სიზმარში ნანახი აიკიდო

ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალის Aikido Journal N°4-ში, 2002 წლის დეკემბერში. Aikido Journal-ის ფრანგული გვერდი.

მინდა, ერთი სიზმარი გიამბოთ. ეს არის ერთი პატარა არსების, ჰაერზე უფრო მსუბუქი და სინათლეზე უფრო მოძრავი კემიუს ამბავი.

კემიუ ვარდნის სულია. მისით ხდება, რომ ვვარდებით, ჩავდივართ, მაგრამ ასევე მისითაა, რომ ამოვდივართ, ვდგებით. ყველგან, ყოველთვის, მსოფლიოში რაც კი უკემი კეთდება, ყოველ ჯერზე, როცა კი ადამიანი ეცემა, ის ყოველთვის თან ახლავს და ფეხზე აყენებს. კემიუ დასაწყისიდანვე ერთგული, ყველგანმსუფევი და დაუღალავი თანამგზავრია ყველასი, ვინც აიკიდოში ვარჯიშობს. დღეს ის იგონებს.

„მორიჰეიმდე ცოტა უსაქმურობა მიწევდა გონებათა სამყაროში. რასაკვირველია, საქმეში მაინც ვერეოდი დროგამოშვებით, რადგანაც ყველა კაცი ოდესმე აუცილებლად ეცემა, მაგრამ ეს საქმიანობა ძალიან შორს იყო იქიდან, რომ მთელი დრო ამისთვის მიმეძღვნა. უნდა აღვნიშნო, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ვითარება ძალიან შეიცვალა დედამიწაზე.

1915 წელს გავიცანი ახალგაზრდა უეშიბა, რომელსაც დაუზოგავად და დაუსრულებლად ისროდა აქეთ-იქით მასწავლებელი ტაკედა. ეს იყო ჰოკაიდოზე და ვერ წარმოიდგენდი, მალე რამოდენა სამუშაოს გამიჩენდა ეს პატარა კაცი.

ტოკიოში 1930 წელს მან დააარსა კობუკან დოჯო, რომელსაც ხალხმა ისე შეარქვა „ჯოჯოხეთის დოჯო“, რომ ვერ ხვდებოდნენ, სხვებზე მეტად მე რომ ვიყავი ყველაფრის შუაში. ვარდნის საქმეში ჩემი კომპანიონები იყვნენ ივატა, იუკავა, შიოდა, იონეკავა, შირატა, აკაძავა და მათი სხეულებიდან შემეძლო მეგრძნო უეშიბა სენსეის გასაოცარი ენერგია, როდესაც რომელიმე მათგანს ტატამის კუთხისკენ მოისროდა ხოლმე.

მაგალითად, 1941 წელს იაპონიის იმპერატორმა ჰირო ჰიტომ აიკიდოს ნახვა მოისურვა. თარიღი უეშიბას მოწაფემ, ადმირალმა ტაკეშიტამ შეათანხმა. დანიშნულ დროზე ცოტა უფრო ადრე ო-სენსეის უმძიმესი ყვითელა შეეყარა. იუკავამ და შიოდამ, დემონტრაციისთვის გათვალისწინებულმა უკეებმა, ჩააცვეს და ჯერ მანქანამდე, ბოლოს კი დარბაზამდე მიიყვანეს. სრულიად ინერტული იყო. და მაინც, დაინახა თუ არა საიმპერატორო ოჯახი, უეშიბა წელში გაიმართა და, მოულოდნელად გარდაქმნილმა, მტკიცე ნაბიჯით გაიარა.

