კოტე გაეში არა, არც იკიო! ნუთუ ასე შორსა ვართ აიკიდოდან?
არა, ჩვენ ვფურცლავთ 1938 წლის წიგნს ბუდოს ერთადერთ წიგნს, რომელიც კი ოდესმე დაუწერია აიკიდოს შემოქმედს, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას.
და არც ერთგან არც ერთი დასახელება არ არის გამოყენებული ამ წიგნში იმ მოძრაობების აღსანიშნავად, რომლებიც შიგნითაა წარმოდგენილი. ო-სენსეი ხმარობს მხოლოდ და მხოლოდ პრინციპის აღმნიშვნელ სიტყვებს (ირიმი, ტაი ნო ჰენკა, ირიმი-ტენკან). შემდეგ განსაზღვრულია ორი შეტევა (შომენი და იოკომენი). მორჩა და გათავდა.
როდესაც აიკიდოში დანის კანდიდატი ამ რეალობასა და ფედერაციათა მიერ შემუშავებულ უბოლოო საგამოცდო ტექნიკურ კატალოგებს ადარებს, სამართლიანად შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა ესოდენ თვალში საცემი წინააღმდეგობის მიზეზების თაობაზე. და თუ პატიოსანია ადამიანი, პასუხის გაცემისას თავს შეიკავებს და გაჰყვება აიკიდოს განვითარების ძაფს როგორც მიღებულია ეს. ახსნა ერთადერთია: ტექნიკა არ არის დასასრული..
სწორედ ამ მიზეზით არ მოუსურვია ო-სენსეის სიტყვებით განესაზღვრა ტექნიკა. მისმა მოწაფეებმა შეთხზეს ეს სახელები, დახსომება რომ შესძლებოდათ. ო-სენსეი არ შესწინააღმდეგებია ამას, თუმცა არც მონაწილეობა მიუღია ამ საქმეში. რადგანაც ზმნა, სიტყვა, ფრთხილად ვიყოთ, არ არის ვულგარული ინსტრუმენტი. სიტყვა შემოქმედია. ჩვენ ეს კარგად ვიცით, ვინც ვამბობთ, პირველად იყო სიტყვაო. ჩვენმა ფედერალურმა მეაფთიაქეებმა აიკიდო ჩინური აფთიაქის ავეჯად აქციეს. ჯერ ერთ უჯრას გამოაღებენ, ამოიღებენ ამა თუ იმ ილეთს და უჯრას მიხურავენ, მერე მეორე უჯრას… „ბატონო, ჯერ საჭირო სიტყვების მარაგი უნდა გაიჩინოთ… გააკეთეთ შომენ უჩი იკიო, თუ შეიძლება…“
აიკიდოში არ არის უჯრები. არსებობს მომწესრიგებელი პრინციპი, რომელიც ენერგიეს ამა თუ იმ გამოხატულებისკენ წარმართავს. ეს გამოხატულება ან, თუ გნებავთ, ეს კრეაცია ახალ და სხვადასხვა ფორმებს აჩენს. თუმცა ფორმათა ნაირგვარობა მხოლოდ გარეგნულია. სინამდვილეში ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ამბობს. მხოლოდ ჩვენი დიდი სიბეცის ბრალია, რომ განსხვავებულად აღვიქვამთ იმას, რაც რეალურად იდენტურია.
გარეგნულად ამ ნაირგვარ ფორმებს ვუწოდებთ ჩვენ ილეთებს. მერე სათითაოდ ვუძებნით სახელებს. ვამბობთ ხოლმე „კატა დორი მენ უჩი შიჰო ნაგე“. როდესაც ამას ვაკეთებთ, ამ ფორმებს ვანიჭებთ იმ ავტონომიურ სიცოცხლეს, რომლის პრეტენზია თვითონ მათ არა აქვთ. ხაფანგიც იხურება. პრინციპი იზისის ჩადრს მიღმა რჩება და უჩინარი ხდება. და მთელი ჩვენი ამბიცია ამიერიდან ჩვენი „ცოდნის“ უჯრებში უეფექტოდ დაგროვებული ილეთებისთვის ახალი ილეთის მიმატებაში გამოიხატება.
მერე უსიცილოდ ამბობენ ხოლმე: „უნდა დაივიწყოთ ტექნიკა!“ კი მაგრამ, როგორ დავივიწყოთ ტექნიკა, როდესაც ის ერთადერთ მისაღწევ მიზნად მოგვეწოდება მუდმივად? რა შანსი აქვს კულტურისტს, რომელიც დღედაღამ თავის კუნთებზე ფიქრობს, დაივიწყოს ისინი?
ტექნიკა მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ ზომით და მაშინ, როდესაც ის პრინციპის ზუსტი შესრულებისათვის გამოიყენება. რადგან პრინციპი არის თავი და თავი და ის მართავს, ტექნიკა კი მეორადია. აი, რატომ წერს ო-სენსეი თავის წიგნში „შედით შუაგულში და დანარჩენსაც დაეუფლებით“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იარეთ პრინციპისკენ და დაეუფლებით ტექნიკას. იარეთ ტექნიკისკენ და ვერასდროს ვერ დაეუფლებით ამ უკანასკნელს, იმიტომ რომ ფორმათა ლაბირინთში დაიკარგებით. ლაბირინთიდან კი არიადნეს ძაფის გარეშე ვერ გამოდიან. სიმრავლე არის ხერხი, რომელსაც ირჩევს ერთი, რომ ჩვენ ასე გვეჩვენოს.
ყველაფერი მარტივია და ჩვენ თვალწინაა, მაგრამ ვერ ვხედავთ. ჭეშმარიტების ძიება სოკოს ძებნასავითაა. თუ წრიულად მოავლებთ თვალს ხის ნაყარს, ვერფერს ვერ დაინახავთ და მიწა უნაყოფო მოგეჩვენებათ. არადა სოკოები იქვეა, ლამაზები და კოხტები. უბრალოდ, მათ დასანახად მზერის მიპყრობაა საჭირო.
TAI შეეცდება, მზერა მიაპყროს რუბრიკას სათაურით „ილეთების რვეული“ იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოს ტექნიკას, რასაკვირველია, მაგრამ, განსაკუთრებით – ამ ტექნიკის გააზრებით – იმას, თუ რა აქცევს ტექნიკას სწორად. რუბრიკას „კლუბების ტრიბუნა“ სხვა ფუნქცია აქვს. იქ შეიძლება საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. ღიაა ყველა მოვარჯიშისათვის, ვისაც სურს აზრები გაუზიაროს სხვას წერილობით ან სურათებით. დოკუმენტები და რეფერენსები პირდაპირ ვებმასტერს გაუგზავნეთ.
ფილიპ ვოარინო, 2005 წლის 1-ლი იანვარი
აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.
ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..
თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.
მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.