საიტოს მეთოდი #2

შეხსენება

საიტო სენსეის მიერ შემუშავებული აიკიდოს შესწავლის მეთოდი ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ ჭკვიანურადაა შექმნილი მექანიზმები, რომლებითაც სხეული იძენს ტექნიკას. იგი საოცარად ეფექტურია საიმისოდ, რომ ადამიანმა სწრაფად და ზუსტად აითვისოს აიკიდოს მოძრაობების შემადგენელი ფუნდამენტური ელემენტები.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი გამოყენებული, გადაცემული და დაცული იყოს.
მომდევნო კვლევამ შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, თითქოს მე კრიტიკულად ვიყო განწყობილი ამ მეთოდისადმი და თითქოს ერთგვარად შორს მეჭიროს თავი მისგან: ამგვარი გრძნობა რეალობის სწორი ანარეკლი ვერ იქნება, მე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ეს მეთოდი დღემდე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ინსტრუმენტია, რომლითაც დამწყებს აიკიდოს გზისკენ შეგვიძლია წარვუძღვეთ. ამას ვამბობ ხმამაღლა და მკაფიოდ, ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ და არ დავივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობს, საერთოდ არ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები.

ქვევით, მორიჰირო საიტო სენსეის წიგნიდან „ტრადიციული აიკიდო“ ამოღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს მიმართულება, საითაც უნდა შესრულდეს იკიო ომოტე, სიმარტივისთვის ვთქვათ - ტორის წინ და მარჯვნივ:

მომდევნო ფოტოზე (თვალსაჩინოება # 2), თუ ზედა რიგის მე-5 ფოტოს შევადარებთ, საიტო სენსეი აჩვენებს იმ უმნიშვნელოვანეს შეცდომას, რომელიც არ უნდა დავუშვათ: უკე ზედმეტად შორსაა, მყარი საყრდენი აქვს მარცხენა ფეხის სახით და ამიტომ არც წონასწორობას კარგავს, მისი მარჯვენა ფეხი სახიფათოა, მისი ხელი კი ვერ კონტროლდება ტორის მუცლის წინ, რამე რომ იყოს, შეუძლია გამოძვრეს ან კონტრ-ილეთი შეასრულოს. როცა ასწავლიდა, საიტო სენსეი ხშირად ხსნიდა, რომ უკეს ხელის კონტროლი მუცლის წინ იკიოს უმთავრესი მახასიათებელია:

დავაკვირდეთ ახლა შემდეგ ფოტოებს, რომლებზეც ნაჩვენებია მიმართულება, საითაც უნდა შესრულდეს ნიკიო ომოტე. დავინახავთ, რომ ზუსტად იგივეა, საითაც იკიო ომოტე სრულდება: ტორის წინ და მარჯვნივ.

ახლა შევადაროთ ნიკიოს ამ სერიის მე-3 ფოტო და სურათი, სადაც საიტო სენსეი აჩვენებს შეცდომას იკიოს შემთხვევაში:

მიუხედავად იმისა, რომ გადაღების კუთხე ოდნავ განსხვავებულია, ვხედავთ, რომ პოზიცია ზუსტად იგივეა (მაჯაში ჩვალებას თუ არ ჩავთვლით): უკე ტორისგან შორსაა, მყარი საყრდენი აქვს მარცხენა ფეხზე, მისი ხელი არ კონტროლდება ტორის მუცლის წინ.

როგორ შეიძლება ასე…?

პასუხია: ეს გარდაუვალია.

რატომ?

ადამიანის სხეულის ბიომექანიკა მოითხოვს, რომ ნიკიოს დროს უკეს მაჯის ჩახვევა იდაყვს გარეთკენ ატრიალებს. ამის გამო თუ ნიკიოს შესრულებისას მივაწვებით პირდაპირ, იკიოსათვის საჭირო კუთხით, მაშინ უკეს აუცილებლად გადაუვარდება იდაყვი ტორისგან შორს. ამ აუცილებლობას ვერსად გავექცევით, ბუნების კანონია და ყველას შეუძლია სცადოს ეს დოჯოში.

