თავისუფალი ფორუმი

TAI-ს საიტის ფორუმი აიკიდოს შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ტექნიკური დისკუსიების ადგილია.

მას შემდეგ, რაც ტექნიკურ სტატიებს ვწერ, სრულიად განსხვავებული ტექნიკური დონის მოვარჯიშეთაგან დასმულ ბევრ შეკითხვას გავეცი პასუხი. აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს უინტერესო კითხვები. თითოეული მათგანი თავისებურ თვალთახედვას წარმოაჩენს და ნაირგვარ განმარტებებს გვთავაზობს ერთი შეხედვით თითქოს უკვე განხილულ საკითხებზე. ზოგიერთი შეკითხვა ხანდახან ჭეშმარიტი აღმოჩენების გზაზე გვაყენებს და იმ თვალსაწიერს გვიფართოებს, რომელთა არსებობაც კი არ ვიცოდით იქამდე. ამიტომ თითოეული თავის შეძლების ფარგლებში მონაწილეობს იმ კვლევაში, რომლის მიზანიც ო-სენსეის აიკიდოს შეცნობაა.

დიალოგებისას, გვაახლოებს ისინი ერთმანეთთან თუ გვაშორებს, ყოველთვის უნდა გვქონდეს გონებაში ის ამბავი, თუ რაოდენ ძნელია, გადმოსცე სიტყვებით ტექნიკური ასპექტები ისეთი რთული ხელოვნებისა, როგორიც აიკიდოა. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ვინმე შეცდეს ამა თუ იმ შეკითხვისა ან პასუხის ინტერპრეტირებისას. მაგრამ ბოლოს მაინც გვესმის ერთმანეთის, თუკი თითოეული ჩვენგანი პატივს სცემს შემოთავაზებულ იდეას და სკრუპულოზურად შეისწავლის და გააცნობიერებს მის თანდართულ არგუმენტაციას. ყველაფერი რიგზეა, იმდენად, რამდენადაც თითოეული ჩვენგანი სიფრთხილესა და კეთილ ნებას იჩენს სხვისი ნააზრევის ინტერპრეტირებისას. ცხადია, შეიძლება მგრძნობიარენი ვიყოთ ან არა მოხმობილი არგუმენტების მიმართ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს უნდა გავაკეთოთ ისეთი არგუმენტაციით, როგორიც თავად იქნება მისაღები.

სამაგიეროდ ერთი რამაა დაუშვებელი TAI-ს ფორუმზე, სახელდობრ ის, რომ ადამიანმა მისთვის გაცემული პასუხის არგუმენტები არ გათვალისწინოს, ამას არგუმენტების ნაცვლად ავტორიტარული დისკურსი დაუპირისპიროს და ანგარიში არ გაუწიოს იმ ძალისხმევას, რომელიც სხვა ადამიანმა გასწია თავისი მოსაზრების გამოსახატავად. ავტორიტარული დისკურსი დიალოგის სიკვდილს ნიშნავს და ასეთ დროს არსებობის აზრს კარგავს ფორუმი. შეიძლება ჩემი მდგომარეობა ნებას მაძლევს ამ საშუალებას მივმართო ზოგიერთი უხვსიტყვიანი დისკუსიის შესამოკლებლად, მაგრამ მე წესად გავიხადე, არასოდეს გავიიოლო საქმე იმ შეკითხვათა პატივისცემის გამო, რომლებიც ჩემი მისამართითაა ხოლმე დასმული.

ჩემი ცდა, რომელსაც არ ვაკლებ ჩემს დემონსტრაციათა არგუმენტირებას, რათა უკან არ ამოვეფარი იოლ დოგმატიზმს, ბოლო ხანს ჩემსავე საწინააღმდეგოდ შემომიბრუნდა და საკმაოდ ირონიულად და იმავე ავტორიტარული დისკურსის მსხვერპლად მაქცია, რომელსაც არ ვიწონებ და რომლის გამოყენებაც ჩემს თავს ვუკრძალავ.

ფილიპ, - მომწერეს ერთი გრძელი და არგუმენტირებული ტექნიკური კამათის დასკვნად, - თქვენი სწავლების ევოლუცია სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიკური შეზღუდვების შედეგი, თქვენი კვლევითი შრომა სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა შედეგი თქვენი სხეულის უუნარობისა, შეასრულოს სხვა რამ, გარდა თქვენ მიერ შემოთავაზებული მოძრაობებისა.

