თანამედროვე აიკიდო

ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Poseidon Judo, 1993 წლის დეკემბრის N6-ში.

აიკიდო ძალიან ლამაზი ხელოვნებაა, მაგრამ სცენაზე აქ პარტნიორები დგანან, განსხვავებით ძიუდოსაგან, სადაც ერთმანეთს მოწინააღმდეგეები ერკინებიან.

ასეთი იყო კომენტარი აიკიდოს საჩვენებელი გამოსვლის დროს ბერსის საბრძოლო ხელოვნებების ტელეფესტივალზე პარიზში, 1993 წელს.
თვალწინ მიდგას დიდოსტატ მორიჰეი უეშიბას დაუდგრომელი ცხოვრება. თავიდან, მეოცე საუკუნის პირველ წლებში, მანჯურიაში ხიშტის ვირტულოზულმა ხმარებამ არაერთხელ იხსნა ის სიკვდილისაგან ჩინელთა შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლისას და ის თავისი ნაწილის ჯარისკაცებს შორის გამოარჩია. რამდენიმე წლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ასიოდე მოხალისეს, ჰოკაიდოს ყინულოვან მიწებზე წავიდა, ყაჩაღებსა და მგლებს შეებრძოლა და სოფელი შირატაკი დააარსა იმ ტერიტორიაზე, რომლის ათვისებას და ზედ ხალხის დასახლებას ასე უიმედოდ ცდილობდა იაპონიის მთავრობა. შემდგომ მონღოლეთში, დედამიწაზე მშვიდობის სამეფოს შექმნის მცდელობისას მან, როგორც პირადმა მცველმა ომოტო-კიუს რელიგიის სულიერი მამის, ორისაბურო დეგუჩის სიცოცხლე იხსნა, რომელსაც ამ უტოპიურ, მაგრამ არა უხიფათო ავანტიურის დროს ახლდა თან.

თვალწინ მიდგას ომამდელი წლები ტოკიოში სწავლებისა სამხედრო და პოლიციის აკადემიებში. ეს იყო იაპონიაში აიკიდოს დანერგვის რთული წლები. ო-სენსეის გამოწვევები ელოდა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებების ექსპერტთაგან, რომელთაც საკუთარი ღირსებების დამტკიცება სურდათ. უეშიბამ მათი დამარცხება და დარწმუნება ისე კარგად შეძლო, რომ ესენი შემდგომ მისი მოწაფეები და მიმდევრები გახდნენ.

თვალწინ მიდგას ბრძოლაში გატარებული მთელი მისი ცხოვრება და თანაგრძნობის ნატამალსაც ვერსად ვხედავ. ეს იყო ნამდვილი მებრძოლის ცხოვრება, რომელსაც ცხოვრების გზაზე ბევრი სხვა მებრძოლი შეხვდა. ხელოვნება, რომელიც 86 წლიანი ძიებისა და რუდუნების გვირგვინი გახდა, ვერაფრით ვერ იქნებოდა ქორეოგრაფია.

ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას აიკიდო არ არის ორი ან რამდენიმე პარტნიორის მიერ რაიმე შეთანხმების შედეგად შესასრულებელი ბალეტი ან რაიმე სხვა გასართობი. თუმცა, შეიძლება არც ჩაღრმავებია თავისივე სიტყვებს, ბერსის კომენტატორი მაინც მართალი იყო. აიკიდო, რომელიც მის თვალწინ ჩანდა, ორი პარტნიორის ბეჯით თანამშრომლობაზე იყო დამყარებული. მან უთუოდ არ იცოდა ის, რომ ო-სენსეის ძალიან გაუჭირდებოდა ამაში თავისი ხელოვნების ცნობა. თანამედროვე აიკიდო არ არის მორიჰეი უეშიბას აიკიდო, ის მას ჰგავს მხოლოდ. ამის საჩვენებლად ისტორიის რამდენიმე უცნობი შტრიხის გახსენება გახდება საჭირო.

