ტექნიკური პუნქტები: მიზნიდან შედეგამდე...

წინა სტატიაში, სახელად „საიტოს მეთოდი“, დავინახათ, რომ პრინციპის სწავლა მისი შედეგების სტატიკურად დამუშავებაზე გადის.

მიუხედავად იმისა, რომ რომ ეს ფრაზა იოლად გასაგები ჩანს, ცოტას თუ ჩავუღრმავდებით, გვიჩვენებს ხერხს, თუ როგორ დავიწყოთ წინსვლა ტექნიკის თვალსაზრისით. მართლაც, ამ ფრაზის გააზრება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და ჩვენს პრაქტიკაში ჩავრთოთ ირიმი-ტენკანის პრინციპი, და ამით მიზანთა სამყაროდან შედეგების სამყაროში გადავინაცვლოთ, ანუ შესწავლის სფეროდან უკვე შესრულების სფეროში გადავიდეთ.

უწინარესად განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ პრინციპში ირიმი-ტენკანი. სიმარტივისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანის სხეული ხერხემალში გამავალი ვერტიკალური ღერძია. როდესაც ხერხემალი ტრიალებს თავის გარშემო ეს ერთდოულად სხეულის ცალ მხარეს წინ, ხოლო მეორე მხარეს უკან სწევს.

ამ სქემატური ილუსტრაციის შემდეგ კონკრეტულად ვნახოთ იმ სავარჯიშოს ფონზე, რომელსაც ჩვენ „იჩი ნო სუბურის“ ანდა „შომენ უჩი კომის“ ვუწოდებთ, თუ რით გვაძლევს საშუალებას ტექნიკური პუნქტები უკეთ გავიაზროთ პრინციპი ირიმი-ტენკანი.

საფეხური 1 შეესაბამება მომენტს, როდესაც ტორის უკვე აღმართული აქვს კენი. ამ პოზიციაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პუნქტებია: - მხრებისა და მენჯის ხაზები ზედმიწევნით პერპენდიკულარია საწყისი ხაზის მიმართ - მარცხენა მაჯა ერთ ხაზზეა ღერძთან - კენი ზურგისკენ ღრმად გადადის - წინა ფეხი უკანა ფეხის შეღრმავებულ ნაწილთან მოდის.

საფეხური 2 სუბურის ფინალურ პოზიციას შეესაბამება, ამასთან დაკავშირებული ტექნიკური პუნქტებია: - კენი ქამრის ნასკვის წინ უნდა იყოს - სხეული ჰანმის პოზიციაში უნდა იყოს - კენი ბოლოს იატაკის პარალელური უნდა იყოს.

საფეხური 1½ საშუალებას გვაძლევს, ხელებისა და სხეულის შუალედური პოზიცია დავინახოთ, რისთვისაც რაიმე საგანგებო ტექნიკური პუნქტები არ არსებობს. თუმცა მაინც ჩანს, რომ ერთი ხელი მეორის ზევითაა, ორივეს ერთად კენი უჭირავს, ხოლო მხრები (და მენჯიც, მიუხედავად იმისა, რომ სურათზე არ ჩანს) წინა ხაზის პერპენდიკულარულია.

კენის პირველი სუბურის გაკეთების დროს ყველა ამ ტექნიკური პუნქტის გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და დავინახოთ: სხეულის ღერძი აუცილებლად უნდა დატრიალდეს იმისათვის, რომ 1-ლი საფეხურის პოზიციიდან მე-2 საფეხურის პოზიციაში გადავიდეს. სხვადასხვა პოზიციათა ტექნიკური პუნქტების დაცვა საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ პრინციპი ირიმი-ტენკანი და ეს თავისთავად ხდება...