ეს საბოლოო წერტილი, რომელიც კატეგორიული სამედიცინო დიაგნოსტიკის ფორმის ნაჯახივით დაეშვა, უკმაყოფილო იმით, რომ კიდურები ვადაზე ადრე მიბერდება, ვარაუდობდა იმასაც, რომ ამასთან ერთად სრულიად ბეციც გავხდი, რაკი ვეღარ მატყობდა უნარს, გამერჩია სწორი მოძრაობა არასწორისგან.

რაკი ინტერნეტში საექიმო-სპორტული სეანსის საწინააღმდეგო არავისა აქვს, და რადგანაც ის ისეთივე განმსაზღვრელია, როგორი ზერელეცა და ცუდად ინფორმირებულიც, უდარდელად და ხელის ერთი მოსმით გადახაზა ვარჯიშისა და სწავლების 37 წლიანი გამოცდილება, გადახაზა ივამაცა და საიტო სენსეის პირდაპირი სწავლება, გადახაზა მის მიერ გამოცხადებული ნდობა, მონიჭებული ხარისხები და დიპლომები, გადახაზა ო-სენსეის ეჭვგარეშე დოკუმენტების დეტალური ანალიზი, გადახაზა TAI-ის საიტის ასობით არგუმენტირებული ტექნიკური სტატია, გადახაზა ათასობით ერთგული მკთხველი, რომელთაც ეს აინტერესებთ მთელ მსოფლიოში, და გადახაზა ყველა ის სერიოზული და არგუმენტირებული დისკუსია, რომელიც ამ საექიმო სისხლის გამოშვებას უძღოდა წინ. მხოლოდ საექიმო-სპორტული აზროვნებას დაეთმო ადგილი. სეანსმა იპოვა ფილიპის ევოლუციის ახსნა, მარტივი ყოფილა… ართროზის ბრალია. საქმე მოსმენილია, განაჩენი გამოტანილი, ვერაფერს დაუმატებ. გმადლობ, ექიმო.

რა უნდა ქნას 50 წელს გადაცილებულმა აიკიდოს მასწავლებელმა? რესპუბლიკის პრეზიდენტივით თავისი ჯანმრთელობის ბიულეტენი აქვეყნოს? მუსიკას შეურწყას და სიმისა და ბრასენსის დარად იმღეროს? იმისათვის, რომ აიკიდოს ჩემეული ხედვა სარწმუნო იყოს, იქამდე უნდა დავეცე, რომ ვთქვა, წელი და მხრები ჯერ კიდევ გონივრულად მოქნილი მაქვს და იდაყვებიც წარსულში ბოროტად გაკეთებული შიჰო ნაგეებისგან უკვე მომირჩა-მეთქი? სწავლების სამუდამო დისკვალიფიკაციის შიშით აღარ უნდა ვთქვა, რომ ხანდახან შეიძლება ღამეც გამეღვიძოს მოსაშარდად, თუ შემთხვევით ტიზანი დავლიე საღამოს? საწყალი საიტო სენსეი, რომელსაც აღარაფერი ესმოდა აიკიდოში ბოლო წლების განმავლობაში, რაკი თეძოები და მუხლები იმხანად კარგა ბევრი ილეთის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევდა.

ეს ყველაფერი სასაცილოა, რასაკვირველია, და ვაპირებდი დამეწერა, ამგვარი არგუმენტი დიდი სიღარიბის ნიშანია-მეთქი, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდი პატივი იქნებოდა ამგვარი სიტყვებისთვის. უბრალოდ და მარტივად - ეს არგუმენტი არ არის. ეს ისეთი რამაა, ბანანის ქერქს რომ გესვრიან გაღიზიანებისგან, როცა არგუმენტები აღარა აქვთ და ეს ამბავი პასუხის გაცემას არ იმსახურებს.

სამაგიეროდ, თუ მე ყოველ ტექნიკურ უთანხმოებას მონდომებით, ჩემი დროისა და სამუშაოს დაუზოგავად ვუპასუხებ, ნიშნავს, რომ ამ საქმეს იმ ურთულესი და მომცველობითი სწავლების აუცილებელ გაგრძელებად მივიჩნევ, რომელსაც ტატამზე ვატარებ. ეს სწავლება საიტოს მეთოდს ემყრება და ამით მინდა ვაჩვენო, თუ რითია ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი და რისთვისაა იგი მოფიქრებული: ო-სენსეი აიკიდოს გაგებისა და პრაქტიკისათვის.