მსოფლიო ცენტრი აიკიკაი სო ჰომბუ

უეშიბა თავის ხელოვნებას ტოკიოში 1927-დან 1941 წლამდე ასწავლიდა. 1941 წელს მან დატოვა საბოლოოდ დედაქალაქი, სადაც მხოლოდ ხანმოკლე ვიზიტებით ბრუნდებოდა ხოლმე. თავის ოჯახთან ერთად იბარაკის პრეფექტურის ერთ ციცქნა სოფელში, ივამაში დასახლდა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე, 1969 წლის აპრილამდე არ მიუტოვებია. აი ეს არის ისტორიული რეალობა. თავისი ცხოვრების ბოლო ოცდაცხრა წელი აიკიდოს დახვეწას, განვითრებას, გაღრმევებას და სწავლებას მოანდომა. ასწავლიდა რამდენიმე გლეხს, შორს ტოკიოს „მსოფლიო ცენტრი აიკიკაი სო ჰომბუ“-დან,რომელსაც მხოლოდ ძალიან იშვიათად თუ სტუმრობდა, და რომელიც რამდენიმე ომამდელი მოწაფის ტექნიკური მეთვალყურეობის იმედად დატოვა. ასეთები იყვნენ ბატონები შირატა და ოსავა, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თავის ვაჟს, კიშომარუს დაეკისრა.

ამ ისტორიული ფაქტის გააზრება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს შემდეგი ჭეშმარიტება დავინახოთ, თანაც ისეთი, წყალი რომ არ გაუვა: თანამედროვე აიკიდოს არც ერთი ოსტატი, არც ერთი უჩიდეში, რომლებმაც აიკიდო ტოკიოს აიკიკაიში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისწავლეს, არ ყოფილა ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მოწაფე. კი, ისინი დასწრებიან ოსტატის რამდენიმე გაკვეთილს, მაგრამ ეს სწავლება ძალიან შემთხვევითი, იშვიათი და ფრაგმენტული იყო და არ კმაროდა განსაკუთრებული კავშირის დასამყარებლად მასწავლებელსა და მოწაფეს შორის, რაც დროსთან და საერთო ცხოვრებასთან ერთად იქმნება ხოლმე, ესენი ყველანი ო-სენსეის ეპიზოდურიმოწაფეები იყვნენ, არც ერთი არ ყოფილა ნამდვილი მოწაფე, რომელსაც მასწავლებელთან წლების მანძილზე ყოველდღიური კონტაქტის საშუალება ექნებოდა. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ისინი უბრალოდ სხვაგან ცხოვრობდნენ.

აიკიდოს დაბადება

ასე და ამგვარად ერთ ძალიან უცნაურ რამეს დავადგენთ: იმ დროს, როდესაც აიკიდომ იაპონიის მთავრობის ოფიციალური აღიარება მოიპოვა, იმ ხანად, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ენთუზიაზმით გაუღო კარი ამ საოცარ დისციპლინას და როდესაც აიკიკაის ექსპერტებმა უკვე საერთაშორისო კარიერაზე დაიწყეს ფიქრი, ამ დროს აიკიდოს აღმომჩენი, ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებლად და რეალურად აქცია, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა, ცხოვრობდა მარტო, თითქმის უმოწაფეებოდ იაპონიის ერთ პატარა სოფელში დაახლოებით ოცდაათი წლის განმავლობაში. ოცდაათი წელი… გაუზომავს ვინმეს, რას ნისნავს ეს? ოცდაათი წელი 58-დან და 86 წლის ასაკამდე, ასაკამდე, როდესაც ადამიანი გონებრივ სიმწიფეს აღწევს, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილება ბოლოს და ბოლოს ნაყოფის გამოღებას იწყებს… ძალიან პატარა რაღაც იკმარებდა იმისათვის, რომ ამ სწორუპოვარი კაცის მიერ აღმოჩენილი საგანძური მთელი ამ წლების განმავლობაში საბოლოოდ და უკვალოდ გამქრალიყო, თუკი ერთი მოწაფე მაინც არ აღმოჩნდებოდა ისეთი, რომელიც ამის დახსომებას და მომავალი თაობისთვის გადაცემას შეძლებდა.