ო-სენსეის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეფიქრიანებულმა იუკავამ პირველმა შეუტია, მაგრამ შეტევას სიწრფელე აკლდა. პირველივე ვარდნაზე მიხვდა, რომ მორიჰეი უეშიბასთან არარეალური შეტევა არ შეიძლებოდა: ხელი დაიზიანა და იძულებული გახდა გასულიყო ტატამიდან. დიდხანს მეხსომება ახალგაზრდა შიოდას გასაჭირი – რაც ჩემი გასაჭირიც იყო –, რომელსაც დარჩენილი დროის განმავლობაში უწყვეტად ისროდა ო-სენსეი, და ის მოხერხებულობა, რომლის გამოყენებაც დამჭირდა, რომ ტრავმები ამეცილებინა მისთვის და დემონსტრაცია ბოლომდე მიმეყვანა. როდესაც სანახაობა დასრულდა, ო-სენსეიმ დარბაზი დატოვა. როგორც კი საიმპერატორო ოჯახის თვალთახედვის მიღმა აღმოჩნდა, ლამის კომატოზურ მდგომაგეობაში ჩავარდა.

ასეთი იყო ეს კაცი. მისი აიკიდო არ იყო შეთანხმება პარტნიორებს შორის, ვარდნა კი არ გახლდათ თანაგრძნობის გამოხატულება უკეს მხრიდან, არამედ ერთადერთი საშუალება უკეს ფიზიკური ერთიანობის შენარჩუნებისა.

ცხადია, ჩემთვის ადვილია ასე დარწმუნებით ლაპარაკი, იმიტომ რომ მე ზუსტადაც ვარდნა ვარ და მე ჩემს თავზე მაქვს განცდილი, რაზეც ვლაპარაკობ. მაგრამ ასევე მართალია, რომ ხალხს, რომელიც გარედან აფასებს ამას, შეიძლება სხვაგვარი გრძნობა ჰქონოდა, თვით ო-სენსეის სიცოცხლეშიც კი.


სოკაკუ ტაკედა სენსეი

მაგალითად, ტენრიუ, სუმოს ჩემპიონი, 1930 წლის სეკივაკე, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი. მან ო-სენსეი მიიწვია მანჯურიაში 1939 წელს იაპონური საბრძოლო ხელოვნებების ოფიციალური წარდგინების ფარგლებში. მორიჰეიმ, რომელმაც რამდენიმე მოძრაობა შეასრულა თავის ძმიშვილ ინუსთან, სიტყვა აიღო და თქვა: „თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია ამ ილეთების შესრულება ჩვენ შორის ურთიერთგაგების გარეშე. ჰოდა თუ ვინმეს უნდა, ამ მოხუც კაცს შეუტიოს, მოვიდეს.

ტენრიუ წამოდგა და გამოწვევა მიიღო. ო-სენსეიმ უთხრა: „თქვენ ბრძანდებით ტენრიუ, არა? თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ჩემსავით ბებერი კაცი ვერ მოგისვრიდათ იოლად. არადა ბუდო სულ სხვა რამეა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

ვეებერთელა სუმოტორი, რომელიც მოწინააღმდეგეზე თითქმის ერთი მეტრით მაღალი იყო, სწვდა უეშიბას მთელი ძალით სცადა მისი აწევა და ამოყირავება. ბოლოს კი თვითონ აღმოჩნდა ძალდაუტანებელი კოკიუ ნაგეთი შორს მოსროლილი. იმავე საღამოს ტენრიუმ ო-სენსეის ნებართვა სთხოვა, მისი მოწაფე გამხდარიყო.

გადიოდა წლები. ყველას გარიდებული და ეული ო-სენსეი სოფელ ივამაში დაბერდა. ყველაფრისგან მოშორებით. ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე აიკიდოს საერთაშორისო განვითარებაზე.

ამ განვითარბის წარმმართველი მისი ვაჟი, კიშომარუ უეშიბა იყო. მან შეასწავლა აიკიდო მოვარჯიშეთა ახალ თაობას, რომელიც ტოკიოში აიკიკაის წიაღში აღმოცენდა. ის სულ ოდნავ უფროსი იყო ასაკით თავის ახალგაზრდა მოწაფეებზე. ესენი იყვნენ: აკირავა, იამაგუჩი, ტამურა, კობაიაში, ნორო, იამადა, ასაი, სუგანო, ჩიბა... ამიტომაც ეძახდნენ მას ვაკა სენსეის: ახალგაზრდა მასწავლებელს.

