შემაწუხებელი აჩრდილი

ჩემი მეგობარი ალენ გრაზონი ცოტა ხნის წინ აიკიდოს შესასწავლად იაპონიაში გაემგზავრა, ო-სენსეის ჯერ კიდევ ცოცხალ და ერთ-ერთ უკანასკნელ უშუალო მომწაფესთან, ჰიდეო ჰიროსავასთან, რომელიც ივამაში ცხოვრობს და ჰატორის მეზობლად, ერთ მომცრო დასახლებაში ასწავლის.

ალენს არ უნდოდა, ისე დაეტოვებინა ივამა, რომ ერთი სენტმენტალური ვიზიტი მაინც არ განეხორვიელებინა ო-სენსეის ძველ დოჯოში, სადაც ის პირველად უჩი დეშად 1980-იანი წლების მიწურულიდან ცხოვრობდა. იქ სამი უჩი დეში ხვდება და ალენი მათ თავს ძალიან ბუნებრივად წარუდგენს: « გამარჯობა, მე გახლავართ ალენ გრაზონი, მორიჰირო საიტოს ძველისძველი უჩიდეში. » ეს რამდენიმე სიტყვა თითქოს მეხივით ვარდება იმ სამი უბედურის თავზე. « ჩჩჩჩჩუ ! … არ წარმოთქვათ აქ ეს სახელი და გვარი … ძალიან ცუდად უყურებენ ამას აქ », - ფრანგულად პასუხობს ერთი მათგანი ძლიერი კანადური აქცენტით.

ცუდად უყურებენ … ! ალენი, რომელიც საკუთარ ყურებს არ უჯერებს, დოჯოს კარამდე განაგრძობს სიარულს, გვერდზე სწევს გორგოლიან ფიცრულ პანოს და გონების მოსაკრებად ერთი წამით იმუხლავს. კამიზა არ შეცვლილა. დროისაგან გაპრიალებულ თაროებზე, ხის გამოქანაკებულ რამდენიმე პატარა კოლოფში კვლავაც ინახება ო-სენსეის წვერის ამდენიმე ღერი. კამიზას მარჯვნივ, ო-სენსეისა და მისი ვაჟის, კიშომარუს პორტრეტები კვლავაც ხელუხლებლად კიდია. მარჯვენა კედელზე წლების მანძილზე ათასობით მოვარჯიშის მნახველი ძველისძველი სარკეც იმედის მომცემად ადგილზეა, მის თავზე კი ო-სენსეი ხელით შესრულებული კალიგრაფია « აიკი უეშიბა » მოჩანს. მარცხენა კედელზე, პატარა შემინული დერეფნის თავზე, რომელსაც პირდაპირ ო-სენსეის სახლისკან მივყავართ და რომელიც მისი პირადი შემოსასვლელი იყო, ფუძემდებლის ზომაზე ოდნავ დიდი ოთხი-ხუთი პოსტერი დაუმატებიათ.

ყველაფერი სუფთაა, სუფთა, როგორც ადგილი, რომელსაც არ იყენებენ და რომელსაც ასუფთავებენ განუწყვეტლივ, ცოტათი ცარიელი, ცოტათი სევდიანი, ერთგვარი ცარიელი მუზეუმი, სადაც, ცხადია, საიტო სენსეის პორტრეტის ნასახიც არსადაა.

« … აღარ წარმოთქვათ ეს სახელი და გვარი … ძალიან ცუდად უყურებენ ამას აქ ». ნეგაციონიზმის შხამის შემცველი ეს მოკლე ფრაზა თავში უტრიალებს ალენს და ამასთან ერთად აქაურობასთან დაკავშირებული ძველი მოგონებები უცოცხლდება მეხსიერებაში.

რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება, არ აფასებდეს მორიჰირო საიტოს პიროვნებას, ნებისმიერს შეუძლია, არ მოსწონდეს მისი კრიტიკული დამოკიდებულება აიკიკაის მიმართ, აიკიდოს სამყაროში მისი ავტორიტეტის არმიღებაც შესაძლებელია და სწავლების მისეული მეთოდის თავისებურებისა და სასარგებლოობის არაღიარებაც. შეიძლება არ ეთანხმებოდე ყველა ჭრილში ადამიანს, რომელმაც კლიშეთა გარკვეული რაოდენობა დაამსხვრია და ამით აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია აიკიდოს სამყაროში. მაგრამ არის ერთი რამ, რომლის გაკეთების უფლებაც არავის არა აქვს: უარყოს ის, რასაც უარსებია, ეცადოს წაშალოს ის ისტორიიდან.