რატომ არ იჩენს თავს ეს პრობლემა იკიოს დროს?

იმიტომ, რომ იკიოსა და ნიკიოს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა: იკიოს გაუძრავება მხრის ძვალზე იდაყვის გამონაშვერის საყრდენის ბლოკირებით სრულდება და ამგვარი ბლოკირების განხორციელება შეუძლებელია, თუკი იდაყვი დატრიალდება. იკიოს დროს უკეს ხელის ტრიალი კი იწყება, მაგრამ ამ პირველ სტადიაზე ის მხოლოდ და მხოლოდ იმართება და იჭიმება, იდაყვი და მაჯა არ ტრიალებს, ანუ ხელზე ხრახნის ეფექტის თაობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

სამაგიეროდ, შემდეგი ფაზა, ნიკიო მოითხოვს უკეს მაჯის გადატრიალებას, მაჯის ეს გადატრიალება კი, ადამიანის ხელის მექანიკიდან გამომდინარე, იდაყვსაც აუცილებლად დაუტრიალებს უკეს. მაჯისა და იდაყვის ეს ორმაგი ტრიალი აიძულებს უკეს რკალად მოხაროს ხელი: ნიკიო ომოტე ხრახნია უკეს ხელზე. მაგრამ თუ ეს ხრახნი იკიოს მიმართულებით ამუშავდა, უკეს ხელი აუცილებლად წაუვა წინ და ამგვარად გარდაუვლად დაშორდება ტორის მუცელს, რაც ეფექტურ კონტროლს შეუშლის ხელს.

იკიოს მიმართულება საშუალებას გვაძლევს, უკეს ხელი მუცლის წინ დავიტოვოთ, იმიტომ რომ ეს ხელი იდაყვის გადაუტრიალებლადაა გაჭიმული, მაგრამ როგორც კი უკეს მაჯა და იდაყვი ტრიალს იწყებს, იკიოს მიმართულება ვეღარ გვიტოვებს მის ხელს ჩვენი მუცლის წინ.

ერთადერთი ხერხი იმ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ნიკიოს ამგვარი შესრულებისას ჩნდება, სხეულის ღერძის ბრუნვის მომატებაა იკიოსთან შედარებით უფრო მარჯვნივ, რასაც შედეგაც ჰიტო ე მის გახსნა მოჰყვება ამავე მიმართულებით, როგორც ეს ქვედა ფოტოზე ჩანს.

ტრიალს სამი მთავარი შედეგი აქვს:

  1. უკეს ხელი არ ვარდება წინ და ის ბუნებრივად მოდის რკალად, ტორის მუცლის წინ,,
  2. უკე სწორად კარგავს წონასწორობას მარჯვნისაკენ და მარცხენა ფეხზე არა აქვს საყრდენი,,
  3. ტორი ამავდროულად ზურგს არიდებს უკნიდან მომავალ პოტენციურ შეტევას, აკონტროლებს უკანა მიმართულებას და ამით მისი მუშაობა მრავალმიმართულებიანია..

მოძრაობა სპირალის პრინციპს ემორჩილება, ბრზრიალას ეფექტით სრულდება და ტორი გადაადგილების გარეშე ბრუნავს ღერძის გარშემო, მაშინ როცა იკიოს მიმართულებით მისი შესრულება პირიქით, სწორხაზოვანია და აიძულებს ტორის, ნაბიჯი გადადგას უკესკენ, როგორც ამას საიტო სენსეი მე-4 და მე-5 ფოტოები გვიჩვენებს:

სხეულის ღერძის გარშემო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრუნვა, ცხადია, ცვლის ნიკიოს შესრულების მიმართულებას და ის იკიოსთან შედარებით სამოცი გრადუსით მარჯვნისაკენ გადააქვს (შდრ. კაჯო #6). ამ ბრუნვის შედეგი და ხრახნის ეფექტია, რომ უკეს ხელი პირდაპირ მიწისკენ ჩადის, იდაყვი მაჯაზე დაბლა ხვდება და მოძრაობის ბოლოს ხელი მიწის პერპენდიკულარულია, როგორც ეს მე-4 ფოტოზე ჩანს ნათლად:

სწორედ ამიტომ, რომ მოძრაობის ბოლოს ხელი ვერტიკალურია, ნიკიო ომოტეს გაუძრავებისას უკეს ხელი ტორის ყოველთვის ვერტიკალურად უდევს მკერდზე.