ჩემი შველა და სამსახური, რასაკვირველია, ყველას სჭირდებოდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. მათგან ვერ ვგრძნობდი ფრენის იმ იმპერატიულ აუცილებლობას, რომელსაც ო-სენსეის ხელთაგან განვიცდიდი.

კიშომარუ უეშიბას ხელში ვარდნა ერთგვარ თანამზრახველობად, შეთანხმებად, პარტნიორთა შორის ურთიერთგაგებად გადაიქცა. ასეთ და ასეთ სიტუაციაში ასეთ და ასეთ ვარდნაზე თანხმდებოდნენ, მაგრამ ამ ვარდნას აღარ ჰქონდა უწინდელი სავალდებულო, გარდაუვალი ხასიათი, რეალურად აღარც იყო საჭირო.

ჩემი სტატუსი ასე საბოლოოდ იცვლებოდა. აღარ ვიყავი ვარდნის ფხიზელი ნიავ-ქარი და უწინდებური მხსნელი. სანახაობრივ ვარდნად ვიქეცი. და ამ მეტამორფოზაში ბუნებრიობაც დავკარგე და სიწრფელეც. წარმოიდგინეთ, როგორ გამიჭირდებოდა ამის გადატანა მე, ვინც სწორედაც რომ სპონტანური ბუნებრიობის განსახიერება ვიყავი. ერთბაშად გამომეცალა არსებობის შინაგანი საფუძველი, თვით არსი და რაობა.

არც ერთ ტენრიუს აღარ უცდია კიშომარუს ჩაბღუჯვა და მიწაზე დანარცხება. ვინმეს რომ გაებედა, შეიძლება ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმართულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა. და მოწაფეებმა ყოველგვარი ეჭვისა და ჭოჭმანის გარეშე დატოვეს იაპონია სხვა კონტინენტებზე სასწავლებლად და განასავითარებლად იმ აიკიდოსი, რომელიც მათ დოშუმ, მათმა მასწავლებელმა ასწავლა.

მაშინ დაიწყო ჩემი გარდაქმნის, შეიძლება ითქვას ჩემი ევოლიციის მეორე ნაწილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არავითარი ფატალობა, არავითარი კანონი, რომლის მიხედვითაც განვითარება აუცილებლად ამაღლება, გაზრდა და გამყარება იქნებოდა. ჩემს შემთხვევაში – ძალიან ვწუხვარ და – ევოლუცია უდიდესი სისულელის მდგომარეობისკენ მუმივი სვლის სინონიმი გახდა.

ევროპა ოდაოდ ის კონტინენტია, რომელმაც ამ მხრივ ყველაზე დიდი სიურპრიზები შემომთავაზა. ევროპის ქვეყანათაგან კი საფრანგეთი შეუყვა ყველაზე ღრმად აიკიკაის გატკეპნილ გზას.

ფრანგებმა ერთი უცნაური რიტუალი გამოიგონეს. ეს რიტუალი უკეს ახალ როლს ანიჭებს. და აი როგორ: ტატამის შუაგულში ნაგეს ნაცვლად ხის გრძელ ტარზე წამოცმულ ცოცხს ჩაარჭობენ, ხოლო უკე თავს მოვალედ რაცხს, ამ ინერტული ხის ჯოხის გარშემო იტრიალოს და ბოლოს სპონტანურად და გრციოზულად დაებეტყოს ხოლმე. არავინ არ სჭირდება ამისთვის. ის თვითონ აკეთებს აიკიდოს. ნუ იცინით, თუ შეიძლება, ამ ქვეყნის აიკიდოს ფედერაციებმა და სკოლებმა თავიანთ პროგრამებში ძალიან სერიოზულად დაამუშავეს უკეს როლი. თეატრის მსგავსად უკესაც თავისი როლი აქვს. შეიძლება ითქვას, პირველხარისხოვანი როლიც კი აქვს, რადგან სანახაობის ხარისხი მთლიანად მასზე გახდა დამოკიდებული. რაც შეეხება ნაგეს, ის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი და ლამაზი როლით კმაყოფილდება.