ოსტატი მორიჰირო საიტო

განგებამ ისე ინება, რომ ეს როლი მორიჰირო საიტომ შეასრულა, ახალგაზრდა ივამელმა გლეხმა, რომელმაც შურენ დოჯოში 1946 წელს ისე შეაბიჯა, როგორც რელიგიაში შედიან ხოლმე, რომელმაც ამ თარიღიდან მოყოლებული ოცზე მეტი წლის მანძილზე იცხოვრა და იშრომა ყოველ ცისმარე დღეს ო-სენსეისთან ერთად. მხოლოდ ის დაესწრო ყოველდღიურობას ამ ომისშემდგომი უმნიშვნელოვანესი პრიოდის მანძილზე, როდესაც ფუძემდებელმა თავის ხელოვნებას თანდათანობით შესძინა სისავსე და აიკიდოს არაერთი წახნაგი განავითარა – მაგალითად, იარაღზე მუშაობა აიკის პრინციპებით, რაც ომამდე ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. ძალიან ზუსტად და მკაფიოდ თუ გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს, მორიჰირო საიტო აიკიდოს შემქნელის ერთადერთი მოწაფე იყო.

ომისშემდგომი ხანა

ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში აიკიკაიმ 1941 წელს ომის გამო შეწყვეტილი საქმიანობა განაახლა. ამერიკის ოკუპაციის დროს ხომ აკრძალული იყო საბრძოლო ხელოვნებების სწავლება… ეს ხანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია აიკიდოს ისტორიაში. სწორედ ამ დროს იშვა თანამედროვეაიკიდო. იმის გამო, რომ ექსპერტებს ძალიან ცოტა ჰქონდათ ნამუშევარი ო-სენსეისთან, საბაზო ტექნიკის მთლიანობასთან და დეტალებთან საკმარისი შეხება არა ჰქონიათ. რაკი ვერ ფლობდნენ იმყველა ლოგიკურ საფუძველს, რასაც ო-სენსეის ტექნიკა ეფუძნება, ისინი ხშირად იძულებულნი ხდებოდნენ, თავად გამოეგონათ, ხანდახან კი წასულიყვნენ და არგუმენტები ისეთ სკოლებში ეძებნათ, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ აიკიდოსთან. თანაც ამ სფეროში კვლევა-ძიებას ადამიანის საშუალო გაქანება არ ჰყოფნის. ო-სენსეი უკვე აღარ იყო ახალგაზრდა. და, მიუხედავად იმისა, რომ მას სრულიად განსხვავებული საბრძოლო ნიჭი ჰქონდა, მაინც მთელი ცხოვრება (სავსე უცნაური შეხვედრებითა და გამოცდილებით) დასჭირდა ბრძოლის არსის შესაცნობად და თავისი ხელოვნების სტრუქტურის ფუნქციონალურად ბოლომდე ჩამოსაყალიბებლად.

რომელი სასწაულის წყალობით მოახერხებდა – ო-სენსეის დარად – თანამედროვე აიკიდოში შეუდარებლად უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოვარჯიშე თავისი საკუთარი უფროსისაგან იმ ტექნიკური ელემენტების ზუსტად ათვისებას, რომლებიც მას არასდროს უსწავლია? სწორედ ეს სცადეს მეტ-ნაკლები უცოდველობით აიკიკაის მოწაფეებმა, მერე მათმა მოწაფეებმა, მერე მათი მოწაფეების მოწაფეებმა, რომლებიც თანდათანობით მხედველობიდან კარგავდნენ იმ რეალობებს, რომლებითაც განუხრელად ხელმძღვანელობდა ოსტატი უეშიბა. სწორედ ამ პროცესიდან იშვა თანამედროვე აიკიდო და პარტნიორობის მისეული ცნება. ო-სენსეისთან უშუალო და დროში გაწელილი ურთიერთობის არქონამ, აქედან გამოწვეულმა ტექნიკის გაბუნდოვანებამ და სრულმა არაკომპეტენტურობამ ნელ-ნელა გამოაცალა აიკიდოს თავისი მატერიალური რეალობა და, აქედან გამომდინარე, არსიც. რადგანაც კავშირი, რომელსაც ო-სენსეის ხელოვნება გვთავაზობს,საწინააღმდეგო ძალათა კავშირია და, ბუნებრივია, იმისათვის, რომ საწინააღმდეგო ძალთა კავშირი არსებობდეს, ეს საწინააღმდეგო ძალები უნდა არსებობდნენ. წინააღმდეგობა აუცილებელია არა-წინააღმდეგობის ხელოვნებისათვის. წყვილის გარეშე კენტი ვერ იარსებებს და ჩრდილიც მხოლოდ შუქის წყალობით არსებობს. წინააღმდეგობის გარეშე არა-წინააღმდეგობა სრული ნონ-სენსია.