ნიკიოს გაუძრავებისთვის დამახასიათებელი ხელის ეს ვერტილაკური პოზიცია სხეულის უმნიშვნელოვანესი ბრუნვისაგან წარმოქმნილი ხრახნის ეფექტის შედეგია და სწორედ ესაა დასტური მისი აუცილებლობისა. აიკიდოში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ყოველი მოძრაობა წინამორბედის გარდაუვალი შედეგია.

თუკი იკიოს გაუძრავებისას უკეს ხელი ჰორიზონტალურადაა ძირს, აქაც იგივე ლოგიკა მოქმედებს, კერძოდ ის, რომ უკეს ხელი ჰორიზონტალურადაა იკიოს მოძრაობის ბოლოს.

ისე, ხდება ხოლმე, რომ ნიკიო ომოტეს გაუძრავებას ისე ასწავლიან, რომ უკეს ხელი ჰორიზონტალურად რჩება მიწაზე და ბოლოში მაჯას უგრეხენ უაზროდ და უშედეგოდ.

ეს ძალიან ლოგიკური შეცდომაა. ნიკიოს შესრულებისას იკიოს მიმართულებით მართლაც ჩააქვთ ხოლმე უკეს ხელი ჰორიზონტალურად:

და თუკი ჰორიზონტალურად ჩადის უკეს ხელი, მაშ რაღა საჭიროა გაუძრავებისთვის მისი ხელოვნურად გავერტიკალურება? ერთი სიტყვით, თუკი ყველა პირობა თავმოყრილია იკიოს გაუძრავებისთვის, რატომღა გავაკეთოთ ნიკიო? ამასთან, რამდენადაც მოვარჯიშეს ნასწავლი აქვს, რომ ნიკიო მაჯის გადატრიალებას გულისხმობს, ის ბეჯითად ცდილობს, ყველაფრისდა მიუხედავად განსხვავება იკიოსა და ნიკიოს შორის უკეს მაჯის ჩახრახვნით გამოხატოს გაუძრავების სულ ბოლო ფაზაში. მაგრამ ამგვარად განხორციელებული ხრახნი უსარგებლოა, რადგანაც უკეს ხელი ძირსაა ბლოკირებული იკიოს გაუძრავებისთვის დამახასიათებელი გაჭიმვით, ხოლო განსაზღვრების მიხედვით, ასეთ პოზიციაში მისი იდაყვი არ უნდა დატრიალდეს. ამ დროს უკეს მაჯის ჩახრახვნით ტორი მას იდაყვის წინ გაწევის სურვილს უჩენს და ამგვარად ეწინააღმდეგება თავის მიერვე ჩატარებულ გაუძრავებით სამუშაოს, რომელიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკეს იდაყვის წინ გაწევის საშუალება არ მისცეს.
ამ შეცდომის ლოგიკური მექანიზმი დასტურია ამ აბსურდისა და გვიჩენებს, რომ ნიკიო არ შეიძლება და არ უნდა შესრულდეს იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც კეთდება იკიო.

ამგვარი შეცდომა ხელს გვიშლის, დავინახოთ განსხვავება, მაგალითად, შომენ უჩი ნიკიო ომოტესა და კატადორი იკიო ომოტეს გაუძრავებებს შორის. იკიოს შესრულების ამ უკანასკნელი ხერხის დროს, უკეს მიერ მხარში ჩავლება გვაიძულებს, მისი მაჯა ნიკიოს „ფორმით“ ავიღოთ, თუმცა მოძრაობა იკიოდ რჩება იმ არსებითი მიზეზის გამო, რომ არ ვუტრიალებთ მაჯას, მაშასადამე, არც მთელ ხელს ვუხრახნით. მაჯა უბრალოდ იდაყვისკენაა მოკეცილი, რაც სრულიად განსხვავებული რამაა, რადგან ეს მოქმედება ხელს არ უშლის იდაყვის გამონაშვერის გამოყენებასა და უკეს ხელის ბლოკირებას გაჭიმვით, რაზეც ილეთის სისწორეა დამოკიდებული. ამის დანახვა შემდეგ ფოტოებზე შეიძლება:

საიტო სენსეის ნიკიო ომოტეს ჩავლების სერიის მე-4 ფოტოზე მშვენივრად ჩანს, რომ უკეს ხელი გაჭიმული აქვს, მაშინ როცა მაჯა მაინც დატრიალებულია.
ეს არაა სწორი, რადგან მაჯის ამგვარი დატრიალება უკეს აუცილებლად დაუტრიალებს იდაყვსაც. სხვათა შორის, ჩანს კიდეც, რომ საიტო სენსეის მარცხენა ხელი, რომლითაც იდაყვი უჭირავს, წინაა გაწეული ამ ტრიალის გამო. ამიტომ ამგვარი ტრიალი იმით უნდა დააკომპენსიროს, რომ იდაყვი უკან შეინარჩუნოს ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ხელების მუშაობის ხარჯზე: ეს მართლაც ერთადერთი ხერხია, რითაც ტორის შეუძლია უკეს ხელი საკუთარი მუცლის წინ, სწორი კონტროლის პოზიციაში დაიტოვოს უკანა ფეხის წინ შედგმამდე, თუკი გადავწყვეტთ, რომ გარკვეული მიზეზების გამო შემოგთავაზოთ აგიხსნათ ნიკიო ომოტეს შესრულება იმასვე კუთხით, რა კუთხითაც იკიო ომოტე სრულდება.

რაკი ამგვარი საპირისპირო მოქმედება ანტი-ფიზიოლოგიური და ხანმოკლეა, საიტო სენსეი მალევე წყვეტს უკეს მაჯის ადრე დაწყებულ ჩახრახვნას, წამის შემდეგ კი მაჯას ზევით ამოსვლის საშუალებას აძლევს და თან იდაყვს ახრევინებს, რათა წმინდად იკიოზე შესვლის რეალობას დაუბრუნდეს:

იკიოს ყველა პირობა თავმოყრილია, უკეს ხელი გაჭიმული და იატაკის პარალელურია, ყველა ლოგიკის თანახმად, საიტო სენსეის გაუძრავება აქ იკიოს ფორმაში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ქვევით შეგვიძლია ვნახოთ, რომ ასე არ იქცევა:

მაშინ რატომ არ აკეთებს იკიოს გაუძრავებას? ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ რატომ ააქვს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან უკეს ხელი ვერტიკალურში, გადაატარებს მთელ თავის მკერდს ერთი ბოლოდან მეორემდე, რომ მეორე მხართან მიიტანოს ეს ხელი და თან იმ რისკის ფასად, რომ ყოველ წამს შეიძლება კონტროლი დაკარგოს უკეზე?

ამ შეკითხვებს პასუხი მაშინ გაეცემა, როცა ამ, უფრო ფუნდამენტურ შეკითხვას ვუპასუხებთ: რატომ ასწავლიდა საიტო სენსეი იკიო ომოტესა და ნიკიო ომოტეს ერთი და იმავე მიმართულებით? შესაძლებელია, არ სცოდნოდა მთავარი ტექნიკური სხვაობა, რომელიც ამ ორ უმნიშვნელოვანეს ტექნიკას შორის არსებობს?
არა მგონია. დარწმუნებულიც კი ვარ საპირისპიროში.
ვცდილობ, ავხსნა ეს ანომალია და ეს ახსნა გამოაჩენს საიტო სენსეის იმ მასშტაბს, რომლის შესახებაც ცოტა ვინმემ თუ იცის და ისიც ბუნდოვნად, მათ შორის იმ ხალხსაც ვგულისხმობ, ვისაც დიდხანს უცხოვრია ივამაში და ვინც ყოველდღიურად იყენებს მის მეთოდს სწავლებისათვის. საიტო სენსეი იმაზე ბევრად უფრო ღრმა და იდუმალი კაცი იყო, ვიდრე ეს ზოგს წარმოუდგენია, მისი სწავლება შედეგია იმ სრულიად გააზრებულ-გაცნობიერებული გათვლებისა, რომლის სიზუსტე დღესაც მაოცებს.
მაგრამ ვიდრე ამ გზაზე შევდგებოდეთ, ჯერ აუცილებლად ტექნიკურ განხილვებში უნდა წავიწიოთ წინ.