მესმის, რომ რთულია, ერთმანეთს მოარგო ეს კვლევა და დოჯოში სწავლებისა და ფედერალური ნორმებისათვის საჭირო კლასიკური პედაგოგიკა. მშვენივრად მესმის ამ სახიფათო საქმესთან დაკავშირებული ყოველგვარი გულწრფელი მიუღებლობა, ამისთვის მზად ვარ და აუცილებლობის შემთხვევაში ვუპასუხებ კიდეც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ეს ჩემი სამუშაოა. მაგრამ ერთი რამის გამართლება არ შეიძლება და ეს ამ ფუნდამენტური პრობლემის – რითი შეიძლება და როგორ უნდა გავცდეთ მეთოდს – გვერდზე გაწევა და არიდებაა ყოველგვარ ტექნიკურ ფუნდამენტს მოკლებული განმარტებებით.

დაუსაბუთებელი და დამაკნინებელი კომენტარი, როგორიც სამედიცინო ახსნისა იყო, იგივეა, რომ ცოდნანაკლული სამეცნიერო ჯოკერი ერთაერთი მიზნით იქნიო ხელში, თავიდან აირიდო – იმიტომ, რომ ხელს მიშლის – სიღრმისეული პრობლემა. ეს ინტელექტუალური არაკეთილსინდისიერებაა. ამგვარი კომენტარი ძალიან საეჭვოა, იმდენად, რამდენადაც გამოხატავს ისეთ აზრებთან მიბმულობას, რომლებიც ბრჭყალებს აჩენენ კედელთან მიყენებისას და ამგვარად ააშკარავებენ, რომ ვერ იტანენ მათში ეჭვის შეტანას. შეიძლება აქ კონსერვატიზმის ერთგვარი გამოხატულებაც კი დავინახოთ, რომელსაც თავისი სახელის გამჟღავნება არ სურს და სინამდვილეში პოზიციას იცავს.

TAI-ს ფორუმი თავისფლების ადგილია, აქ არც მოდერატორია და არც ცენზურა. ჩვენს დროში ეს არც თუ ისეთი ხშირი ამბავია და ამიტომაც დასაფასებელია როგორც ჯერ არს. ამ ფორუმის სახე და ხარისხი მთლიანად მის მომხმარებლებზეა დამოკიდებული. მაგრამ თავისუფლება ანარქია არ გახლავთ და ის პასუხისმგებლობიან და სამართლიან ადამიანებს მოითხოვს. ასეთ დროს წესრიგი და ჭეშმარიტი მოდერაცია ბუნებრივად ჩნდება, როგორც შედეგი თითოეული მომხმარებლის კეთილსინდისიერებისა. აქ ადგილი არ არის საქციელისათვის, რომელიც გულწრფელობით, სხვათა არგუმენტების პატივისცემით და საზოგადო ინტერესის ძიებით არ იქნება ნაკარნახევი.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის მარტი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

კომენტარები

ძალიან ვაფასებ აქ განთავსებულ სტატიებს, მისი მეშვეობით ვხვდები რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა იმ გზაზე სიარული რასაც აი-კი-დო ქვია. იმასაც მივხვდი რომ, თუ ბუნებით "მკვლევარი" არ იქნები და ამ კუთხით არ მიუდექი მის სწავლებას დაგრჩება მხოლოდ ლამაზი სანახავი ჭიდაობის ილეთების შესრულების უნარი რომელიც მხოლოდ ახალგაზრდობაში შეძლებ რომ რაღაც დონეზე ვიღაცის წინაშე დემონსტრაცია გაუკეთო და თავი მოიწონო, რაც სინამდვილეში სულაც არ ყოფილა აიკიდო. ისეც ცხადია რომ, თუ ამ გზაზე გინდა სიარული და სულ წინ მიიწევდა უმეტესწილად მოსწავლის პოზიციაში უნდა იყო რომ "მასწავლებლისგან" სწავლობდე. ანუ შეიძინო ის რაც არ იცი და მუდამ ერტ ადგილას არ იტრიალო "მიღწეულ" შედეგიტ. მადლობა ფილიპ ვოარინოს რომ ძალღონეს არ იშურებს და გვაწვდის საფიქრალ და სამუშაო გაკვეთილებს. "კარგ მთქმელს კარგი გამგონიც სჭირდება"

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tavisupali-porumi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)