ო-სენსეის გარდაცვლებიდან მოყოლებული ათწლეულების განმავლობაში საიტო სენსეიმ თავის თავში მჩქეფარე დიდი სასიცოცხლო ენერგია შთაბერა ივამას დოჯოს. ფუძემდებლის პაწაწინა ხის დოჯოდან ჯადოსნური ადგილი შექმნა, სადაც ოცდაათი წლის მანძილზე ათასობით მოწაფე ჩადიოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და მისი მეთვალყურეობით ვარჯიშობდა აიკიდო. მან გააცოცხლა დოჯო და გააცნო ის მთელ მსოფლიოს, იმიტომ, რომ ეს ო-სენსეის სურვილი გახლდათ, და რომ ეს მისია სწორედ მას დააკისრა ფუძემდებელმა.
ის ამ მისიას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ასრულებდა, ბოლოსკენ იძულებული ხდებოდა ყოველი ოთხი ილეთის ჩვენების შემდეგ ჩამომჯდარიყო, რადგან სნეულება არ აძლევდა საშუალებას დიდხანს მდგარიყო ფეხზე.
ამ ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე უსაზღვრო სულგრძელობით გაიღო, რათა დოჯოს, რომელშიც აიკიდო იშვა 1940-იან წლებში, ო-სენსეის გარდაცვალების შემდეგაც ეარსება. დაუთვლელად გაიღო დრო და ენერგია, რათა ადამიანებს მეხსიერებაში ჩაბეჭდვოდათ აიკიდოს წარმოშობის ისტორიით მდიდარი ივამას მიწის ეს რამდენიმე მტკაველი.

და ამ ადამიანის სახელის წარმოთქმა აღარ არის ახლა საჭირო? იმ დამნაშავის მსგავსად, რომელმაც ანტიკური სამყაროს შვიდ საოცრებათაგან ერთი, ეფესოს არტემიდას ტაძარი გადაწვა და რომლის სახელის ხსენებაზეც ბერძნებმა სიკვდილით დასჯა დააწესეს ისტორიიდან მისი სახელის ამოსაშანთად?

შემიძლია საჭირო სიტყვების პოვნა, მაგრამ ისინი საკმარისი ძალით ვერასდროს გამოხატავენ იმ გულისრევის შეგრძნებას, რომელსაც ჩემში ისტორიული რეალობის ესოდენ სულმდაბალი და მზაკვრული უარყოფა იწვევს.
ის მარიონეტები, რომლებც ალენს დახვდნენ და მიიღეს, ცხადია, არ არიან ამაზე პასუხისმგებელნი, ისინი დაუფიქრებლად ასრულებენ მითითებებს და ვერ ხედავენ, რომ თავად მხოლოდ და მხოლოდ ილუზიას ქმნიან, ვითომ იბარაკის ძველ დოჯოში სიცოცხლე ბოლომდე არ გამქრალაო. მეტს ვერაფერს.
სამაგიეროდ, არიან ადამიანები, აიკიკაის მმართველ ინსტანციებში, რომელთაც გადაწყვიტეს – სრულიად გაცნობიერებულად – რომ მორიჰირო საიტო უნდა წაიშალოს ივამას მეხსიერებიდან.
მათ კი მე ვეტყვი, რომ საიტო სენსეის აჩრდილის წინააღმდეგ ვერაგობის, ზიზღის, უმადურობისა და თაღლითობის იარაღით ბრძოლით მათ ერთ უბრალო შეცდომაზე ბევრად უფრო მეტი ჩაიდინეს: მათ საკუთარ თავებს ღირსება აჰყარეს და ამ უღირსობით მათ გააჩაღეს ხანძარი, რომელიც ბოლოს თავად მაგათ სახლებს მიადგება და გადაბუგავს.