წინათ უკე უტევდა, ნაგე კი ირიმის წყალობით მოისროდა ხოლმე, უკე აუცილებლობის გამო ვარდებოდა, ნაგეს შეტევისა და ნაგესთვის დამახასიათებელი რეაქციის შედეგად. ახლა კი უკე აღარ უტევს რეალურად, მას ასწავლეს, რომ თავის ნებით სრულიად არარაციონალურად უნდა დადგეს ვარდნის პოზიციაში. ნაგე უკეს ვარდნასთან რაღაცნაირად შეხამებულ მოძრაობას აკეთებს, რომ ეს ყველაფერი რაღაცაირად ჰგავდეს სიმართლეს. უკე ისე ეცემა, რომ ამაში მისი საკუთარი სურვილის გარდა არაფერი არ ეხმარება. საფრანგეთმა იმდენი მოახერხა, რომ აიკიდოს ლოგიკა საპირისპიროდ შეცვალა და ო-სენსეი – ჰოი, მკრეხელობავ! – თავდაყირა დააყენა.

კიდევ ვერ დარწმუნდით? მაშინ წარმოიდგინეთ, რომ ჩემნაირი სული ყველგან, ყველა კუთხე-კუნჭულში დაქრის. ჰოდა სწორედ ასე მოვკარი ყური ერთ მშვენიერ დღეს, როგორ უხსნიდა იაპონიიდან ახლად დაბრუნებული ახალგაზრდა ტისიე თავის ამხანაგ მასწავლებლებს:

ჩვენი აიკიდოსთვის აუცილებელია უკეს გაწვრთნა...

„გაწვრთნაო“, ეს სიტყვა იხმარა. გაწვრთნა, როგორც ცირკში. როგორც ცხოველს წვრთნიან იმისათვის, რომ მომთვინიერებელმა ნომრის გაკეთება შეძლოს. თუ გაწვრთნილი ცხოველი არ იქნა, არც ნომერი იქნება და არც მაყურებელი მოვა სანახავად.

მას შემდეგ, რაც დოშუ კიშომარუ უეშიბას მოწაფეების თაობამ საერთაშორისო აიკიდოს წინამძოლობა ითავა, შეიძლება ითქვას, რომ ო-სენსეის ხელოვნების ქორეოგრაფიის თარგზე გაწყობილი ვერსია აიკიდოს ჩვეულ ფორმად იქცა როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე.

მე, ვისაც სხვა ეპოქა და სხვა წესები მინახავს,

შემიძლია შიოდას გულისწყრომა გავიზიარო:

დღეს აიკიდოს აღარა აქვს მოცულობა, ის ცარიელი და უშინაარსოა. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, იმიტაციაა რეალობის გაუაზრებლად და მეტი არაფერი. ამიტომ ჰგავს ასე ძალიან დღევანდელი აიკიდო ცეკვას.

შემიძლია ჩემი გაკვირვება აკაძავას გავუზიარო:

…ეს ყველაფერი წინასწარ მომზადებულ წარმოდგენას ჰგავს. არ ფიქრობთ, რომ, თუ ყველაფერი ამ მიმართულებით გაგრძელდა, აიკიდო ერთგვარ ცეკვად გადაიქცევა? იმაში არაფერი შეუასაბამო არ არის, რომ დოჯო მივიჩნიოთ ისეთ ადგილად, სადაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სავარჯიშოები კეთდება, მაგრამ ბუდოს თვალსაზრისით, თითქოს პატარა რაღაცა უნდა აკლდეს ამ ყველაფერს.