ტაი ნო ჰენკა
გაუსწორეთ ფეხი უკეს ფეხს

წყვილი, ერთიანობა, სიყვარული

აიკიდოში მეორე აუცილებლად საპირისპიროს უნდა ნიშნავდეს, წინააღმდეგობას, რომელსაც გარკვეული კანონების მიხედვით ვერწყმი და ამით ვსპობ. სწორედ ამ სიყვარულზე ლაპარაკობდა ოსტატი უეშიბა, სიყვარულზე, რომელიც, ძალიან ზევიდან თუ შევხედავთ, სამყაროს ერთმანეთთან გამუდმებით მებრძოლ, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებას ნიშნავს.

ეს სიყვარული აუცილებლად გაივლის ბრძოლის ფაზას, იმიტომ რომ ბრძოლა რეალობაა და რამის აშენება მხოლოდ და მხოლოდ რამე არსებულზე შეიძლება. აიკიდო აღმოაჩენს სრულიად კონკრეტულრამეს, რომ ბრძოლაში ჩართული ძალები არიან არა ერთმანეთის საწინააღმდეგონი, არამედ ერთმანეთის შემავსებლები და საბოლოოდ ერთმანეთს ერწყმიან. აიკიდო საშუალებას იძლევაოპერატიულად შეიგნოს ადამიანმა, რომ ერთი იშვება ორისგან, წყვილისგან… თანამედროვე აიკიდოს დაავიწყდა, რომ მთელი სამყარო დაძაბულობათა ჰარმონიაა და იმის ნაცვლად, რომ „წყვილის, ორის“ მყარ ნიადაგზე დადგეს, გადალახოს ის და გარდაქმნას „ერთად“, ფიქრობს, რომ უგულებელყოფს ამ დუალობას და აპრიორულად იშორებს თავიდან.

მოწინააღმდეგის პარტნიორად ქცევა არ არის მარტივი „ევოლუცია“, როგორც ამტკიცებენ ხოლმე დაუფიქრებლად. ეს კი იმ დიდი კანონის უარყოფას ნიშნავს, რომელიც კოსმოსს აწონასწორებს დარომელიც გამუდმებით თავში ჰქონდა ო-სენსეის. სწორედ წინააღმდეგობის ეს ცნება სპობს აიკიდოს წყაროს.

ახალი აიკიდო

რას იტყოდნენ მეცნიერზე, რომელიც მათემატიკის „განვითარებას“ ოპერაციის ცნების გაუქმებით მოინდომებდა? სწორედ ამას შვრება წყნარად და მშვიდად თანამედროვე აიკიდო. ერთ-ერთი პარტნიორი მეორეხარისხოვანი მსახიობივით განასახიერებს რეალობასმოკლებულ შეტევას, მორჩილად მიჰყვება პარტნიორის გადაადგილებას სივრცეში და შეთანხმებისამებრ, ვარდება. თავდამსხმელი გაუვნებელყოფილია, იმიტომ რომ ასეთი წინასწარი შეთანხმება არსებობს…

და არავის არაფერი არ უკვირს. აი ახალი აიკიდო, მეოცე საუკუნის მიწურულის გემოვნებით და სხეულის ეგზოტიკურ და ელეგანტურ გამოხატვის ფორმად გარდაქმნილი ხელოვნება, აიკიდოკებს კი აშკარად აღარ ესმით იმ ხმლის სიმბოლო, რომელსაც თან დაატარებენ. ისინი ერთმანეთში ურევენ ერთის მხრივ, თავისუფლებას, რომელსაც აიკიდო სთავაზობს სირთულეებითა და ძალისხმევით სავსე გრძელ გზაზე და, მორეს მხრივ, რაღაც უაზრო, ილუზორული და ტყუილი ნაყოფის მომტანი ფანტაზიის ერთბაშად ასრულების თავისუფლებას.