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის მაისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 4 მარტი, 2017, Stage International ITAF-Belgium, Rixensart, Belgium

კომენტარები

გამარჯობა სენსეი ფილიპ. სენსეი სემინარზე თქვენ ყურადგება გაამახვილეთ კიდევ ერთ მნისჰვნელოვან პუნკტზე" კაკუდო" რაც თქვენ განმარტეტ რომ აუცილებელია როდესაც ვაკეთებთ ტანოჰენკას , მოროტეტორს.. და. ა.შ აუცილებელია იდაყვი მიკრული იყოს ტანტან რომ შევძლოთ ტრიალი და ამის ეფეკტურობა სახეზეა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, შეტევის ხაზიდან გასვლა მცირედი კუთხით. ჩემი შეკითხვა პედაგოგიკას ეხება :1 როდესაც დამწყებთ ვასწავლით საბაზო ტექნიკას მეთოდსში ჩვენ ვმუშაობთ სწორ ხაზზე თუ უკე იცავს ამ ზემოთხსენებულ წეს და გადის შეტევის ხაზიდან? რადგანაც თუ შეტევის ხაზზე დავრჩებით ორივე და მე ვეცდები რო ჩემი იდაყვი ჩემს სხეულთან ახლოს იყოს დისტანცია მცირდება და ჩემი შესაძლებლობები იზრდება რადგან უკე ჩემ შეტევის ხაზზეა და თან ახლო, ხოლო თუ ამას არ გავაკეთებ მაშინ ჩემი ხელი ტანთან მიმართებაში შორს გამოდის და მე წინ მომიწევს შესვლა რომ ეს პოზიცია მივიგო და ჩემი ფეხი უკეს ფეხთანაც ახლოს იყოს რათა შევძლო მე ილეთის გაკეთბა. პუნქტი 2 . ჩვენ ვიცით რომ შომენნი არის სათავე საიდანაც დასაბამს იგებს ყველა ჩაჭიდება და თუ მე ასე შევასრულებ გავდივარ რა შეტევის ხაზიდან ტორისტანაც ახლო პოზიციასში ვრჩები და ტორის დაუკეს ფეხები ერთმანეთთან ახლოსაა, რადგანაც ჩემიმ ლოგიკით თუ ტორის სჭირდება უკეს ფეხთან ახლოს იყოს თავისი ფეხი რომ ტაინოჰენკას და .....სხვ. ილეთების დროს ასევე უკესთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოე ეს ასპეკტი , რადგან უკეს მოვალეობა მარტო ის ხომ არ რაის რომ ფორმალურად ჩაჭიდოს ტორის არამედ ამ ჩაჭიდებით მან შეძლოს ტორის ჭონასწორობიდან გამოყვანა რათა ეპექტურად დაარტყას ატემი და თუე ეს ასეა ლოგიკურად უკესთვისაც მნიშვნელოვანია უკეს ფეხის ტორის ფეხტან ახლოს იყო, აქედან გამომდინარე ჩვენ აგარგვჭირდება პეხის ფეხთან მიტანა რადგანაც ის უკვე ჩვენ ფეხტან ახლოსაა და თან ამავდროლად უკე უსაფრთხო პოზიციაშია ჩვენგან რადგან შეტევის ხაზიდანაა გასული. სენსეი როგორ მოვიქცეთ როდესაც დამწყებთ ვასწავლით? რადგანაც ტრადიციული აიკიოდს ძველ წიკნში საიტო სენსეის აჩვენებს თუ საიდან მომდინარეობ ჩაწიდების სათვე და რადგანაც ეს მეთოდის წიგნია ვიხემძგვანელოთ თუ არა ამძემოთხსენებული წესებით? დიდი მადლობა წინასწარ პატივისცემით ირაკლი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/saitos-metodi-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)