პრინციპს სხეულის ცალი მხარე წინ, მეორე კი უკან გააქვს და თან მიაქვს ყველაფერი, რაც ამ გვერდებზეა მიბმული. ამ სუბურის დროს მარჯვენა ხელი გადადის წინ, მაშინ როცა მარცხენა მიდის უკან და რაკი ხელები კენზეა ჩაჭიდებული, კენის ჭრას ირიმი-ტენკანის პრინციპისგან წარმოქმნილი ბერკეტი მართავს.

მივადექით იმას, რაც უკეთ მიგვახვედრებს იმ იდეას, რომ იარაღი სხეულის გაგრძელებაა და ტექნიკური თვალსაზრისით აღმოვაჩენთ, რომ:

ღერძის ტრიალისგან წარმოიქმნება ბერკეტები.

ხშირად ამბობენ, რომ იარაღის ტექნიკა ტაი ჯიცუს პრაქტიკისთვის უნდა გამოდგეს და რომ ერთზე მუშაობა მეორის გაუმჯობესებას უნდა იწვევდეს. შევეცადოთ, დავინახოთ, რას გვასწავლის სუბურის პრაქტიკის შემთხვევაში ის, რასაც ტაი ჯიცუს ტექნიკაში იკიოს უწოდებენ.

რაც შეეხება სპეციფიკურ ტექნიკურ პუნქტებს, სწავლის დროს მოწაფეს სთხოვენ ხოლმე: - მაჯა იდაყვზე მაღლა აიტანოს - გაჭიმული ეჭიროს ჰაერში უკეს ხელი - შექმნას 90°-იანი კუთხე სხეულსა და ხელს შორის - წინა ფეხი გადადგას ისე, რომ აღმოჩნდეს ჰიტო ე მის პოზიციაში - უკეს ხელი პარალელური იყოს მისი სხეულისა.

სწავლისას ეს ტექნიკური პუნქტები მოვარჯიშისთვის ასევე მისაღწევი მიზნებია იმისათვის, რომ შემდეგ ტექნიკური მოძრაობები ზუსტად შეასრულოს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ტექნიკური პრინციპების დაცვით მოვარჯიშე ირიმი-ტენკანის პრინციპს მიაგნებს. როგორც კი ამას ხორცს შეასხამს, ის ამბავი, რომ მაჯა იდაყვზე მაღლა უნდა იყოს, უკვე მისაღწევი მიზანი კი არა, არამედ იმ ბრუნვის ბუნებრივი შედეგი გახდება, რომელიც ბერკეტს შექმნის. ბრუნვისაგან შექმნილი ეს ბერკეტი კი საშუალებას მოგვცემს ერთდროულად ძირს დავუშვათ იდაყვი და ზევით ამოვწიოთ მაჯა, ასევე გავხსნათ ფეხი...

მაშ გამოჩნდა, რომ ტექნიკური პუნქტების დახმარებით შეგვიძლია ირიმი-ტენკანის პრინციპამდე ავიდეთ. როდესაც ვვარჯიშობთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ამ ტექნიკური პუნქტების არსებობა, მათი შესწავლა, მათი ძებნა და პოვნა ყოველი ილეთის კეთებისას სწავლის დროს. და მაშინაც, როდესაც ვასწავლით, რათა უზრუნველვყოთ ცოდნის ზუსტი გადაცემა, რადგან ამ ტექნიკური პუნქტების დაკარგვა იმ შესაძლებლობის დაკარგვას უტოლდება, რითაც პრინციპამდე შეგვიძილია ასვლა. ეს კი ტექნიკას არა ინსტრუმენტად, არამედ თვითმიზნად აქცევს.

როგორც კი რომელიმე ილეთს ირიმი-ტენკანის ჭრილში განვიხილავთ, კიდევ უფრო საინტერესო ხდება გააზრება, რომ ის, რაც ასე აწუხებდა მოვარჯიშეს ამა თუ იმ ილეთის კეთებისას (წონასწორობიდან გამოყვანის კუთხეების ძიება, საკუთარი უსაფრთხოება, ...), ბოლოს ამ პრინციპის ბუნებრივ შედეგებად იქცევა.