და ამგვარად ძალები, რომელთაც კერძო ინტერესები აქვთ, იღებენ იმ ძალების ფორმას, რომელთაც ოდესღაც ნამდვილი იმპულსები გასცეს. მაგრამ ალი, რომელიც აიკიდოს დაბადებისას აკიაფდა, ბუნებით ისეთია, რომ ასე იოლად ვერ ჩაქრება. რადგანაც ის მარტივად და მხოლოდ ერთი კაცის ნებისაგან არ ანთია, რაც არ უნდა გამორჩეულ-განსაკუთრებული იყოს იგი. ეს ნება, რომელმაც თავი იჩინა აიკიდოს დაბადებისგან, დღესაც მოქმედებს მისი მთლიანობის შესანარჩულებლად. და მოქმედებს, რასაკვირველია, საიტო სენსეის ხელით, რომელიც თავის თავში მოიცავს ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ ის ისტორიული მნიშვნელობის ადამიანი იყო, ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავი მოეყარა და მთლიანობად ექცია მორიჰეი უეშიბას ტექნიკის მრავალფეროვნება. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანი, რომელსაც ხელეწიფებოდა ერთიან მეთოდში მოექცია ო-სენსეის მრავალფორმიანი და უსისტემო სწავლება. რადგან უმეგზუროდ აიკიდო ჰერმეტულია. ეს ლაბირინთია არიანას ძაფის გარეშე, სადაც თანამედროვე აიკიდო ჩაიკარგა. და კიდევ ერთხელ – საიტო სენსეი მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მოქმედი პირია, ინსტრუმენტია იმ დიდი ნებისა, რომელიც მას უზომოდ აღემატება. ნებისა, რომელმაც უხსოვარი დროიდან მისცა დასაბამი საბრძოლო ხელოვნების ტექნიკას, ნებისა, რომელიც მორიჰეი უეშიბას შთაგონების წყაროდ იქცა, ნებისა, რომელიც ფხიზლად სდარაჯობს ტრადიციულ აიკიდოს თანამედროვეობაში სახიფათო გადმოსასვლელთან, ნებისა, რომელიც მთელ კაცობრიობას აღემატება.
ტაკემუსუ ამ ნების გამოხატულებაა. ამიტომაც ტაკემუსუ არ ეკუთვნის არავის და არც ერთი მიმდინარეობის მომხრეს არ ნიშნავს. ამიტომაც სამართლიანი და ღირსეული იქნება მისი ზრახვების სამსახური. ეს არც ბერსიზე გადის და არც შემწყნარებლობის რაიმე სხვა ფორმაზე.

ფილიპ ვოარინო, ვენსენი, 1993 წლის 21 სექტემბერი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

კომენტარები

დიდებულია, რომ არსებობს ის ბირთვი და კერძოდ ასეთი საიტი, რომელიც ო-სენსეის სწავლების შენარჩუნებას ემსახურება ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. დიდება და გახარება ყველას ვინც ამ ჭეშმარიტ საქმეშია ჩართული.

ეხლა ვხვდები თუ რატომ დაევალა საიტოს "აიკიდოს დაცვა" და მისი "მცველის" სტატუსი მიიღო. ესეიგი თვითონ ო სენსეი უეშიბას არ ქონდა იმედი რომ მას არაკეთისინდისიერი მოვარჯიშეები არ დაამახინჯებდნენ და სულს არ გამოაცლიდნე. რა წინდახედული ყოპილა და გონივრულად გაუთვალისწინებია მომავალი გულწრპელი მოვარჯიშეებისთვის და არა "ყველასათვის". ნამდვილად მადლობა რომ დატოვა ეს ს აჭირო არხი. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული ვინ დაეწაფება ამ ჭეშმარიტ არხს და რა მიზნით.

აქედან ჩნდება კითხვა, თვითონ საიტომ თუ გაითვალისწინა ასევე და დატოვა ვინმე მის გამგძელებლად, რომელიც "დაიცავდა" ამ სუფთა არხს? და როგორ დავრწმუნდეთ ამაში?

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tanamedrove-aikido
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)