აი რამდენიმე ფოტო, რომლებიც ნებისმიერ გრძელ სიტყვაზე უკეთ გამოხატავს ივამას დოჯოში სამი ათწლეულის მანძილზე გამეფებულ სიხარულსა და ძმობას, როდესაც იგი საიტო სენსეის კეთილმოსურნე მმართველობის ქვეშ იყო. ათასობით მოწაფეს, ვისაც ამ ადგილას უცხოვრია მეოცე საუკუნის ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, ჩემსავით შეუძლია დაადასტუროს ეს.

ივამაში საიტო სენსეი თავისებურად უხდიდა მადლობას უჩი დეშებს, პირადად მზარეულობდა მათთვის და პირადად ასხამდა კასრიდან საკეს ამა თუ იმ მოწაფის ჩამოსვლისა თუ გამგზავრების აღსანიშნავად.

ის სარგებლობდა ამ საზეიმო მომენტებით და უჩი დეშებს იაპონურ კულტურას უხსნიდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორით (კარგ დღეებში).

მაგიდის ირგვლივ საიტო სენსეისთან ხშირი იყო სასაცილო ამბები და სწორედ ასე სწავლობდნენ უჩი დეშები აიკიდოს ისტორიას …

… სადილები კი იშვიათად მთავრდებოდა საიონარა ნიკიოს გარეშე იმისათვის, ვინც მეორე დღეს თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო.

უჩი დეშები არ იყვნენ ძალიან კონფორმისტები… სინამდვილეში ისინი უფრო მოხეტიალე ხალხი იყო…

…ცოტათი მოქეიფეებიც…

… და არც ის ეშინოდათ, რომ ათ კაცს ეკეთებინა ერთი კაცის გასაკეთებელი…

… და ვერც სერიოზულობის შენარჩუნებას ახერხებდნენ აიკი ჯუნჯას გარშემო ხავსის აგროვება-ახვეტისას.
« გაიჯინების » (უცხოელების) უცნაური მანერები და მათი უდისციპლინობა ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში აგდებდა საიტო სენსეის… მაგრამ მათ აიკიდო მთელი სულით და გულით უყვარდათ და ოცდაათის წლის შემდეგაც ისინი, ვინც არ მომკვდარან, ერთგულად გადასცემენ მომავალ თაობებს იმას, რაც თავიანთი ცხოვრების იმ პერიოდში ისწავლეს.

ივამას ძველი დოჯო ოჯახებსაც მასპინძლობდა და ბავშვები იქვე თავისუფლად თამაშობდნენ.

ცხობრების ბოლო მომენტებში ტაბურეტი მუდამ თან ახლდა საიტო სენსეის, იმიტომ რომ ავადმყოფობა ხელს უშლიდა დიდხანს ფეხზე დგომაში…

…ასე ასწავლიდა ის სიცოხლის ბოლომდე, სატკივრის არშემჩნევით, სიწრფელით, უშურველობითა და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიუძღოდა წინ.

აი ეს იყო ივამას დოჯო სამი ათწლეულის განმავლობაში მორიჰირო საიტო მმართველობის ქვეშ, სწავლისა და შრომის, მშვიდობისა და პატივისცემის ნავთსაყუდელი, ადგილი, სადაც ყველა ეთნოსის წარმომადგენელი სწავლობდა თანაცხოვრებას და ურთიერთპატივისცემას, ძმური ადგილი და ერთგული ო-სენსეის იდეისა, რომ აიკიდოს ვარჯიში სოციალურ ჰარმონიას წარმოშობს, ერთ დიდ და ნამდვილ ოჯახს დიდ, იაპონურ სოფლურ სახლში, სადაც მამასახლისი საიტო სენსეი გახლდათ, პაპი (ბაბუ), როგორც სიყვარულით უძახდნენ ფრანგები.

მაგრამ « ჩჩჩჩჩჩჩუ! … აღარ წარმოთქვათ მისი სახელი… ამიერიდან აქ აღარ იწონებენ ამას! », ხოლო საიტო სენსეის აჩრდილი ნამდვილად ძალიან შემაწუხებელი შეიქნა.

ფილიპ ვოარინო - მორიჰირო საიტოს უჩი დეში ივამაში 1986-2001 წლებში.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

კომენტარები

ძაან სევდიანი ამბავია :(

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shemacuxebeli-achrdili
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)