება.
  • ანდა ტამურა სენსეი ცვლის თავისივე მოცემული სავარჯიშოს მონაცემებს იმისათვის, რომ მოვარჯიშეთა შორის გამოარჩიოს გონებაგამჭრიახები, ინიციატივიანები და მამაცები, რომლებიც შეუძლიათ დავალებული სასკოლო სამუშაო შუა გზიდან მიატოვონ და ამით ერთი წამის წინ მასწავლებლის მიერ დადგენილი წესი დაარღვიონ.

თუ ეს მეორე პასუხია სწორი, მაშინ ტამურა სენსეი სასიამოვნოდ გაკვირვებული უნდა იყოს, როდესაც დრო და დრო რომელიმე მოვარჯიშეს ბუნებრივი რეაქცია აქვს, ერგება ახალ სიტუაციას, ცვლის ილეთს და საბოლოოდ მის ძირს დაგდებას ახერხებს.

ეს ახსნაც, სიმართლე ითქვას, მხოლოდ სანახევროდ მაკმაყოფილებს, მაგრამ სხვას ვერ ვხედავ. და თუ ვინმეს აქვს სხვა პასუხი, დიდ მადლობას გადავუხდი გაზიარებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ბედნიერი ვარ, რომ TAI-ს ერთ-ერთ მოწაფეს ეყო თავისუფლება ისეთი ტექნიკური პასუხის გასაცემად, როგორიც მისთვის აპრიორულად წამგებიან სიტუაციას შეეფერებოდა.

და მაინც, რომც ვივარაუდოთ, რომ ეს მართლაც ტამურა სენსეის მიერ არჩეული მეთოდია, ამას TAI არ იყენებს.
TAI მიიჩნევს, რომ საბაზო ტექნიკის შესწავლა საკმაოდ რთულია საიმისოდ, რომ ამაში მოვარჯიშეთა უნარების ტესტები გავურიოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ თავისუფალი რეაგირება სხვადასხვა შემოთავაზებებზე. ამგვარი თავისუფლება, რასაკვირველია, ფუნდამეტურია აიკიდოში, მაგრამ ეს სულ სხვა რეგისტრს განეკუთვნება. ამას თავისი მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ გვიან ექნება, რადგან იგი გულისხმობს, რომ ამ დონეზე მომუშავე კანდიდატს წინასწარ გავლილი და უნაკლოდ შესწავლილი აქვს საბაზო ტექნიკა. ბახისა და მოცარტის „შესრულებამდე“ ჯერ სოლფეჯიოს სწავლობენ. საბაზო ტექნიკაზე უფრო თავისუფალი მუშაობა, ცხადია, არსებობს TAI-ს მეთოდიკაში, მაგრამ ის ცალკე საგნად ისწავლება. ამას თავისი დრო აქვს. და ლაპარაკიც ზედმეტია რომ ამგვარი გაკვეთილი ჩატარდეს ტატამზე, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას დამწყებნი შედგენენ, რადგან ეს არ არის მათთვის, ისევე, როგორც არ არის მათთვის, მაგალითად, კაეში ვაზა.

დამწყებებს მე-3 დანამდე სჭირდებათ ბაზის შესწავლა. რა საჭიროა მათი დაბნევა და ჩაკარგვა იმ სიტუაციაში, რომელიც მათზე ბევრად უფრო მაღალი დონის პრაქტიკას მოითხოვს? აიკიდო არის გზა, რომელზეც ეტაპებს არ ახტებიან. ისინი, ვინც დაადგებიან ამ გზას, უნდა დაეთანხმონ ამ პირობას. და თუ უნდა ითქვას ჭეშმარიტება, მე ვიტყოდი, რომ რეალურად მე-3 დანის მიღებიდან კარგა ხნის შემდეგ ეძლევა გაჩენის პატარა შანსი აიკიდოს პრაქტიკის თავისუფალ გამოხატვას… არ ავურიოთ ეს დადგმულ სპექტაკლებში, რაგინდ წარმატებულიც არ უნდა იყოს ის.

ფილიპ ვოარინო, 2008 წლის 6 ივლისი

კომენტარები

ციტატა სტატიიდან, რომელიც ძალიან მომეწონა: "რეალურად მე-3 დანის მიღებიდან კარგა ხნის შემდეგ ეძლევა გაჩენის პატარა შანსი აიკიდოს პრაქტიკის თავისუფალ გამოხატვას…"

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ratom-gindat-rom-ikio-gavaketo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)