ამგვარად, ამ ფოტოზე შეგვიძლია დავინახოთ - თუკი სიმართლეა ის ამბავი, რომ ირიმი-ტენკანის პრინციპი ტორის სხეულს ამუშავებს, არანაკლები სიმართლეა ისიც, რომ ეს პრინციპი უკეს სხეულზეც მოქმედებს.

ვხედავთ, რომ საკუთარი სხეულის ღერძის ტრიალით ტორი (ზემოთ აღწერილი ბერკეტის წყალობით) უკეს ღერძის ტრიალს იწვევს, რაც მისი სხეულის ნაწილს წინისკენ სწევს და ამავდროულად სხვა ნაწილს უკნისაკენ ქაჩავს.

ერთი ნაწილის წინისაკენ და მეორე ნაწილის უკნისაკენ გაწევას მნიშვნელოვანი შედეგები ახლავს თან:

  • ტორი უსაფრთხოდაა თავისუფალი მუშტისგან
  • ტორი უკეს წინა მხარეს აკარგინებს წონასწორობას

ამგვარად უსაფრთხოდ ყოფნა და უკეს წონასწორობიდან გამოყვანა უკვე არა მიზანი, არამედ შედეგი ხდება.

თუ პირიქით იქნა, იოლი დასანახია, რომ ღერძის ტრიალის გარეშე ტორი ვერ შექმნის პირობებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის ან თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებს უკეს წონასწორობის დაკარგვას. მაშინ „რაღაცეების“ პოვნა გახდება საჭირო ამ ყველაფრის გასამკლავებლად.

ამავე, ზემოთ აღწერილ ტექნიკურ ფაზაში, მაგრამ ირიმი-ტენკანის პრინციპის აუმუშავებლად, ნათელია, რომ:

  • ტორი სახიფათოდ დგას თავისუფალი მუშტის მიმართ
  • ტორი წონასწორობას კი ვერ აკარგინებს უკეს, არამედ მის საყრდენ ფეხს აწვება.

ახსნილის გათვალისწინებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ილეთებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ტექნიკური პუნქტები ამ პრინციპის შესრულების დროს მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის შედეგი ხდება, როგორც, მაგალითად, უსაფრთხოდ ყოფნა უკეს მიმართ, ან უკე რომ იყოს წონასწორობადაკარგული...

მაშინ შეიძლება საინტერესო იყოს იმ ფაქტზე დაფიქრება, რომ ირიმი-ტენკანის პრინციპის დაცვით შესრულებული ილეთი, რომელიც მოერგება კონტექსტს „აქ და ახლა“, ვერასდროს იქნება არასწორი, რადგან, როგორც ახლახანს ვიხილეთ, პრინციპი თვითონ და ბუნებრივად გამოაჩენს სპეციფიკურ ტექნიკურ პუნქტებს, რაც ამგვარად ყველა ილეთს სწორად აქცევს... აქედან მომდინარეობს დინჯი მუშაობის საჭიროება, რომ სცადო და ტექნიკური პუნქტების დახმარებით ირიმი-ტენკანის პრინციპს მიაგნო და შეითვისო. შეუძლებელია ერთბაშად ზუსტად შეამოწმო თითოეული ტექნიკური პუნქტი. ამის შემოწმება ტექნიკის თითოეულ ფაზაში ნელი მუშაობითაა საჭირო. სტატიამ „საიტოს მეთოდი“ მიბიძგა, რომ სათქმელი ამ სტატიით განმევრცო, ხოლო ეს სტატია კიდევ უფრო მიბიძგებს იქითკენ, რომ დაჟინებით გავიმეორო მორიჰირო საიტო სენსეის სიტყვები: „კოტაი მე-3 დანამდე“.

მატიე ჟანდელი, 2009 წლის 21 ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/teknikuri-punktebi-miznidan-shedegamde
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)