შემიძლია მოვიწყინო საიტოსთან:

თუ აიკიდოს გამოყენება საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად აღარ შეიძლება, მაშინ უსარგებლო ყოფილა იგი.

მაგრამ მე ვერ შევიგრძნობ იმას, რასაც ადამიანები გრძნობენ, რაკი სული ვარ. ამიტომაც სრულიად მიუკერძოებლად ვაკვირდები აიკიდოს, რომელსაც დღევანდელ სამყაროში ვარჯიშობენ. ეს არ არის ო-სენსეის აიკიდო, მორჩა და გათავდა. ეს არის აჩრდილი, მოტყუება, სიცრუე… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევოლუცია.

წარმოიდგინეთ, ო-სენსეის უარი რომ ეთქვა აიკიდოს საჩვენებელ გამოსვლაზე იმპერატორის წინაშე და ეს იმით აეხსნა, რომ „სიცრუის“ ჩვენება არ უნდოდა. რადგან მისთვის დაგდებული მოწინააღმდეგის წამოდგომის ხილვა ხელახალი შეტევისათვის სიცრუე იყო და მეტი არაფერი, მაშინ როცა ნებისმიერი ილეთის ნამდვილი ფორმა ყოველ ჯერზე მოკვლის საშუალებას იძლევა. მაშინ იმპერატორმა ადმირალ ტაკეშიტას უთხრა: „მაჩვენოს სიცრუე!“.

დღეს სიცრუე ორმაგია: უკე არათუ დგება, არამედ უმიზეზოდაც ეცემა. ეს თითქმის არ აწუხებს ხალხს, რომლებიც ისე განაგრძობენ ტატამზე გორვას, რომ შეკითხვებსაც არ სვამენ, თავში არ მოსდით აზრად, ეს ყველაფერი სკოლის შესვენებაზე შესასრულებელი თამაში ხომ არ არისო, არ უკვირდებიან, ეს თამაში მათ ო-სენსეის განვლილი გზიდან საბოლოოდ ხომ არ ჩამოაცილებს, ო-სენსეისა, ვინც აიკიდოს პარტნიორისგან მოითხოვდა ნამდვილი მოწინააღმდეგესავით მოქცევას და არა დამკვირვებელივით დგომას.

ჩემი ადამიანი მეგობრები იზრდებიან და ბავშვობიდან გამოდიან, მაგრამ კაცებად ვერა და ვერ იქცევიან. გზაში იკარგებიან. დროს რაღაც ფარსის თამაშში, მოჩვენებით რაღაცეებში და თავის მოტყუებაში ატარებენ. მოყუებულებად რჩებიან ბოლომდე. სულელებისა და უვიცების ლაპარაკს უგდებენ ყურს და მათ წინამღძოლებად სახავენ. ავიწყდებათ ფიქრი და ავიწყდებათ მოქმედება. მე განვაგრძობ მათ დახმარებას, რასაკვირველია, რადგან ჩემი ბედისწერა მათგან განუყოფელია. მაგრამ, თუ ერთ მშვენიერ დღეს მათ თვალი აეხილებათ და ამ ტყუილს დაინახავენ, მაშინ შვებით ამოვისუნთქავ და ვიტყვი: „კომედია დასრულებულია“.

წარმოვთქვი თუ არა ეს უკანასკნელი სიტყვები, კემიუ ისე გაქრა სიზმრიდან, როგორც დილის ბურუსს აქრობს ხოლმე მზე. ნისლის გაფანტვისას ერთი წამით გამოჩნდა ერთი კაცის სახის კონტურები. სახე სერიოზული იყო და არ იღიმებოდა.

ფილიპ ვოარინო, 2002 წლის დეკემბერი


ო-სენსეი და ტენრიუ

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/sizmarshi-nanaxi-aikido
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)